Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალადასტური – ხალისი და ხასიათი

გურამ წიბახაშვილის ფოტო

ლევან სეფისკვერაძე

ალადასტური ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, რომლის სამშობლოდ გურია სახელდება, თუმცა იმერეთშიც მეტ-ნაკლებად გავრცელებული ჯიშად ითვლება. მთლიანობაში ალადასტური დღეს თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული (აქა–იქ სამეგრელოში და მთიან აჭარაშიც კი გვხვდება), მაგრამ ამის მიუხედავად მთლიანობაში ამ ჯიშის ფართობები შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. გასული საუკუნის 60–იანი წლებისათვის ალადასტური აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებში გვხვდებოდა, თუმცა ბოლო დროს თბილისის გარეუბნებში და შიდა ქართლშიც გააშენეს მცირე რაოდენობით ალადასტური, მაგრამ როგორც ქვემოთ ვნახავთ, შესაძლებელია ამ ნარგავების უმეტესობას ალადასტურთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდეს.

1953 წლის ვენახების მასობრივმა აღწერამ აჩვენა, რომ გურიაში ალადასტური იმ დროისათვის დაახლოებით 61 ჰექტარზე იყო გაშენებული. (საუბარია მხოლოდ გურიაზე) აქედან დაახლოებით 45 ჰექტარი ე.წ. მაღლარზე ანდა ნახევარადმაღლარზე იყო გაშენებული, რაც დასავლეთ საქართველოს მევენახეობისათვის ვენახის გაშენების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. გასული საუკუნის 50–იანი წლების შემდეგ, როგორც გურული მევანახე გლეხები ამბობენ, ალადასტურის ვენახების ფართობები კიდევ უფრო მეტად შემცირდა და ისევე როგორც ჩხავერი, სხილათუბანი და სხვა ცნობილი გურული ჯიშები, ალადასტურიც ჰიბრიდულმა ადესა–იზაბელამ ჩაანაცვლა.

ქართულ ლიტერატურაში და ხალხურ ფოლკლორში ისე მკვეთრად ქართული ვაზის ალბათ არც ერთი ჯიში არ დამკვიდრებულა, როგორც ეს ალადასტურს ხვდა წილად. ალადასტური შეგხვდებათ ისტორიულ წყაროებში, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ თქმანში და ანდაზებშიც კი... ეს მაშინ, როდესაც ალადასტურის გავრცელების არეალი სხვა ქართულ ჯიშებზე (მაგალითად: რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი და სხვა) უფრო მცირე იყო და ძირითადად დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებულად კი გურია-იმერეთს მოიცავდა.

ჯიშის დასახელება ალადასტური, არაბულად ჟღერს, როგორც “ალაჰ დასტურ“, რაც ნიშნავს “ალაჰის თანხმობას“. ისტორიკოსის, გიორგი მალხაზიშვილის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად რელიგიური აკრძალვებისა, საქართველოში მოსულ არაბ დამპყრობლებს ალადასტური (რომელსაც ალბათ ადრე სულ სხვა სახელი ექნებოდა) ძალიან მოეწონათ და ამ ღვინის სიყვარულის გამო თავის ერთგვარად გასამართლებლად თქვეს, რომ ეს ისეთი კარგი ღვინოა, ამის დალევაზე ალაჰმაც კი მოგვცა დასტურიო.

გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: “მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია ტერმინ “ალადასტურთან“ დაკავშირებით. ცნობილია, რომ საქართველოში შემოსულმა არაბებმა თავიანთი რამდენიმე ჯარისკაცი დასაჯეს საქართველოში ღვინის სმის გამო. მე ვფიქრობ სწორედ ამ დასჯილი არაბების სიტყვები შეიძლება იყოს: “ტყუილად მსჯით, რადგან ამ ღვინის დალევაზე თვით ალაჰმა მომცა დასტურიო“. ისე კი, ამ სახელწოდების არაქართულობა ალბათ ეჭვს არ უნდა იწვევდეს“.

როგორც უკვე ვთქვით, დღეს ალადასტურს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სრულიად განსხვავებულ ვაზის ჯიშებს ეძახიან. მაგალითად, თბილისში და თბილისის მიმდებარე, მცხეთის რაიონის სოფლებში ალადასტურის სახელით გავრცელებულია წითელყურძნიანი ჰიბრიდული ვაზის ჯიში, რომელსაც ნამდვილ ალადასტურთან არაფერი აკავშირებს და თბილისის ყურძნის ბაზრობებზეც ალადასტურის სახელით სწორედ ეს გაუგებარი გემოს და ხარისხის მქონე ყურძენი იყიდება.   

ირაკლი ხიზანიშვილი, ავჭალის მკვიდრი: “სამი წლის წინ მეგობარმა ვაზის სამი ნერგი მაჩუქა და მითხრა, რომ ალადასტურის ნერგები იყო. ადრე ხონში ახლობელთან მქონდა ალადასტური დალეული და ძალიან მომეწონა, ამიტომ სიხარულით გავახარე ეს ძირები. ვაზმა ნაყოფი მეორე წელსვე მომცა, მაგრამ ყურძნიდანვე მივხვდი, რომ (სხვათა შორის ე.წ. უწამლი ვაზები არაა და მოწამვლას საჭიროებს) რაღაც სხვა ჯიში უნდა ყოფილიყო. ავჭალაში რამდენიმე ჩემს მეზობელთანაც ვნახე ზუსტად ასეთი ვაზები და მათაც გონიათ, რომ ალადასტურია. არადა, ღვინითაც და ყურძნითაც ჩანს, რომ ეს სულ სხვა ჯიშია. როგორც ჩანს, ჩვენთან აღმოსავლეთ საქართველოში ალადასტური სხვა რამე გონიათ, დასავლეთში ის სხვა რამეა. წელს მარიამობისთვის სპეციალურად გამოვაგზავნინე ჩემს ახლობლებს ხონიდან ის ალადასტური და როდესაც მეზობლებს გავასინჯე, ყველამ აღიარა, რომ სულ სხვა ჯიში იყო. ამის მერე, ჩემს ეზოში გახარებულ ვაზს ალადასტურს აღარ ვეძახი“.

როგორც 1960 წელს გამოცემულ “საქართველოს ამპელოგრაფიაში“ ვკითხულობთ, გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს.

ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის ჯერის ტიპიური წარმომადგენელია. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც ალადასტური გავრცელებულია ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. ალადასტური პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. ალადასტურმა უხვი მოსავალი იცის და ჰექტარზე საშუალოდ 90-105 ცენტნერით განისაზღვრება. დაკვირვებებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ალადასტური ფილოქსერას უკეთ უძლებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი ჯიშები (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილთუბანი და სხვ.).

დავით ჩხარტიშვილი, მევენახე: “გურიაში, სოფელ შუხუთში დაახლოებით ჰექტრის მესამედზე გვაქვს ალადასტური გაშენებული. როგორც იცით, ჩვენსკენ მცირემიწიანობაა და ამ ზომის ვენახი გურიაში მაინცა და მაინც პატარად არ ითვლება. ღვინოს ძირითადად მხოლოდ ოჯახური საჭიროებისათვის ვიყენებ და სულ რამდენჯერმე მაქვს გაყიდული. ძირითადად 90–იან წლებში ვყიდდი, როდესაც ჩემს ოჯახს, ისევე როგორც მთელს ქვეყანას, ძალიან გაუჭირდა და მევენახეობისთვის უკვე ნაკლებად გვეცალა. ალადასტური მაღლარზე მაქვს გაშვებული და ყურძენს დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს ვკრეფ ხოლმე. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნოემბერში დამიკრეფია. წელიწადზე და დამწიფებაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

ღვინოს ძირითადად მინის ჭურჭელში ვაყენებ. როგორც იცით, ალადასტურისგან ძირითადად ნახევრად ტკბილი ღვინო გამოდის, თუმცა შარშანწინ მე და ჩემმა შვილმა კახურად დავაყენეთ და ჭაჭაზე დავტოვეთ დიდი ხანი. გულრწფელად გეტყვით, რომ ღვინო არ მოგვეწონა და მომდევნო წლებში ისევე დავაყენეთ, როგორც უწინ. მამაჩემს სამი დიდი ქვევრი ჰქონდა, მაგრამ მერე მიწისძვრამ ქვევრები დაბზარა და უკვე ოც წელზე მეტია, ღვინოს მინის ჭურჭელში ვაყენებთ. ქვევრის შეძენის სურვილი მაქვს ამ ბოლო დროს და ალბათ ვიყიდი ერთ ტონიან ქვევრს მაინც. ქვევრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ ჩემს ეზოში ისევ იყოს ქვევრები. ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და გაყიდვას ჯერჯერობით არ ვაპირებ, თუმცა თუკი შეძლება იქნა და ვენახების ფართობი გავზარდე, ასეთ კარგ რამეზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. შეიძლება ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ არა მგონია სხვაზე ნაკლებ ღვინოს ვაყენებდე და არაფერი დაშავდება, ცოტა ფულსაც თუ ვიშოვიდი ამ საქმით“.     

უნდა აღინიშნოს, რომ სოკოვან დაავადებებიდან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს ჭრაქს, თუმცა ძალიან ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ მისი ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში ნაცრის წინააღმდეგ წამლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კირის საკმაო რაოდენობით შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერი ტიპის ნიადაგებზე. ალადასტურს ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ. მისი შაქრიანობა 21,5%-ს არ აღემატება. უფრო ხშირად კი 19-20%-ია. ღვინო ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: ჰარმონიული, სპეციფიკური ჯიშური გემო, ოდნავ მომეტებული მჟავიანობა. ღვინო ახლო მანძილზე ტრანსპორტირებას ადვილად იტანს და თავის ტიპიურობას და გემურ თვისებებს 3-5 წლის მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს. ალადასტური თავისი სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, რომელსაც პროდუქციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან ერთად ახასიათებს ღონიერი ზრდა-განვითარება, ეკოლოგიური პირობების მიმართ ადვილად შეგუების უნარი და უხვი მოსავლიანობა.

როგორც ქართველი ამპელოგრაფების კვლევებით დადგინდა, ალადასტურის მტევანი საშუალოდ 200 გრამს (საშუალო მოცულობის მტევანია) იწონის. ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საშუალო სხეულიანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო “ალადასტური“.

დღეს ქართული ღვინის კომპანიებიდან ღვინო “ალადასტურს“ ძალიან ცოტა აწარმოებს და ისიც შეზღუდული რაოდენობით. ამის მიზეზი პირველ რიგში ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ალადასტურის ვენახების სიმცირეა. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ კომპანია “ხარებას“ მიერ წარმოებული “ალადასტური“, რომელიც ამ ტიპის ღვინის მოყვარულებში საკმაოდ პოპულარულია.

ალადასტური ყურადღების მიღმა არც ნატურალური ღვინის მწარმოებლებს დარჩენიათ. იმერელმა მეღვინემ, დიდიმ მაღლაკელიძემ ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა და იმერეთში, სოფელ დიმში ნატურალური მევენახეობა–მეღვინეობის წესების დაცვით მოწეული ალადასტურისაგან ვარდისფერი ღვინო დაამზადა. დიდიმ მაღლაკელიძის ვარდისფერის “ალადასტურს“ ღვინის კლუბი ასეთ შეფასებას აძლევს:  ძალიან სასიამოვნო ღვინოა საადრეო ვაშლისა და წითელი მოცხარის სურნელებით. მიაყოლეთ მწვანე სალათებს და ხილის ასორტის.

ალადასტურის ჯიში ღვინის ფალსიფიკატორთა და ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ‘საკბილოა“ და რუსეთის ღვინის ემბარგომდე გაყალბებულ ქართულ ღვინოებს შორის “ხვანჭკარასთან“ ერთად ალადასტურიც “ლიდერობდა“. გარდა ამისა, ალადასტურის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა (ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს ჯიშების უმეტესობის) ვენახების სიმცირეა.

© ღვინის კლუბი/Weekend



მცხეთაში,კერძოდ ქანდის საბჭოთა მეურნეობაში გასული საუკუნის 70-ი წლების დასაწყისში,მოლდოვეთიდან იქნა შემოტანილი ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი "მოლდოვანკა".საუკეთესოდ შეეწყო მცხეთის რაიონის მიკრო- კლიმატს.აქვს წითელი შეფერილობა.სკმაოდ დიდი მტევანი რიგ შემთხვევაში კილოზე მეტს იწონის,საშვალოდ 500 გ-ია.სუფრის ყურძენია. ადგილობრივები ღვინოს აყენებენ.ღვინო არ გამისინჯავს.რაც შეეხება ყურძენს მშვენიერი გემო აქვს.მშვენივრად შევექცევი,ძალიან მომწონს.


მე დავინტერესდი ამ ჯიშით და გასულ წელს დავაყენე დაახლოებით 100-ოდე კგ დავწურე სრულ ჭაჭა კლერტზე 3 თვე ფერმენტაცია-დავარგებით. ძალიან სურნელოვანი, მკვეთრი-მუქი შეფერილობის, საშუალო სხეულინი, შედარებით მაღალმჟავიანი ღვინოა, სასიამოვნო ხილის ტონებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.


სამტრედიის რაიონში სოფელ ჭაგანში მაქვს ნაკვეთი სადაც ვცადე გამეშენებინა ალადასტური. საუბედუროდ რაც მოვაშენე არცერთი არ აღმოჩნდა სუფთა ჯიშის. სად შეიძლება შევიძინო სუფთა ჯიშის ალადასტური?


იშოვეთ ჭეშმარიტი ალადასტური?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული