Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოჟოლეს იდილია

საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე მშვენიერ ადგილს აქაურები სიამაყით უწოდებენ ბოჟოლეს ქვეყანას (Le Pays Beaujolais). უნიკალური ღვინოები და ორიგინალური სამზარეულო, ულამაზესი ბუნება და შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები ამ მხარეს საოცრად მიმზიდველს ხდის. გარდა იმისა, რომ სწორად სმის კულტურას გასწავლიან, გასტრონომიული თვალსაზრისითაც უამრავ სიახლეს აღმოაჩენთ, ამიტომაც ბოჟოლე სტუმრების ნაკლებობას არასოდეს უჩივის.

 

ადგილობრივი რუკა

 

ბოჟოლე მდინარე სონას მარჯვენა სანაპიროზეა გადაჭიმული. სამხრეთით Maconnais ვენახებია განლაგებული, დასავლეთით კი ლუარას ველი იწყება. მისი მთავარი ქალაქი – ვილფრანში XII საუკუნეში დაარსდა. დღეს აქ ბოჟოლეს ღვინის მწარმოებელთა შტაბ-ბინა მდებარეობს, რაც პატარა დასახლებულ პუნქტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მეღვინეთა პროფესიული კავშირი 1959 წლიდან არსებობს. სწორედ მისი დამსახურებით გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში ადგილობრივი სასმელი.
ვილფრანშამდე მხარის გეოგრაფიულ და ისტორიულ ცენტრად ქალაქი ბოჟო (Beaujeu) მიიჩეოდა, რომელმაც მთელს რეგიონს მისცა სახელწოდება. აქაური ვენახები ადგილობრივთა სიამაყეა. ბოჟოლეს რეგიონის ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ჯიში არის გამე (Gamay), რომლის სრული სახელწოდებაა "შავი გამე თეთრი წვენით" (Gamay Noir à jus blanc). სწორედ ამ პარადოქსულ კომბინაციაშია ბოჟოლეს ორიგინალურ ღვინოთა ერთ-ერთი საიდუმლო. ეს ჯიში სხვაგანაც ხარობს, მათ შორის, კანადაში, კალიფორნიასა და ახალ ზელანდიაში, თუმცა მსოფლიოს ნარგავთა 2/3 სწორედ ბოჟოლეზე მოდის.
ადგილობრივი ნიადაგის არნახულმა მრავალფეროვნებამ შესაძლებელი გახადა ათი თვითმყოფადი რაიონის გამოყოფა, რომლებიც ძალზედ განსხვავებულ ღვინოებს აწარმოებენ. ესენია: ე.წ. crus du Beaujolais — Brouilly, Cote de Brouilly, Chenas, Chiroubles, Fleurie, Julienas, Morgon, Moulin a vent, Regnie, Saint-Amour.
ვაზის სიმჭიდროვით ბოჟოლე მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა – ჰექტარზე აქ 7-დან 13 ათას ნერგამდე ხარობს. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ადგილობრივები მოსავალს ხელით კრეფენ.
აქაური მეღვინეობის სიმბოლოდ არაერთი არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობა იქცა. პირველ რიგში, XV საუკუნეში აგებული ქარის წისქვილი, რომელსაც რაიონ Moulin a vent-ის სახელწოდება უკავშირდება. 1910 წელს უძლიერესმა ქარიშხალმა წისქვილს ფრთები მოაგლიჯა. მისი აღდგენა მხოლოდ 1999 წელს მოხერხდა. ამით აიხსნება განსხვავება ილუსტრაციებს შორის: თუ წისქვილი ფრთებითაა გამოსახული, ე.ი. ფოტო შედარებით ახალია.
 
გასეირნება მუზეუმში
 
 რეგიონის მოსახლეობა ძალზე უფრთხილდება საკუთარ წარსულს, განსაკუთრებით კი მეღვინეობას, დარგს, რომელმაც ამ მხარეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ბოჟოლეში რამდენიმე ღვინის მუზეუმია, სადაც მნახველს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს მხარის ღირსშესანიშნაობებს და ადგილობრივი სასმელიც დააგემოვნოს. ტურისტები და ქვეყნის სტუმრები ყველას თუ არა, ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად მოინახულებენ ხოლმე.
ბოჟოლეს სახლს სოფელ Saint-Jean d'Ardieres-ში ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი ექსპოზიცია თითოეული აპელასიონის შესახებ იძლევა წარმოდგენას. შესაძლებელია დეგუსტაციის მოწყობაც მნახველთა მცირე ჯგუფებისთვის. აქვეა განლაგებული 150-კაციანი რესტორანი, სადაც სურვილის შემთხვევაში ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობით და ბოჟოლეს ღვინოებსაც დააგემოვნებთ; რეგიონის შუაგულში მდებარეობს მეღვინეობისა და მევენახეობის მუზეუმი სადეგუსტაციო მარნით - Vaux-en-Beaujolais; ძველ ბოჟოში მნახველს ელის მრავალფეროვანი ექსპოზიცია - Sources du Beaujolais ("ბოჟოლეს სათავეებთან"), ქალაქ რომანეშ-ტორენში კი განლაგებულია შედარებით "ახალგაზრდა" (1993 წელს აშენებული) და ყველაზე შთამბეჭდავი მუზეუმი - Le Hameau en Beaujolais. აქ XVIII საუკუნის ღვინის წნეხი და სხვადასხვა ვენახის ნიადაგის ნიმუშებია დაცული. ექსპოზიციაზე ამომწურავადაა წარმოდგენილი მავნებლებთან ბრძოლის მთელი ისტორია. იხილავთ ორიგინალურ კალენდარსაც, რომელზეც ვაზთან დაკავშირებული სეზონური სამუშაოებია ასახული. ექსკურსიის ბოლოს კი ბოჟოლეს დეგუსტაცია და ღვინის მაღაზია გელით. მთელი ეს კომპლექსი ყოფილ რკინიგზის სადგურზეა განლაგებული, რაც ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით ძალზე მომგებიანადაა გათამაშებული.
მათთვის, ვისაც მეღვინეობის სფეროში ცოდნის გაღრმავება სურს, ვილფრანშში მეღვინეობის სკოლა მოქმედებს, სადაც მსმენელებს მეღვინეობის ტექნოლოგიებსა და ზოგადად, ღვინის წარმოების თავისებურებებს გააცნობენ.
 
MANGER ET DORMIR
 
ყველა ადგილობრივ ღვინის გზამკვლევში აუცილებლად არის მითითებული Manger et dormir, ადგილი, სადაც შეიძლება მიირთვათ და ღამე გაათენოთ. ეს ბიზნესი აქაურ მეღვინეებში კარგად არის განვითარებული და ღვინის ტურიზმის ნაწილს წარმოადგენს. ე.წ. "სასტუმრო სახლებში" (chambres d'hotes)  ღამესაც გაგათენებინებენ და, სურვილის შემთხვევაში, დაგანაყრებენ კიდეც. აქაური სამზარეულო უბრალოა, მაგრამ ავთენტური, რასაც მსგავს შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. რაც შეეხება ღვინის შეხამებას ადგილობრივ კერძებთან, ბოჟოლელი მეღვინეები ამას ნებისმიერ სომელიეზე უკეთ აგიხსნიან.
ტურისტული სეზონის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ტრადიციული დღესასწაული Beaujolais Nouveau, რომელმაც აქაურ ღვინოებს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, ამიტომ ღვინის ტურიზმით დაინტერესებულნი ბოჟოლეში სწორედ შემოდგომის მიწურულს მიემგზავრებიან.
ტურისტების კიდევ ერთი დიდი ნაკადი აქაურობას სექტემბერში სტუმრობს, რთველის სეზონზე. იმის გამო, რომ ვენახები ძალზე მჭიდროდაა გაშენებული, ყურძენს მხოლოდ ხელით კრეფენ. რთველის დროს ერთდროულად 40 ათასამდე მკრეფავია საჭირო, რეგიონში კი ამდენი მუშახელი არ არის, ამიტომ ადგილობრივები დამხმარე ძალას ქირაობენ. ძირითადად სტუდენტებს, რომელნიც დამატებით შემოსავალზე უარს არ ამბობენ, თუმცა ტურისტების დიდი ნაწილიც მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ყურძნის კრეფაში.
ზოგადად, ბოჟოლეს რეგიონში ღვინო-გასტრონიმიული ტურიზმი მთელი წლის განმავლობაშია აქტუალური. აქ ჩამოსასვლელად მიზეზი ყოველთვის მოიძებნება: რთველის დასრულებისთანავე აღნიშნავენ "სამოთხის დღესასასწაულს" - Fate du Paradis. Paradis  - აქაურ მაჭარს ჰქვია, რომელსაც ადგილობრივებიც და სტუმრებიც სიამოვნებით მიირთმევენ; ამას მოჰყვება ახალი ღვინის დღეობა, რომელსაც შეუმჩნევლად მოსდევს შობა-ახალი წელი. საფირმო დღესასწაულად იქცა წმინდა ვალენტინის დღე, რომელსაც Saint-Amour მასპინძლობს. მეღვინე ქალებისაგან შემდგარი ჟიური საუკეთესო "ვალენტინის" ღვინოს ირჩევს.
აღდგომის შემდეგ დადუღებული ღვინოების ზეიმი - crus du Beaujolais იწყება, რომლის დროსაც მეღვინეები მთელი სიდიადით წარმოადგენენ ხოლმე საუკეთესო სასმელს. ზაფხული ლოკალური ბაზრობებისა და ფესტივალების დროა, ასე რომ, ბოჟოლეში წლის ნებისმიერ პერიოდში სანახაობა არ მოგაკლდებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეღვინეობის ბევრი რეგიონისგან განსხვავებით, ბოჟოლეში არ არსებობს ერთი კონკრეტული "ღვინის გზა." აქაურობა ობობას ქსელივით არის დაფარული საინტერესო მარშრუტებით. ტურისტები სიამოვნებით გადადიან ერთი კრუდან მეორეში და ბოჟოლეს მრავალფეროვან ღვინოებთან ერთად ადგილობრივი სამზარეულოს ღირსშესანიშნაობებსაც აგემოვნებენ.
 
გასტრონომიული პერიპეტიები
 
რეგიონს არა მხოლოდ ტერუარის, არამედ სამზარეულოს თვალსაზრისითაც ძალზე გაუმართლა. ბურგუნდიისა და ლიონის ზეგავლენით ჩამოყალიბებული ადგილობრივი მენიუ გალო-რომანული კულინარიული ტრადიციების შერწყმის მშვენიერი მაგალითია.
ბოჟოლეს მკვიდრნი აპერიტივად სიამოვნებით მიირთმევენ ბურგუნდიული შავი მოცხარის სასმელს Creme de Cassis, დიჯესტივის რანგში კი მაგარ ალკოჰოლურ Marc de Bourgogne-ს შეექცევიან. Epoisses de Bourgogne  - ასე უწოდებენ  აქაურ ყველთაგან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულს, რომელსაც მომწიფების პროცესში რამდენჯერმე გადაასხამენ სწორედ ამ Marc-ს. შედეგად, 10-20 სმ დიამეტრის მქონე ყველის თავებს ალკოჰოლის სასიამოვნო სურნელი დაჰკრავს.
ბოჟოლეს ღვინოები კარგად ეხამება ადგილობრივი ფრინველის კერძებს, რომელთაც ამავე ღვინოებით ამზადებენ. განსაკუთრებით ცნობილია "ქათამი ბრესულად" (poulet de Bresse), ასევე, "მამალი ღვინოში", იგივე "კოკ-ო-ვენი" (coq au vin). კლასიკური "კოკ-ო-ვენი" სამი დღის განმავლობაში მზადდება: საწყის ეტაპზე ხორცს ათავსებენ ღვინოში, შემდეგ კი ნელ ცეცხლზე სოკოს, ბეკონსა და სანელებლებთან ერთად შუშავენ. მიირთმევენ ახალგაზრდა ბოჟოლესთან ერთად.
"საქონლის ხორცი ბურგუნდიულად" - ასე ეწოდება კიდევ ერთ უგემრიელეს ადგილობრივ კერძს, რომელსაც ბოჟოლეში ჩაშუშული ხორცისგან ამზადებენ და მოხარშულ კარტოფილსა და ბოსტნეულის სალათთან ერთად მოგართმევენ. რეგიონალური მენიუს "ხორციან ნაწილთან" შეუცვლელია დიჟონური მდოგვი სხვადასხვა ვარიაციით - ძალიან ცხარედან ტკბილამდე.  ტრადიციული მენიუს აუცილებელი შემადგენელია ბაყაყის შემწვარი თათები. მათ ხელით მიირთმევენ, რომელსაც პერიოდულად ლიმნიან წყალში ისველებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სეზონური დელიკატესია: იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მდინარეები მდიდარია ბაყაყით, მათი დაჭერა მხოლოდ 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდეა ნებადართული. საამისოდ სპეციალური ლიცენზიაა საჭირო, ექსპორტირება კი საერთოდ აკრძალულია. ამ გზით იცავენ ადგილობრივნი ამ ძვირფას პოპულაციას.
კიდევ ერთი ეგზოტიკური კერძია ვენახის ლოკოკინა, რომელსაც ნივრის ზეთში სანელებლებთან ერთად ამზადებენ. ამ კლასიკურ ცხელ კერძს escargots à la Bourguignonne ჰქვია. ერთი .ულუფა 6-12 ლოკოკინისგან შედგება, რომელთაც სპეციალური ფიქსატორითა და ჩანგლით მიირთმევენ. ცივი საუზმეულიდან ფართოდაა გავრცელებული ლიონური ძეხვი, რომელსაც კარაქიან პურთან და წვნიან წითელ ბოლოკთან ერთად შეექცევიან.
 
ცოტა რამ ბოჟოლეს შესახებ
 
ბოჟოლეს ვენახების საერთო ფართობი 22 500 ჰექტარია. ღვინის წარმოების საშუალო წლიური მოცულობა - 180 მლნ. ბოთლი. წარმოების 99% გამეზე მოდის. რეგიონი 12 აპელასიონსა და 3619 მეღვინეობის რეგიონს მოიცავს. ამათგან ყველაზე დიდია ბრუიი (1316ჰა), ყველაზე პატარა - შენა (280 ჰა). ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები АОС ფლერიში იწარმოება. მათი საშუალო ღირებულება 7 ევრომდეა. თეთრი ღვინოები მხოლოდ АОС ბოჟოლე ბლანში მზადდება, ვარდისფერი - ბოჟოლესა და ბოჟოლე ვილაჟში.
ბოლო რამდენიმე წელია ბოჟოლეში ღვინის წარმოებაზე კონტროლი გამკაცრდა. სხვადასხვა ღონისძიებების შედეგად სასმელის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს. კმაყოფილნი არიან ტურისტებიც, რომელთაც რეგიონში ერთხელ ჩასვლის შემდეგ დაბრუნების სურვილი უჩნდებათ. ეს გასაკვირი არც არის: აქ ხომ ჰარმონიულადაა შერწყმული შესანიშნავი ღვინო, უგემრიელესი სამზარეულო და გულითადი მასპინძლობა. მეტი რა არის საჭირო სრული ბედნიერებისათვის?
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინისკლუბი/“Weekend“


xval dilit mivdivar bojoleobaze!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.