Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აგუნა-ანგურა

ვერა ბარდაველიძე

ვენახის გაშენებისა და მოვლის რაციონალური ხერხების შემუშავების გარდა, მოსახლეობა ჩვენში ყურძნის უხვი მოსავლის უზრუნველსაყოფად ვენახსა თუ მარანში შესასრულებელ სარწმუნოებრივსა და მისნურ მოქმედებებს, ლოცვასა და მსხვერპლის შეწირვასაც მიმართავდა. ამავე მიზანს ემსახურებოდა მზიდადეგს გარკვეულ დღეებში ვენახში შესვლის აღკვეთა და სხვ.
ადამიანის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტის – შვილის დაბადებისა და ნათლობის, ნიშნობის, ქორწილის, დაკრძალვის, საოჯახო და საჯვარხატო დღესასწაულებისა და მისთანათა – აღნიშვნა მთისწინეთსა და ბარში ღვინით დალოცვისა და ღვინის დალევის გარეშე არ ხდებოდა. ეს, როგორც ჩანს, იქიდან მომდინარეობს, რომ ჩვენს ხალხს ღვინო "წმინდა” სასმელად წარმოედგინა. უღვინოდ არა თუ კაცი, ღვთაებებიც ვეღარ სძლებდნენ. ჩვენის აზრით სწორედ ეს რწმენა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რომ ღვთაებათა და წმინდანებისათვის ღვინის შეწირვის ჩვეულებამ ფართო გავრცელება მოიპოვა. მათთვის შეწირულ ღვინოს (და პურს) სპეციალური სახელი – ზედაშე ეწოდებოდა. ზედაშე შეეწირებოდა: სოფლის, საგვარეულოს და ახლო ნათესაური (ე.წ. საძმო-სახლისკაცობათა) ჯგუფებისა, თემისა, თუ ხევის უზენაეს "პატრონებსა” და მფარველებს. დამოწმებულია ზედაშეები – სამღვთო, საკალანდო, სამაისო, საჭაბუკო, სამგარი, შქვითური და სხვ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის და ღვინის კულტის წყალობით სათაყვანებელი გახდა მარანი. იგი "წმინდად” ითვლებოდა. აქ იკვლოდა შესაწირავი ცხოველი, ქორწილი თუ ნათლობა ხშირად მარანშივე ეწყობოდა.
მევენახეობის მფარველ ღვთაებათ ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში აგუნა ანუ ანგურა იყო მიჩნეული, რომლის კვალი უფრო მეტად გურიაში შემოინახა. საახალწლოდ ქართველები ყურძნის მოსავლის სიუხვისათვის საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა და ვაზი, ვაზისრქა თუ მტევანი, მტევანა ერქვა. გურიაში იგი კვერად ცხვებოდა და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, აგუნას პური ეწოდებოდა. ოჯახის უფროსი ვენახს ახალ წელს ულოცავდა და მსხვერპლის სახით აგუნას პურს ვაზთან გადატეხავდა ან მის რქაზე ჩამოკიდებდა (M 19, 81ნიშანი M აქ და ქვემოთ მიუთითებს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიი, სექტორის, საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების არქივის ხელნაწერებზე, ხოლო ციფრები – პირველი ხენაწერის ნომერზე და მეორე მის გვერდზე.).
ახალი წლის მეკვლე ანუ მეფერხე ნასადილევს ვენახში რომ წავიდოდა, ამ პურის გარდა მოხარშულ ღორის თავს ანდა მის ხორცშემოცლილ ქალას წაიღებდა: აქ იგი ღორის თავზე რისამე ცემა-ბაგუნით მაღლარს შემოუვლიდა და თან ხმამაღლა იძახოდა: "აგუნა, აგუნა, შემეიარე; ბახუას კარებთან გეიარე! ჩვენს ვენახში ასეთი (ხელში ბავშვს აიყვანდა) მტევანი, სხვის მამულში ნაფოტი და ფურცელი” (Т. Мамаладзе, Народные обычаи и поверья гурийцев, СМОМПК, вып. XVII, отд. II, стр 33-34). იმავე დღეს, საღამოთი, სახლის პატრონი დედაწულიანად ანთებული წმინდა სანთლებით მარანში შევიდოდა და საწნახელთან მივიდოდა. თან ღორის თავს, ღვინოსა და ხაჭაპურს მიიტანდა. აქ ცულს თუ თოხს აიღებდა, ყუით საწნახელს სცემდა და ხმამაღლა იძახდა: "აგუნა, აგუნა, ჩვენსკენ ჩემეიარე, ბახვსა და ასკანაზე გეიარე! ჩვენს ვენახებს სიკეთე მიეცი, სხვის ვენახში ფურცელი გაამრავლე” (Е. К. Накашидзе, Очерк виноградарства и виноделия в Гурии и Мингрелии. Сб. свед. по виноградарству и виноделию на Кавказе, вып. IV,  Тифлис, 1896, стр. 54.).
 
რაჭასა და ლეჩხუმში აგუნა ანგურად წარმოითქმოდა. ლეჩხუმში ვენახის საახალწლო მილოცვის წესი დილით ადრე იცოდნენ. როგორც კი "სახლის მეკვლე” ახალ წელს სახლსა და დედაწულს მიულოცავდა, ოჯახის ერთ-ერთი წევრთაგანი ვენახში წავიდოდა, მას გარშემო შემოუვლიდა და მაღალი ხმით დაიძახებდა: "ანგურამ ჩამეიარა ილითა და მილითა, ორშიმო და ხრიკითა. ჩვენი მამული ჩეიარა, წივი მეიტეხა, ღვინის ღვარი ააყენა, ისხა, ისხა, ისხა... გამოღმა ყურძენი, გაღმა ფურცელი (M22, 18). რაჭველებთან ანალოგიური წესი ახალი წლიდან ვნების კვირის ხუთშაბათს გადმონაცვლებულა და საამდღისო ბავშვების მიერ შესასრულებელ წესებს შერევია. დიდ ხუთშაბათს ბავშვები ვენახთან ცეცხლს დაანთებდნენ, ცეცხლსა და ვენახს სამჯერ შემოურბენდნენ, რკინებს ერთმანეთს ურაკუნებდნენ და ხმამაღლა გაიძახოდნენ: "ანგურა, ანგურა, ღმერთო, აშორე ჩვენს ვენახს სეტყვა, კოხი! ღმერთო, დაიცავი ჩემი მამული! ანგურა, ანგურა, არიწკინა, არიწკინა!”
ე. ნაკაშიძე თვლიდა, რომ კერპთაყვანისმცემლობის დროს ქართველებს აგუნა მიწის ნაყოფისა და სიუხვის მფარველად ჰყავდათ, ხოლო ბახვისა და ასკანას მევენახეობით ქებული გურიის სოფლების სახელები, ბახუსისა და ზოგი თქმულებით ბახუსისავე შთამომავლის, ენეასის ვაჟის ასკანიოსისაგან წარმომდგარა. გურული წესის მეორე აღმწერის ტ. მამალაძის აზრით, ბახუად ღვინისა და ლხინის ძველი ბერძნული ღმერთი ბახუსი უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო მეღვინეობის მფარველი ანგურას სახელი ვარაუდით იგივე, ოღონდ დამახინჯებული ღვინო იქნებაო (Т. Мамаладзе დასახ. თხზ., გვ. 34.).
შეიძლება ბახუად მართლაც ბახუსი იგულისხმებოდეს, ხოლო აგუნა მევენახეობა-მეღვინეობის მფარველი ძველი ქართული ღვთაება იყოს. უპირველეს ყოვლისა, სიტყვა აგუნა, თანაც სწორედ ამ ფორმით, გვხვდება ადიღეურ ნართულ თქმულებებში, სადაც ნართების ჯადოსნურ სასმელიან პატარა კასრს აღნიშნავს (Сказание о нартах богатырях у тата- горцев Пятигорского округа Терской области, СМОМПК, вып. I, отд. II – Тифлис, 1881г.,  стр. 33.). სპარსულში კი angùr ყურძენია (Dr. Th. Zenker – Turkisch arabisch-persisches Handwörterbuch, Leips, 1866, 108.). ეჭვი არ არის, რომ ამ სიტყვებს კავშირი აქვს ქართულ ღვინოსთან, ჭანურ ghini-სთან (ვიწური დიალექტი) (Н. Марр, Избр. работы, т. I, Л., 1933, გვ. 146, შენიშვნა I.), ზანურიდან ნასესხებ ახლაც ცოცხალ სომხურ gini-სთან (გ. წერეთელი, სემიტური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის, თბ. სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო სესია, მოხსენებათა კრებული (2-4/III, 46), თბილისი, 1947, გვ. 19). ი. ჰოფმანის აზრით ბერძნული oinos, ეოლ. Foinos, ღვინო oine ვენახი, oinas, athos ვენახი, ყურძენი, ღვინო, სომხური gini, ალბანური vĕne, ლათინური vinum ღვინო, აგრეთვე აბისინური wain, ებრაული jajin – ყველა მცირეაზიურ-კავკასიური წყაროებიდან მომდინარეობს (I. B.Hofmann, Ethymologisches Wörterbuch der Griechischen, München, 1950 стр. 228.). დაბოლოს, ნ. მარის მიხედვით, ქართული ღვინო იაფეტიდების ენობრივი შემოქმედების ნაყოფია და მთელი ევროპისა და წინა აზიის ხალხებმა იგი მათგან შეითვისეს (Н. Марр, დასახ. თხზ., გვ. 172.).
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
ძეგლის მეგობარი“, N16, 1968
 
 
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული