ფოტო: ქეთევან ადეიშვილი
ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963
შუაფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთი საწნახლები აღრიცხულია მდ. მტკვრის ხეობაში, მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ამ საწნახლების ზომები და ზუსტი აღწერილობა არ იქნება მოცემული, რადგან მათი შესწავლა სამეურნეო დანიშნულების მიზნით ჯერ არავის უცდია. ისინი ავტორების მიერ კომპლექსების განხილვის დროს არის მოხსენებული, როგორც სამეურნეო დანიშნულების, მარნის ან სათავსოს ნაწილი. საწნახელი გეგმაში სწორკუთხედს წარმოადგენს, მისი სამი გვერდის მასიური კლდეა, მეოთხე კი სათავსოს მხარესაა და მისგანაა გამოყოფილი. სიგრძე, ზოგ შემთხვევაში, 3-4 მეტრს აღწევს, სიგანე და კედლის სიმაღლე 0,80-1,00 მეტრს უდრის.
თვით ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსში დაცული საწნახელი სამრეკლოს ქვეშ მდებარე დიდ საცხოვრებელ დარბაზშია გამართული. გამოქვაბულის დასავლეთ კედელში უხეშადაა ამოკვეთილი საწნახლის ყუთი, რომელსაც ფსკერზე სადენი ღარი და ტკბილის გადმოსადენი მილი აქვს. ამ მილის წინ ორმოა ამოჭრილი სითხის დასაგროვებლად. აქვეა ჭაჭიდან ზედმეტი წვენის გამოსაწური მოწყობილობაც, ე. წ. საქაჯავი ანუ წბერი. მთელი ეს სისტემა კირის ხსნარითაა შელესილი, ასე წარმოგვიდგება არქიტექტორ კ. მელითაურის მიერ აღწერილი ერთ-ერთი ვარძიის ქვაბული ქალაქიდან. ვარძიის საწნახლები და საქაჯავები ასევე კომპლექსებთან ერთად აქვს მოხსენებული სხვა ავტორებსაც. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კ. მელითაური ვარძიის გამოქვაბულ-კომპლექსებში არსებულ საწნახლებს ანსხვავებს იმ საწნახლებისგან, რომლებიც ვარძიის ფერდაზე მოთავსებულ ცალკეულ ლოდებშია გამოჭრილი და განსაკუთრებით კი განსხვავდებიან სოფ. ჭაჭაკარის საწნახლებისაგან. ეს უკანასკნელი კლდეში გამოჭრილ გამოქვაბულშია გამოკვეთილი, რომელშიაც დარბაზის გადახურვაა იმიტირებული.
ვარძიის მახლობლად მდებარე ჭაჭკარის ბაღებში ათიოდე კლდეში ნაკვეთი საწნახელია ცნობილი. ისინი, როგორც ვარაუდობენ, XI–XII საუკუნეებში უნდა იყოს გამოკვეთილი; დაკავშირებული არიან საცხოვრებელ კომპლექსებთან, ზოგ შემთხვევაში კი განცალკევებით ამოკვეთილ საწნახლებსაც ვხვდებით.
ჭაჭკარის კლდეში ნაკვეთი დარბაზი ცენტრალურ-გვირგვინული სახეობის თითქმის სწორკუთხა სათავსოა. მისი გეგმიერ-სივრცობრივი ორგანიზაცია გამართლებულია, – უკანა კედელთან, კლდის სიღრმეში გამოკვეთილია საწნახელი და საქაჯავის ნაშთი.
ნასოფლარ ფიაში, საცხოვრებელი კომპლექსის წინ, კლდეში ნაკვეთი საწნახლის ორი ფრაგმენტია. ეს საწნახლები, მსგავსად გაღმა ჭაჭაკარის საწნახლებისა, ნაკვეთია რელიეფის შესაბამისად, საფეხურებად.
კლდეში ნაკვეთი საწნახლები გვხვდება თვით ვარძიის მონასტერში (XII-XIII სს.) აგრეთვე მის უკიდურეს დასავლეთით, სადაც უფრო ადრინდელი XI-XII სს ნასოფლარია სავარაუდო, აჩხიაში (XI-XII სს), სოფ. მარგასტანში, გაღმა ჭაჭკარში.
როგორც ვხედავთ, ამ მხარეში კლდეში ნაკვეთი საწნახლები მრავალგანაა დადასტურებული. საწნახლებთან ერთად კომპლექსებში საქაჯავებიცაა გამართული. კლდეში ნაკვეთი საწნახლების ასეთი სიმრავლით უძველეს ხანაში შექმნილი ტრადიციების გაგრძელება და მისი კიდევ უფრო განვითარება ჩანს, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ბუნებრივი პირობები, ქვის მასივების არსებობა.
თქვენი კომენტარი