ლევან სეფისკვერაძე
“მერე რა, რომ ზამთარია”, - იუწყებოდა ლუდახარშ “ნატახტარის” სატელევიზიო რეკლამა და მოგვიწოდებდა, ეს ლუდი ზამთრის გრძელ ღამეებშიც დაგველია. რეკლამის მიუხედავად, ჩვენში ლუდი მაინც ზაფხულის სასმელია და ლუდის ბიზნესიც სწორედ საზაფხულო მოგებით საზრდოობს.
თბილისური ლუდხანები, რესტორნები, მაღაზიები და მინი- მარკეტები უმეტესად ქართულ ლუდებს გვთავაზობენ. უმეტესი ადგილი კომპანია “ყაზბეგისა” და “ნატახტარის” პროდუქციას უკავია. ლიდერთა ჰეგემონიის დარღვევას ბოლო წლების მანძილზე მონდომებით ცდილობს ფრანგული ინვესტიციებით შექმნილი კომპანია “კასტელი”, რომელიც დიდი ხანია, კონკურენტუნარიანი ლუდის შექმნაზე მუშაობს. მათი ბრენდებიდან შედარებით პოპულარობას ჯერ მხოლოდ ლუდმა “არგომ” მიაღწია.
ჩამოსასხმელი ლუდებიდან გაყიდვებით აშკარა ლიდერია “ყაზბეგის” ტრადიციული გაფილტრული თეთრი ლუდი. ლუდხანებში 0.5-ლიტრიანი კათხა “ყაზბეგი” 1-2 ლარის ფარგლებში იყიდება. თუმცა, მომხმარებელი უფრო მეტად სანაპიროზე არსებულ ჩამოსასხმელი ლუდის წერტებს აკითხავს, სადაც ლიტრს 1.4, 1.6 ლარადაც შეიძენთ.
ლუდის კომპანიების წარმომადგენლებისა და ლუდის მოყვარულების აზრით, ზაფხულობით “ყაზბეგის” ჩამოსასხმელი ლუდის პოპულარობას ლუდის ქარხნის მდებარეობა და ტრადიცია განაპირობებს. ლუდის მოყვარულები სანაპიროზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან დადიოდნენ და ეს ადგილი თბილისელების წარმოდგენაში სალუდედ დამკვიდრდა. “ნატახტარის” მარკეტინგული სტრატეგია ლუდხანების ლუდით შეღავათიან ფასად მომარაგებაა. ამავე დროს, კომპანიის მესვეურები ლუდხანებს იაფად, ანაც სრულიად უფასოდ უმონტაჟებენ ლუდის ჩამოსასხმელ ცისტერნას და აპარატურას. ამას აკეთებენ ერთადერთი პირობით - ლუდხანაში მხოლოდ მათი პროდუქცია უნდა გაიყიდოს.
დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში თუ გარეუბანში მდებარე თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება შემდეგი დასახელების ქართული ლუდები: “ნატახტარი”, “კუბიჩეკი”, “ყაზბეგი”, “3D”, “ლუდი თბილისური”, “არგო”, “ჰერცოგი”, “გერმანული ტრადიციული” და სხვა...
“ყაზბეგისა” და “ნატახტარის” გამალებული კონკურენციის უკანასკნელი გამოხატულებაა ე.წ. კასრის ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა. ორივე კომპანიამ თითქმის ერთდროულად შეიტანა ბაზარზე ბოთლებში ჩამოსხმული, ნაკლებგაზიანი თეთრი ჩამოსასხმელი ლუდები, რომლებიც ტრადიციული ჩამოსახმელი ლუდების შემდეგ დღეს ყველაზე პოპულარულია.
გასათვალისწინებელია, რომ ახალი ბრენდები ზოგჯერ ნაკლებსიცოცხლისუნარიანობას ამჟღავნებენ და მალევე წყვეტენ არსებობას. ამის მაგალითია სქელი, შავი ლუდები: “მონადირე”, “თოფაძე”, “შატილი” და სხვა. ლუდის მოყვარულებმა ისინი რატომღაც მალევე აითვალწუნეს. ზოგადი ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი მომხმარებელი ერთგულია შედარებით იაფფასიანი, თეთრი, გაფილტრული ლუდისა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ქართული კომპანია აწარმოებს, არადა კარგი იქნებოდა ქართულ ბაზარზე მაღალი საფასო კატეგორიის ადგილობრივი ლუდებიც გამოჩენილიყო.
თბილისში ბევრი ლუდხანაა, მაგრამ ცოტაა ისეთი, სადაც საფირმო, ორიგინალური ლუდი მზადდება. ლუდხანების მფლობელთა უმეტესობა ძველ, გატკეპნილ გზაზე სიარულს ამჯობინებს და სხვა კომპანიების ჩამოსასხმელი თუ ბოთლის ლუდით მარაგდება. ცოტა, მაგრამ მაინც არის ისეთი ლუდხანები თუ რესტორნები, სადაც მომხმარებელს იქვე დამზადებულ ლუდს სთავაზობენ.
წინამძღვრისშვილის ქუჩაზე, ლუდსახარში “მირზაანი” ერთ- ერთი ყველაზე დიდი ლუდხანაა თბილისში. მოიცავს სამ დარბაზს და 20-ზე მეტ კუპეს. “მირზაანში” მზადდება ორი დასახელების ადგილობრივი ლუდი - ხორბლისა, რომელიც 2.5 ლარი ღირს და “მირზაანი” (2.8 ლარი). ლუდხანაში ასევე არის ბოთლისა და ჩამოსასხმელი უცხოური ლუდები. “მირზაანი” კარგი ადგილია სპორტის მოყვარულთათვის, რადგან ლუდსახარშის შენობის დარბაზებში სამი დიდეკრანიანი ტელევიზორია დამონატაჟებული.
მომხმარებელს საკუთარ ლუდს სთავაზობს რესტორნების ქსელი “თაღლაურა”. რესტორნებთან მოქმედებს ლუდსახდელები, სადაც გრანულირებული ხორბლისაგან მზადდება როგორც შავი, ასევე თეთრი ლუდი. “თაღლაურაში” ამბობენ, რომ ისინი ლუდის გამოხდის ძველ გერმანულ ტექნოლოგიებს ეყრდნობიან. აქ ლუდი 2.5-3 ლარი ღირს.
მართალია, მომხმარებლებს საკუთარ ლუდს არ სთავაზობს, მაგრამ ლუდის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილია პატარა ლუდხანა დადიანის ქუჩაზე, მოკრძალებული სახელით - “ლუდხანა დადიანზე”. ადგილობრივი სამზარეულო და საჭმელების მენიუ თითქმის ბოლომდე მორგებულია ლუდთან და ფასებიც საკმაოდ ნორმალურია: “ყაზბეგი” - 1.6 ლარი, “ნატახტარი” - 1.6. უცხოურ ლუდის ფასი 5-დან 7 ლარამდე მერყეობს.
თბილისში მრავლად არის ლუდხანები, რომლებიც ძირითადად უცხოური ლუდით ვაჭრობენ. ასეთი ტიპის ლუდხანებს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კლიენტურა საგრძნობლად შეუთხელდა, თუმცა, უმეტესობას მუშაობა არ შეუწყვეტია. ასეთი ლუდხანები იშვიათად ატარებენ “წმინდა” ლუდხანის სახელს, და მეპატრონეთა მხრიდან ტავერნებად, ან კაფეებად სახელდებიან, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად, სიონის ქუჩაზე არსებულ პაბში ლუდის ქარხანა - “კაიზერ ბრაუ”, ჩეხური ლუდის ბარები - “მორავა” და “პრაგოსი” და კოჯრის გზაზე მდებარე ლუდის რესტორანი - “კოლხეთი ოქროყანა” - სანაპიროზე მდებარე რესტორან “კოლხეთის” ფილიალი.
“კოლხეთი- ოქროყანაში” აქცენტი ლუდზეა გადატანილი და სამზარეულოც შესაბამისად ჩამოსასხმელი ლუდის მოყვარულებზეა გათვლილი. “კოლხეთი- ოქროყანა” მოიცავს ტერასას, დახურულ დარბაზს და ღია აივნებს. რესტორანში 20-ზე მეტი სხვადასხვა ჩამოსასხმელი ლუდია. მათგან ყველაზე იაფია “ზუბრი”, რომელიც 3.5 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი, 7-ლარიანი “ბიტბურგერი”. აქვე ნახავთ უცხოურ ბოთლის ლუდებსაც.
თბილისური ლუდხანები
“თაღლაურა” - ორთაჭალა, გულიას ქ. 1, საბურთალო – მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდთან, დიღომი – ბელიაშვილის ქუჩა, მორფოლოგიის ინსტიტუტთან. ტელ: 855 24 77 00.
“მირზაანი”- ლუდსახარში, წინამძღვრიშვილის 14, ტელ.: 95 75 74; 871 95 75 74;
“ლუდხანა დადიანზე”- ბარ- რესტორანი, დადიანის 9. ტელ.: 893 90 77 99
“კოლხეთი- ოქროყანა”- ლუდის რესტორანი, კოჯრის გზატკეცილი, მე-7 კილომეტრი. ტელეფონი: 15 58 58, 895 44 80 80;
“ნიკორა”- ლუდის რესტორანი, ტანძიის ქ. 6, ტელ: 31 11 80
“შარაგული” - თბილისი , ყაზბეგის გამზ. 42, ტელ: 31 10 33, (95) 78 80 33
“11 კათხა” - კოსტავას ქ. 63, ტელ: 36 35 11
კლუბი “12 მაგიდა” - თბილისი, ყაზბეგის გამზ. 12ა, ტელ: 37 56 93
“მორავა” - ჩეხური ლუდის რესტორანი, წერეთლის გამზ. 116, ტელ: 35 54 48, 899 40 38 97;
“პრაგოსი”- ჩეხური ბარი, ახვლედიანის 9. ტელ: 898 50 83 80;
პრაღა - თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. 4, ტელ: 37 24 21
ლუდის რესტორანი “კრომბახერი” - დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-9 კილომეტრი, ტელ.: 52 23 43
ლუდის ქარხანა პაბში, “კაიზერ ბრაუ” - სიონის 8. ტელ: 92 03 22
რესტორანი “ბერლინი” – ყაზბეგის ქ. 26. ტელ: 39 96 55
დუბლინი - გ. ახვლედიანის ქ. 8 , ტელ: 98 44 67
© ლევან სეფისკვერაძე/vinoge.com
თქვენი კომენტარი