Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კლასიკური ღვინოლოგიის შესავალი

მალხაზ ხარბედია

 

ძველ ბერძნულ და რომაულ ღვინოებში გარკვევა დღემდე ურთულეს ამოცანად რჩება და ამას ჩემი წერილის ქვესათაურიც მოწმობს, სადაც ფილოლოგია და ენოლოგია უცნაურადაა დაწყვილებული. როცა უძველესი ღვინოების მოძიებას შეუდგები, ღვინის ცოდნის გარდა ფილოლოგიური განათლებაც აუცილებელია, რათა დასახელებების, ტექნოლოგიებისა და რაც მთავარია, ავტორების ქაოსში არ ჩაიძიროს მკვლევარი. მოძიება პირობითად ჰქვია ამას, თორემ სინამდვილეში საქმე წყაროებთანა გვაქვს, სადაც ესა თუ ის ღვინოა აღწერილი, თუმცა არის გამონაკლისებიც, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ღვინის ნაშთები, რომლებიც ლაბორატორიულ ანალიზს გადის და რისი მეშვეობითაც სპეციალისტები ჯიშურ თუ ტექნოლოგიურ ნიუანსებსაც არკვევენ. მაგალითად 2003 წლის დეკემბერში, ბრიტანულ გაზეთ The Independent-ში ერთი სტატია დაიბეჭდა, სადაც პირველად გაიჟღერა ხმამაღლა საქართველოში, შულავერის გორაზე აღმოჩენილი ღვინის ნაშთების ამბავმა. როგორც გამოირკვა, ღვინო 8,000 წლის იყო და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის, პატრიკ მაკგოვერნის სიტყვით, იგი ისეთივე ტექნოლოგიით მზადდებოდა, როგორც ძველი სამყაროს სხვა სახელოვანი ღვინოები. ეს ქართული მაგალითი ბერძნული კლასიკის ან თუნდაც არქაიკის ეპოქამდე კარგა ხნით ადრე იყო და ამ ტექნოლოგიაზე შემდეგაც შევჩერდებით, ახლა კი მთავარი უნდა ვთქვათ, კერძოდ კი ის, რომ ძველი საბერძნეთისა და რომის ღვინოები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ ნიადაგის, კლიმატის, ჯიშისა და სხვა მრავალი პირობის გამო. როგორც ჩანს, უკვე იმ დროს, ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯიშურ მახასიათებლებს და მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებაც, რომ ძველ საბერძნეთში სელექციის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობდა.

ამის მიუხედავად, ანტიკური მეღვინეობა მაინც მითის საბურველშია გახვეული და დღესაც ამოიკითხავთ აქა-იქ, რომ ტროას ალყის დროს აქაველებს ლემნოსიდან შემოჰქონდათ ღვინო, ტროელები კი ძირითადად ფრიგიული ღვინის სმით იხანგრძლივებდნენ წუთისოფელს და ა.შ… როგორც წესი, 2500-3000 წლის წინანდელი ღვინოების შესახებ ძალზე ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს ხოლმე და იძულებული ვხდებით ამათუიმ ავტორთან ამოკრებილი ფრაგმენტებიდან აღვადგინოთ სურათი და წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ღვინოს სვამდნენ ვთქვათ, კოლხეთის პირველი კოლონიზატორები ან ტრაგიკოს აგათონთან ნადიმად შეკრებილი სტუმრები. არადა მაშინდელი ღვინო, დაყენების, დავარგებისა და შენახვის ტექნოლოგიებით დაწყებული – კონსისტენციითა და ბუკეტით დამთავრებული, ძალზე განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს ჩვენ ვსვამთ. ანტიკურ ღვინოს ბევრი ვერმუტს ადარებს, ზოგის აზრით იგი ყველაზე ახლოს ლიქიორთან დგას (თუმცა მაშინ ჯერ სპირტი არც იყო გამოგონებული), სხვები კი თვლიან, რომ ანტიკური ღვინის ტექნოლოგია თანამედროვე პორტვეინიზაციასთან და მადერიზაციასთან ამჟღავნებს ყველაზე მეტ კავშირს. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ღვინო ძველად ძალიან ცუდად ინახებოდა და ტრანსპორტირებასა და დავარგებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მეღვინეები იძულებულნი ხდებოდნენ თავად ღვინის არსშიც შეეტანათ ცვლილება (ანდა ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს გახლდათ მათთვის ღვინის არსი).

საქმე ისაა, რომ მაშინ ღვინოს ძირითადად ახალგაზრდას სვამდნენ (ეს არც ჩვენთვისაა უცხო, არც ჩვენებურ ქვევრებში ინახება ღვინო დიდხანს, დროთა განმავლობაში უკბილო და უუნარო ხდება) და თუკი ვინმე მის შენახვას მოინდომებდა, განსაკუთრებული ტექნოლოგიებისთვის უნდა მიემართათ. აი აქ იწყება ანტიკური ღვინის საიდუმლო და მას რომაელები ერთი სიტყვით, “ფუმარიუმით” აღნიშნავენ. ეს სიტყვა საბოლველ, საშაშხე ოთახს ნიშნავს, მაგრამ ხშირად ღვინოსაც უწოდებდნენ, რომელსაც ამ ოთახში “აძველებდნენ”. აქ ფაქტობრივად ღვინის კონსერვირება ხდებოდა, ანუ ღვინოს ან აორთქლებდნენ, სანამ სიროფის ან ჯემის კონსისტენციას არ მიიღებდნენ (ხშირ შემთხვევაში ფხვნილსაც, როგორც მაგალითად ალბური ღვინის შემთხვევაში) ან გარკვეულ ნივთიერებებს უმატებდნენ, ბუნებრივ ანტისეპტიკებს, რომლებიც ღვინის შენახვის საშუალებას იძლეოდა. გაზავებითაც ძველად ხშირად სწორედ ასეთ, გაქვავებულ, დაკონსერვებულ “ღვინოს” აზავებდნენ, სადაც ალკოჰოლი აღარ რჩებოდა ხოლმე. დღევანდელ საბერძნეთში ახლაც არსებობს ამდაგვარი ღვინოები, სახელად რეცინა (შეად. რეზინა), და მათაც, როგორც ძველად, კუპრს ურევდნენ შესანახად (სხვათა შორის, ღვინოში კუპრის გემოზე გრიგოლ ორბელიანიც ჩიოდა ხოლმე თავის ნაწერებში და ბევრი სხვაც), შემდეგ კი ვარდის, იის, დარიჩინის, ზაფრანის, ანისულის, წიწაკის, კამის, მიხაკისა და მრავალი სხვა ესენციებით ამდიდრებდნენ სურნელს.

ღვინოს აზავებდნენ ზღვის წყლითაც, თაფლით და მრავალი სხვა “უცხო ელემენტით”. წყალთან ძირითადად კენტი გაზავება იყო მიღებული, 1-3-ზე, 5-ზე და ა.შ. შემდეგ კი ღვინოს ფილტრავდნენ ხოლმე.

მაგალითად, ცნობილი იყო, რომ როდოსული ღვინო ცუდ რეაქციაში შედიოდა ზღვის წყალთან. როგორც ამბობდნენ, კუნძულების ღვინო საქეიფოდ კარგი იყო, მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის არა. კეოსურ, მინდურ და ჰალიკარნასულ ღვინოებში და საერთოდ, ზღვისპირა რეგიონებში დაწურულ ღვინოში მტკნარი წყლის გარევას ურჩევდნენ, წყაროს ან სულაც წვიმის წყლისას, რის შემდეგაც ფილტრავდნენ და მცირე ხნით აყენებდნენ. ყველაზე ხისტი მტკნარი წყალი ათენსა და სიკიონში ყოფილა, ასე რომ, ღვინის სპეციალისტები აქაურ წყალს ამჯობინებდნენ. ზღვისგან მოშორებულ, სხეულიან და მწკლარტე ღვინოებისთვის კი - ასევე ქიოსურისთვის და ლესბოსურისთვის - აბსოლუტურად უგემურ წყალს არჩევდნენ.

 

 

* * *

“თუ ღვინოს საკმაოდ მკრთალი და ერთგვაროვანი ფერი აქვს, ანუ სითხე ბოკალის ცენტრში და კიდეებზე დაახლოებით ერთი და იმავე ფერისაა, თქვენს წინაშე ერთი ჩვეულებრივი პროდუქტია. კარგი ღვინოების უმრავლესობა სინამდვილეში ძალზე საინტერესოდ გამოიყურება, მათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეფერილობა აქვთ, - ცენტრში უფრო მუქი, ნაპირთან კი შედარებით ნათელი. ამის თქმა განსაკუთრებით მართებული დავარგებულ წითელ ღვინოზე იქნებოდა. რაც უფრო ძველია ღვინო, მით მეტად საგრძნობია განსხვავება ცენტრში გაჯერებულ ფერსა და კიდეებთან თავმოყრილი სითხის თითქმის სრულიად გამჭვირვალე ფერს შორის”… ეს სიტყვები თანამედროვე ღვინის ექსპერტს ეკუთვნის, ძველ საბერძნეთსა და რომში კი ფერით არავინ ტკბებოდა, მაშინ არც გამჭვირვალე სასმისები არსებობდა და ღვინოც მღვრიე და საკმაოდ არაესთეტური შესახედაობისა იყო (ხარისხითაც, ანტიკურ ხანაში ღვინოების უმრავლება ძალზე მდარე გამოდიოდა).

სამაგიეროდ, არსებობდა ღვინის შეფასების სხვა კრიტერიუმები. მაგალითად, თეოფრასტოსი წერს ერთგან, არკადიაში ისეთ ღვინოს წურავენ, მამაკაცებს აგიჟებს და ქალებს კი აფეხმძიმებსო. ტრეზენული ღვინო დამლევს უნაყოფოს ხდიდა თურმე, თასოსზე კი ღვინოებს აყენებდნენ, რომელთაგან ზოგი უძილობას იწვევდა, ზოგი კი პირიქით, ძილქუშს. ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება, ზოგ მათგანს მკითხველი ქვემოთაც შეხვდება და დღევანდელი “შესავლისთვის” ესენი ვიკმაროთ.

ყველასთვის კარგად ცნობილი ე.წ. ბუკეტის ცნება კი ნამდვილად ძველ საბერძნეთში იღებს სათავეს. ათენეუსს აქვს მოყვანილი ერთი ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა მივიღოთ ღვინის არომატული ბუკეტი (anthosmia), რაც ძალიან მარტივად ხდებოდა თურმე: 50 ქოე (1 ქოე - 3.28 ლ.) მაჭარისთვის უნდა დაგვემატებინა 1 ქოე ზღვის წყალი. ძველების აზრით, განსაკუთრებით არომატული ღვინო იწურებოდა ახალგაზრდა ვაზიდან მოკრეფილი ყურძნიდან, ზოგჯერ კი ღვინიან ჭურჭელში თაფლში მოზელილ ცომსაც დებდნენ “გასაკეთილშობილებლად”. ბევრის აზრით, თუკი ძელგ, მწკლარტე და სურნელოვან ღვინოს უსურნელოს შევურევთ (როგორც თეოფრასტოსი წერს, ასეთი ღვინოები ყოფილა ღვინო ჰერაკლიადან და ერითრიიდან), ერთი სიმსუბუქეს აიღებს, მეორე კი არომატსო.

მაშინ ღვინოში ყველაზე მეტად მაღალ შაქრიანობას აფასებდნენ და შესაბამისად ძველბერძნული და რომაული ღვინოები მაღალი სპირტიანობით გამოირჩეოდა და ძალზე ექსტრაქტულები იყო, ანუ ლიქიორისებრი კონსისტენცია ჰქონდა. არსებობდა სულ რამდენიმე ტიპი ანტიკური ღვინოებისა. ე.წ. მარეოტიკი – თეთრი ტკბილი ღვინო მდიდარი ბუკეტით. ტანიოტიკი – მომწვანო-ჩალისფერი, ტკბილი და არომატული ღვინო, სხეულიანი და ცოტა ძელგიც. პრამნიული (ღვინის დასახელებაცაა და ტიპიც) – ძალიან მაღალგრადუსიანი, ტანინიანი მშრალი ღვინო. სხეულიანი იყო. სებენიტიკუმი – ჩვეულებრივი და მომწვარი ყურძნიდან წურავდნენ, ფიჭვის კუპრის დამატებით.

ფერის მიხედვით ღვინო შემდეგნაირად განირჩეოდა. თეთრი, ყვითელი (ქარვისფერი) და მუქი. თეთრს შარდმდენი თვისებები ჰქონდა, საჭმლის მონელებას უწყობდა ხელს, თავს ახურებდა და როგორც მაშინ იტყოდნენ, “ზემსწრაფი იყო”. თუკი შავი ღვინო ტკბილი არაა, იგი ნოყიერია და ძელგი გემო აქვს. ტკბილი უფრო მძიმეა, რადგან კუჭ-ნაწლავს ადუნებს, თხევადს ადედებს და ამით თავს ნაკლებად ვნებს. ყვითელი ძირითადად მშრალია. ღვინოები, რომლებიც კარგადაა გაზავებული ზღვის წყალით, ნაბახუსევი არა აქვთ, კუჭ-ნაწლავს ადუნებენ და საჭმლის მონელებას შველიან (ასეთია მინდური და ჰალიკარნასული ღვინოები).

ზოგიერთი ანტიკური ავტორის თანახმად, საუკეთესო ღვინოს კუნძულ ნაქსოსზე და თასოსზე წურავდნენ, ჰორაციუსი კი ლესბოსულ და ქიოსურ ღვინოებს ანიჭებდა უპირატესობას.

შესანახად ყველაზე ხშირად პითოსებს იყენებდნენ (დაახლოებით 150 ლიტრიანი ჭურჭელი, არსებობდა გაცილებით უფრო დიდი მოცულობისაც), ამფორებს (40-დან 75 ლიტრამდე) ან ტიკებს. ხის კასრები მაშინ არ არსებობდა და მათი გამოგონება გალებს მიეწერებათ. იულიუს კეისარი პირველი იყო, ვინაც თავის De Bello Gallico-ში კასრი აღწერა, რომელსაც გალები საომარ იარაღად გამოიყენებდნენ ცეცხლმოკიდებულს.

კიდევ ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ანტიკურ ღვინოებზე, ცალკე თემაა ღვინო ჰომეროსთან, პოეტებთან. მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ სპეციალურ ნაშრომებიცაა დაწერილი (პლინიუსი, კოლუმელა, კატონი, ვარონი). დღეს ამით შემოვიფარგლოთ, შესავლის ბოლოს კი ანტიკური ღვინოების მეტ-ნაკლებად სრულ ჩამონათვალსა და აღწერას შემოგთავაზებთ, რომლებიც სხვადასხვა ავტორთან ამოვკრიბეთ, ჰომეროსიდან და ჰესიოდედან დაწყებული – გვიანანტიკური ხანის მწერლებით დამთავრებული. ამ მხრივ, ყველაზე უხვი მასალა, რა თქმა უნდა, ათენეოსის “ბრძენთა ნადიმსა” და პლინიუსის “Naturalis Historia”-ში ვიპოვეთ.

 

სახელოვანი ანტიკური ღვინოები

 

ქიოსური – (Khian) ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ღვინო. არიუსიოსი ქიოსურის საუკეთესო სახეობა ყოფილა. პლუტარქე წერდა ამ მხარის ნაყოფიერ მიწებზე. არიუსიოსი სამნაირი ყოფილა: მშრალი, ტკბილი და გემოთი შუალედური, ე.წ. თვითკმარი. მშრალი საჭმლის მონელებისთვის ყოფილა კარგი, ნოყიერი და შარდმდენი. ტკბილი კი ნოყიერი და სხეულიანი. ქიოსური საერთოდ ძალიან კარგი ყოფილა საჭმლის მონელებისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის. მუქი ვარდისფერი (ლალისფერი) იყო, თავს არ ატკიებდა.

ფალერნული – (Falernus ager) ფალერნოსი ოლქია კამპანიაში. ეს ღვინო უკვე 1 საუკუნიდან ჩანს ლიტერატურაში (ჰორაციუსის ოდებში, კატულუსთან). პლინიუსი წერდა, რომ ეს ვაზი არსად ხარობდა, გარდა ფალერნუსისა. ეს ღვინო საუკეთესო გემოს იძენდა ათწლიანი დაძველების შემდეგ და ამ გემოს იგი 15-20 წლამდე ინარჩუნებდა. უფრო ძველი თავის ტკივილებს იწვევდა და ცუდად მოქმედებდა სხეულზე. არსებობდა ორი სახეობა – მშრალი და მოტკბო. უკანასკნელი თავის განსაკუთრებულ თვისებებს რთველის დროს იძენდა, როცა სამხრეთის ქარი უბერავდა, რის გამოც ღვინო მუქი გამოდიოდა. უქარო ამინდში დაკრეფილი ყურძნისგან მშრალი, ყვითელი ფერის ღვინო დგებოდა. არსებობდა სამი ტიპის ფალერნული – მსუბუქი მშრალი, მუქი ტკბილი და ოქროსფერი.

ბიბლური – ამ ღვინოს ჰესიოდეც ახსენებს, ევრიპიდეც და თეოკრიტეც. სიტყვა ძვ. ბერძ. Biblus-იდან (პაპირუსი) უნდა მომდინარეობდეს, თუმცა ანტიკური ხანის გრამატიკოსები ყოველთვის ცდილობდნენ რომელიმე ტოპონიმთან დაეკავშირებინათ ღვინის სახელწოდება. მაღალგრადუსიანი ღვინო ყოფილა, დაძველების შემდეგ საოცარ არომატს იძენდა და ლმობიერი ნაბახუსევითაც გამოირჩეოდა (ისევე როგორც სხვა ელიტური ღვინოები). ბიბლურს უწოდებდნენ ე.წ. “ხვიარა” ვაზსაც (ძვ. ბერძ. eileo), რომელიც იტალიაში პოლიოს არგოსელს შეუტანია, სირაკუზის მეფეს. ათენეუსის აზრით, ტკბილი ღვინო, რომელსაც სირაკუზელები პოლიურს უწოდებდნენ, სხვა არაფერი იყო თუ არა ბიბლური.

პრამნიული – ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ღვინო. წურავდნენ ძირითადად კუნძულ ლესბოსზე, ასევე იკარიაზეც. სახელთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს: ზოგის აზრით პრამნიული ჯიშია, სხვები ფიქრობდნენ, რომ ესაა სპეციალური ტერმინი, რომლითაც ზოგადად მუქ ღვინოებს აღნიშნავდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ძვ. ბერძნულ სიტყვას, “პარამონიონს” უკავშირებდა (ხანგრძლივობა, გამძლეობა) ამ ღვინის სახელს, ანდა განმარტავდნენ მის სახელს როგორც “დამაამებელი” (პრაუნონტას), რადგან თითქოს დამლევს ამშვიდებდა. ძალზე მშრალი, მწკლარტე და მაღალგრადუსიანი ყოფილა. სიტკბოთი ნაკლებად გამოირჩეოდა. არისტოფანეს სიტყვით, ათენელებს არ უყვარდათ ეს ღვინო და უპირატესობას სხეულიან და სურნელოვან ღვინოებს ანიჭებდნენ. ზოგიერთი ექიმი წამლადაც იყენებდა პრამნიულს. ეპარქიდეს ცნობით, კუნძულ იკარიაზე, ყურძნის ჯიშს, საიდანაც პრამნიულს წურავდნენ, წმიდათაწმიდას უწოდებდნენ, ქალაქ ოინოეში კი დიონისურს. ეფესოს მახლობლად, სოფელ ლეტოშიც აყენებდნენ პრამნიულს. ცნობილი ღვინის ექსპერტი, ჰიუ ჯონსონი თანამედროვე Tokay Essenczia-ს ძველბერძნულ ექვივალენტს უწოდებს პრამნიულს.

ალბური – ღვინის სახელწოდება უძველეს ქალაქს, ალბა ლონგას (Alba Longa) უკავშირდება, რომელიც გადმოცემით ენეასის შვილს, ასკანიოსს დაუარსებია. მოგვიანებით ქალაქი რომაელებმა დაანგრიეს, თუმცა ამ ადგილას, Mons Albanus-ის მთის ძირას, ვენახები გაუშენებიათ. ათენეუსის მიხედვით, ეს ღვინოც ორი სახეობის არსებობს, მოტკბო და მჟავე; საუკეთესოა 15 წლიანი დაძველების შემდეგ. ხანგრძლივი დაძველების შემდეგ ალბურმა (ისევე როგორც ფალერნულმა) შესაძლოა შხამივით იმოქმედოს ადამიანზე და გონებაც კი დააკარგვინოს.

სორენტული – (Surrentum, ამჟამად Sorrento) სურენტუმი ზღვისპირა ქალაქი იყო კამპანიაში. პლინიუსი ამბობდა, რომ ეს ღვინო ძალზე ტკბილი ყურძნისგან (praedulci uva) იწურებოდა. ათენეუსის მიხედვით, სორენტული მხოლოდ 25 წლის შემდეგ იძენდა სასიამოვნო გემოს. ნაკლები სხეულიანობისა და ბევრი ლექის გამო ხშირად ამ ასაკამდეც ვერ აღწევდა. თუმცა 25 წლისასაც ვერ იყო თურმე გამორჩეული ღვინო და მხოლოდ ნაჩვევი მსმელი თუ დალევდა.

რეგიული – (Regium, ამჟამად Reggio) რეგიუმი ბერძნული კოლონია სამხრეთ იტალიაში. ეს ღვინო გაცილებით სხეულიანი იყო, ვიდრე სორენტული. საუკეთესო იყო 15 წლიანი დაძველების შემდეგ.

პრივერნული – (Privernum, ამჟამად Piperno) პრივერნუმი ქალაქი იყო ლაციუმში. პრივერნულ ღვინოსაც კარგად აძველებდნენ, თუმცა რეგიულზე უფრო მშრალი ყოფილა და “თავშიც ისე არ ურტყამდა”.

ფორმიული – (Formiae, ამჟამად Mola di Gaeta) ღვინის სახელი სამხრეთ ლაციუმის ზღვისპირა ქალაქს უკავშირდება. ფორმიული ძალზე სხეულიანი ყოფილა და მალე ღვინდებოდა, დაძველებასაც არ ნდომებია დიდი დრო.

ტრიფოლიური – (Trifolium, მთა ნეაპოლის მახლობლად) ძალიან დიდხანს უნდოდა დაძველება და სორენტულზე უფრო მეტ ლექს იდებდა.

სტატანური – (ძვ. ბერძ. Statanos) ამ ღვინის სახელის წარმოშობა უცნობია. მიეკუთვნებოდა ელიტურ ღვინოებს, ფალერნულს ჰგავდა, ოღონდ ძალიან მათრობელა არ იყო.

ტიბურტული – (Tibur, ამჟამად Tivoli) ღვინის სახელი ლაციუმის ქალაქს უკავშირდება, სადაც პოეტებს, კატულუსსა და ჰორაციუსს, ასევე იმპერატორებს, ავგუსტუსსა და ადრიანეს ვილები ჰქონდათ. ტიბურტული ძალიან თხელი ღვინო ყოფილა და მალე ფუჭდებოდა. ძირითადად ათწლიანი დაძველების შემდეგ სვამდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, თხუთმეტისა უკეთესი ყოფილა.

ლაბიკური – (Labici, ქალაქი ლაციუმში) ტკბილია და სხეულიანი. მას ფალერნულსა და ალბურსაც ადარებდნენ. კარგია ათწლიანი დაძველების შემდეგ.

გავრული – (Gaurus, ამჟამად monte gauro, ვულკანური მთების მასივი კამპანიაში) ჩინებული და ძალზე იშვიათი ღვინო ყოფილა, ტანინიანი და სხეულიანი.

მარსიული – (Marsi) მარსები ცენტრალურ იტალიაში მოსახლე ტომი იყო. ღვინო ძალიან სუსტი და ადვილად მოსანელებელი იყო.

ულბანური – (ძვ. ბერძ. Ulbanos) ამ ღვინის სახელის წარმოშობა უცნობია. მას კამპანიაში წურავდნენ, კუმის მახლობლად. ე.წ. ახალგაზრდა ღვინოების რიცხვს მიეკუთვნებოდა, სვამდნენ ხუთწლიანი დაძველების შემდეგ. მსუბუქი ღვინო ყოფილა.

ანკონური - (Ancon, ამჟამად Ancona, ქალაქი კამპანიაში) სხეულიანი და მძიმე ღვინო ყოფილა.

ბუქსენტური – (Buxentum, ამჟამად Policastro di Busento, ქალაქი ლუკანიის დასავლეთ სანაპიროზე) ეს ღვინო მჟავიანობით ალბურს წააგავდა, ძალზე ენერგიული და ადვილად მოსანელებელი ღვინო იყო.

ველიტრული – (Velitrae, ამჟამად Velletri, ქალაქი სამხრეთ ლაციუმში) ტკბილი ღვინო იყო, თუმცა ათენეუსის სიტყვით, ერთი უცნაურობა სჭირდა: როცა მას სვამდი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მასში რაღაც სხვა სახეობის ღვინო იყო გარეული.

კალეს ღვინო – (Cales, ამჟამად Calvi) ქალაქი ჩრდილოეთ კამპანიაში. აქაური მიწები ნაყოფიერებით იყო განთქმული. ღვინო მსუბუქი და ფალერნულზე უფრო ადვილი მოსანელებელი იყო.

კეკუბუსი - (Caecubum, ან ager Caecubus, მხარე სამხრეთ ლაციუმში) ელიტური ღვინოების რიცხვს მიეკუთვნებოდა, თუმცა ძალზე ძლიერი და მაღალგრადუსიანი იყო. მრავალწლიან დაძველებას მოითხოვდა.

ფუნდიური – (Fundi, ამჟამად Fondi, ზღვისპირა ქალაქი ლაციუმში) მაგარი ღვინო ყოფილა, ძალზე ნოყიერი, მალე ათრობდა და მუცელსაც ვნებდა, ამიტომ მას იშვიათად სვამდნენ ნადიმებზე.

საბინური – (Sabini, რომის ჩრდილო-დასავლეთით მოსახლე ტომი) მსუბუქი ღვინო ყოფილა, 7-15 წლის მანძილზე აძველებდნენ.

სიგნიური - (Signia, ამჟამად Segni, ქალაქი ლაციუმში) ამ ღვინოს დაყენებიდან ექვსი წლის შემდეგ სვამდნენ, თუმცა რაც უფრო ძველი იყო, მით უფრო აფასებდნენ მას.

ნომენტური – (Nomentum, ამჟამად Mentana, ქალაქი ლაციუმში) ულბანურივით ე.წ. ახალგაზრდა ღვინოების რიცხვს მიეკუთვნებოდა, სვამდნენ ხუთწლიანი დაძველების შემდეგ. არც ძალიან მშრალი ყოფილა და არც ძალიან ტკბილი.

სპოლეტური – (Spoletum, ამჟამად Spoleto, ქალაქი სამხრეთ უმბრიაში) ტკბილი და ოქროსფერი ღვინო იყო.

ეკვანური – (Aequi, რომის აღმოსავლეთით მცხოვრები ტომი) ძალინ ჰგავდა სორენტულს.

ბარინოსი – სუსტი ღვინო ყოფილა.

კავკური – (Cauci, გერმანული ტომი) კეთილშობილ ღვინოთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ფალერნულს ჰგავდა.

ვენეფრანული – (Venafrum, ამჟამად Venafro, ქალაქი კამპანიაში) მსუბუქი და ადვილი მოსანელებელი ღვინო იყო.

ნეაპოლური ტრებილიკი – საშუალო სიმაგრის ღვინო იყო, ადვილად მოსანელებელი და ძალზე დახვეწილი ბუკეტით.

ერბულური – როგორც მეცნიერები ფიქრობენ, სახელი მომდინარეობს ზედსართავი სახელიდან Helvolus, რაც მოყვითალო-ვარდისფერს, მკრთალ ვარდისფერს ნიშნავს. პლინიუსი ახსენებს helvolae uvae-ს (მოყვითალო-ვარდისფერი მტევნები), კატონი კი helvolum vinum-ს, მკრთალ ვარდისფერ ღვინოს. ზოგი ამ სახელს უმბრიულ ქალაქ Hervillum-ს უკავშირებს. თავიდან ეს მსუბუქი და დახვეწილი ღვინო მუქი და მღვრიე იყო ხოლმე, რამდენიმე წლის შემდეგ კი ღია, კამკამა თეთრი ღვინო დგებოდა თურმე.

მასალიური - (ძვ. ბერძ. Massalia, ლათ. Massilia, ამჟამად ქალაქი მარსელი) შესანიშნავი ღვინო ყოფილა, ძალზე სხეულიანი და მაღალკალორიული, როგორც ამბობდნენ, მალე ასუქებდა. ცოტა იწურებოდა და ამიტომ უიშვიათეს ღვინოდ ითვლებოდა.

ტარენტული - (Tarentum, ცნობილი ქალაქი სამხრეთ იტალიაში) ეს ღვინო, როგორც ამ მხარეში მოწეული ყურძნიდან დაწურული ყველა ღვინო, მსუბუქი და ნაკლებად მათრობელა ყოფილა. დაბალი გრადუსითა და სიტკბოთი გამოირჩეოდა.

მამერტინული – ამ ღვინოს სიცილიაში წურავდნენ, სადაც მას იოტალურს უწოდებდნენ (ძვ. ბერძ. iotalinos, ზოგი მეცნიერის აზრით, აქ italiotes უნდა წავიკითხოთ, ასე უხმობდნენ ძველად იტალიაში მცხოვრებ ბერძნებს). თხელი და ტკბილი ღვინო ყოფილა, თუმცა კი მაღალგრადუსიანი.

ფლიუნტური (ძვ. ბერძ. phliountos, ქალაქი არგოლიდაში) ანტიფანე თავის ერთ-ერთ კომედიაში ამბობდა, რომ საუკეთესო ღვინო ყოფილა.

ხალიბური – (შავი ზღვის სანაპიროზე მოსახლე ქართველური ტომი, რომლებსაც რკინის გამოგონება მიეწერებათ) პოსიდონიოსის მიხედვით სპარსეთის მეფის საყვარელი ღვინო ყოფილა, ამ ჯიშის ყურძნიდან თურმე სირიის დამასკოშიც წურავდნენ ღვინოს, მას შემდეგ, რაც სპარსელებმა იქ ვენახები გააშენეს.

ისაური – (კუნძული ადრიატიკის ზღვაში) აგათარქიდოსი წერდა, რომ აქაური ღვინო ყველაზე გემრიელი იყო მსოფლიოში.

თასოსური – პლინიუსის მიხედვით, ჰომეროსის მიერ ნახსენები ღვინოების შემდეგ ყველაზე მეტი დიდებითა და სახელით ქიოსური და თასოსური სარგებლობდა. თასოსურს კარგად აძველებდნენ და თავად ღვინო ვაშლის არომატით გამოირჩეოდა.

ლესბოსური – პლინიუსის სიტყვით, ამ ღვინოს ექიმმა ერასისტრატოსმა გაუთქვა სახელი. კლეარქოსი მას ყველაზე ტკბილს უწოდებდა. ცოტათი მწკლარტეც ყოფილა და კარგი შარდმდენი.

დამპალა – (ძვ. ბერძ. Saprian, დამპალი, უვარგისი) ძალიან უცნაური არომატი ჰქონდა. ირგვლივ იების, ვარდებისა და სუმბულის სურნელს აფრქვევდა თურმე.

ფსიფიური – (Phsiphios, ყურძნის ჯიშია) ამ ღვინოს ვერგილიუსი და პლინიუსიც ახსენებენ. როგორც ჩანს, ძალზე სხეულიანი, ტკბილი და მძიმე ღვინო ყოფილა. ბევრ წყალთან აზავებდნენ ხოლმე.

პეპარეთული – (ამჟამად კუნძული პიპერი) ჰერაკლიდე პონტოელი ამ მხარეს “ღვინოკეთილს” უწოდებდა, სოფოკლე კი “კეთილვაზიანს”. კუნძულის მფარველად თავად დიონისე ითვლებოდა. პლინიუსი წერს, რომ ექიმების აზრით, ეს ღვინო განსაკუთრებით მარგებელი იყო, თუმცა ყველაზე ელიტური ღვინოების რიცხვში მაინც ვერ მოხვდა, რადგან მხოლოდ ექვსწლიანი დაძველების შემდეგ სვამდნენ. თუმცა ზოგს არ უყვარდა ეს ღვინო, მაგალითად კომედიოგრაფოსი ჰერმიპე მტერს უსურვებდა მის დალევას.

ლევკადიური – (კუნძული იონიის ზღვაში) პოეტი ევბულოსი ძალიან აქებდა ამ ღვინოს.

მენდეური – (ძვ. ბერძ. Mende, ქალაქი ეგეოსის ზღვის ჩრდილო სანაპიროზე) როგორც ჩანს საკმაოდ მძიმე ღვინო ყოფილა, რადგან ამ ღვინოს ერთ-ერთი კომედიის ფრაგმენტში სამ წილ წყალთან აზავებენ. მენდეელები თურმე სასაქმებელ ზეთს აპკურებდნენ მტევნებს, რაც ღვინოს სიმსუბუქეს ანიჭებდა.

პროდრომოსი – ამ ღვინოს პროტროპოსსაც უწოდებდნენ, ორივე ეს სიტყვა “წინამორბედს” ნიშნავს, ანუ იგულისხმება ღვინო, რომელიც ღვინის დაწურვამდე, თავისით გამონადენი წვენისგან დგებოდა. ამ ღვინით განთქმული იყო მიტილენე, ლესბოსის მთავარი ქალაქი.

კორინთული – ძალიან მწკლარტე ყოფილა. ალექსიდე წერს, მისი დალევა ნამდვილი ტანჯვააო.

ნაქსოსური – (კუნძული ეგეოსის ზღვაში) არქილოქე ამ ღვინოს ნექტარს ადარებს.

ისმარული – (ქალაქი თრაკიაში) არქილოქე ახსენებს ამ ღვინოს, “ისმარულ ღვინოს შუბს დაყრდნობილი ვსვამო”.

სკიათური – (კუნძული ეგეოსის ზღვაში) ძალზე სხეულიანი მუქი ღვინო ყოფილა.

კარისტული – (ქალაქი ლაკონიაში) სტრაბონის სიტყვით, სანაქებო ღვინო ყოფილა.

დატკბილული – როდოსული ღვინო ჰოფილა, მაჭარს ჰგავდა. ათენეუსის ინგლისურად მთარგმნელი მას შეკმაზულს, შეკეთებულს უწოდებს (doctored).

მინდური - (საპორტო ქალაქი მცირე აზიაში) ამ ღვინის მაჭარს ზღვის წყლით აზავებდნენ. როგორც ამბობდნენ, ასეთ ღვინოს ნაბახუსევი არ ჰქონდა. კინიკოს მენიპეს ასეთი ფრაზაც კი ჰქონდა, “დამარილებული ლოთი”. საკმაოდ ბევრ ზღვის წყალს ურევდნენ კოსურ ღვინოშიც.

კნიდური – (ქალაქი მცირე აზიაში) ეს ღვინო ჰემატოგენივით ყოფილა, ძალზე ყუათიანი. დიდი რაოდენობით დალევის შემთხვევაში მუცელს ვნებდა. კნიდურ ღვინოს აქებდა სტრაბონი, კნიდური პროტროპოსის შესანიშნავ თვისებებზე კი პლინიუსიც წერდა.

ადრიატიკული – ძალზე სურნელოვანი ღვინო ყოფილა, თხელი და უვნებელი.

კერკირული – (ამჟამად კუნძული კორფუ) ხანგრძლივი დავარგების შემდეგ ძალიან სასიამოვნო ღვინო დგებოდა.

ძაკინთოსური - (კუნძული იონიის ზღვაში) თაბაშირის მინარევების გამო ეს ღვინო თავს ატკივებდა.

ქილიკიური აბატოსი – სასაქმებელ ღვინოდ ითვლებოდა.

მარეული – ამ ღვინოს ალექსანდრიულსაც უწოდებდნენ, რადგან ამ ქალაქის სიახლოვეს მდებარე ტბის (მარეოტიდა) პირას იყო ვენახები გაშენებული. ამ ღვინოს სტრაბონი, ვერგილიუსი და ჰორაციუსიც ახსენებენ. ტბის სახელი დიონისეს მეგზურს, მარონს უკავშირდება, აპოლონის ქურუმს თრაკიულ ისმაროსში, ვინაც ოდისევსს “ძვირფასი ღვინოები” მისცა. თეთრია, გემრიელი, სურნელოვანი და ადვილად მოსანელებელი. ძლიერ მათრობელა არაა და კარგი შარდმდენიცაა.

ტენიოტური – ვენახები ამ ღვინისთვის მარეოტიდის ვიწრო ნახევარკუნძულზე იყო გაშენებული. მომწვანო ფერის ღვინო დგებოდა, ძალზე სხეულიანი. გემრიელი ყოფილა, მსუბუქი ტანინებითა და მდიდარი არომატით.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.