გამოქვეყნებულია: 30 იანვარი, 2009 - 00:56
ოლეგ გოლიაძე
პლატონის ცნობილ ხატოვან გამონათქვამს – "ვაზი ყოველთვის ხარობდა" – ზოგჯერ, არცთუ გულუბრყვილოდ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეს – "და ყველგან" – უმატებენ... ამგვარ, "უნებლიე" სახეცვლილებას ამართლებენ ბიბლიური წყაროებით, ლეგენდებით, მითებით, გადმოცემებით... სინამდვილეში კი პლატონის სიტყვების გავრცობას მხოლოდ ერთადერთი, მიზანმიმართული, გააზრებული ახსნა ეძებნება: რაც შეიძლება მეტად გაფართოვდეს კულტურული ვაზის არსებობის არეალი და ამით დაიჩრდილოს თავდაპირველი, ან უკეთ, ყველაზე მეტად საგულვებელი სამკვიდრო ვაზისა...
სად უნდა ვეძიოთ ვაზისა და ღვინის სამშობლო?
ჩვენს მეზობლებს რკინისებური არგუმენტი აქვთ: კულტურული მევენახეობა, ისტორია ღვინისა იწყება ბიბლიური პატრიარქის, ნოეს მიერ არარატის მთის კალთებზე გაშენებული ვენახისთანავე... რა გინდა, რით უნდა დაუპირისპირდე ამ ბიბლიურ წყაროს?!.
მეცნიერთა და სპეციალისტთა (მსოფლიო დონის) ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთრივ ქართული სიტყვა-ცნება "ღვინო"-საგან მომდინარეობს ფრანგული "Vin", ინგლისური "Wine", რუსული "Вино", გერმანული "Wein"... უნდა ითქვას, ამის ხელაღებით აქსიომად გამოცხადება ართუ იოლია, მაგრამ ენდემური ჩამომავლობა უძველესი ჯიშის ქართული ვაზისა (მათი რაოდენობა კი ხუთასს აჭარბებს) ამ თეორიას ერთობ სარწმუნოდ აქცევს. ამ უცილობელ ფაქტს კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს იმგვარი ისტორიული და ლიტერატურული წყაროები, როგორებიცაა – ჰომეროსი, აპოლონიოს როდოსელი, ქსენოფონტე, სტრაბონი, პროკოფი კესარიელი და სხვ. ავტორიტეტულ ავტორთა რწმუნებანი, ეჭვგარეშეა, იძლევა იმის სერიოზულ საფუძველს, რომ ვამტკიცოთ – საკუთრივ საქართველოა წინარესამშობლო კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობისა. მაგრამ მსგავსი ისტორიულ-ლიტერატურული, მითოლოგიური, არქეოლოგიური რწმუნებანი იხილვება არაერთ ქვეყანაშიც (ეგვიპტე, რომის იმპერია, საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები... სომხეთშიც, ცხადია).
ქართველებს ხელეწიფებათ, ამტკიცონ, ყოველმხრივ დაასაბუთონ, რომ ძველქართული საწესო-სასულიერო სიმღერები, თავიანთი ყოველგვარი კომპონენტით მხოლოდ ქართულია, ამ სიმღერების ერთადერთი მშობელი ქართველია და ვერც ვერავინ გვედავება...
ვაზი და ღვინო?
რა ვქნათ?!. ვით დავარწმუნოთ, ვთქვათ, მეზობელი სომხები, რომ ვაზი და ღვინო ჩვენში გაცილებით ადრე იყო კულტივირებული? ვაზის საგალობლები ვუმღეროთ? მათაც რომ შემოგიმღერონ, მერე რს შვრები?!. ახლა შუამდინარეთი, საბერძნეთი, რომი, ესპანეთი...
თუ მოჰყევი რაიმეს მტკიცებას, ადგება ოპონენტი და სულ მარტივ შეკითხვას დაგისვამს: – "იცნობ თუ არა მე-20 საუკუნის 1-ლი ნახევრის გერმანელი მეცნიერის, კულტურათა ისტორიკოსის ალექსანდრ ფონ გლიაიხენ-რუსვურმის ენციკლოპედიურ ნაშრომს "ყველა კეთილი სული!? (რემარკა მკითხველისათვის: ზემონახსენებ წიგნში ყველაფერია მოთხრობილი ვაზზე, ღვინოზე... ზუსტად ისეა, პიტსბურგში რომ ერთ სუპერმარკეტს აწერია: "თქვენ თუ არ იცით, რა გნებავთ, შემობრძანდით, ჩვენთან ყველაფერს შეიძენთ"). დადებით პასუხზე ყოვლისმცოდნე ოპონენტისაგან ისევ კითხვას უნდა ელოდო: მერე და სადაა იქ საქართველო?... რა გინდა უპასუხო? – თითქმის ისეა საქმე, გალაკტიონს რომ აქვს ნათქვამი: "ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის..."
არადა, არის!..
ფონ ალექსანდერის წიგნი უნიკალური ნაშრომია ყოველმხრივ, ესეისტის ხელით ნაქარგი, ისტორიული მასალა, ფაქტები, მითოლოგია, თქმულებანი, ლექსები, ნახატები, გრავიურები, სუფრული პოეზია მირიადი ხალხისა, ალკოჰოლური სასმელების დაყენების წესები... და არცერთი სიტყვა საქართველოზე!
ვატყობ, სხვაგან გამექცა კალამი... ერთი აბზაციც!..
და მაინც – კითხულობ, სწავლობ ფონ ალექსანდერის წიგნს!.. გრძნობ რაღაც უთქმელით და უხილავით, რომ არის ნაშრომში ისეთი რამ, რაც გულისტკივილს ფარავს... ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, იობის მოთმინებით ითავისებ და როდის-როდის გინათდება უკმარისობით დაბინდული გონება: წიგნში არაფერია საქართველოს ვაზ-ვენახსა და ქართულ ღვინოზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაფერია შესახებ იმისა, რომ ზოგჯერ თვალნათლივ, ხშირად მინიშნებით, უმეტესად სტრიქონებს შუა არგუმენტირებულად (თვით ავტორისავე მიერ!) იხილვება ქართველთათვის ფრიად სარგებლიანი ფონი: არც ერთი ზემონახსენები ქვეყანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვაზისა და ღვინის წინარესამშობლოდ! მკითხველს ვაფრთხილებ: ალექსანდრ ფონ გლიაიხენ-რუსვურმი არსად არ წერს, რომ საბერძნეთი, ძველი რომი ან იუდეა ვაზისა და ღვინის სამშობლო არააო... მაგრამ მის მსჯელობებში, დაკვირვებებსა და კომენტარებში ეს აშკარად გამოსჭვივის! ესაც დიდი ნიშნულია... ერთგან კი ეს ანგარიშგასაწევი ავტორი ა. სპიჩკას წიგნზე – "სმის ხელოვნება" – დაყრდნობით წერს: "ვენახის კულტურა ჩაისახა ჯერ კიდევ უძველეს ელადაში მცხოვრებ პელაზგებთან, მათგან კი სამნიტების გავლით გადავიდა იტალიაში..., ჩვ. წ. I საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, საფრანგეთის მოეფინა..." პელაზგები კი არაერთი ჩვენი და უცხოელი მეცნიერის მტკიცებით, უძველესი ქართული ტომის მოდგმისანი იყვნენ – განვითარებული მიწათმოქმედების, კულტურული მემცენარეოის პიონერები... ეს ფაქტი ერთობ მრავლისმეტყველია, მაგრამ სრული ნეტარების უფლება, ცხადია, არა გვაქვს, რადგან ზოგიერთ არაკეთილმოსურნეთა აზრით, ყველაფერი მთლად მასეც არაა, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ გვმართებს სათანადოდ გარჯა. დავიმახსოვროთ: ეს ეპოქა უკვე კარგა ხანია საინფორმაციო ომების ეპოქად იქცა ყველა სფეროში; ჩვენ კი ხშირად ვაგვიანებთ... რა თქმა უნდა, ქართველ მეღვინეთა და მამულიშვილთა დიდ გარჯასა და რუდუნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ლონდონში 1999 წ. გახსნილ მუდმივმოქმედ გამოფენაში – "ღვინის ქალაქი – "ვინოპოლისი", რომელიც ეძღვნება მსოფლიოში ვაზისა და ღვინის ისტორიას, რომელსაც ღვინის ოდისეასაც უწოდებენ და წარმოადგენს მისი საპატიო პრეზიდენტის, ღვინის ისტორიის მკვლევარ-ექსპერტის ჰიუ ჯონსონის წიგნის – "მოთხრობები ღვინოზე" - ფონზე შესრულებულ ექსპოზიციას, დაწყებულს საქართველოს პავილიონით, სახელწოდებით: "ღვინის აკვანი". ამ თვალსახედვით, კომპანია "GWS", საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს საელჩო ევროპაში "კარის გამღების" საპატიო და სანაქებო პიონერებად გვევლინებიან... ასევე დიდ ძალიხსმევას იჩენს ამ მიმართულებით ჟურნალის – "ვაზი და ღვინო" – რედაქცია, ალმანახი "თამადა", გაზეთი "მარანი" და სხვ. მაგრამ ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ვიმეორებთ, სრული დამშვიდებისა და განცხრომის საფუძველს სულაც არ იძლევა...
უძველესი ქართული ტრადიციები სუფრისა, თამადობის ინსტიტუტი (უნიკალური და თვითმყოფადი ფენომენი!), ყურძნის კულტურული ჯიშების გამოყვანისა და ქვევრებში ღვინის დაყენების მხოლოდღა ქართველთათვის ჩვეულ წესს გაოცებაში მოჰყავს უცხოელი მევენახე-მეღვინეები (სანიმუშოდ ჩვენი მეგობარი, იტალიელი დონატო ლანატი იკმარებს, რომელიც აცხადებს: "ჩვენი ცოდნა ვერ სწვდება ამ დიდ საიდუმლოს, ეს ზეენოლოგიის სფეროს განეკუთვნება"...); ის რეალური ფაქტი, რომ რამდენიმე ხნის წინ ქართულმა, ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულმა ღვინომ დიდი აღიარება ჰპოვა იტალიაში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე "ვინიტალი", უეჭველად მძლავრი იმპულსებია, მაგრამ საკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...
ვთქვათ პირდაპირ: სმით თითქმის ყველა სვამს, ზოგი – მეტს, ზოგი – ნაკლებს. გურიაში იტყოდნენ, თურმე, უწინ: "ღვინოს, სასმელს ის ვერ სვამს, ვისაც არა აქვს და არც არავინ ასმევსო"... სწავლული ხალხი, მკურნალნი გამოჰყოფენ სხვა კატეგორიასაც – ვისაც რაიმე ავადობის გამო არ შეუძლია სმა.
ჩვენი წინაპრები ღვინოს მოიაზრებდნენ ვითარცა ღვთის ძღვენს, ხოლო ლოთობას, მემთვრალეობას – ვითარცა ღვთის სასჯელს. ეს ასე იყო ყველგან, თვით რუსეთშიც კი, თუმცა აპრიორი მიჩნეულია, რომ ისე (ხშირად უმიზნოდ, უსაბაბოდ, კულუტუროდ, უზომოდ), როგორც რუსეთში, თითქმის არსად არ სვამენ (ს. კლიუჩნიკოვი. ვლ. გოლოვანოვი...).
ქართული ყოფიერებისა და ცნობიერების თითქმის ყველა სფეროში ღვინო და ვაზი იგულვებოდა სიმბოლურ-ალეგორიულ ფენომენებად, მოიაზრებოდა როგორც სიცოცხლის უცილობელი ატრიბუტები; გავიხსენოთ სახვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშები ვაზის გამოსახულებით, არქეოლოგიური ნაშთები, წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, დემეტრე მეფის საგალობელი "შენ ხარ ვენახი"... და მით. ღვინო ძველი იბერიის მკვიდრთა საკულტო სასმელიც ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი გვითვალისწინებს, რომ მცხეთის უმთავრესი კერპის – არმაზის – სადღესასწაულო ცერემონიალს რიტუალური სერობა გაასრულებდა: "შემდგომად თაყვანისცემისა ჰყვიან ნადიმნი და განცხრომანი დიდითა ჭამითა და ღვინის სმითა..."
აკად. გ. წერეთელი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი, პიროვნება, რომელსაც ე. წ. "ურაპატრიოტობას" ვერვინ დასწამებს, სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ "მაღალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაჩვენებელი ისეთი სიტყვა, როგორიც არის "ღვინო" და თვით საგანი, მითი აღნიშნული, ქართულიდან იყოს მთელ მსლფლიოში გავრცელებული". სახელოვანი მეცნიერის ეს მოსაზრება ჩვენთვის, ქართველთათვის, შესაძლოა, აქსიომურადაც კი მოჩანდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრიად ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა გამო, ვფიქრობთ, ამ სარწმუნო თეორიის საყოველთაოდ გაზიარებად ძნელად თუ მოხერხდება... თუ რატომ, მოგახსენებთ: ალბათ, არცთუ იოლი იქნება, დაარწმუნო ვინმე ბერძენი, რომ მათეული "Oinos" (ოინოს) ქართული "ღვინო"-საგან მომდინარეობს – გადაგიშლის 25-26 საუკუნის წინ შექმნილ პლატონის "ნადიმს" და... ან კიდევ: რას ეტყვი რომელიმე იტალიელს, ვინც კარგად უწყის, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 245-184 წლებში დიდი ლათინის, კომედიოგრაფის, პლავტეს თხზულებაში გვხვდება "Vinum" (ვინუმ)... ვითომ გვერწმუნებიან?.. ვფიქრობთ, არა და ვერც გაამტყუნებთ... სიტყვა, როგორც ასეთი, რომელიმე ენის მიმოქცევაში, რეალში შემოდის იმ ობიექტთან, იმ მოვლენასთან, იმ ცნებასთან ერთად, რასაც აღნიშნავს თვით ეს სიტყვა, ე. ი. პირველადია ის, რაიცაა აღსანიშნავი, ხოლო მეორადი – აღმნიშვნელი... ამისა გამო, უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, თუ სახელდობრ რომელი ქვეყანა იგულვება ღვინის სამშობლოდ და შემდგომ ამის ძიება, თუ მავანი ცნება-სიტყვა რომელი ხალხიდან, ენიდან გადაეცა სხვა ენას ბუნებრივი სესხების გზით...
ნათესავით ქართველთ, მრავალსახოვანი ნიადაგ-კლიმატური პირობების კვალობაზე, გამოჰყავდათ არაერთი ორიგინალური, ერთობ დიდი ღირსების მქონე ვაზები, ნერგავდნენ ღვინის დაყენების კეთილშობილურ მეთოდ-წესებს, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ "სიმართლეს" ღვინისას, როგორც ილია ამბობდა: "ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის-რა გარდა ყურძნის წვენისა"...
ჩვენი დღევანდელი რეალობა (სოციალურ-ყოფითი, ეკონომიკური, გარესამყარო, კავშირ-ურთიერთობანი, სხვა გარემოებანი) ღვინოს, როგორც მამა-პაპურ, ქართულ ფენომენს, ცოტა არ იყოს, "შეიწროებულ" მდგომარეობაში აყენებს. არადა, ღვინო არომატთა სურნელია, ბუკეტი, განუმეორებელი, დახვეწილი, დილის სიოსავით საამური, ზოგჯერ შეუცნობლად თვისი, ახლობელი...
ამბობენ: "ღვინო ვალსია, არაყი – გიჟმაჟი როკვა"...
ღვინო დარბაისლურია, ზეპური; არაყი – ფართო მოხმარების საგანი, მრავალ კაცთა გონების ერთ დონეზე გამაწონასწორებელი.
თუკიღა გამჩენმა ქართველებად დაგვბადა, "მართალი ღვინის" ქვეყანა გაგვიმწესა მამულად, არყისა და ვისკის მჭვრეტელთ ნუ გვავიწყდება საწუთროება, მივსდიოთ მშობლიურ ხმას; ჩვენ არა ვართ გერმანელ-ინგლისელებივით მოწესრიგებული ხალხი, ყველაფერს რომ მისხალ-მისხალ ზომავენ და წონიან (თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ გერმანელებს, ფრანგებს, ინგლისელებს და სხვათაც ეს თავიანთი "შინაგანაწესი" ჩვენში სტუმრობისას ავიწყდებათ), სიფრთხილე კი ნამდვილად გვმართებს, დროდადრო – სიფხიზლეც...
ზედმიწევნითი ანალიზის მოყვარე ინგლისელებმა თავიანთ მეცნიერთ განუწესეს, დაედგინათ თუ მოეძიათ შესაბამისობანი ცხოვრებისა და სმისა; აი, ისინი:
1. შეეცადეთ კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით თავი შეიკავოთ სპირტიანი სასმელების მირთმევისაგან.
2. თანდათანობით გადადით ნაკლებად სპირტიან სასმელებზე.
3. სმა დაიწყეთ მხოლოდ გვიან საღამოთი.
4. საყვარელ სასმელთაგან შეარჩიეთ ყველაზე უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი.
5. ერიდეთ შაბათ-კვირაობით სმას.
6. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, როდესაც გწყურიათ.
7. დალიეთ წითელი ღვინო და არა თეთრი.
8. დიდი რაოდენობით სასმელის მიღების შემდგომ სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, რათა ორგანიზმში არ მოხდეს გაუწყლოება.
9. ისეთ კომპანია-ქეიფში წასვლამდე, სადაც უხვად სმა მოგიწევთ, მიიღეთ ვიტამინი C ან სხვა ანტიოქსიდანტები.
10. ნუ დააიმედებთ თავს, რომ ალკოჰოლი დაგამშვიდებთ და თავს შვებას მოუტანთ.
ამგვარია სმის ინგლისური მცნებები...
მოგწონთ?.. ვფიქრობთ, აქ ქართველთათვის ბევრი რამ ერთობ საკამათოა! არცაა გასაკვირი: განსხვავებული სოციალური გარემო, სხვა ხალხი, სულ სხვა ქვეყანაა, ფონი, სხვა ადათ-წესები, სასმელიც განსხვავებული... ამის თაობაზე ქართველ მეცნიერთ, ისტორიკოსებს, მშერლებს მცნებების სახით არა, მაგრამ საკმაოდ სახოვნად გამოუთქვამთ განსჯანი (ს.-ს. ორბელიანი, დავით ბატონიშვილი). პირადად ჩვენთვის, რიგითი მესუფრისა და ქართველისათვის მისაღებია მშობლიური და საოცრად სადად თქმული სიბრძნე ბ-ნ სიმონ სხირტლაძისა (პედაგოგის, სწავლულის, სახელგანთქმული თამადის): "სვით, ოღონდ საქმე არ გააფუჭოთ და სხვასაც ნუ გაუფუჭებთ განწყობას"...
© "მარანი"
თემა:
თქვენი კომენტარი