- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?
- პირველ რიგში „მეღვინე“ სასიამოვნოა...
მე და ჩემმა ოჯახმა, მამაპაპისეულ მიწაზე ვენახი 2018 წელს გავაშენეთ. სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით ღვინის წარმოება 2022 წელს დავიწყეთ. ისტორიულად ჩემი წინაპრები(პაპები) კარგ ღვინოს აყენებდნენ. პაპა კალატოზი იყო და გადმოცემით მსმენია, რომ საქეიფოდ საკუთარი ღვინით დადიოდაო. მარანი ტიპიური კახურია, სახლის პირველ სართულზეა, გვაქვს 11 სხვადასხვა ზომის ქვევრი. სახელწოდება „შილდური“ კუთხის და სოფლის სიყვარულით არის ნაკარნახევი, ხოლო მარნის შექმნის მოტივაცია ჩემს ოთხ შვილს, ოთხივე გოგონას უკავშირდება.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?
- მოგეხსენებათ სოფელი შილდა ქინძმარაულის ზონაში მდებარეობს და ჩვენც აქცენტი საფერავზე გავაკეთეთ, თუმცა თეთრი საღვინე ყურძნები რქაწითელს და ქისს ვამუშავებთ. მიმაჩნია რომ არ უნდა დავარღვიოთ ზონალური პრინციპი და ღირებულებები. პერსპექტივაში დაინტერესებული ვართ ჯავახეთის მწვანის წარმოებით. რიტუალს რაც შეეხება - აუცილებელია რთველში მთელი ოჯახი მონაწილეობდეს და ბოლოს ვაზებში ვინმე წავაქციოთ, გავაგოროთ.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ამ ეტაპზე ორი სახის ღვინოს ვაწარმოებთ: საფერავს და ქისს. ღვინოების უპირატესობაა, რომ ყურძნის მოყვანიდან ბოთლში ჩამოსხმამდე არ ვერევით მინერალებით და ხელოვნური დანამატებით. ნიადაგის ნაყოფიერებისთვის ვიყენებთ სიდერატებს, დაღვინება კი პრაქტიკულად ჩაურევლად მიმდინარეობს.
- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?
- რთველი უკვე შედეგია, სასიამოვნო და საყვარელი პროცესი კი ვაზის მოვლაა. იცით რამდენჯერ უნდა მივიდეს ადამიანი თითო ვაზთან? 33-ჯერ.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ყველაზე საამაყოა მაღაზიიდან(შემფასებლისგან) მიღებული დეგუსტაციის დადებითი პასუხი. ჩვენ უმეტესად ურთიერთობა გვაქვს ბუნებრივი, ნატურალური ღვინის მაღაზიებთან და ბარებთან, იმ სეგმენტთან რომელიც ჩვენს სამიზნე ბაზარს წარმოადგენს(სამწუხაროდ ასეთი ცოტაა) თუმცა ისეთი ქსელები როგორიც „8000 მოსავალია“ აუცილებელია და დადებით საქმე აკეთებენ.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- ჯერ-ჯერობით ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზე ვერ გაგვაქვს, იმედია ამ დეფიციტს 2023 წლის მოსავლით მალე შევავსებთ.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- სირთულეს ღვინის სფეროში წარმოადგენს ბუნებრივი და ინდუსტრიულ ღვინის ხარისხობრივი დიფერენციაცია. საჭიროა ბუნებრივი ღვინის მეტი პოპულარიზაცია და ღვინის ფალსიფიკატორების მიმართ რეგულაციები.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?
- მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად ზრუნვა ნიადაგის გაკეთილშობილებით უნდა დავიწყოთ, მნიშვნელოვანია ვაზის მოვლის საშუალებების ხარისხის კონტროლი, ხოლო მევენახე-მეღვინემ პრაქტიკული ცოდნა თეორიით უნდა გაამყარონ.
- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- ქართული ღვინის კულტურის ფაქტიურად მაღალ დონეზე დგომის და განვითარებისათვის ღვინის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა საჭირო, რაც იმას გულისხმობს, რომ ვიწრო მატერიალურ ღირებულებებს არ უნდა ვანაცვალოთ ღვინის ხარისხი.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- აუცილებელია რომ ვაზი შეიყვარონ და დიდი მოთმინებით აკეთონ საქმე.
მარნის მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა
ტელეფონი: 595566478
ელფოსტა: wineryshilduri@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100028099555207
თქვენი კომენტარი