Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო – ერთი ქოლგა და ბევრი პრობლემა

მანანა ვარდიაშვილი

საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო ერთიანი ბრენდის -  Wine of Georgia-ს სახელით უნდა გავიდეს. მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების ამ აპრობირებულ გზას საქართველოს მთავრობა და ქართველ მეღვინეთა გილდია, მესამე წელია, ბეჯითი მონდომებით ტკეპნის.

ღვინის კომპანია "ხოხბის ცრემლების" ვენახი კახეთში, ისტორიული ქიზიყის ტერიტორიაზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანთან არის გაშენებული. კომპანიის დამფუძნებლებმა, ამერიკელმა მხატვარმა ჯონ ვურდემანმა და მისმა ქართველმა პარტნიორმა გელა ფათალიშვილმა ვენახისთვის ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს. აქ განსაკუთრებული მიკროზონაა: ზაფხულში მზე 14 საათზე მეტ ხანს ანათებს, საღამოობით კი, ხეობიდან გრილი ნიავი უბერავს. აქაური კირქვა ნიადაგი ცარცს და მუქ თიხას შეიცავს. ერთი მეტრის სიღრმეზე კი ხირხათი ქვიშნარია, რაც ვაზის ფესვთა სისტემისთვის საუკეთესო საწრეტს ქმნის.

"ხოხბის ცრემლების" მარანში ღვინო, ტრადიციული კახური წესით, ქვევრში ძველდება. კომპანია წელიწადში 7 დასახელების 35 000 ბოთლ ღვინოს უშვებს. აქედან ნახევარი ექსპორტზე შვედეთში, აშშ-ში, კანადაში, ნორვეგიასა და გერმანიაში გადის და წარმატებითაც იყიდება. კომპანია, რომელიც ქართული ღვინისთვის არატრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წარმატებით გადის, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ შეიქმნა, მაშინ, როცა მთელი ქართული მეღვინეობა კრიზისში აღმოჩნდა.

მევენახეობა-მეღვინეობის სექტორული კრიზისი 2006 წლის იანვარში დაიწყო, როცა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ქართული ღვინოში პესტიციდები "აღმოაჩინა" და მასზე ემბარგო დააწესა. სანქციებმა ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ღვინოს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში პირველი ადგილი ეკავა და მისი 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა.

გასული წლის 17 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში სასტუმროს გახსნისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის კრიზისი გადალახულია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრს მადლობაც გადაუხადა: "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენი ღვინის ხარისხმა მაღლა აიწია. რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ჩვენს ღვინოსთან მიმართებაში, რადგან ღვინის კრიზისი გადალახულია. ჩვენ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება".

პრეზიდენტს ნამდვილად აქვს თვითდამშვიდებისთვის მცირე საფუძველი: თუ 2004 წელს ქართული ღვინის 80 პროცენტი რუსეთში გადიოდა, ახლა ის 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. გასულ წელს, ლონდონში, ჟურნალ „დეკანტერის" ღვინის საერთაშორისო კონკურსზე კი ქართულმა ღვინომ წარმატებაც მოიპოვა. ამ კონკურსზე კომპანია „ბადაგონის" ალავერდის მონასტრის მარანში ჩამოსხმულ "Alaverdi Tradition"-ს 10 ფუნტზე მეტი ღირებულების წითელი მშრალი ღვინის ნომინაციაში დიდი ოქროს მედალი გადაეცა. ასეთი ჯილდო ქართულ ღვინოს აქამდე არასოდეს მიუღია. ამავე კონკურსზე "თბილღვინოს" "მუკუზანი" და "თელავის მარანის" "ქინძმარაული" ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღვინის მსხვილ კომპანიებში აცხადებენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გადალახულია. "თბილღვინო" საქართველოს ბაზარზე ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანია 40 დასახელების ღვინოს უშვებს და მისი ნაწარმი ექსპორტზე 25 ქვეყანაში გადის. საექსპორტო ღვინის ფასი 4 დოლარიდან იწყება და 15 დოლარს აღწევს. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს კომპანიას 2009 წელთან შედარებით 40-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს "თბილღვინო" ახალ საექსპორტო ბაზრებზე - ჩინეთში, ირლანდიაში, შვედეთსა და ფინეთში შევიდა, მისი გაყიდვების 75 პროცენტი მაინც დსთ-ს 5 ქვეყანაზე: ყაზახეთზე, უკრაინაზე, ბელორუსზე, ლიტვასა და ლატვიაზე მოდის.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის 73 პროცენტი დსთ-ს ქვეყნებზე გადამისამართდა. ამჟამად ქართული ღვინის ყველაზე დიდი საექსპორტო ქვეყნები უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსია. თუმცა,ღვინისსაექსპორტო ორიენტაციის შეცვლამ რუსული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული ზარალის სრული კომპენსირება ვერ მოახდინა. 2006 წელს, საქართველოდან ექსპორტზე 41 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, გასულ წელს კი 39 მლნ 269 ათასი დოლარის. ანუ, ქართული ღვინის ექსპორტი ემბარგომდელ დონეს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. გარდა ამისა, ქართულმა ღვინომ ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ, ევროპა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, საკუთარი ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ის ჯერ კიდევ საბჭოური ნოსტალგიის მქონე მომხმარებელსა და ქართველ ემიგრანტებზეა ორიენტირებული.

2008 წელს საქართველოს მთავრობამ, მეღვინეობის ეროვნული სტრატეგიის შექმნის მიზნით, ჟურნალ Economist-ში ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ქართული მეღვინეობის განვითარების გეგმა, დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და ახალ ბაზრებზე მოქმედების სტრატეგია უნდა წარმოედგინა.ტენდერში ამერიკულმა კომპანია "I.O.S. Partners"-მა გაიმარჯვა. მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით ქართველი მეღვინეების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სწორედ "I.O.S. Partners"-ის რეკომენდაციაა. მსგავსი რეკომენდაცია მისცეს ხელისუფლებას და მეღვინეებს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმაც.

უცხოელ ექსპერტთა შეფასებით, ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ჩინეთი ან ამერიკა, ცალკე აღებული ვერც ერთი კომპანია საკუთარი თავის წარმოჩენას ვერ შეძლებს. ამ ბაზრებზე შესვლა დიდ სარეკლამო დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ქვეყნის, ღვინის და ვაზის ჯიშების დაბალი ცნობადობაც. თუ ღვინის ტრადიციული მომხმარებლისთვის კაბერნე სავინიონი ცნობილი სახელია, ქართული "საფერავისა" და "წინანდლის" შესახებ უცხოელმა მომხმარებელმა არაფერი იცის. მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის ბრენდით გასვლა ცნობილი და აპრობირებული მეთოდია. სამხრეთ აფრიკა, ჩილე და ავსტრალია საერთაშორისო ბაზარზე თავის დროზე სწორედ ამ გზით გავიდნენ.

უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად ღვინის კომპანიები სავალდებულო  ბრენდირებული ეტიკეტის - Wine of Georgia-ს ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ. დანარჩენ ატრიბუტებს მწარმოებელი კომპანიები უცვლელად ინარჩუნებენ. ბრენდზე წინ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის წამოწევას ღვინის კომპანიები მოწონებით შეხვდნენ. თუმცა, ბოლო 2 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით კომპანიებმა და სახელმწიფომ ბევრი ვერც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით გააკეთეს. "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ: "ღვინის კომპანიების ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანების მცდელობა იყო, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე არ ყოფილა". სახელმწიფოს თანადგომა კი, ძირითადად, საერთაშორისო გამოფენებში ქართული ღვინის კომპანიების წარდგენის ორგანიზებით შემოიფარგლა.

თუმცა ქვეყნის და ღვინის პოპულარიზაციისთვის საქართველო სათანადოდ ვერც საერთაშორისო გამოფენებს იყენებს. ამ გამოფენებზე წარდგენილი მწირი და არასრული ინფორმაცია მომხამრებელს თუ დამთვალიერებელს არსებითს არაფერს აძლევს. საქართველოს საინფორმაციო პოლიტიკის სუსტი მხარე უცხოელმა ჟურნალისტებმაც შეამჩნიეს. აი, რას წერს ჩინური საინფორმაციო ვებ-გვერდი news.xinhuanet.com: " საუკეთესო ქართული ღვინოების 2010 წლის გამოცემა უფრო რეკლამების ნაკრებს ჰგავს, და არა ისტორიების, უნიკალური ჯიშებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე შედგენილ ღვინის ბიბლიას. მაგალითად, სახელწოდება “რქაწითელი” მკითხველისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. აქ არ წერია, რომ რქაწითელი ვაზის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და არქეოლოგიური გათხრების დროს თიხის უძველეს ჭურჭელში ნახეს რქაწითელის წიპწები, რომლებიც ჩვენს ერამდე 3000 წლით თარიღდება. კარგი იქნებოდა იმის ახსნა, რომ საფერავი ქართულ ენაზე, ფერს, საღებავს ნიშნავს და ყურძნის მარცვლის ინტენსიური მუქი წითელი შეფერილობა წითელი ანტოციანინის დამსახურებაა, რომელსაც მარცვლის რბილობი და კანი შეიცავს და რომ მუქი წითელი საფერავის კარგი საშუალებააა სიბერის წინააღმდეგ საბრძოლველად".

არის სხვა პრობლემებიც. ჟურნალი Economist-ი წერს, რომ "ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ დასავლეთYევროპის და აშშ-ს ბაზრების მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს."

ქართულ ღვინოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრება რომ უჭირს,  ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ამ ეტაპზე იაფი და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება არ შეუძლია. დარგში პროფესიონალი კადრების – ტექნოლოგების, მევენახეობის და მარკეტინგის მენეჯერების და თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია.

"ღვინის კლუბის" პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ქართული ღვინის სექტორი ინერციით ვითარდება: "ის საინტერესო სიახლეები, რომლებიც 90–იანი წლებიდან დაიწყო ქართულ მეღვინეობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დღევანდელობა მეტ სიახლეს მოითხოვს. სიახლეში არ ვგულისხმობ ახალ ტექნოლოგიებს, პირიქით, შეიძლება ყველაზე ტრადიციული მეთოდები ჩანდეს დღეს ყველაზე მოწინავედ და მაგალითად, ქვევრის ღვინომ, გაცილებით მეტი ცნობადობა შესძინოს საქართველოს და ქართულ ღვინოს, ვიდრე უცხოურ გემოზე მორგებულმა ქართულმა ღვინოებმა, რომლებსაც, როგორც ვხედავთ, ძალიან უჭირთ მსოფლიო ბაზარზე. უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ინერციული ბაზრების გარეშე, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა, არადა სწორედ ამ ბაზრების (ადრე ასეთი იყო რუსეთის ბაზარი) დამსახურებაა, რომ ქართული ღვინო ერთ ადგილს ტკეპნის. რა თქმა უნდა, ეს ბაზრები არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ იქ, მაგრამ ქართული ღვინო ამ სამ ქვეყანას არ უნდა გადავაყოლოთ. დამიჯერეთ, ქართული ღვინის სახე ის არაა, რასაც უკრაინელი მომხმარებელი ასე ხარბად ეწაფება".

საქართველოს მთავრობამ ქართულ ღვინოსთან მიმართებაში საკუთარ სტრატეგიას გასულ წელს კიდევ ერთხელ გადახედა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ ღვინის ასოციაცია შექმნა. ასოციაციაში, სადაც 21 კომპანიაა გაერთიანებული, სახელმწიფომ 600 ათასი ლარი ჩადო. ეს თანხა ღვინის კომპანიების მიერ გადახდილ საწევროებთან ერთად მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა მოხმარდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი თინა კეზელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული მეღვინეობის კონცეფცია და ღვინის ექსპორტის სტრატეგია თავიდან არის შესაქმნელი. გამოდის, გასული 2 წელი ფუჭად დაგვიკარგავს.

"თითოეული ბაზრისთვის მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ცალკე უნდა დაიწეროს. ამ გეგმების განხორციელებას ფული სჭირდება. ეს თანხა სახელმწიფომ და მეღვინეობის სექტორმა ერთობლივად უნდა გაიღონ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

"რა თქმა უნდა, ქართული ღვინის კონცეფცია ახლიდანაა დასაწერი", - ამბობს მალხაზ ხარბედია. "უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ძალიან ხშირად, არაეფექტურად. იმიტომ, რომ ჯერ ჩვენს თავში ვერ გავრკვეულვართ და უბრალოდ არ ვიცით, როგორ მივაწოდოთ ჩვენი ღვინო უცხოელ მომხმარებელს, როგორ შევფუთოთ. მთელი გუნდი უნდა შრომობდეს ქართული ღვინისთვის იმიჯის შექმნაზე, რადგან ერთხელ გაპარებული უხარისხო ღვინო ან კიდევ უარესი, არასწორი მესიჯი ძალიან ძვირად დაგვიჯდება. ასეთ გუნდში მეღვინეებისა და პოლიტიკოსების გარდა ჟურნალისტები, იურისტები, ეკონომისტები, საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვანები და მეცნიერებიც უნდა მონაწილეობდნენ. ე.წ "ღვინის ელჩებს" მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ".

ბევრი ექსპერტის აზრით, ქართული ბრენდების გაერთიანება საექსპორტო პოტენციის გაზრდის მიზნით პანაცეა არ არის. მეღვინეობის დარგის სპეციალისტები არ კამათობენ იმაზე, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა ნამდვილად აქვს - მთავარი ნაკლებად ცნობილი პროდუქტის სწორი წარდგენაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეღვინეებმა მყიდველის გემოვნება და პროდუქციის საფასო პოლიტიკა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეუთანხმონ.

"ცოტა ღვინო და შესაბამისად, ცოტა პრობლემა მაქვს",  - ამბობს ჯონ ვურდემანი - "მთავარი, სწორი მიდგომაა. მე ბაზარს მისთვის ეგზოტიკური, უცხო და საინტერესო პროდუქცია შევთავაზე: ღვინოს ყურძნის ადგილობრივი და უნიკალური ჯიშებიდან და ტრადიციული კახური მეთოდით ვაყენებთ. ვენახი ორგანულია, რასაც უცხოელი მომხმარებლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "ხოხბის ცრემლების" ღვინო არ არის "ღვინო ყველასთვის". ეს არის ღვინო გურმანებისთვის, ღვინის გურმანებისთვის – მისთვის, ვინც იცის ღვინის ფასი, მისი დაყენების და მოხმარების წესები და უნდა, რომ თავისი ცოდნა და თვალსაწიერი ამ სფეროში კიდევ უფრო გაამდიდროს. ვფიქრობ, რომ ქართველმა მეღვინეებმა უცხო ბაზარს ორიგინალური პროდუქტი უნდა შესთავაზონ. მასობრივი და იაფი ღვინის წარმოებაში საქართველო ჩილეს და ავსტრალიას კონკურენციას ვერ გაუწევს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის სწორ წარდგენასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინო ღვინის ჟურნალისტებმა, კრიტიკოსებმა და ბლოგერებმა შეაფასონ".

მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ქართული ღვინის "ერთი ქოლგის ქვეშ" გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ეს "ქოლგა" კარგად მუშაობდეს და მის ქვეშ ყველასთვის იყოს ადგილი, ნოვატორებისთვისაც და ტრადიციონალისტებისთვისაც, მთავარია ზერელობამ არ მოიპოვოს იქ ძლიერი თავშესაფარი.

ღვინის ასოციაციისთვის კი პირველი რიგის ამოცანა აშშ-ს ბაზრის ათვისებაა. ამერიკის ბაზარზე შესვლას ქართული მხარე 2011 წლიდან იწყებს.

მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები

საფრანგეთი (მსოფლიო წარმოების 18,2%) - ის წლიურად დაახლოებით 52 მილიონ ჰექტალიტრ ღვინოს აწარმოებს.

17, 6 პროცენტითა და 50,5 მილიონი ჰექტალიტრით მეორე ადგილზე იტალიაა.

ესპანეთს 12, 6 პროცენტითა და 34, 8 მილიონი ჰექტალიტრით მესამე ადგილი უკავია.

ამ რეიტინგში აშშ 10,6 პროცენტით და 28,7 მილიონი ჰექტალიტრით მეოთხე ადგილზე მოდის.

საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ ჰაქტალიტრ ღვინოს აწარმოებს და მის წილად მსოფლიო ბაზრის 0,3 პროცენტი მოდის.

საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიები

ღვინის წარმოების სეგმენტში ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან: "თბილღვინო", "თელიანი ველი", "თბილისის ღვინის მარანი", "თელავის ღვინის მარანი", "საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლის კომპანია", "ტარო", "ვაზიანი", "შუმი", "ხარება", "ქინძმარაული" და "თბილვაზი". ამ კომპანიების უმეტესობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ძირითადად, ექსპორტზეა ორიენტირებული. საქართველოში წარმოებული ღვინის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის. ადგილობრივი მოთხოვნა მხოლოდ 10 პროცენტია.

საქართველო და ალკოჰოლური სასმელები

საქართველოში ალკოჰოლური სასმელის ყველაზე პოპულარული სახეობებია: ღვინო, არაყი, ლიქიორი და ბრენდი. ღვინის ინდუსტრიის მთავარი სეგმენტი – 65 პროცენტი ნახევრადტკბილ ღვინოებს უჭირავს. დანარჩენი 35 პროცენტი მშრალი ღვინოების წილად მოდის. ქართველი მეღვინეები ძირითადად მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ, ტკბილ, შუშხუნა და არომატიზებულ ღვინოებს აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების 218 კომპანიაა დარეგისტრირებული. თუმცა, ამჟამად ბაზარზე დარეგისტრირებული კომპანიების 70 პროცენტზე ნაკლები ფუნქციონირებს.პროდუქციის ექსპორტს 35 კომპანია ეწევა და ქართული ღვინო ექსპორტზე 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

2010 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში 14,6 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ექსპორტის ნახევარი კვლავ უკრაინაზე მოდის (7,4 მლნ ბოთლი).

© ლიბერალი



სტატია ძალიან კარგია, მაგრამ ფოტომ მომკლა და გამათავა! :))


მეღვინეობასთან ერთად არითმეტიკაშიც ვჭედავთ.თუ "საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ ჰაქტალიტრ ღვინოს აწარმოებს" და "საქართველოში წარმოებული ღვინის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის", მაშინ "2010 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში 14,6 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდა " როგორ? 1 000 000 x 100 x 0,9 /0,75=120 მლნ ბოთლი. ვურდემანი და თბილღვინო ცოტა დაასვენეთ, თორე ღვინის საკეთებლად დრო აღარ დარჩებათ :)


როგორც ჩანს "სამტრესტს" შეეშალა და "ლიბერალის" ჟურნალისტმაც აღარ გადაამოწმა. ეგ უფრო შეცდომაა და არა გაჭედვა, გაჭედვა ცოტა სხვა რამეა :))



მკითხველების მოგერიება,ვფიქრობ, თქვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ობიექტურ შენიშვნაზე, ჩვეულებრივ, მადლობას იხდიან.


ძალიან ძნელი გახდა თქვენი შენიშვნების მიღმა ობიექტური კრიტიკოსის დანახვა. გადახედეთ თქვენს ზოგიერთ პოსტს.


შეიძლება ხანდახან ვამლაშებ, მაგრამ აბა როგორია –"ქართველი მეღვინეები ძირითადად მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ, ტკბილ, შუშხუნა და არომატიზებულ ღვინოებს აწარმოებენ",ანდა – "ჟურნალი Economist-ი წერს, რომ "ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპის და აშშ-ს ბაზრების მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს." ქართული ღვინო სულ უფასოდ რომ დაარიგონ,დასავლეთ ევროპის და აშშ-ს ბაზრების მნიშვნელოვან წილს მაინც ვერ დაიკავებს.თან ეს გაუთავებელი 500 ჯიში, ღვინის აკვანი... ამას წინათ ბოლნისში ვიყავი. ახლა გზაზე ყველა სოფელს ქართული სახელი აქვს, მაგრამ ქართულ სოფლებს დაუმუშავებელი მიწით გამოარჩევ.მეტი გარჯა გვმართებს როგორც თოხით,ისე კალმით შრომაში. ელიზბარ თალაკვაძე


სამწუხაროდ მეც ვამლაშებ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპონირება მიწევს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ ნეგატივს აქცევენ ყურადღებას, ანუ ისეთები, ვისაც ჩახვევა და აკვიატებები ახასიათებთ, ანუ როგორც თქვენ იტყვით, ჭედავენ ხოლმე. ამ საიტზეც იყო ერთიორი ასეთი და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ჩაეწერებით მათ გუნდში :) თორემ თქვენი ეს ობიექტური შენიშვნები აღარავის დააინტერესებს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფრის მომცემი იქნება აბეზარ ოპონენტთან კამათი. თქვენს მიერ მოყვანილი არც ერთი ციტატა არ გამოდგება თქვენი საყვედურების საილუსტრაციოდ. 1. მე ეგ საყვედური არანაირად არ მეხება, იმიტომ, რომ ჟურნალი ლიბერალი და მისი ავტორია ამაზე პასუხისმგებელი. 2. ჟურნალ ლიბერალის ავტორი პირველ ციტატაში როგორც ჩანს რომელიღაც სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებულ მასალას ეყრდნობოდა, რადგან ტექსტი შესულია ე.წ. დამატებით ბოქსებში, რომელიც ცალკეა სტატიაში გამოყოფილი, როგორც დამატება, მშრალი ფაქტები, რომელიც ხშირად უცვლელად იბეჭდება ხოლმე. 3. თქვენს მიერ მოყვანილი მეორე ციტატა კი თარგმანია კონკრეტული ჟურნალის სტატიიდან. რა ექნა ჟურნალისტს, დაემახინჯებინა ეკონომისტის მიმომხილველის სიტყვები? :) ასერომ თქვენი პოსტი არის პროვოკაციული და არაობიექტური :)



ვისზე გაქვთ ეჭვი,ვინ ჭედავს არითმეტიკაში? როგორ ფიქრობთ, ეს მონაცემები სიზმარში ვნახე? მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ეკუთვნის Wine Institute-ს.ალბათ, არ იცით და განმარტებისთვის აქვე გეტყვით: როგორც წესი, ასეთი დონის კვლევები რამდენიმე წლის წინანდელ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. ამ მონაცემებს იყენებს საერთაშორისო მედიაც. შეგიძლიათ, თავად გადაამოწმოთ. "2010 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში 14,6 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ექსპორტის ნახევარი კვლავ უკრაინაზე მოდის (7,4 მლნ ბოთლი)" - ეს საქსტატის და ოფიციალური მონაცემია. მე ჟურნალისტი ვარ და სტატისტიკური მონაცემების, კომენტარების და ციტატების შეცვლა-შელამაზების თუ შესწორების უფლება არ მაქვს. კომენტარებისთვის ვის დავასვენებ და ვის არა, ამას როგორმე თქვენი რჩევის გარეშეც მოვახერხებ.


თქვენ გაქვთ სტატისტიკური მონაცემების, კომენტარების და ციტატების შეფასების უფლება.წარმატებებს გისურვებთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული