ლევან სეფისკვერაძე
პროექტ „ღვინის სოფლის“ ფარგლებში მოწყობილი „ღვინის ექსპედიციების დროს ადამიანი ბევრ სიახლესა და საინტერესო რამეს ნახავს. თუმცა, რაც განსაკუთრებულად დიდ სიხარულს იწვევს ისაა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ბოლო დროს არაერთი მცირე საოჯახო მარანი გაჩნდა, რომლებმაც ადგილობრივი ღვინის ბოთლში წარმოება დაიწყეს და ბოლო დრომდე ტურისტებსაც იღებდნენ. ბევრია ისეთი, ვინც მომავალში აპირებს ღვინის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვას. ასეთ მარნებში წარმოებულმა ბევრმა ღვინომ სახელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაითქვეს და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ დასავლეთ საქართველოს მცირე მეღვინეობის კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.
იმერეთში ახლადჩამოყალიბებულ მცირე მარნებს შორის ერთ-ერთი სიანტერესოა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საზანოში არსებული კაპანაძეების ტრადიციული მარანი, რომელსაც ამ სოფელში მდებარე უბნის სახელწოდების გათვალისწინებით, “ტყლაპის მარანი“ დაარქვეს. მარანს ძირითადად ოჯახის უფროსი, გოგი კაპანაძე უკვე წლებია უძღვება. პროცესში აქტიურადაა მთელი ოჯახი ჩართული. ბატონი გოგის ვაჟიშვილი, დათო კაპანაძე კი მეღვინეობის პარალელურად, მარნის წარმოებული ღვინის მარკეტინგსაც ახორციელებს. კაპანაძეებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათ მიერ დაყენებული ორი დასახელების ხარისხოვანი იმერული ღვინო მომავალში კიდევ უფრო ცნობილი და წარმატებული გახდება.
დათო კაპანაძე, "ტყლაპის მარანი": ღვინოსთან ჩემი ურთიერთობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ჯერ კიდევ, სკოლის მოსწავლე ვუყურებდი თუ როგორ და რა სისათუთით უვლიდა მამაჩემი ღვინოს და დასტრიალებდა თავმოხდილ ქვევრს. თუმცა, მეც ისევე როგორც საბჭოთა პერიოდის ბოლო და 90-იანი წლების გამოვლილი, ღვინის ეშხად დიდ ყანწს, ლუდის ბოკალს და ათას უცნაურ "მუცლიან" ჭურჭელს აღვიქვამდი.
ახლო მეგობრისგან შევიტყვე, რომ თბილისში არსებობს „ღვინის კლუბი“, სადაც მეღვინეები, ზოგი მეტად გამოცდილი, ზოგიც ნაკლებად, იკრიბებიან, ცვლიან აზრებს, კონსულტირებენ ერთმანეთში და ა.შ. გარდა ამისა იგეგმებოდა ახალი ღვინის ფესტივალი, სადაც ზემოთ ნახსენები მეგობრის რჩევით მეც მივიტანე ორი სახეობის ღვინო, ბოთლში ჩამოსხმული. იმავე წელს მონაწილეობა მივიღე ფესტივალში. ამ პერიოდიდან ჩემთვის ღვინო რაღაც სულისშემძვრელ საიდუმლოდ გარდაიქმნა. შეიძლება ასე ითქვას, რომ ღვინო თავიდან გავიცანი და რაღაც ძალიან ძლიერი მიზიდულობით გადავეშვი ოჯახთან ერთად ღვინის წარმოებაში.
– ზესტაფონი ხარისხოვანი ყურძნითაა ცნობილი. თქვენს ვენახზე რას გვეტყვით?
– ჩვენი ვენახები მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო საზანოში. უბანს ტყლაპი-ვაკე ეწოდება, მარნის სახელიც აქედან ავიღეთ "ტყლაპის მარანი". ადგილი ზომიერად ტენიანია, ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრზე. იმერული ყურძნის ჯიშები კარგად ასწრებენ მწიფობას და შაქრიანობასაც კარგ ზომამდე აგროვებენ.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინოები?
– დღეისთვის ვაწარმოებთ ციცქა-ცოლიკოურის კუპაჟს, ოცხანურ საფერეს და ვგეგმავთ კრახუნას გაშენებას.
– ღვინოს მთლიანად ჭურებში აყენებთ?
– თეთრყურძნიან ჯიშებისაგან მიღებულ წვენს ვადუღებთ და ვინახავთ ქვევრებში (იმერულად, ჭურში). ქვევრი არა მხოლოდ დაცულად ინახავს მას, არამედ მატებს გარკვეულ ტონებს, ეს იქნება თივის, თუთუნის თუ სხვა არომატები. შედარებით სქელტანიანს ხდის ღვინოს და შეფერილობაც ჩალისფერიდან მუქ ჩალისფრამდე მერყეობს. მიხარია, რომ არა მხოლოდ საქართველო მიუბრუნდა ქვევრს, არამედ მსოფლიომაც აღიარა მისი უნიკალურობა.
– მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დაიწყეთ ბოთლში ღვინის წარმოება, უკვე საკმაო გამიცდილება დაგიგროვდებოდათ. თქვენი გამიცდილებიდან გამიმდინარე, რას ურჩევდით მათ, ვინც ამ საქმეს ახლა მოკიდა ხელი?
– დამწყებ და ახალბედა მეღვინეებს ვურჩევ რაც შეიძლება მეტი მოისმინონ გამოცდილი მეღვინეებისა თუ ენოლოგების საუბრები, მეტად იყვნენ ჩართულები ისეთ შეხვედრებში, სადაც ღვინოსა და ვენახზე საუბრობენ. არ შეეშინდეთ ე.წ. ექსპერიმენტების და ცდების. რაც მთავარია იყვნენ მიზანდასახულები და ჯიუტად მიყვნენ გულისთქმას!“.
პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
თქვენი კომენტარი