გამოქვეყნებულია: 9 ნოემბერი, 2010 - 08:05
ორ საუკუნეზე მეტია Riedel-ის სახელი "სწორ" სასმისთან ასოცირდება. "ყველაზე დახვეწილი, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ჰედონისტური თვალსაზრისით. შეუცვლელია მაღალი კლასის ღვინოებისთვის. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად უკეთ გრძნობს თავს კარგი ღვინო ამ ბოკლებში" - წერს რობერტ პარკერი, ღვინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ექსპერტი მთელს მსოფლიოში.
ამ ცნობილი ავსტრო-ჩეხური დინასტიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება. რიდელების პირველი საწარმო 1756 წელს ბოჰემიაში დაარსდა და მეათე თაობის მინის ოსტატებს ითვლის. სიახლის ძიება და ნოვატორული გამოგონებები ამ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. XX საუკუნის დასაწყისში რიდელებმა კეთილშობილ სასმელთათვის განკუთვნილი ბოკლების თანამედროვე კონცეფცია შეიმუშავეს: სასმისის დახვეწილი, მინიმალისტური ფორმები სრულ ჰარმონიაში იყო მათსავე ფუნქციონალურობასთან. თხელი ბროლისგან დამზადებული ჭიქები აბსოლუტურად განსხვავდებოდა მანამდე არსებული ყველა ნიმუშისგან. ყველაფერი კი კლაუს რიდელის გენიალური აღმოჩენით დაიწყო, რომელმაც პირველმა შეამჩნია, რომ სასმისის ფორმა და ზომა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მის გემოსა და არომატზე. ცოტა ხანში ეს იდეა სხვებმაც აიტაცეს, მაგრამ დღემდე მხოლოდ Riedel-Crystal-ის ერთ კოლექციაში შეიძლება იხილოთ განსხვავებული ფორმის 60-მდე სასმისი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სასმელისთვისაა განკუთვნილი.
K ამჟამად ფირმას გეორგ რიდელი უდგას სათავეში, ერთ-ერთი პოპულარული პერსონა ღვინის სამყაროში. მან კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა საგვარეულო კოლექცია და საფირმო სასმისებიც გაცილებით ხელმისაწვდომი გახადა. 1996 წელს ჟურნალმა DECANTER-მა იგი "წლის ადამიანად" დაასახელა. გეორგი ამ პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია. ამასთან, პირველი ევროპელი, რომლის მშობლიური ენა გერმანულია. "სასმისი ხსნის ღვინოს და აძლიერებს მას, როგორც დინამიკი – მუსიკას" - ამბობს გეორგ რიდელი. - სასმისში ღვინის ინდივიდუალობა ისახება. სწორად შერჩეული ბოკალი საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ ღვინო, მოუსმინოთ მას, გახსნათ და ჩაუღრმავდეთ."
რიდელების "სასმისის ფილოსოფია" თანდათანობით, წლების განმავლობაში რამდენიმე თაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ყალიბდებოდა. გეორგი ამ ცნობილი დინასტიის მეათე თაობის წარმომადგენელია. წინაპრების დიდება მძიმე ტვირთად არ აწევს, რადგან ცდილობს, წარსულით არ იცხოვროს. არადა, იქ ბევრი საინტერესო პიროვნებაა, მაგალითად, იოზეფ რიდელი, "ბოჰემიის მინის მეფე," ადამიანი, რომელმაც ბიჟუტერია მოიგონა. იოზეფს მინის წარმოებაში განსაკუთრებული შედეგებისთვის არ მიუღწევია. მის მთავარ დამსახურებად ფერადი მინის ტექნოლოგიის შემუშავება მიიჩნევა. იოზეფმა და მოგვიანებით, მისმა ვაჟმა, მინის სამყარო ფერთა არაჩვეულებრივი პალიტრით გაამდიდრეს, რამაც შემდგომ ამ სფეროს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ რიდელების თითოეულმა წარმომადგენელმა თავის ეპოქაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, გეორგისთვის იოზეფი ყველაზე პატივსაცემ პერსონად რჩება. მისი სურათი კაბინეტში უკიდია და მაგალითსაც მისგან იღებს.
შემდეგი რიდელი – ვალტერია, გეორგის ბაბუა, რომელმაც 1930-1940 წლებში პირველმა შექმნა უზარმაზარი კინესკოპი. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ეს ხელსაწყო გერმანელებს ჩაუვარდათ ხელში, შემდეგ მის შესახებ რუსებმა შეიტყვეს და შემქმნელის ძებნა დაიწყეს. იპოვეს კიდეც და თავის გუნდთან ერთად მოსკოვში ჩაიყვანეს. რიდელი იქ რუსებისთვის მუშაობდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შპიონაჟში დასდეს ბრალი და ციხეში ამოაყოფინეს თავი. ავსტრიაში მხოლოდ 1955 წელს დაბრუნდა.
O ომის შემდეგ ჩეხეთში განლაგებული ქარხნების ნაციონალიზაცია მოხდა. შედეგად, რიდელებმა ყველაფერი დაკარგეს, თუმცა ხელი არ ჩაუქნევიათ. 1956 წელს ვალტერმა და მისმა ვაჟმა სვაროვსკის დახმარებით ტიროლში ფაბრიკა შეიძინეს, რომელიც დღემდე მუშაობს.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი რიდელების დინასტიის აღზევებაში ვალტერის ვაჟმა, კლაუსმა შეიტანა. სწორედ მისმა რევოლუციურმა აღმოჩენამ ჩაუყარა საფუძველი სასმისების იმპერიას. რიდელის ლოგოტიპით დამშვენებული ღვინის ბოკლები დღესდღეობით ყველა სერიოზული ღვინის მოყვარულის კოლექციაშია, თუმცა თავის დროზე თანამედროვენი კლაუს რიდელის ნოვატორულ წამოწყებას ირონიით შეხვდნენ.
"დახვეწილი მინიმალიზმი" - ასე შეიძლება მოკლედ კლაუსის კონცეფციის დახასიათება. მისი მტკიცებით, თხელი მინა ღვინის სილამაზის წარმოჩენას უწყობს ხელს, ამიტომ რიდელების ბოკლები თხელი ბროლისგან მზადდებოდა. მათში მხოლოდ სამი ელემენტი ფიგურირებდა: საყრდენი, ფეხი და უშუალოდ ჭიქა.
1958 წელს კლაუს რიდელმა ბურგუნდიული Grand Cru-სთვის სპეციალური ჭიქა შექმნა: 1050 კუბური სანტიმეტრის მოცულობის სასმისი, რომელსაც "რიდელების მშვენიერი გიგანტი" უწოდეს. ბოკალი, რომელიც იმ პერიოდში ბევრისთვის სრულიად მიუღებელი იყო, დღეს ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება და ავტორის შედევრად მიიჩნევა.
1960-იან წლებში კლაუს რიდელმა მუშაობა დაიწყო და 1973 წელს წარმოადგინა ხელნაკეთი სასმისების სერია სახელწოდებით - "სომელიე," რომელიც დღემდე სასმისის ეტალონად ითვლება. მისი თითოეული ეგზემპლარი სრულიად ინდივიდუალურია და საოცარი ელეგანტურობით გამოირჩევა. თავდაპირველად ეს სერია მხოლოდ ორმა მოვაჭრემ "აიტაცა," თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მათმა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ამჟამად კოლექციაში 30-მდე ნიმუშია - თხელი ბროლისგან ხელით დამზადებული სხვადასხვა ფორმის სასმისი. 1977-78 წლებში მთელს მსოფლიოში დაიწყო რიდელების ბოკლების ბუმი, რომელიც დღემდე გრძელდება.
მომდევნო თაობა უკვე გეორგ რიდელია. 1973 წელი მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. პირველ რიგში, ეს იყო შეხვედრა სერია "სომელიესთან," რომლის განვითარებასაც იგი პირველივე დღიდან დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ამავე პერიოდში შევიდა საოჯახო ბიზნესშიც.
90-იან წლებში მათი ბოკლების მსოფლიო მასშტაბით გავრცელება ღვინის ბუმს დაემთხვა. რიდელები საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ და წარმატებამაც არ დააყოვნა. გეორგი ამ პროცესში 1996 წლიდან ჩაერთო. სწორედ მას ეკუთვნის ტერმინი - "სიამოვნების ინსტრუმენტი," ასე მონათლა რიდელების უმცროსმა წარმომადგენელმა უფროსი თაობის ნამუშევარი. დროთა განმავლობაში ეს ინსტრუმენტი სულ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ხდებოდა. თუ კლაუს რიდელის მიერ შექმნილ ბოკალს მხოლოდ ერთი საბაზო ფორმა ჰქონდა, დღეს ფირმის არსენალში 60-მდე სხვადასხვა ფორმის ჭიქაა. რასაკვირველია, ფორმათა მარაგი ამოუწურავი არ არის, თუმცა გარკვეული ნოუ-ჰაუები ჯერ კიდევ აქვთ. მაგალითად, დაამზადეს სპეციალური ჭიქა იაპონური ბრინჯის ღვინის, დაგინჯოსათვის. განზრახული აქვთ ბოკალის შექმნა კონკრეტულად ტეკილა-რეპოსადოსთვის. ბევრია შეთავაზება სხვადასხვა კომპანიისგან, რომლებიც სპეციალურად მათი სასმელისთვის სასმისის შექმნას სთხოვენ. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია.
რაც შეეხება სასმისების ახალ სერიას, ამჟამად მუშაობენ "რიდელ-რესტორნის" ხაზზე. შვიდი სხვადასხვა ბოკალი ცნობილი "ვინუმის" სერიის ზუსტი ასლია, თუმცა მათი შეძენა მყიდველს ნახევარ ფასში შეუძლია. კომპლექტში შედის: ერთი ბოკალი – წყლის, ორი – შამპანურის, სამი – წითელი და ერთიც – თეთრი ღვინისთვის. ეს ხაზი მთელს მსოფლიოშია პოპულარული და ნებისმიერი კარგი რესტორნის აუცილებელი ატრიბუტია.
ერთადერთი, რაზეც რიდელებს არადროს უფიქრიათ, არყისთვის განკუთვნილი ჭიქაა. მამის მსგავსად გეორგიც მიიჩნევს, რომ ეს თითქმის შეუძლებელია. ჯერ ერთი,Aარაყს ძალზე დაბალი ინტენსივობის სურნელი აქვს. მეორეც, მას ჩაციებულს სვამენ, რაც სრულად კლავს მცირედ არომატსაც კი. ამ სასმელის მთელი სიამოვნება ერთი გადაკვრით გამოწვეულ სითბოს "ტალღაშია", რიდელების სასმისის ფილოსოფია კი ღვინის, კონიაკისა და სხვა სპირტიანი სასმელების პატარ-პატარა ყლუპებით დაგემოვნებას გულისხმობს.
Gგეორგ რიდელი არ ფიქრობს, რომ მინის მწარმოებელი უსათუოდ კარგად უნდა ერკვეოდეს სასმელში, თუმცა მათი მიმართულების ფირმისთვის ეს აუცილებელია. ღვინო მისი ვნება, მისი ჰობია და ბედნიერია, რომ ეს გატაცება მის საქმიანობას უკავშირდება. რიდელების ტრადიციების გამგრძელებელი მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის აუცილებელია სამი კომპონენტის ერთობლიობა: ტალანტი, შრომისმოყვარეობა და იღბალი. საკმარისია ერთ-ერთმა გიმტყუნოს, რომ ვერაფერს მიაღწევ. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში თანხვედრა სრულია და რაც მთავარია, ხანგრძლივი. კარგა ხანია იღბალი მათკენაა. ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, ერთი ოჯახის ხუთ თაობას ასეთი წარმატებისთვის მიეღწიოს. თუმცა ამაზე ბევრს არ ფიქრობს. როგორც თავად ამბობს, უკან ყურება არ უყვარს. მისი ორიენტირი მომავალია და მთელი ძალისხმევა აქეთ აქვს მიმართული. "კარგად ვაცნობიერებ, რა სიმდიდრის მფლობელიც ვარ და ვცდილობ, დავიცვა ეს ყველაფერი, რათა მომავალ თაობას გადავცე" - მიიჩნევს გეორგ რიდელი. "განავითარე ის, რაც წინაპრებმა შენთვის შექმნეს" - ასეთია მისი დევიზი.
M"სასმისის არ უნდა გეშინოდეთ, იგი შექმნილია იმისათვის, რომ სიამოვნება მოგანიჭოთ – ამბობს გეორგი. – ჩვენ ვქმნით ბოკლებს მათთვის, ვისაც უყვარს სიამოვნების მიღება ღვინისგან. თუ თქვენ შეგიძლიათ ღვინით ტკბობა, სხვაობას აუცილებლად იგრძნობთ."
მოამზადა ნანა კობაიძემ
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი