Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცხეთაში გადამალული ღვინის კასრი

ავთანდილ გურასაშვილი

რაც გინდა თქვით და პუტინის რუსეთმა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სკანდალით ამ ღვთაებრივ სასმელს დათვური სამსახურის ნაცვლად ისეთი რეკლამა გაუწია, ვერც ვიოცნებებდით. ამ სკანდალმა ასახვა ჰპოვა მცხეთაში 2006-07 წლებში გამართულ საჰაერო ბურთებით საქართველოს ღია ჩემპიონატებშიც, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები "ქართველ მეღვინეთა პრიზის" მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ, ეს ჯილდო კი ღვინით სავსე 100-ლიტრიანი კასრი გახლდათ. ამის მოსაპოვებლად ბრძოლა ჰაერნაოსნებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც ყველაზე სახალისო ამბავი იყო. რა თქმა უნდა, ეს პრიზი ქართულ ღვინოს სარეკლამოდ დიდად ადგებოდა.

წმინდა სპორტული თავგადასავლების გარდა ამ ჩემპიონატების მონაწილე უცხოელ ჰაერნაოსნებს ჩვენს ღვინოსთან დაკავშირებით არაერთი თავშესაქცევი ამბავი გადახდათ, ყოველივე კი მხიარული ნადიმით გასრულდა, სადაც ბლომად სასმელი დაილია.

ეს ყოველივე მეტად სიმბოლური იყო, რადგან ღვინო და საჰაერო ბურთი გამოჩენის დღიდან ერთმანეთს დაუკავშირდა. ეს მოხდა 1783 წლის ერთ მშვენიერ დღეს, როცა საფრანგეთში ძმებმა ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიებმა მსოფლიოში პირველი აეროსტატი დაამზადეს და ცაში აიჭრნენ. ამ ისტორიულმა ამბავმა სულ მალე საქართველოშიც ჩამოაღწია და მეფე ერეკლეს მიართვეს "წიგნაკი ესე: რომელსა ეწოდების ჰაერსა შინა მროველ ანუ მრონინე". მეფეს საჰაერო ბურთებით სამხედრო შეიარაღებაც ურჩიეს. ისიც მოახსენეს, ძმებმა რამდენიმე ბოთლი ღვინოც თან წაიღესო.

მაშინ 1000 მეტრის სიმაღლეზე ძმებმა ღვინო რომ აიტანეს, თავიანთი სასწაულის აღსანიშნავად იქ ჭიქებიც შეავსეს და ერთმანეთს მიუჭახუნეს. ორი კილომეტრის გაფრენის მერე, როცა დედამიწაზე მდორედ დაეშვნენ, მათი გმირობა ხალხმა ნამდვილი ქეიფითა და ღვინის სმით დააგვირგვინა.

საჰაერო ბურთთან დაკავშირებული აღტაცებული საყოველთაო ჟივილ-ხივილი 1900 წელს გაიმართა, როცა პარიზელები და მათი სტუმრები თავადაც ფრენის მონაწილენი გახდნენ, ზეცაში შამპანურების ბათქა-ბუთქიც გამართეს და გვარიანად მოილხინეს.

მაშინ პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, რომლის პარალელურად მეორე ოლიმპიური თამაშები გაიმართა, ეჟენ მერსიემ თავისი მონსტრივით უშველებელი საჰაერო ბურთი წარმოადგინა, მისი გონდოლა კი, რომელსაც ამშვენებდა ვეება წარწერა "MERCIER", თავისივე წარმოების ამავე სახელწოდების შამპანურით გამოტენა და ცაში გამოსაჭყეპად ქალბატონები და ბატონები მიიწვია. მსურველებიც მრავლად გამოჩნდნენ და მალე პარიზის ცაში, 3000 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული გონდოლიდან ატყდა შეზარხოშებულთა ყიჟინა და შეძახილები:

"ო, ეს მშვენიერია, ეს სასწაულია!" –გაიძახოდნენ ერთნი.

"ეს ნამდვილი საოცრებაა –ნამდვილი თანამედროვე სახალხო ზეიმი!" –ბანს აძლევდნენ მეორენი.

"აქ შესმულ შამპანურს სულ სხვა ეშხი და არომატი აქვს!" –ასკვნიდნენ მესამენი.

მერსიეს გამჭრიახობამ უდიდესი რეკლამა გაუწია მის საჰაერო ბურთს, მისსავე შამპანურს და კაფე-რესტორანს. ეჟენ მერსიე იმ კაფე-რესტორანში და საჰაერო ბურთით საფრენად პარიზის გამოფენაზე და მერეც ხალხს იწვევდა მშვენიერი რეკლამა, რომელზეც გამოსახული იყო თმებგაშლილი გამარჯვების ქალღმერთი და საჰაერო ბურთი წარწერით "შამპანური მერსიე".

მერსიეს საჰაერო ბურთმა 104 დღის განმავლობაში 20.000 კაცს დაანახა პარიწი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან, სადაც შამპანურიც ისმებოდა.

1858 წელს, როა ეჟენ მერსიემ შამპანურის წარმოება გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო, მაგრამ მისი გამჭრიახობა და ალღო მხოლოდ მაღალხარისხოვანი სასმელის დაყენებისკენ კი არ იყო მიმართული, არამედ რეკლამისკენაც, რასაც უდიდეს ყურადღებას უთმობდა. ამის დასტური ის საჰაერო ბურთი და მასთან დაკავშირებული ამბები იყო, თუმცა ამას სულაც არ დასჯერდა. იმავე პარიზის მსოფლიო გამოფენაზე და ოლიმპიურ თამაშებზე ეჟენ მერსიემ მიწაში 30 მეტრის სიღრმეზე ჩაფლული თავისი 18-კილომეტრიანი(!) სიგრძის ღვინის სარდაფიდან ჩამოიტანა გიგანტური 160.000 ლიტრიანი მუხის კასრი წარწერით "1889 შამპანური ე. მერსიე". ამ კასრს ეპერნედან პარიზამდე 160-კილომეტრიან მონაკვეთზე რვა დღის განმავლობაში ღონიერი ხარების 12 წყვილი ეზიდებოდა და ეს საკვირველი მსვლელობაც რეკლამას ემსახურებოდა. რეკლამას ემსახურებოდა ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მერსიერის შამპანურის სახლზე მოგვითხრობდა.

"მერსიეს" ღვინის სარდაფების ეზოს ახლაც ამშვენებს შინდისფერი სარეკლამო სატვირთო ავტომობილი წარიწერით "CHAMPAGNEMERCIER", რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში სახელგანთქმული ტურ დე ფრანსის ველომრბოლელებს მთელ ტრასაზე წინ მიუძღოდა.

ამ ველორბოლის მონაწილეებს "მერსიე" თანამედროვე სარეკლამო მანქანა ახლაც წინ მიუძღვის, ჰაერნაოსანთა საერთაშორისო შეჯიბრებებში თუ მათ ფიესტებზე მუდამ ვხედავთ ასევე თანამედროვე ვეება საჰაერო ბურთს წარწერით "მერსიე".

უკვე მრავალი წელია, რაც "მერსიე" მსგავსად საჰაერო ბურთს სხვებიც სარეკლამოდ იყენებენ. ცაში უამრავი სასმელის სახელწოდებით დამშვენებული ბურთი დაფრინავს, ბევრმაც ამ "ჰაერსა შინა მრონინეს" მწარმოებელებს თავისი საფირმო ბოთლის ვეება ასლი შეუკვეთა.

პირველად ასეთი ბოთლი ცამეტი წლის წინათ მოსკოვში ვიხილე. ეს იყო ცაში დაახლოებით 35 მეტრის სიმაღლეზე აყუდებული ბურთი, უფრო სწორედ არყის ბოთლი, რომელსაც ეტიკეტზე ეწერა "სმირნოვ ვოდკა". ნამდვილი "სმირნოვ ვოდკასგან" გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა, ზომების გარდა, რა თქმა უნდა.

"სმირნოვი" ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო დაბმული, გალეშილი მთვრალივით აქეთ-იქით ბანცალებდა...

და აქ როგორ არ გავიხსენო რუსეთის დედაქალაქში იქაურთა ბურთით ჩემი იმდღევანდელი ფრენაც, როცა ერთი ეზოს ლოთებს ანგელოზები დავუფრთხეთ.

მაშინ მოსკოვის ცაში აღმა-დაღმა რომ დავფრინავდით, ჩვენი საჰაერო ხომალდის მეთაურმა საიდანღაც კორპუსებს შორის მწვანეში ჩაკარგული ერთი მაგიდა დალანდა, ბურთი უჩუმრად იქ მიარონინა და გამომთვრალ ოთხ რუსს ასე უხმაუროდ თავს წამოვადექით. ერთი გატიალებული ხის ძირში გაგორებული ფშვინავდა, მეორე გაუბედურებულ სკამზე გადაყუდებული, მესამესა და მეოთხეს თავი მაგიდაზე ჩამოედოთ, მათ წინ გამოცლილი არყის ბოთლები ეყარა და ერთიც მჟავე კიტრი ეგდო. ხომალდის მეთაურმა მაგიდაზე რამდენიმე მონეტა ჩააგდო. მონეტების რაკუნზე ერთი ლოთი გამოფხიზლდა, ჯერ აქეთ-იქით მიმოიხედა, მერე თვალებდაჭყეტილმა ამოგვხედა. ამოგვხედა და თვალებს არ დაუჯერა, მერე სხვებიც გინებით გაღვიძა და ჩვენი  ბურთისკენ ამოახედა. ისინიც თვალებგაფართოებული და გულგახეთქილნი პირჯვარს იწერდნენ...

მცხეთაში იმ ჩემპიონატებში რაღაც ამდაგვარი ხდებოდა, ოღონდ ლოთების გარეშე –ღვინით სავსე კასრის მოძებნა, მასთან მაქსიმალურად მიახლოება და მარკერის მიზანში მოხვედრა, ამ საქმის გამარჯვებული კი იმ კასრს ისაკუთრებდა.

"ქართველ მეღვინეთა თასის" პირველ გათამაშებაში სმოლენსკელი დიმიტრი გორბაჩოვის ეკიპაჟმა გაიმარჯვა. მეორე დღეს, უკვე თბილისში თავშეყრილი ბალონისტები როცა შეჯიბრების დამთავრებას თეთრი და წითელი ღვინის სმითაც აღნიშნავდნენ, ბატონ გორბაჩოვს დალევის თავი აღარ ჰქონდა. როცა პრიზის გადასაცემად უხმეს, დიპლომი და კოხტა თასი –"საჰაერო ბურთი" გადასცეს, ის ღვინით სავსე კასრი, გასაგებ მიზეზთა გამო, აღარ არსებობსო. მერე დააკონკრეტეს, გასაგებ მიზეზებში იმ კასრის გამოცლას ვგულისხმობდითო. ჰოდა, ეს ამბავი გორბაჩოვს ეტყობოდა კიდეც, ოღონდ სულაც არ აფრენდა და ყველას უღიმოდა.

2007 წელს "ქართველ მეღვინეთა თასი" ჩეხმა ალეშ კუბიჩეკმა დაისაკუთრა. მაშინ იმ ასლიტრიანი "ავზის" მომგებს "თელიანი ველის" თეთრი თუ წითელი დალოცვილი სითხით სავსე ბოკლები კასრზე მიუჭახუნეს, ჩვეში კარგად ცნობილი ჩეხი მელუდე კაცის მოგვარე კი სიხარულით ცაში დაფრინავდა, მიწაზე ბანცალებდა და ამბობდა, ამ კასრის გამოცდაში თუ არ დამეხმარებით, შინ რა წამაღებინებსო.

მომდევნო წელს, სამწუხაროდ, მცხეთის ცა ღია ჩემპიონატის მონაწილეთა ლამაზი ბურთებით აღარ მორთულა. ან რა ვგებურთებოდა, როცა რუსებმა ზეცა თავზე დაგვამხეს, თუმცა თბილისში ინგლისის, ირლანდის, უკრაინისა და მასპინძლების ეკიპაჟებმა სიმბოლური პირველობა მაშინაც გამართეს და "თელიანი ველის" პრიზებიც გაითამაშეს.

აქ უნდა გავიხსენო პირველი ჩემპიონატის მონაწილე ერთი მოსკოველის ნაამბობი: "ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ჩვენ, რიგითი რუსები და ქართველები, ერთმანეთთან ურთიერთობაში წყალს არ ვამღვრევთ და მეგობრულ კავშირებს ვუფრთხილდებით. მცხეთაში ერთ-ერთი გაფრენის მერე მინდორში რომ დავეშვით, ერთი ადგილობრივი კაცი მოგვიახლოვდა და გზას ხომ ვერ მიგვასწავლით-მეთქი, რომ ვკითხე, რატომაც არა, გამომყევითო. გავყევით და შინ მიგვიპატიჟა. მოიკლა თავი, ვიდრე არ შევედით. ახლა სანამ ჭიქებს არ მივუჭახუნებთ, გზას არ გასწავლითო. ერთი სიტყვით, ლაზათიანად გაგვიმასპინძლდა და ერთი კარგადაც გამოგვათრო..."

იმედია, მცხეთის ცა ისევ მოიხატება გადმობრუნებული ნათურის მსგავსი ჭრელა-ჭრულა ბურთებით და "ქართველ მეღვინეთა თასი" კვლავაც გათამაშდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.