Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„მარანი“ – უკვე 5–წლიანი დაძველებით

ალეკო ცქიტიშვილი
გაზეთ „მარანის“ პირველი ნომერი 2006 წლის შემოდგომაზე გამოვიდა, როცა კახეთში რთველი ჩავლილი იყო და ქვევრებში მაჭარი ღვინდებოდა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და ჩვენი გაზეთიც დაღვინდა. ამ პერიოდში იყო 2 „უმოსავლო წელიც“, როცა 2008 წლის აგვისტოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა გაზეთის გამოცემა შეაჩერა და „მარანმა“ ინტერნეტ–სივრცეში გადაინაცვლა. თუმცა, 2010 წლის გაზაფხულზე, ვაზის ყვავილობისას, „24 საათის“ ყოველკვირეულ Weekend-ში კვლავ გამოჩნდა შვილობილი „მარანი“ – 4 წლის დაძველებით, როგორც ამას გაზეთის რედაქტორი, მალხაზ ხარბედია წერდა მაშინდელ სარედაქციო რეპლიკაში. 
 
გასული 5 წელი უკვე ისტორიაა – არა მარტო გაზეთის, არამედ ქართული მევენახეობა–მეღვინეობის, კულინარიის, გემოვნების ისტორია, რომელიც „მარანმა“ შემოგვინახა. ეს ისტორია დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით იწერებოდა. გაზეთის სარედაქციო ჯგუფს მუდამ ჰქონდა შეგრძნება, რომ მომავალს უტოვებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ქართული კულტურის უძველესი და უმთავრესი მიმართულების – ღვინის შესახებ. თავის მხრივ, ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ ქართული ღვინო მარტო ღვინო არ არის. პირველ რიგში, ეს ასევე არის ვაზი, ვენახი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის ყოფისა და ცნობიერების სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილი იყო, როგორც ფრინველისთვის – ცა ან თევზისთვის – წყალი. 
ვაზსა და ღვინოს, თავის მხრივ, უკავშირდება ქართული კულტურის საამაყო სიმბოლო: ქვევრი, რომელსაც მარანში მუდამ ცენტრალური ადგილი ეჭირა. გამორჩეული ფენომენია თვითონ ქართული მარანიც, თავისი უნიკალური ატრიბუტიკით – საწნახელით, დოქებით, ჭინჭილებით, სარცხებით და ა. შ. შეიძლება ითქვას, მარანში თავს იყრის და ერთიანდება ის სულიერება, ენერგია, რასაც ქართველი მევენახე რთვლიდან რთვლამდე აგროვებს და შემოქმედებითი ძალით ღვინოდ გარდაქმნის. ამიტომ, როცა გაზეთისთვის სახელის დარქმევაზე მიდგა საქმე, უყოყმანოდ უპირატესობა მიენიჭა „მარანს“.   
5 წელია „მარანი“ საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ღვინის ჟურნალისტიკას იმ სახით, რა სახითაც იგი მეღვინეობის დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნებში არსებობს. ამ ქვეყნებში მეღვინეობის განვითარების პროცესი წარმოუდგენელია ღვინის მწერლებისა და ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე. „მარანი“ქართველ მკითხველს სწორედ ამ ღირებულებებს სთავაზობს. 
„ღვინის მწერლობას, კრიტიკას და ჟურნალისტიკას საქართველოში მომავალი აქვს... ქართულმა ღვინის კრიტიკამ, ღვინის მწერლობამ, ღვინის ჟურნალისტიკამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას, შექმნას საპოლემიკო ველი, სადაც ოპონენტები ცივად კი არ დაშორდებიან ერთმანეთს, არამედ შეთანხმდებიან და ერთიანი ძალებით გააგრძელებენ ბრძოლას ქართული ღვინისთვის“, - წერდა „მარანის“ რედაქტორი თავის წერილში გასული წლის გაზაფხულზე, როცა ორწლიანი შესვენების შემდეგ, გაზეთის გამოცემა განახლდა. 
ამ ეტაპიდან „მარანი“ უფრო დინამიურად და ოპერატიულად აშუქებს როგორც ქართულ, ისე უცხოეთის მეღვინეობაში მიმდინარე უახლეს პროცესებს და ტენდენციებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან განახლებული „მარანი“ უკვე „ღვინის კლუბის“ გაზეთია. ღვინის კლუბი კი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია, ხშირად თვითონვე არის მნიშვნელოვანი აქციების ორგანიზატორი და ნოვატორული იდეების ინიციატორი. 
იმ წლებშიც, როცა „მარანი“ არ იბეჭდებოდა, სარედაქციო ჯგუფს საქმიანობა არ შეუწყვეტია. ამ დროს გაზეთმა ინტერნეტ-სივრცეში გადაინაცვლა და მთელი დატვირთვით ამუშავდა ანალოგიური სახელწოდების მქონე ბლოგი „ღვინისა და გემოვნების შესახებ“ - www.vinoge.com და ამავე ბლოგის ფორუმი - http://forum.vinoge.com – გურმანების თავშეყრის მთავარი ადგილი. სწორედ ამ დროს დაფუძნდა ღვინის კლუბი - დიდი გეგმებით და ამბიციით. ამ გეგმების განხორციელება ენთუზიასტმა ადამიანებმა გადაწყვიტეს და ღვინის კლუბის 2 წლიანმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ წარმატებისათვის მთავარი სწორედ ენთუზიაზმია და არა ბევრი ფული. 
„მარანის“ აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანა „24 საათის“ გამომცემელმა მამუკა ფაჩუაშვილმა, რომლის კეთილი ნების გარეშე ეს გაზეთი არც გამოვიდოდა. ბეჭდური გაზეთის კვლავ გამოცემის საჭიროება ღვინის კლუბის გააქტიურებამაც განაპირობა. განახლებული გაზეთის პირველი ნომრები კლუბის ერთ–ერთ მთავარ ინიციატივას – ახალი ღვინის ფესტივალის სამზადისს, შემდეგ კი თავად ამ ფესტივალის გაშუქებას დაეთმო. 
„მარანი“ აქვეყნებს ღვინის კლუბის თემატური დეგუსტაციების მიმოხილვებს, რითაც ქართველი მკითხველი ღვინის კრიტიკის ამ მიმართულებას გაეცნო. ამ მიმოხილვების მომზადება, ძირითადად, მე მიწევდა, რის გამოც აუცილებელი იყო ყველა დეგუსტაციაზე დასწრება, ღვინოების გასინჯვა და მათი საერთო დახასიათების გადმოცემა. ამ დახასიათებებით ღვინის მოყვარულებს მიეწოდა ინფორმაცია, რომელ ღვინოებზე გააკეთონ არჩევანი, როცა ღვინის თაროს წინ შეჩერდებიან.
ღვინის კლუბისა და გაზეთ „მარანის“ სურვილია, მკითხველებმა ყურადღება მიაქციონ ღვინისა და კერძის შეხამებას. საქართველოში ყველა კუთხეს საკუთარი სამზარეულო აქვს, სადაც ძირითადად ისეთი კერძებია პოპულარული, როგორსაც იქაური ღვინოები ეხამება – რაჭულ ლორთან საუკეთესოა რაჭული „ალექსანდროული“, იმერულ ცივად მოხარშულ დედალთან – „ციცქა“, „ცოლიკოური“ ან „კრახუნა“, ხბოს მწვადთან – „ოცხანური საფერე“. კახურ ხაშლამასთან – კახური „რქაწითელი“ და ა.შ. ღვინისა და კერძის შეხამებაზე საუბარი თითქოს წყლის ნაყვაა იმ ქვეყანაში, სადაც ღვინის ფალსიფიკაცია დიდ მასშტაბებს აღწევს, ხოლო მომხმარებლის დიდი ნაწილისათვის სულერთია ამა თუ იმ „გაკეთებულ“ ღვინოს რას მიატანს. თუმცა, ღვინის კლუბისა და „მარანის“ გარშემო არითმეტიკული პროგრესიით იზრდება დახვეწილი გემოვნების მქონე გურმანების რაოდენობა. მათ სჯერათ ქართული სამზარეულოს მომავალი, სადაც ცენტრალური ადგილი ისევ ქართულ ღვინოს უჭირავს. 
„მარანის“ პასუხისმგებელი რედაქტორი ირმა იანტბელიძეა, ხოლო სამზარეულოს ნაწილი ქეთი ადეიშვილს მიჰყავს. გაზეთის ბოლო გვერდი ეთმობა საინტერესო და ეგზოტიკური კერძების რეცეპტებს, რომელთა მომზადება ხშირად დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. გაზეთში ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინოების დახასიათებებს, სადაც მკითხველი იღებს რჩევას, რა კერძს შეიძლება შეუხამოს ესა თუ ის კონკრეტული ღვინო. ღვინის მწერლობის ამ მიმართულებას სხვა ბეჭდურ გამოცემაში ვერსად ნახავთ. 
უკვე ორი წელია „მარანი“ აშუქებს რთველის მიმდინარეობას, თანმდევი პრობლემებით და პროგნოზებით. ეს ტრადიცია გაგრძელდება და გაზეთის მკითხველი ყოველვთის იქნება ინფორმირებული საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონში მოსავლის ხარისხის შესახებ, რაც შემდგომში დიდ გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე.
ღვინის კლუბისა და შესაბამისად, „მარანის“ ერთ–ერთი მთავარი მიზანია ვაზის ქართული ჯიშების პოპულარიზაცია. ამ პრობლემატიკას გაზეთში არაერთი სტატია მიეძღვნა. კლუბის წევრთა ერთმა ჯგუფმა კი გადაწყვიტა, თვითონვე გაეშენებინა ვაზის იშვიათი ქართული ჯიშები. ამ გაზაფხულზე სიტყვა საქმედ იქცა – კახეთში, სოფელ ბაკურციხეში 0.7 ჰექტარი მიწის ფართობი წარმოებისთვის ყველაზე პერსპექტიულ იშვიათ ვაზის ჯიშებს დაეთმო. „მარანის“ ერთგულ მკითხველებს უთუოდ დაამახსოვრდებოდათ ვრცელი რეპორტაჟი ამ თემაზე. მომავალი წლისთვის ბაკურციხეში იგეგმება საკოლექციო ნაკვეთის გაშენება კიდევ უფრო იშვიათი ჯიშებისთვის, რომლებიც ჯერ ღვინის მრეწველობაში არავის გამოუყენებია. პარალელურად, ამ საქმის ინიციატორმა ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს, ცალკე დაეფუნებინათ ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ იშვიათი ჯიშების მოძიებაზე, გაშენებაზე, გარცელებასა და პოპულარიზაციაზე იზრუნებს. ამ ორგანიზაციის სახელია „ქართული ვაზის ფონდი“, რომლის საქმიანობის ამსახველ სტატიებს „მარანში“ კვლავ არაერთხელ გაეცნობით. 
ქართული ღვინის თანამედროვე პრობლემატიკის გაშუქების გარდა, „მარანი“ დიდ ადგილს უთმობს დარგის პროფესიონალებს, სისტემატიურად აქვეყნებს მათ პორტრეტებს და მოსაზრებებს. მათი ხედვა და პოზიცია დროულად მიეწოდება მკითხველებს.
გაზეთ „მარანში“ დაბეჭდილი სტატიები მოგვიანებით ქვეყნდება ბლოგზე  www.vinoge.com .ღვინის კლუბისა და გაზეთ „მარანის“ გვერდი ასევე შეგიძლიათ ნახოთ „ფეისბუკში“, სადაც ოპერატიულად ვრცელდება ინფორმაციები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 
ბოლო დროს ღვინის კლუბმა დაიწყო საჯარო დეგუსტაციები მაჩაბლის 13–ში მდებარე ღვინის ბარში „ღვინის კლუბი – Schall“. ამ დეგუსტაციებში მონაწილეობა უკვე არა მარტო კლუბელებს, არამედ ღვინის ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია. მათი მოსაზრებები „მარანში“ პროფესიონალი ენოლოგების შეფასებების გვერდით გამოქვეყნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში თანდათან სულ უფრო მეტი ღვინის მოყვარული იქნება ჩართული. 
ზოგადად, 21–ე საუკუნეში, როცა ბეჭდურ მედიას ინტერნეტი ავიწროებს, საუკეთესო გამოსავალია მულტიმედიური სტრატეგია, როცა გაზეთთან ერთად არსებობს მისი ელექტრონული ვერსია – ვიდეო და აუდიო ფაილებით დატვირთული. ასევე მნიშვნელოვანია აქტიურობა სოციალური ქსელებში, რითაც მედია პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებას. ბეჭდური და ელექტრონული „მარანის“ მკითხველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, გაზეთს მეგობრები ემატება „ფეისბუკზეც“. ეს ყველაფერი სწორად არჩეულ გეზზე მიუთითებს და ნიშნავს, რომ 5, 10 და 20 წლის შემდეგ კიდევ შევხვდებით. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.