Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2010 წელი "ღვინის კლუბთან" ერთად

ღვინის კლუბის თილისმა – ელიბო

ალეკო ცქიტიშვილი

„ღვინის კლუბი“ 2009 წლის აგვისტოში დაარსდა და სულ რაღაც წელიწადნახევარში უამრავი სასარგებლო საქმე გააკეთა. კლუბის ინტერნეტფორუმზე - forum.vinoge.com  არსებობს ამ საქმეების არასრული, მაგრამ ვრცელი ჩამონათვალი.ყოველკვირეული შეხვედრების, ლექცია-სემინარების, დეგუსტაციების, ექსპედიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქციების გარდა, კლუბის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ღვინოს და გემოვნებას უკავშირდება. მათ ახლა ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ 1 წლისა და 6 თვის წინ „ღვინის კლუბი“ არ არსებობდა.

თუმცა, მანამდე იყო გაზეთ „24 საათის“ რვაგვერდიანი ჩანართი „მარანი“, რომელმაც საქართველოში სათავე დაუდო თანამედროვე ღვინის ჟურნალისტიკას იმ სახით, რა სახითაც იგი დასავლეთში არსებობს. 2008 წლის აგვისტოს ომმა გაზეთისორწლიანი ისტორია დროებით შეაჩერა.თუმცა, შეჩერდა მხოლოდ მისი ბეჭდვა. "მარანის" ჯგუფი ინტერნეტსივრცეში მაინც აგრძელებდა არსებობას ბლოგზე www.vinoge.com. ძირითადად სწორედ ამ ბლოგის ფორუმზე გაიცნეს ერთმანეთი "ღვინის კლუბის“ მომავალმა წევრებმა, დაახლოვდნენ და ბოლოს ბლოგის ავტორმა, მალხაზ ხარბედიამ კლუბის შექმნის იდეაც გაახმოვანა.

2009 წლის აგვისტოში "ღვინის კლუბი" იურიდიულად გაფორმდა და გარშემო სრულიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შემოიკრიბა- ჟურნალისტები, იურისტები, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, არქეოლოგები, ლიტერატორები, მეღვინეები, ფერმერები... მათ საერთო ინტერესები აერთიანებთ - ვაზი, ღვინო და კულინარია. სწორედ ეს ინტერესებია ასახული "ღვინის კლუბის" მიზნებშიც: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.

"თუ გნებავთ გაიგოთ, რა არის ნამდვილი ღვინო, უნდა წახვიდეთ საქართველოში!" - განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ღვინის ნეგოციანტმა, ნატურალური ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქსელის - "ველიერის" მფლობელმა და პრეზიდენტმა ლუკა გარგანომ "ღვინის კლუბის" ეგიდით ჩატარებულ პირველ ლექციაზე. ეს კარგი დასაწყისი იყო კლუბისთვის, რომელიც 2009 წლის ოქტომბრიდან სისტემატიურად ატარებს ღია ლექცია-სემინარებს. ამ შეხვედრებზე მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს მევენახეობა-მეღვინეობასთან ან კულინარიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე. ლექცია-სემინარებს თავიდან "კავკასიური სახლი" მასპინძლობდა, შემდეგ აუდიტორია გაიზარდა და კლუბს შედარებით დიდი დარბაზი "საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ" დაუთმო.

2010 წლის გაზაფხულიდან გაზეთმა "24 საათმა" ახლა უკვე "ღვინის კლუბთან“ ერთად განაახლა გაზეთ "მარანის" გამოცემა ყოველკვირეულ Weekend-ში.წლის განმავლობაში 30 ნომერი გამოიცა, სადაც თქვენ უკვე გაეცანით მრავალ საინტერესო სტატიას, რომელთა უმეტესობას კლუბის აქტიურობა უდევს საფუძვლად. გაზეთი "მარანი" ახლა "ღვინის კლუბისა" და საზოგადოების შეხვედრის მთავარი ადგილია.  

ჩემთვის, როგორც ამ გაზეთის ერთ-ერთი ავტორისთვის და "ღვინის კლუბის" წევრისთვის, ყველაზე საინტერესო საქართველოს რეგიონებში მოწყობილი ექსპედიციები გახლდათ. ზაფხულში ვეწვიეთ გურიას - საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ წამყვან რეგიონს, რომელმაც კომუნისტური მმართველობის წლებში აუნაზღაურებელი ზარალი მიიღო. წითელი საუკუნედან მას შემორჩა მეღვინეობისთვის უვარგისი ჰიბრიდული ჯიშის – ადესას (იზაბელას) კულტი და ვენახების ნაცვლად გაშენებული ჩაისა თუ თხილის პლანტაციები.

გურიაში ექსპედიციამ ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანებში აღწერილი ექსპედიციები მომაგონა, როცა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ეძებენ და ბოლოს პოულობენ კიდეც. ჩვენ ვაზის ლეგენდარულ გურულ ჯიშებს ვეძებდით - ჩხავერს, ჯანს, სხილათუბანს, საკმიელას, ჭუმუტას, კამურს... და ვიპოვეთ! გურიაში ახლა ყველაფერი თავიდან იწყება - რამდენიმე ენთუზიასტი ამ ჯიშებს კარდაკარ ეძებს და ამრავლებს. ანდრო ვაშალომიძე, თეიმურაზ შარაშიძე, ზურაბ თოფურიძე, რეზო პატარავა, გიგლა ბორჩხაძე და სხვა გულანთებული გურულები "მარანმა" უკვე გაგაცნოთ ამ ექსპედიციის შედეგების მიმოხილვაში.

არანაკლებ დიდი ისტორია ჰქონდა მესხეთისა და სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობას. ვაზის მესხური და მეგრული ჯიშებიც უძველეს ჯიშებად ითვლებიან. "ქართველი კაცი ზარმაცია" - ეს მითი ერთბაშად ქრება, როცა მესხეთის მთაგორიანი ლანდშაფტისა და მკაცრი კლიმატის პირობებში გაშენებულ ოროკებს - გორებზე შეფენილ ტერასებს ხედავ. ახლა აქ ვაზი თითქმის აღარსადაა, თუ არ ჩავთვლით თითებზე ჩამოსათვლელ ასწლოვან ეგზემპლარებს, რომელთა სახელიც ზოგჯერ არავის ახსოვს. მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება ნულიდან უნდა დაიწყოს.

სამეგრელოში ვითარება ოდნავ უკეთესადაა. აქ ჯერ კიდევ საკმარისად არის სახელგანთქმული ოჯალეში. მარტვილისა და სალხინოს მამათა მონასტრებში კი დაწყებულია უძველესი ტრადიციებისა და ჯიშების აღორძინება.

უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ქართული ჯიშების მოძიებას და მევენახეობა-მეღვინეობაში დაბრუნებას რამდენიმე წელია, ხელს უწყობს ენთუზიასტი მეცნიერი ლევან უჯმაჯურიძე. რამდენიმე წლის წინ მან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთებში დაცული უნიკალური ჯიშები კერძო კომპანიის - "ქინძმარაულის მარნის" ნაკვეთში გადაიტანა. მოგვიანებით კი დააარსა "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი", რომლის მთავარი სამოღვაწეო ასპარეზი ახლა საგურამოშია. აქ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე, მეცენატების დახმარებით, ქართული ვაზისა და ხეხილის ჯიშების უნიკალური კოლექცია შეიქმნა. ცოტა ხანში, როცა "მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის" საკოლექციო ნაკვეთები ქაოსურ პრივატიზაციას შეეწირა, აღმოჩნდა, რომ საგურამოში კოლექციის გაშენება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათეულობით ვაზის ქართული ჯიში, უბრალოდ, გაქრებოდა.

ლევან უჯმაჯურიძე "ღვინის კლუბის" წევრია. იგი კონსულტაციას უწევს და ჯანსაღი, უვირუსო ნერგებით მომარაგებას ჰპირდება კლუბის რამდენიმე წევრს, რომლებმაც ბაკურციხეში მივიწყებული კახური ყურძნის ჯიშების გაშენება დაიწყეს. გარდა ამისა, ამ შემოდგომაზე საგურამოს საკოლექციო ნაკვეთში ერთად დავკრიფეთ 25-მდე იშვიათი ქართული ჯიშის ყურძენი. მომავალ წელს "ღვინის კლუბი" აპირებს სპეციალისტებს წარუდგინოს დავიწყებული ღვინოები, რომლებიც უიშვიათესი ჯიშებიდან დაიწურა. ზოგიერთი მათგანის ღვინის გემო უკვე აღარავის ახსოვს.

8 მაისს სწორედ ვაზის იშვიათ ქართულ ჯიშებზე აქცენტით წარიმართა "ახალი ღვინის ფესტივალი" თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში – ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით. ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია, არსებობს მთელ მსოფლიოში, მაგალითად: საფრანგეთში – Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello. საქართველოში კი ასეთი ფესტივალი "ღვინის კლუბმა" წელს პირველად ჩაატარა. ფესტივალის მთავარი პირობა იყო ახალი მოსავლის, ანუ 2009 წლის ღვინოების გაცნობა საზოგადოებისთვის. ფესტივალის წინ კლუბის წევრები პირადად ჩავიდნენ საქართველოს რეგიონებში და ოჯახური მარნებიდან საუკეთესო ღვინოები შეარჩიეს. ამდენად, მსხვილი კომპანიებისა და საშუალო თუ მცირე მარნების გარდა, ფესტივალში ოჯახებიც მონაწილეობდნენ. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ უამრავ ადამიანს საშუალება ჰქონდა, დაეგემოვნებინათ 2009 წლის მოსავლის ღვინოები ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან: „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა.შ.

შემოდგომაზე "ღვინის კლუბი" შეუერთდა "თბილისობას" აქციით - "შემოდგომა "ღვინის კლუბთან" ერთად". აქაც მნიშვნელოვანი აქცენტი იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებზე გაკეთდა. ამავე დროს, კლუბი შეეცადა, საზოგადოებისთვის მცირეოდენი ორიენტირი მიეცა ქართული ღვინისა და კერძების შეხამების მიმართულებით. იყო მწვადიც, მაგრამ არ იყო "თბილისობისთვის" ესოდენ პრობლემატური ღრეობა. აქციის შემოსაზღვრული არეალი გურმანთა შეხვედრის ადგილად იქცა. აქ ნახავდით ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ცოტა ხნის წინ დაგემოვნებულ ღვინოებზე.

გასული წლის განმავლობაში გაზეთი "მარანი" პერიოდულად აქვეყნებდა ვრცელ მიმოხილვებს "ღვინის კლუბის" დეგუსტაციების შესახებ. პირველი დეგუსტაცია რესტორან "პურის სახლში" ქართული მეღვინეობის სიამაყეს - "საფერავს" მიეძღვნა. შემდეგ იყო – იშვიათი ღვინოების დეგუსტაცია მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, სადაც იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშებით დამზადებული ღვინოების პოტენციალი გამოცდილ მეღვინეებთან და მეცნიერებთან ერთად შეფასდა. მომდევნო სამ დეგუსტაციას კი რესტორანმა "დაინინგ რუმმა" (The Dining room) უმასპინძლა, სადაც კლუბის წევრებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა 10 ივლისს დააგემოვნეს ზაფხულის ღვინოები (ქართული ვარდისფერი ღვინოები და "ტვიშები"), შემოდგომის მიწურულს - "მუკუზნები", სულ ახლახანს, ახალი წლის წინა დღეებში კი - ცქრიალა ღვინოები. წელიწადში ხუთი დეგუსტაცია, თავისი მიმოხილვებით, რჩევებით, საზოგადოებისთვის რეკომენდებული საუკეთესო ღვინოებით, ცოტა ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი დეგუსტაციების ტრადიცია საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. თანაც, "ღვინის კლუბის" დეგუსტაციების მიზანი მომხმარებლის მხარდაჭერაა, რისთვისაც კლუბს სადეგუსტაციო ნიმუშები კომპანიების საცავებიდან კი არ მოაქვს, არამედ სარეალიზაციო ქსელში თავად ყიდულობს.

2011 წელს "ღვინის კლუბს" გურმანებისთვის ბევრი სიურპრიზი აქვს ჩაფიქრებული, რაზეც ახლა წინასწარ არაფერს გეტყვით. აქედანვე იწყება მზადება "ახალი ღვინის ფესტივალისთვის", რომელიც უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და ყოველი მაისის მეორე შაბათს გაიმართება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაგეგმილია ექსპედიციები აჭარაში, ლეჩხუმში და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სხვა მნიშვნელოვან რეგიონებში. ცხადია, გაგრძელდება ლექცია-სემინარები, რომელიც მუდამ ღიაა ყველასთვის, ვისაც ქართული ვაზისა ღვინის ბედ-იღბალი აღელვებს. დეგუსტაციები კი ჯერჯერობით მხოლოდ "ღვინის კლუბის" წევრებისთვისაა და თუკი ვინმეს სურს მასზე დასწრება, კლუბში გაწევრიანებაზე უნდა იფიქროს.

"ღვინის კლუბი" გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე კარგს და სულ რაღაც რამდენიმე დღით გემშვიდობებათ.

© ღვინის კლუბი/Weekend



მოგესალმებით, გილოცავთ შობა-ახალ წელს,წარმატებებს ვუსურვებ ღვინის კლუბს თავის საქმიანობაში. ხომ ვერ გვეტყვით, როგორ და რა პირობებით შეიძლება კლუბში გაწევრიანება? ექციებსაც რომ ატარებთ, თუ აცხადებთ ამის თაობაზე სადმე?


დიდი მადლობა, მეც გილოცავთ. ღვინის კლუბის წევრობისთვის უნდა გამოაგზავნთ ჩვენს მეილზე მიმართვა kharbedia@yahoo.com, გამოგიგზავნით ანკეტას, მიზნებს და ა.შ. ლექციების შეს. და სხვა ახალ ამბებზე ყველა კლუბის წევრს ავტომატურად მისდის მეილი. ანდა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=312&pid=25913&st=1890&#entry... ან ფეისბუკზე: http://www.facebook.com/#!/group.php?gid=192856932037

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.