იაპონური ბრედი Hello Kittyუმრავი სახის პროდუქტს უშვებს – თეთრი ფისოს გამოსახულება შეიძლება ნახოთ არა მხოლოდ მაისურებსა და ფუმფულა სათამაშოებზე, არამედ ანტივირუსზეც კი. მაგრამ, ამჯერად, ბავშვებისათვის საყვარელი კნუტი სრულიად არასაბავშვო პროდუქტის – ლუდის ქილას დაამშვენებს. ატმის, ლიმონის, მარაკუიასა და ბანანის არომატის მქონე ლუდი ჩინეთსა და ტაივანზე გაიყიდება. ლუდის ეს ნაირსახეობა ძირითადად აზიის ბაზრისათვის არის შექმნილი, ამიტომ ხილის ტკბილ წვენს უფრო წააგავს - “კატის” ლუდს თითქმის 2-ჯერ ნაკლები სიმაგრე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს. პეკინელი ბლოგერი ერიკ ჟუ წერს, რომ Hello Kitty-ის ახალ პროდუქტს იმდენად რბილი და სასიამოვნო გემო აქვს, რომ ძნელია მას ლუდი ეწოდოს. “აშკარად ხილის წვენს სვამ, არადა ქილას აწერია, რომ შიგთავსი ლუდია” – გამარტავს ბლოგერი.
Hello Kitty-ს “მშობელ” იაპონურ კომპანია Sanrio-ში აცხადებენ, რომ მათი ახალი პროდუქტი სულაც არ არის ბავშვებისათვის განკუთვნილი. მათი სამიზნე აუდიტორია ის ქალბატონები არიან, რომლებიც, პირდაპირი გაგებით, Hello Kitty-სთან ერთად გაიზარდნენ.
ჩინეთში ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვისას დადგინდა, რომ ქალების მხოლოდ 15 % და მამაკაცების 55% სვამს სპირტიან სასმელს. ასე რომ, ხილის ლუდ Hello Kitty-ს დიდი შანსი აქვს თავისუფალი ნიშა დაიკავოს და აზიელი ქალების საყვარელ სასმელად იქცეს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი