Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტალინის ღვინის მითი

მალხაზ ხარბედია

ქართულ ღვინოს ბევრი რამ უშლის ხელს განვითარებაში და რეალური ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორების გარდა, ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელია მითები - ერთი მხრივ, ზოგადად ღვინის მითოლოგიზებული გაგება და მეორე მხრივ - კონკრეტული მითები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გასაქანს არ აძლევენ ქართული ღვინის რეალურ ღირსებებს. სამწუხაროა, რომ ღვინის სამშობლოში ღვინის შესაფასებლად ხშირად ძალზე საეჭვო კრიტერიუმებს იყენებენ. ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმად იქცა ათწლეულების მანძილზე სტალინი, და სტალინის დამოკიდებულება ღვინისადმი.

სტალინის სახელთან დაკავშირება იყო, და სამწუხაროდ, ბევრისთვის დღემდე რჩება ღვინის მთავარ მარკეტინგულ სვლად. საბედნიეროდ, ეს მოვლენა ბოლო დროს არც ისეთი საყოველთაოა, როგორც ადრე, ან თუნდაც 90-იან წლებში, მაგრამ პრობლემა მაინც ზედაპირზე არსებობს. პოსტსაბჭოთა სივრცეც ყველანაირად უწყობს ხელს ამ ტიპის მარკეტინგს, ხოლო გასულ წელს რუსეთის ბაზარზე დაბრუნებამ, შესაძლოა ხელახლა გამოაცოცხლოს ცოტათი მიძინებული ბელადომანიური ღვინო-ექსპერიმენტები.

საქართველოში თითქმის არ არსებობს სახელოვანი ღვინო, რომელიც სტალინის სახელთან არ იყოს დაკავშირებული. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ხვანჭკარაა, ღვინო, რომელიც რევოლუციის ბელადმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ თავადებს, ყიფიანებს გამოსტაცა ხელიდან, წაართვა, როგორც რომელიმე რევოლუციონერი ართმევდა ქონებას თავადს და ხალხს აჩუქა (ამ სახელწოდებით ღვინო 1932 წლიდან გამოდის). ცხადია აქ პირდაპირ წართმევას არ ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ გასაბჭოების შემდეგ რეალურად ჩამოერთვათ თავადებს ვენახები და ღვინის საწარმოები, არამედ ერთგვარ ჩანაცვლებას, სადაც სტალინმა ყველა ნიშა შეავსო. დღესაც არაერთს იპოვით ხვანჭკარაში თუ მის მეზობელ სოფლებში, ჩორჯოში, ტოლაში თუ სადმელში ისეთ ადამიანს, ვისაც პირველ რიგში სტალინის სახელი ახსენდება თავის საამაყო ღვინოსთან დაკავშირებით (ზუსტად ასევე გამოსტაცა ხელიდან და მთლიანად გადაფარა დავით სარაჯიშვილის სახელი სტალინის სახელმა “ქართული კონიაკის” შემთხვევაშიც. ლეგენდები აქაც საკმარისადაა – ჩერჩილი, სტალინი და “ქართული კონიაკი”, ენისელის შექმნის ისტორია და ა.შ.).

მეორე ადგილზე ალბათ ქინძმარაულია, რომელიც ასევე სტალინის საყვარელი ღვინო ყოფილა ლეგენდის მიხედვით. თუ არ ვცდები, ეს ღვინო ომის პერიოდში შეიქმნა და სტალინის გემოვნების ერთ-ერთ კახურ ეტალონად აქცია ხალხურმა გადმოცემებმა. მესამე ადგილს ალბათ გორული მწვანე და ჩინური გაიყოფენ (უფრო ზუსტად, ატენური) - ბელადის გორული წარმოშობის გამო, შემდეგ თავკვერი, ხოლო მეხუთეზე უსახელოური მოხვდებოდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირფასი ღვინო, ღვინო, რომელსაც ნამდვილი საბჭოთა გლეხკაცი სტალინის გარდა ალბათ ვერავისთვის გაიმეტებდა. სტალინის საყვარელი ღვინოების სიაში მომდევნო ადგილებს იკავებენ სავარაუდოდ მუკუზანი, წინანდალი და ნაფარეული - ესეც წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიღებული თუ მათთვის წართმეული ფასეულობაა.

მოკლედ, სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მთავარი კი ის გახლავთ, რომ ლამის ყველა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება თუ სახელოვანი ჯიში ათწლეულების მანძილზე მჭიდროდ დაუკავშირდა სტალინის სახელს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მისი მსხვერპლიც შეიქნა. სტალინი იყო ქვეყნის პირველი მევენახეც, მეღვინეც და რაც მთავარია, დეგუსტატორიც, ანუ ჩვენებურად, ჭაშნაგირიც, თუმცა არა, ჭაშნაგირობას სტალინს სხვები უწევდნენ და რადგან მუდმივად იმის შიშით ცხოვრობდა, რომ ვინმე მოწამლავდა, ხან ვის ასინჯებდა თავის ღვინოს და ხან ვის – უშუალოდ ამ საქმისთვის დაქირავებული სპეციალისტებით დაწყებული, საპატიო სტუმრებით და თანამებრძოლებით დამთავრებული.

სხვათა შორის, საიმონ სებაგ მონტეფიორე თავის წიგნში “წითელი მეფის კარი” იმოწმებს ცნობას (ცნობას, რომელიც ასევე მითოლოგიის ნაწილია ალბათ), რომლის თანახმადაც სტალინი ჯერ თავად ბერიას და მიქოიანს ასინჯებდა მათ მიერ მიერთმეულ ღვინოს, სიტყვებით, “კავკასიელები ხართ, ღვინის სხვებზე მეტად გაგეგებათ, ჯერ თქვენ გასინჯეთ”-ო. რის გამოც, ბერიამ და მიქოიანმა თურმე შეწყვიტეს სტალინთან ღვინის მიტანა და მხოლოდ ბელადის ხელით გახსნილ სასმელს გეახლებოდნენ.

მონტეფიორეს წიგნში რამდენიმე გვერდი ეთმობა სტალინურ ღრეობებს, თავისი დაძალებებით, უხამსი ალკოჰოლური ხუმრობებით, გულისრევებითა თუ უნებლიე შარდვებით, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ქართული ღვინის სამყარო ჯერაც ვერ გამოსულა სტალინური “გურმანობის” ხიბლიდან. ეგ კიარა, ამასწინათ ერთმა იმერელმა თქვა ერთ სუფრაზე, დაზუსტებით ვიცი სტალინს ყოველ დღე ერთ ბატკანს უგზავნიდნენ ტელეფადანო (სოფელი თერჯოლის რაიონში). ამ სიტყვებმა ყველა გაამხიარულა, სუფრაზე დიდი ჟრიამული ამტყდარა, მერე ჩამოუთვლიათ სტალინის საყვარელი ღვინოებიც და აღმოჩენილა, რომ ყველა ქართული ღვინო სტალინის საყვარელი ღვინო ყოფილა. რით არაა მითოლოგიური სიუჟეტი? სადღაც სამყაროს ცენტრში ზის ერთი გვლეშაპი, რომელსაც ყოველ დღე, როგორც სამსხვერპლე ქალწულებს, ბატკანს უგზავნიან, ზედაც ნაირ-ნაირ ღვინოს სთავაზობენ, ის კი ნთქავს და ნთქავს ამ ყველაფერს, გამგზავნელები კი სიხარულით არ არიან, რომ მათი ღვინო ან მათი ბატკანი მოეწონა ყველაზე მეტად გველეშაპს, იგივე ბელადს. ბელადის ამ მითოლოგიურმა მადამ (მნიშვნელობა არა აქვს, სიცოცხლეში თუ სიცოცხლის შემდეგ გაგარძელებულმა) კინაღამ ქართული ღვინის სახელი და იმიჯიც იმსხვერპლა წლების მანძილზე. სხვების არ ვიცი და პირადად ჩემთვის, ვიმეორებ, სრულიად ტრაგიკულია, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში დღესაც სტალინის პირის გემოთი სინჯავს და აფასებს ჩვენს უმთავრეს მონაპოვარს, ღვინოს და ცდილობს დღესაც ამ მითში გახვიოს ქართული ღვინის უძველესი კულტურა. სამწუხაროდ, ტურისტებიც ხალისით იზიარებენ ამ ლეგენდებს, აიტაცებენ ხოლმე ამბებს, წერენ ბლოგებს, იღებენ ფილმებს, ყიდულობენ სტალინის ეტიკეტით დამშვენებულ გაუგებარი წარმოშობის სითხეს. ისე, ამ სტალინიანი ღვინის ჩამომსხმელებმაც რა ქნან, ძლიერია ეს ოხერი ბრენდი, თავისით მუშაობს, ინერციით, დიდი შრომა და ახსნა-განმარტება არ სჭირდება, და ჩვენც ხომ მეტი არაფერი გვინდა, ოღონდ რამე თავისით წავიდეს და!

© ღვინის კლუბი /Weekend



ჩხავერიც დიდი ბელადის უსაყვარლესი ღვინო იყო....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული