Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზი, ქართული ღვინო

გიორგი ლეონიძე

ეს პატარა სტატია გიორგი ლეონიძემ 1962 წლის 13 სექტემბერს გამოაქვეყნა “სოფლის ცხოვრებაში”. მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, საქართველო “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესს” მასპინძლობდა.

ქართული ვაზი, ქართული ღვინო!
არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი!
ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში! ალბათ, ჩვენიდან არის ვაზი საერთოდ წასული და "ღვინო" ქართული სიტყვა უნდა იყოს გადასული სხვა ენებში.
ქართველი ხალხის რწმენით, ღმერთმა ჯერ ვაზი გააჩინა უწინარეს ყოვლისა:

"დედავაზები აკურთხა,
ბალახს დასდო თავის
ფერი".

ჩვენი ვაზის ნაყოფიერებით ჯერ კიდევ ლეგენდარული არგონავტები გაჰკვირდნენ. სულ ახლა, გასულ საუკუნეში უნახავთ ჩვენში ძველი ვაზები, რომელსაც ორი კაცი ძლივს შემოაწვდენდა მკლავს. მე თვითონ მინახავს ერთი ვაზიდან გათლილი ვეება კარი!
ქართველი კაცი და ქართული ვაზი ერთმანეთის მოჭინახულენი არიან. ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე.
გარემომდგომი მტერი – თურქი, ხაზარი, არაბი, მონღოლი, სპარსი, ლეკი უმოწყალოდ ჩეხდა, ბუგავდა, სრესდა, თქერავდა ვაზს, – როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, – მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა დაბუგული, გასრესილი ქართული ვაზის ფესვი. ქართულ ვაზს არასდროს არ დაუძინია. ტყუილი ნათქვამი როდია, – "ჯაგრცხილა, რქაწითელი და გლეხიკაცი ყველაფერს გაუძლებსო". აკი კიდევაც გაუძლო ისტორიის ქარტეხილს ქართულმა ვაზმა!
ქართველ კაცს არც შეეძლო ცხოვრება უვაზოდ. მისი ეკონომიური მნიშვნელობა დიდი იყო და არის დღესაც. ქართველი ერი ღვინით იშორებდა დამპყრობელთა მიერ დადებულ მძიმე ხარკს. სპარსეთსა და ოსმალეთს საუკუნეების განმავლობაში მუქთად გაჰქონდათ ქართული ღვინო!
"ღვინო ქართველი კაცის ხმალია"-ო, იტყოდნენ ძველად და მართლაც, ლხინში, ჭირში, ომში, შრომაში, სიკვდილზე უღვინობა საქართველოში შეუძლებელია! თამადა ხომ მხოლოდ ქართული სუფრის ატრიბუტი იყო. ესეც ჩვენი კულტურის მონაპოვარია, რომ სუფრაზე არ იყოს უწესრიგობა და ღვინის მსმელმა უსიამოვნო რამ არ ჩაიდინოს. თამადა ლხინის ორგანიზატორია და რამდენადაც იგი ნიჭიერია, ჭკვიანი, ენამზიანი, იმდენად სასიამოვნოა ნადიმი!
ჩვენი მეურნე მამაშვილურად უვლის ვაზს, "შვილიდარს" ეძახის, ე. ი. შვილის დარს, მასავით საყვარელს. მართლაც, შვილივით აყვანილი ჰყავს ვაზი და ამაზე მეტი სიყვარული-ღა იქნება? ამიტომაც არის, რომ იგი შვილივით იფიცავს ვენახს. "ისე არ გამიწყრეს ჩემი ვენახის მადლი", "ისე შემეწიოს ვაზის დედა"!
ქართველი კაცი გამალებით აშენებდა ვაზს, სადაც კი შესაძლო იყო. დღესაც მიუვალ ტყეებში შეხვდებით გაველურებულ, გაგარეულებულ ვაზს – კრიკინას. ეს იმის ნიშანია, რომ აქ ოდესღაც მოსახლეობა ყოფილა. თვით მე-19 საუკუნის დასაწყისში, თბილისის ნახევარი ვენახებს ეჭირა: დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი ხომ ერთ გაბმულ ზვარს წარმოადგენდა ძველ საუკუნეებში! თელავს და გორს კაცი ვერ გაარჩევდა – ვენახი იყო თუ ქალაქი!
მეტად დიდია ჩვენს დროში ზრუნვა ქართულ ვაზზე. რამდენი ხრიოკი გავენახიანდა! რამდენი ნატრამალევი, გამოხუნებული მიდამოები გაიჭედა ვაზით!
რამდენი ძველებური ჯიში ისევ აღვადგინეთ. გაიხსენეთ აჭარა, მესხეთი, ქვემო ქართლი! გურიაში თითქმის გადავიწყებული იყო "ჩხავერი", მართლაც, გამზრდელი ოქრო! მაგრამ მაინც ჩამორჩენილები ვართ. მრავალი სავენახე ადგილი ჯერ კიდევ უჭირავს ჯაგსა და ძეძვნარს.
რა კარგია მორცხვი შუქით განათებული ვაზის ყვავილი!
რა მშვენიერია კვირტგამოსული ვენახი! რა ტურფაა ვენახისპირას სიცილი!
მეთერთმეტე საუკუნის ქართველმა პოეტმა უმშვენიერესი ქალწული აყვავებულ ვენახს შეადარა:

შენ ხარ ვენახი
ახლად აყვავებული!

რა შეედრება მზეთვალა რქაწითელს! დამკრახულ საფერავს! რა საამოა მტევანდაგრაგნილი ვაზი, ოქროფურცელა ყურძენი!
ვის ბრმობას თან არა ჰხლებია, ჩხა და აკიდო!
მართლაც, რა გვაქვს ვაზის ანადარი?
"ყურძენში თვალი შევიდა!" – რა ამაყად, რა ღიმილით იტყვის სახემზიანი ქართველი, რომელსაც ამდენი ამაგი და კეთილმზრუნველობა გამოუჩენია ვაზისადმი!
და როცა საწნახლის პირად დადგება და სამაჭრე ღარის ჩქეფას უყურებს, მაშინ აღარც ერთი ნაოჭი აღარ ემჩნევა სახეზე!
ვენახი დიდი მეჯილდოვეა!
ვაზის ამჩეხი და კაცის მკვლევი ქართველი კაცისათვის ერთია!
მოყვარესაც და მტერსაც ღვინით გაუძღვება იგი, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ღვინით შეეგებება! მაგრამ მთავარი ღირსება მხიარული მასპინძლისა თუ თამადისა ის იყო ძველად, რომ დაცემული მოძმე გაემხნევებინა:

ჯამს იქით მხარეს წაიღებს,
სადაც ბეჩავი ზისაო!

ქართველი კაცი, როდესაც იგი ღვინით უმასპინძლდება მეგობარს, უსურვებს ტკბილ ძმობას, დღეგრძელობას, სიხარულს, ხოლო ქვეყნიერებას – კეთილდღეობას, მშვიდობას!
მეც, როგორც რიგითი ქართველი კაცი, ვიღებ ხელში საფერავით სავსე ჯამს და ვადღეგრძელებ დღევანდელი კონგრესის მონაწილეთ – ნახეთ, იგემეთ ჩვენი ისტორიული მიწის წვენი, ჩვენი სისხლითა და ოფლით მონაპოვარი ქართული ღვინო, ჯანში შეგერგოთ, ტკბილი სიტყვა გათქმევინოთ ძმობისა და მშვიდობისათვის! დაე, ჩვენი ღვინის მადლით დალოცვილიყოს ხალხთა ძმობა, ბედნიერება და მზეგრძელობა!
დაე, მშვიდობიან ცის ქვეშ ჰყვაოდეს მუდამ ქართული ვაზი!

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული