გამოქვეყნებულია: 7 იანვარი, 2010 - 19:12
კრებულიდან “საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” (2005)
მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველოც არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი სვამ, ტირი სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს. ღვინო აერთიანებს და აცალკევებს, ღვინო მალავს იმ დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებასა გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში.
საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრიდან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვდავია და მასზე ვერავინ ამბობს უარს. ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება, მაგრამ იქ იმას არ ნიშნავს, რასაც აქ. ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება, ისევე როგორც "ვეფხისტყაოსანში", თუმცა, "ვეფხისტყაოსანში" რატომღაც აღარ ეძებენ. მიზეზები ძნელი ჩამოსათვლელია, ერთ-ერთი ხომ მსუბუქად მიმოვიხილეთ. თუ ამას მიმოხილვა ჰქვია. (...)
(...) ამ გაზაფხულზე ერთი ხნიერი გაღმელი მწერალი იყო აქა. ადრე ვიცნობდი ამ მართლა კაი და დაფიქრებულ კაცს, რომელმაც თავისი ქვეყნისა ბევრი იცის და საინტერესოდაც განიხილავს. მისი ნათქვამი მისმა მასპინძელმა მიამბო: ენგურის სათავემდე მიუყვანიათ და იქ უთქვამს გრძნობამორეულს, ცხადია, ჭიქით ხელში: გაუმარჯოს ნამდვილ რამეებს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, წინწკლებიან კალმახს, ძროხის ნაკელს და ძმაკაცობასო.
მეც მანდა ვარ. ნამდვილი რამეების საკითხში. აქ ძალიან ბევრია ნამდვილი რამე. იოლად ვერ იტყვი, გვაქვს ის, რაც გვაქვსო, ვინაიდან სწორედ ის არ გვაქვს, არამედ სრულიად სხვა, უკეთესი და ნამდვილი. ოღონდ მიმალულია, ისევე როგორც ტარიელი, ასმათის გამოქვაბულში. (...)
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
თქვენი კომენტარი