Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო - კლასიკური მეღვინეობის ქვეყანაა

გიორგი ბერიძე
ძეგლის მეგობარი - 1968, N16

    ვაზი და ღვინო ქართველი კაცის საზრუნავია დასაბამიდან. ის მუდამ იყო და არის ხალხის მატერიალური დოვლათის შექმნის უპირველესი წყაროთაგანი. ქართველმა კაცმა ვაზსა და ღვინოში ჩააქსოვა მთელი თავისი შინაგანი ბუნება და შემოქმედებითი უნარის ცხოველმყოფელი ენერგია. ამიტომაც იქცა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ხელოვნება ჩვენი ერის სულიერი კულტურის დიდ საგანძურად.
    მევენახეობა და მეღვინეობა საწყისიდანვე განუყოფელი იყო ურთიერთისაგან. იგი როგორც მეურნეობის მთავარი დარგი და ქართველთ ტომთ თანამგზავრი მის სვებედს იზიარებდა, ვითარდებოდა და ღორძინდებოდა მის კულტურასთან ერთად. ქვეყნის ბუნებრივ ნაირსახეობათა გამოყენებით მეღვინეობის თვითეულ რაიონში იქმნებოდა ჰავისა და ნიადაგის სატყვისი საღვინე ჯიშები და სახეობანი, აგროტექნიკა და ტექნოლოგია. მუშავდებოდა როგორც სუფრის, ისე ბუნებრივად მოტკბო ცქრიალა და სადესერტო ღვინოების წარმოების წესები.
    საუკუნეებით შექმნილმა ტრადიციებმა დაუდვეს საფუძველი ჩვენი ვაზის დაღვინების ქებათა ქებას და დიდ საერთაშორისო პრესტიჟს. დიდი ტრადიციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შექმნილიყო მევენახეობის ისეთი მძლავრი ბაზა, როგორიც ჰქონდა და აქვს საქართველოს. იტალიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ჯოვანი დალმასო წერს, - "ღვინის წარმოება საქართველოში დღეს ძლიერ დაწინაურებულია. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება დასავლეთის მეღვინეობის მოწინავე ქვეყნებს. უფრო მეტიც, მარნები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, წარმოადგენენ ერთ-ერთ ლოკალურსა და კეთილმოწყობილ სიმდიდრეებს, რომლებსაც ჩვენ არც თუ ისე მიჩვეულები ვართ. ღვინის დაყენების ქართულმა წესმა, რაც დიდად განსხვავდება ევროპულისაგან, ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა იმაში, რასაც ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანა წარსულშიც მაღალი ხარისხის ღვინოებით იყო განთქმული და მომავალშიც იგი დარჩება ამ პროგრესული საქმის დამბოლოებელი".
    ღვინის დაყენების ხელოვნება მოწმობს ერის შინაგანი სულიერი კულტურის მაღალ დონეს, ვინაიდან ღვინოში, ადამიანი აქსოვს თავის შესაძლებლობებს - უნარს, გემოვნებასა და კულტურული ტრადიციების მონაპოვარს, რაც მის ერს საუკუნეების განმავლობაში შემოუნახავს.
    საქარველოს ფართოდ განვითარებული მეღვინეობის ისტორიული წარსულის შესახებ, უპირველეს ყოვლოსა, ნათლად მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი დროის (III-II ათასწლეული ჩ. წ.) მეღვინეობის მოწყობილობა - საღვინე ჭურჭლის არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება და სრულყოფილება. საიუველირო და ორნამენტული ხელოვნების მთელი რიგი აღმოჩენილი ძეგლები, ზეპირი ხალხური შემოქმედება და ადათის ზოგიერთი შემონახული წესები ამტკიცებენ საქართველოს ძველ მობინადრთა შორის ღვინის დაყენების ხელოვნების საკმაო ცოდნას.
    საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტად თავისებურია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთმა მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანამ არ იცის სათანადოდ ამ კულტურის იმდენი აღმავლობა და დაცემა, არც ერთი ქვეყანა არ იცავდა მას მკაცრ და ფანატიკოს აზიელ დამპყრობთა ხელყოფისაგან ისეთი შეუპოვრებით, როგორც საქართველო.
    მიუხედავად ადგილობრივი მეღვინეობის მეტად ნელი განვითარებისა, იგი საერთოდ მაინც აღმავლობის გზას განიცდიდა. ამას ადასტურებს, როგორც გვიანდელ ლიტერატურაში არსებული საქართველოს ღვინის შეფასებები, ისე ღვინის დაყენება და მოვლის გაუმჯობესებული საშაუალებანი.
    საქართველოს მეღვინეობის ისტორიის იმ პერიოდზე, როდესაც დამწერლობა არ არსებობდა, შეიძლება ვიმსჯელოთ უმთავრესად არქეოლოგიური მასალების საფუძველზე. აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები, მეღვინეობის მოწყობილობანი, ხელოვნურად მოფერადებული და მოპირკეთებული სხვადასხვა ფორმის, ზომისა და კონსტრუქციის თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი ნათელ წარმოდგენას გვაძლევენ ძველ საქართველოში ღვინის წარმოების არა მარტო მასშტაბსა და დონეზე, არამედ მისი დამზადების წესების შესახებაც. ეს მონაცემები იძლევიან საფუძველს ვიფიქროთ, რომ მეღვინეობა მიუხედავად მაშინდელი ტექნიკური პრიმიტიულობისა, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ წელთაღრიცხვამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ მხარის ეკონომიკასა და ყოფაცხოვრებაში.
    ამ პერიოდში ყურძნის დამუშავება, როგორც ჩანს, წარმოებდა ქვის ან ხის საწნახლებში, სადაც ყურძენს ფეხით ჭყლეტდნენ და წვენს წურავდნენ. დუღილი წარმოებდა ქვევრებში ან საწნახელში ჭაჭაზე და უჭაჭოდ. ღვინის გადატანა ხდებოდა რუმბებით, შენახვა კი ქვევრებში. გვიანდელი წერილობითი საბუთები ადასტურებს, იმას რომ ამ ეპოქაში უკვე გადიდებულა სხვადასხვა ტიპის პროდუქცია: კახური ტიპის სუფრის თეთრი და წითელი ღვინოები, საქართველოსათვის დამახასიათებელი ცქრიალა და აგრეთვე არომატიზირებული ბუნებრივად ტკბილი ღვინოები.
    მიუხედავად ნორმალური ეკონომიური ცხოვრებისათვის არსებული მთელი რიგი არახელსაყრელი მოვლენებისა (მუსულმან ხალხთა მრავალრიცხოვანი გამანადგურებელი თავდასხმები და მათი მმართველების მიერ გამოცემული შემზღუდველი კანონები), მეღვინეობის დარგში მაინც მნიშვნელოვან მიღწევებს ჰქონდა ადგილი, ღვინის წარმოებამ მოიცვა ახალი რაიონები. იგი ხდება ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი საგანი მეზობელ და შორეულ ქვეყნებში, ღვინითვე ხდება ხარკის გადახდა.
    ვაზის კულტურა თანდათან უმჯობესდება, ვლინდება ვაზის ყველაზე ძვირფასი აბორიგენული ჯიშები და იწყება ბუნებრივი დარაიონება ჯიშების მიხედვით. ამასთან ერთად მუშავდება ღვინის დაყენების ახალი წესები - კახური, იმერული, ქართლური, უმჯობესდება ყურძნის გადამუშავების ტექნიკა, ჩნდება ქვისა და ხის წნეხები, საგანგებოდ გაკეთებული ორმაგკედლიანი ქვევრები, როგორც ჩანს, დუღილის რეგულირებისათვის, რათა მიღებულიყო ტკბილი ან შუშხუნა ღვინოები. ღვინის შესანახად და გასატანად ხმარებაში შემოაქვთ ხის კასრები. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქვევრების კონსტრუქცია, მუშავდება პროდუქციის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ზოგიერთი ეფექტური საშუალებანი, როგორიცაა, ღვინოში წიპწის შეტანა, გოგირდის გამოყენება და სხვ. იზრდება შეგნება ღვინის ჭურჭლის სუფთად შენახვისა, რასაც მოწმობს საღვინე ჭურჭლის ადგილობრივი სარეცხი საშუალებების მრავალსახეობა. პროდუქციის ასორტიმენტი მდიდრდება ჩამიჩის და ქიშმიშის ღვინოებით, ტკბილი და მაგარი ღვინოებით და ჭაჭის არყით, აგრეთვე სხვადასხვა ჯიშის ყურძნებიდან დაყენებული საკუპაჟე ღვინოებით. ამავე ეტაპზე (ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგ) ღვინო იღებს რიტუალურ ხასიათს. ამის დამამტკიცებელია საყდრებისა და მონასტრების ახლოს აღმოჩენილი ღვინის მრავალი ჭურჭელი, ჩნდება პირველი შრომები ღვინით წამლობის დარგში.
    ამ პერიოდის ქართული ღვინოების მაღალი ღირსების შესახებ მასალები მრავლად მოიპოვება ადრინდელ ნაშრომებში უცხოელ მოგზაურთა და აგრეთვე ქართველ და რუს მწერლების თხზულებებში, მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს: "ოდისეაში" მოხსენებულია "ოქროს ყურძნით მდიდარი" კოლხიდის "ცქრიალა სურნელოვანი" ღვინოები. ქსენოფატე აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროების მკვირდნი, ქართველები, ამზადებენ მაგარსა და მძიმე ღვინოებს, რომელსაც წყლით აზავებენ და იღებენ არომატულსა და სასიამოვნო სასმელს. აღმოსავლეთ საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის ფართო განვითარების შესახებ იუწყება ისტორიკოსი სტრაბონი. ხოლო უფრო გვიან ამის შესახებ ცნობებს იძლევიან  ბიზანტიელი და ალბანელი მემატიანეები. არა ერთი სტრიქონი აქვთ მიძღვნილი ღვინისადმი საქართველოს ფეოდალიზმის აყვავების დროინდელ მწერლებს (რუსთაველი, შავთელი) კლასიკურ ნაწარომებებში. გავიხსენოთ ნადიმის აღწერა "ვეფხისტყაოსანში".

"მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა.
ბინდით ცისკრამდის სმა იყო. გარდახდა ჟამი დილისა."
    
    მოგზაური შარდენი წერს: "დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ მშვენიერ ღვინოს სვამენ, როგორც საქართველოში". ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი დაწვრილებით აღწერს სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ ღვინოებს და მაღალ შეფასებას აძლევს მათ.
    ქართული ღვინის დიდება დაიბადა მრავალი საუკუნის წინ. თავისი საქმის ნამდვილი ხელოვნები, ქართველი მეღვინეები ჰქმნიდნენ გემოთი შესანიშნავ, ნაზ არომატით და ბუკეტით, მრავალნაირ ლამაზ შეფერილობის ღვინოებს.
    ქართული ყურძნის ღვინოები არა მარტო გამოირჩევიან საუცხოო გემური თვისებებით, სიფაქიზით, ჰარმონიულობით, ხალისიანობით, სიმსუბუქით, მშვენიერი ბუკეტით, განუმეორებელი არომატით, ლამაზი ფერით, არამედ განსაკუთრებულ სამკურნალო ზემოქმედებასაც ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. კარგად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, შეიცავენ მასაზრდოებელ ნივთიერებებს და აქვთ მაღალი დიეტური თვისებები.
    საქართველოს მეღვინეობის პროდუქცია მეტად მრავალფეროვანია თვითეულ მიკრორაინში. ამ პროდუქციას თავისი სპეციფიკური თვისებები აქვს, რაც დამოკიდებულია ყურძნის ჯიშსა და ხარისხზე, ნიადაგსა და კლიმატურ პირობებზე და აგრეთვე ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე. ამ პირობების შეხამება უზრუნველყოფს ქართული ყურძნის ღვინოების მაღალ ხარისხს.
    სამტრესტის ღვინის ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, საუკეთესო მოწყობილი ლაბორატორიებით და გააჩნია დიდი საწარმოო გამოცდილების მქონე მეღვინეთა მაღალკვალიფიციური კადრები, სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებთან ერთად ისინი დიდ შემოქმედებით მუშაობას ეწევიან ქართული ღვინოების დაყენების ტექნოლოგიის სრულყოფისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.
    სამარკო ღვინოებისათვის გამიზნული მაღალხარისხოვანი ღვინომასალების "ოქროს ფონდის" დიდი მარაგის არსებობა საშუალებას იძლევა ფართო ასორტიმენტი გამოვუშვათ მუდმივი კონდიციის, მაღალ გემური ღირესბის და ლამაზი შეფერილობის პროდუქცია.
    კარგ ღვინოს, როგორც ადამიანს - თავისი სამშობლო აქვს. მშობლიურ ადგილების არომატი მასში სამუდამოდ ინახება. ქართულ ღვინოებს თავისი განუმეორებელი ხასიათი და გემური თვისებები აქვს, რასაც იშვიათად შევხვდებით იმავე კატეგორიის სხვა სამამულო და დასავლეთ-ევროპულ ღვინოებში: სიფაქიზე, ჰარმონიულობა, ხალისიანობა და კარგად განვითარბული ბუკეტი და არომატი.
    ქართველ მეღვინეთა ყოველდღიურ საზრუნავს ღვინის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება წარმოადგენს. საჭიროა გავადიდოთ ყურძნის პროდუქტთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და შევქმნათ ყოვლად სანაქებო ქართული ღვინო. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მეღვინეები წინ უნდა უძღოდნენ ხარისხოვანი მეღვინეობის მრეწველობის განვითარებას.
    მეღვინეებს დიდი ვალი აქვთ ერის წინაშე, მაღალხარისხოვანი ქართული ღვინოებს დამზადების საქმეში.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული