Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შავკაპიტო – ვაზის ჯიში რომელიც სამაჩაბლოს გვახსენებს

ლევან სეფისკვერაძე

შავკაპიტო, იგივე შავი კაპიტო (როგორც მას ლიახვის ხეობის მოსახლეობა ეძახის) ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით. მათ შორის ისეთ რაიონებშიც, სადაც მეღვინეობა საუკუნეების მანძილზე ყოველთვის ნაკლებად იყო განვითარებული.

შავკაპიტო განსაკუთრებით კარგად გორისა და კასპის რაიონში და ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ხარობს. დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებში (ისტორიული სამაჩაბლო) შავკაპიტო ძირითადად დაბლარად იყო გაშენებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წითელყურძნიანი ვაზის ხეივნებად ეზოებში გაშვებას გლეხები ყოველთვის ერიდებიან (წითელყურძნიანი ვაზის ხეივანი არაპრაქტიკულად ითვლებოდა), დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში, სახლის მომდებარე ეზოებში შავკაპიტოს ხეივნებსაც ხშირად ნახავდით. ლიახვის ხეობაში 2008 წლის ომის შემდეგ, ვენახების აბსოლუტური უმრავლესობა სამწუხაროდ განადგურდა.

ქართველი ამპელოგრაფების აზრით, შავკაპიტოს ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინის მიღებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით საყურადღებოა სოფლები: ქვემო აჩაბეთი, ქურთა, დიდი ძარწემი, ბერული და სხვა... ამ სოფლებში მოწეული შავკაპიტო საბჭოთა ჯავშირის პერიოდში სუფრის ღვინის გარდა, ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც გამოიყენებოდა. იმის გამო, რომ შავკაპიტო ქართლში საკმაოდ მცირე ფართოებებზეა გაშენებული, საბჭოთა კავშირის პერიოდში შავკაპიტოს ღვინის შენახვის უნარზე და ტრანსპორტირებისადმი ამტანობაზე კვლევები არ წარმოებულა. ადგილობრივი გლეხების თქმით კი, შავკაპიტოს ღვინოს ტრანსპორტირების დროს განსაკუთრებულად ფაქიზად სჭირდება მოპყრობა. საკუთრივ ყურძენი კი დიდი ხნის მანძილზე არ ინახება.

მევლუდ ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოდან დევნილი: ”შავკაპიტო ძალიან გავრცელებული ვაზის ჯიში იყო როგორც პატარა, ასევე დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში. ვერ ვიხსენებ ოჯახს, სადაც ერთი ძირი შავკაპიტო მაინც არ ჰქონდათ ხეივნად გაშვებული. პატარა ლიახვის ხეობაში ვენახები ძირითადად მდინარის მარცხნივ, ფერდობებზე იყო გაშენებული. დიდი ლიახვის ხეობაში კი ტყეებთან ახლოს. შავკაპიტოს ხშირად თავკვერთან ერთად ვწურავდით. მაგრამ მამაჩემი ფიქრობდა, რომ თუკი Dშავკაპიტოს ცალკე დავწურავდით, უფრო კარგი ღვინო გამოვიდოდა. რამდენჯერმე დავუჯერეთ მამაჩემს, ცალკე დავწურეთ და მართლაც მშვენიერი ღვინო გვქონდა იმ წელს.

ლიახვის ხეობაში ზამთარი ცოტა ადრე დგება. ამიტომ, ძირითადად ვაზის ისეთი ჯიშები იყო გახარებული, რომლებიც ყინვის გამძლე ჯიშებია და საადრეოდ ითვლება. შავკაპიტო ყინვას ძალიან კარგად უძლებს. ცხინვალის გარშემო ქართულ სოფლებში შავკაპიტო ყველგან იყო. ბოლო წლებში სამწუხაროდ ქვევრები ძალიან ცოტას ჰქონდა და ღვინოს უმეტესად კასრებში ან მინის ჭურჭელში ვაყენებდით. ლიახვის ხეობაში ღვინოს თითქმის არავინ ყიდდა. ყველას ჩვენ-ჩვენი ღვინო გვქონდა და იმას მოვიხმარდით მთელი წლის მანძილზე. ასე იყო 5 წლის წინაც. მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით...”

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში ამპელოგრაფი ს. შავერდოვი შავკაპიტოს კახურ ენდემურ ვაზთა ჯგუფს აკუთვნებდა. მას და მეცნიერ ა. ფირალოვს ამ ჯიშის შესახებ საკმაოდ მცირე მონაცემები აქვთ. თუმცა, იმაზე კი თანხმდებიან, რომ ბოტანიკური აღწერილობით, შავკაპიტო ახლოს უფრო კახური ვაზის ჯიშებთან დგას, ვიდრე ქართლის ჯიშებთან. ეს მოსაზრება საკამათოა თუნდაც იმიტომ, რომ დღეს კახეთში შავკაპიტო ცალკეული ნიმუშების გარდა, თითქმის არსად არ გვხვდება. ამპელოგრაფი ნ. ჩახნაშვილის აზრით კი, შავკაპიტოს ქართლური წარმოშობა ეჭვებს არ იწვევს და ჯიში ერთ-ერთი ყველაზე ძველია, ქართლის ვაზის ჯიშებს შორის. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს შავკაპიტოს ფოთლის მოყვანილობა, შებუსვა, მტევნისა და მარცვლის ფორმა და სხვა...

მცირე მარნის მფლობელის, ვალერი რჩეულიშვილის ვენახებს შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ ქვეშში მდებარეობს. მისი ვენახების საერთო ფართობი დაახლოებით ერთი ჰექტარია, სადაც სხვა ქართლის ჯიშებთან ერთად მცირე რაოდენობით შავკაპიტოც აქვს გაშენებული. იმის გამო, რომ შავკაპიტოს ვენახის ფართობი სულ რაღაც 5 მეასედს მოიცავს, ბატონი ვალერი წლების მანძილზე ამ ჯიშის ყურძენს ქართლის მეორე ცნობილ ჯიშთან – თავკვერთან ერთად წურავს. როგორც ქართლელი მეღვინე ამბობს, წელს აუცილებლად აპირებს შავკაპიტოს რაოდენობის გაზრდას და უკევ ამ ზაფხულში, შავკაპიტოს ახალი ვენახები ექნება.

ვალერი რჩეულიშვილი, მევენახე, მეღვინე: “შავკაპიტოს მცირე ვენახი მაქვს სოფელ ქვეშში, ერთ-ერთ ფერდობზე. თვითონ ჩვენს ზონაში, ანუ მდინარე მეჯუდას ხეობაში, შავკაპიტო ძალიან გაიშვიათებული ჯიშია. ჩემს ვენახში ერთიანად რომ მოვთვალო, შავკაპიტო 5 მეასედიც კი არ გამოვა. ამიტომ როცა ვკრეფ, ამ ყურძენს თავკვერთან ერთად ვაყენებ. სამწუხაროდ თავკვერი ჯერ ცალკე არ დამიწურავს და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებ. ახლა სანერგედან მომაქვს შავკაპიტოს ნერგები და მინდა, რომ უშუალოდ შავკაპიტო გავაშენო და ცალკე ვცადო ამ ჯიშიდან ღვინის დაყენება.

ჩვენს მხარეში როგორც უკვე გითხარით, შავკაპიტო ძალიან ცოტა ვინმეს თუ აქვს. ამიტომ, შავკაპიტოს ღვინოც დიდ იშვიათობად ითვლება. რამდენჯერმე მაქვს ადგილობრივ გლეხებთან ეს ღვინო დალეული, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ ის ღვინოები სუფთა შავკაპიტოსგან იყო დამზადებული და სხვა არაფერი ერია. მე როცა ამ ჯიშს უფრო დიდ ფართობებზე გავაშენებ, ღვინოს აუცილებლად ქვევრში დავაყენებ. ვფიქრობ, რომ ქვევრი არის საუკეთესო ჭურჭელი და ყველა ქართველმა მეღვინემ ეს ჭურჭელი განსაკუთრებით უნდა დააფასოს.

მიუხედავად პრობლემებისა, ბოლო რამდენიმე წელია ქართლის მეღვინეობა წინ წავიდა. ატენელებმა ძალიან კარგად აუღეს ალღო თანამედროვეობას. უახლოეს მომავალში ქართლის მეღვინეობის ასოციაციის დაფუძნებას ვაპირებთ, სადაც გვინდა გავაერთიანოთ ის ხალხი, ვინც კარგ ღვინოს აყენებს. გერმანელების დახმარებით დაიწყო პროექტი და კოოპერატივებს უნდა შეეწყოს ხელი. პირველი კოოპერატივი უკვე შევქმენით და ხალხს ვაწვდით ”ბიო” ღვინოზე ინფორმაციას. იმედია მომავალში ყველაფერი უკეთესობისააკენ წავა.”

სტატისტიკური აღწერის მიხედით, რომელიც 1953 წელს ჩატარდა, დადგინდა რომ შავკაპიტო მთელს საქართველოში სულ დაახლოებით 40 ჰექტარზე იყო გაშენებული, რაც ძალინ მცირე რაოდენობაა. აქედან უმეტესობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო გაშენებული. განსაკუთრებით კი ზნაურის (ყორნისის) რაიონში, სადაც შავკაპიტოს ვაზისაგან გაშენებული ვენახები დაახლოებით 12 ჰექტარს აღწევდა. ცხინვალის, ახალგორის, ქარელის, კასპისა ხაშურის რაიონებში კი იმ პერიოდისათვის შავკაპიტოს ვენახები 3-4 ჰექტარს არ აღემატებოდა. 1955 წლის იანვრის აღწერით, მთელს შიდა ქართლში შავკაპიტოს ვენახები 44.7 ჰექტარზე იყო გაშენებული. მაშინდელი გეგმით, შავკაპიტოს გაშენება დაგეგმილი იყო ცხინვალის რაიონის სოფლებში, რაც 60-იან წლებში კიდეც განხორციელდა. თუმცა, ამის შემდეგ უკვე აღარ გავგვაჩნია მონაცემები და დაზუსტებით ვერ ვიტყვით რამხელა ფართობებს მოიცავდა 70-80-იან წლებში შავკაპიტოს ვენახები იგივე დიდი ლიახვის, ანდა ფრონეს ხეობებში.

შავკაპიტოს ბოთლირებული სახით, ქართული ღვინის კომპანიებიდან კომპანია “შატო მუხრანი” და “ხოხბის ცრემლები” აწარმოებენ. ორივე ამ კომპანიას ვენახები მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანთან ახლოს აქვთ. “ხოხბის ცრემლების” ერთ-ერთი მეღვინე, მალხაზ ფათალაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათი კომპანია წელიწადში მხოლოდ 4-5 ათას ბოთლ შავკაპიტოს ასხამს, რაც ვენახების სიმცირით არის განპირობებული.

მალხაზ ფათალაშვილი, კომპანია “ხოხბის ცრემლების” მეღვინე: “შავკაპიტო და თავკვერი ერთ ვენახში გვაქვს გაშენებული. სამწუხაროდ ჯერ ცალკე არ გვაქვს თავკვერის ვენახები, თუმცა ამის დროც მოვა. ზუსტად ძნელია ფართობის დადგენა. წელიწადში დაახლოებით 4-5 ათას ბოთლს ვაწარმოებთ. ჩვენი ვენახები არის სოფელ მუხრანთან ახლოს და ვფიქრობ, რომ ეს მიკროზონა შავკაპიტოსათვის მეტად ხელსაყრელია. მინდა გითხრათ, რომ ვინც ამ ღვინოს პირველად სინჯავს, ყველას მოსწონს და ქართველ ღვინის მოყვარულებს შავკაპიტო ძალიან უყვართ. უბრალოდ ბევრმა არ იცის ამ ჯიშის არსებობა, რაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიმაჩნია.

ჩვენი ღვინის ფასი განისაზღვრება კონკრეტული წლის მოსავლის მიხედვით. ვგულისხმობ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას. საშუალოდ, ერთი ბოთლი “ხოხბის ცრემლების” შავკაპიტო 30 ლარი ღირს და ასეთი იშვიათი ჯიშისთვის 30 ლარი სულაც არ არის დიდი ფასი. ჩვენ ღვინოს ქვევრში ვაყენებთ. რაც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ქვევრში დაყენებული ძველი ქართული ჯიშებისაგან დაწურული ღვინო განსაკუთრებულ გემურ თვისებებს იძენს. თავკვერი ქართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უნიკალური ჯიშია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ვაზის ჯიშებს შორის თავკვერი ხარისხის კუთხით მოწინავე ადგილს იკავებს. პრობლემა ვენახების სიმცირეა და იმედია ეს პრობლემაც მოგვარდება”.

როგორც ქართველი მეღვინეები ამბობენ, დღეს ვაზის სხვა ქართული ჯიშების მსგავსად, შავკაპიტოს მთავარი პრობლემა ამ ჯიშის მცირე ფართობებზე გაშენებაა. ამას ისიც ემატება, რომ შავკაპიტოს ქართლის ზოგიერთ მხარეში თავკვერთან აიგივებენ და გლეხები ამბობენ, რომ შავკაპიტოსა და თავკვერს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ. ამიტომ ამ ორ ქართლის წითელ ყურძენს ერთად წურავენ, რაც ჯიშის განსაკუთრებულობის შეცნობაზე რა თქმა უნდა დადებითად ვერ იმოქმედებს. მაგრამ მრავალი პრობლემის მიუხედავად, შავკაპიტო ნელა, მაგრამ თანდათან მაინც იბრუნებს ძველ ცნობადობასა და ღირსებას. სხვანაირად არც შეიძლება რომ მოხდეს!...

© ღვინის კლუბი/Weekend



დაივიწყეთ სამაჩაბლობო, აფხაზეთი და ა.შ. შევარდნაძემ და სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ძირძველი ქართული ტერიტორიები დაგვეკარგა, სამწუხაროდ ივანიშვილის მთავრობაც ზაქარეიშვილის სახით ამ ტერიტორიების დაკარგვას მცდელობას არ აკლებს... ამ ყველაფრის დაშვებაში კი ჩვენ - საზოგადოება ვართ დამნაშავენი...


შავკაპიტოს ბლაუჰერცერს რატომ ეძახიან?


თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ სად შევძლებ შავკაპიტოს ნამყენის ყიდვას? მეც ვაპირებ გაშენებას, დიდი ინტერესი მაქვს ამ ყურძნის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული