Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორიოდე სიტყვა ქართულ მარანზე

გიორგი ბარისაშვილი

მარანი ქართული წარმოშობის სიტყვაა! სულხან-საბას სიტყვის კონაში ვკითხულობთ: „მარანი-საღვინე სახლი“.როგორც ვხედავთ საკმაოდ მწირი განმარტებაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ორ სიტყვაში საოცარი სიზუსტითაა გადმოცემული განმარტებული ტერმინის რაობა. თუ დავუფიქრდებით სიტყვა „სახლს“,იგი არისადამიანისმუდმივად საცხოვრებელი ადგილი და ალბათ სულხან-საბაცთავის ამ მოკლე განმარტებაში სწორედ იმას გვეუბნება, რომ მარანი არის ღვინის, როგორც ცოცხალი არსების საცხოვრებელი ადგილი და სახლი. მართლაც და ღვინოს ხომ ადამიანის მსგავსად ახასიათებს: დაბადება, სიჭაბუკე, ჭარმაგობა, სიბერე, სიძაბუნე და სიკვდილი. არც ერთი სხვა რომელიმე პროდუქტი განვითარების ასეთ სტადიებს არ გადის. ეს ყოველივე ადამიანის მსგავსად მხოლოდ ღვინოს ახასიათებს. სულხან-საბა ღვინოს განიხილავს, როგორც ცოცხალ არსებას, ხოლო,როგორც ყოველ ცოცხალ არსებას, მათ შორის ღვინოსაც ესაჭიროება თავისი სახლი, საცხოვრებელი ადგილი. აი სწორედ ასეთ ადგილად გვევლინება მარანი. რაც შეეხება თავად სიტყვის ეტიმოლოგიას, აქ ალბათ თავიანთი მოსაზრება ენათმეცნიერებმა და მკვლევარებმა უნდა გამოთქვან. ჩვენ კი აღვნიშნავთ ერთს, რომ ძალზე საინტერესო და ყურადსაღებია სიტყვების: „მარანი“, „მარხვა“, „სამარე“,„მარაგი“ თუ „მარ-ის“ მსგავსება და ურთიერთკავშირი. ჩამოთვლილი სიტყვები უთუოდ ერთმანეთთან უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, სიტყვა მარანი უნდა აღნიშნავდეს იმ შინაარსის მატარებელ სიტყვას, სადაც ღვინოშენახული, ანუ და-მარ-ხულია და მო-მარ-აგებულია...

            ქართული მარნის არქიტექტურის სახით,შეიძლება ითქვას, რომ ძალზე მრავალფეროვან და საინტერესო მემკვიდრეობას ვფლობთ. მარნის მოწყობა და არქიტექტურა საქართველოს კუთხეების მიხედვით იცვლება. განსხვავებას ვხვდებით ქართლ-კახურსა და იმერულის, რაჭა-ლეჩხუმისა თუ გურია-სამეგრელოს მარნებში... ზოგადად კი, საქართველოში ვხვდებით: მარანს, როგორც ცალკე, დამოუკიდებელ ნაგებობას, იგი საქართველოს კუთხეების მიხედვით შეიძლება იყოს, როგორც ქვითკირისა თუ აგურის(ქართლ-კახეთი), ისე ხისგან ნაშენი(დასავლეთ საქართველო); იმერული ღია-ჭურისთავები, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე ნაგებობა და ქვევრები ღია ცისქვეშაა ჩაყრილი; საცხოვრებელი სახლის ფართში მოწყობილი თუ სახლზე მინაშენი მარანი; ზოგადად დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ზურგიანი, ანუ სამკედლიანი მარანი; თავდაცვითი ნაგებობის, კოშკისა თუ ციხის პირველ სართულში მოწყობილი მარანი; გამოქვაბულში მოწყობილი, ანუ კლდეში ნაკვეთი მარანი და ტაძარზე მინაშენი მარანი, რომელიც წარმოადგენს ტაძრის „ნავს“. ტერმინ „მარანს“ კომპოზიტის სახითაც შევხვდებით ქართულ ენაში, როგორებიცაა ჭურ-მარანი, ქვევრ-მარანი, ბეღელ-მარანი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელ ორსართულიან ნაგებობას, რომლის პირველ სართულზე მარანია მოწყობილი, ხოლო მეორე სართულზე ოთახია სურსათის შესანახად, ვკითხულობთ ქართული ეთნოლოგიის ლექსიკონში. აფხაზურ ენაში გვხვდება ტერმინი „ავცარა“, რომელიც წარმოადგენს ღია ცის ქვეშ, სახლის გვერდით, ჩრდილოეთის მხრიდან ჩაყრილ ქვევრებს, ანუ იგივე „ჭურისთავებს“.

ქართული მარნის არქიტექტურაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, მაგრამ ზედმეტად არ მივიჩნევთ ორი სიტყვით კვლავაც დავუბრუნდეთ ამ თემას და მოკლედ გავნიხილოთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარისათვის დამახასიათებელი მარნის ტიპები, ხოლო სანამ მათ განხილვაზე გადავიდოდეთ, ერთსაც დავამატებთ, რომ ქართული მარნის არქიტექტურის, მისი ჭურჭლისა, თუ იარაღ-ინვენტარისა და ამ ყოველივეს ტერმინოლოგიის სახით საქმე გვაქვს არა ერთსა და ორ, არამედ ათეულობით ტერმინთან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის არა სხვა ენებიდან ნასესხები, არამედ ქართულ წიაღში დაბადებული სიტყვები, რომლებიც უზუსტესი განმარტებებით გადმოსცემენ ხსენებულტერმინთა რაობასა და შინაარსს. ამას ემატება ისიც, რომ ქართულ ენაში არაერთი დიალექტია - გურული, კახური, ქიზიყური, ინგილოური, მეგრული, ლაზური, ქართლური თუ სხვათა სახით და აქედან გადმომდინარე ხშირად ჩვენ ვხვდებით ამა თუ იმ, ერთსა და იმავე საგნის სახელის რამოდენიმე ვარიაციას.

   ასე და ამგვარად, საქმე გვაქვს ქართული მარნისა და მისი შემადგენელი კომპონენტების დიდ მრავალფეროვნებასთან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის არქაულობასა და უნიკალურობას, რომელი ფენომენიც აქ, ამ ადგილას დაიბადა და ჩამოყალიბდა საუკუნეების წინათ. მართალია, ქართულ ენაში არსებობს უცხოეთიდან შემოსული, მევენახეობა–მეღვინეობის არაერთი ტერმინიც, მაგრამ ეს ყოველივე განაპირობა არა იმან, რომ ჩვენს ენაში არ მოიძებნა მათი შესატყვისი და ამრიგად იგი ღარიბი ენაა, არამედ სხვა ფაქტორებმა, როგორებიცაა, მაგალითად ჩვენი კულტურის ახლო და მჭიდრო კონტაქტი სხვა, განვითარებული ერების კულტურებთან; ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ დამპყრობლების მიერ და სხვ. თუმცა ქართული ენაც არ დარჩენილა სხვა ენებსა თუ ერებს ვალში და თუკი სხვები ძალზე ხშირად ცდილობდნენ საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურის ამოძირკვასა და მოსპობას, ამის საპირწონედ, ჩვენ ამ ყველაფერს ვნერგავდით კიდეც მაშინდელ ცივილიზაციებში. დიახ, ჩვენ მსოფლიოს ვაზი და ღვინო ვაჩუქეთ! მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ქართულ მარანსა და მის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, მკითხველისათვის გასაგები იქნება, რომ წინამდებარე წერილი ქართული მარნის თემას ვერანაირად ვერ ამოწურავს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ამ უკანასკნელის სახით, საქმე გვაქვს ძალზე მრავალფეროვან და მრავლისმომცველ საკითხთან.

დავიწყოთ შედარებით მარტივი მარნის ტიპით. ესაა ე.წ. ღია მარნები, ანუ „ჭურისთავები“. მარნის ასეთი ტიპი ძირითადად იმერეთში გვხვდება, თუმცა მათ შესაძლოა შევხვდეთ ზოგადად დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სხვა რეგიონებშიც. იმერული ღია ჭურისთავები, როგორც ამას თავად მარნის ტიპის დასახელება გვეუბნება, ღია ცის ქვეშაა მოწყობილი, რომელზეც იშვიათად ვაზის ხეივანია გამართული, ხოლო უფრო ხშირად ჭურისთავებზე საჩრდილობლად დარგულია ძირითადად კომშის ხეები, რომელთაც თვიდანვე თავისებურად სხლავენ, რადგან ხის ჩრდილი მაქსიმალურად დაჰყურებდეს ქვევრებს. შესაძლოა მზის სხივებისა და წვიმისაგან დაცვა სხვა, რომელიმე ჯიშის ხეს უკეთ შეუძლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ხის ფესვებმა შესაძლოა ქვევრები დააზიანონ, რისი არაერთი პრაქტიკული მაგალითიც არსებობს. კომშის ხის ფესვები კი ქვევრებს ამგვარ რისკს არ უქმნის. ამის გარდა, ზაფხულ-შემოდგომაზე ახლად გარეცხილ ქვევრს, მისი სუნის გასაკეთილშობილებლად საბოლოო რეცხვის შემდეგ მოავლებენ კომშის ფოთლების ნახარშ წყალს. პრაქტიკაში მიღებულია გარეცხილ ქვევრზე თავად კომშის მწიფე ნაყოფის წასმაც. იმერეთში რთველი, ყურძნის დაწურვა და „მაჭრობა“ კომშის სიმწიფის პერიოდს ემთხვევა. ეს ორი პროდუქტი კი ერთმანეთს გემოვნური თვალსაზრისით ძალიან კარგად ეხამება. ჭურისთავებზე სამარნე იარაღ-ინვენტარი თუ ჭურჭელი არ ინახება. ამისათვის იყენებენ სხვა სამეურნეო დანიშნულების მქონე ნაგებობასა თუ ფარდულს. ამგვარი სახის მარანში ქვევრების ჩასაყრელად ირჩევა არა დაფერდებული, არამედ შეძლებისდაგვარად ვაკე ადგილი, რათა წვიმის ნიაღვარმა ჭურისთავებზე არ იაროს.

მეორე ტიპის მარანი, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გვხვდება, ესაა ზურგიანი, ანუ სამკედლიანი მარანი. ამგვარი მარანი გადახურულია და აქ ინახება საწნახელი, არყის გამოსახდელი ქვაბი, ყურძნის საჭყლეტი, ჭაჭის წნეხი და მარნის სხვა იარაღ-ინვენტარი თუ ჭურჭელი. აქვე წარმოებს ყურძნის დაჭყლეტვაც, საიდანაც ყურძნის ტკბილი საწნახლის ღარის ან თაღარის საშუალებით ხვდება ქვევრებში. ამგვარ ნახევრადღია მარანში ქვევრების განყოფილება ძირითადად მარნის გარეთ, ღია ცისქვეშაა, თუმცა ეს ორი განყოფილება ერთმანეთზეა მიბმული და მათი ცალ-ცალკე განხილვა არ იქნებოდა მართებული. მარნის ამგვარი ტიპის მშენებლობა განპირობებულია ძირითადად ადგილობრივი კლიმატით. სამკედლიან მარანს ზურგის კედელი უშენდება საქარე მხრიდან, რათა ზამთრობით და შემოდგომობით მარანში ქარმა თოვლის ნამქერი და ჩამოცვენილი ფოთლები არ შეიტანოს. ამგვარ მარანს, როგორც წესი, ქვითკირის ან აგურის კედლები აქვს, მაგრამ იშვიათად მას შესაძლოა გააჩნდეს ფიცრული კედლები. ძველ ქართულ წყაროებში ვხვდებით ერთ საინტერესო ტერმინს, ესაა „სასაწნეხლოი“. აკად. ივ. ჯავახიშვილის მეხუთე ტომში (მეღვინეობა, გვ. 638) ამის შესახებ ვკითხულობთ ერთ საინტერესო ცნობას, რომელიც მიეკუთვნება XI საუკუნის წყაროს.

მეტეხარას დავდგი სასაწნეხლოი ქვითკირი :ა: და შიგან ყურძნისა საწნეხი ქვითკირი :ა: და შეშისა საწნეხელი :ა:“.

„ზნაკუას შევქმენ სასაწნეხლოი ქვითკირი :ა: და შიგან ყურძნისა საწნეხი :ბ: და შეშისა საწნეხელი :ა: “.

„ხივშს... დავდგი სასაწნეხლე ქვითკირი :ა: და შიგან ყურძნისა საწნეხი ქვითკირი :ბ: და შეშისა საწნახელი  :ა:“.

„ამ სამივე ცნობის გამონათქვამთა სრული ერთგვარობა საყურადღებოა და იმის მომასწავებელი უნდა იყოს, რომ აქ მაშინდელ მეღვინეობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის ზედმიწევნითი ანარეკლი უნდა გვქონდეს. ზემოთმოყვანილთაგან ირკვევა, რომ სასაწნეხლოი დაბადების ქართველი მთარგმნელებისაგან დედნის ტერმინის გადმოსაცემად ხელონურად შეთხზული ტერმინი კი არა, არამედ საქართველოს მეღვინეობის ტექნიკის ერთი ტერმინთაგანი ყოფილა. სახელდობრ, სასაწნეხლოი იმ შენობის სახელწოდება იყო, რომელშიც („შიგან“) საწნეხი და საწნეხელი მდგარა. სამივე სოფელში ნიკორწმინდელს „სასაწნეხლოი ქვითკირი“ დაუდგამს. რაკი მას ამ გარემოების საგანგებოდ აღნიშვნა საჭიროდ დაუნახავს, იმის მომასწავებელი უნდა იყოს, რომ სასაწნეხლოი ყოველთვის და ყველგან ქვითკირისა არა ყოფილა, არამედ საფიქრებელია, სხვა მასალისაგან კეთდებოდა. სასაწნეხლოი, მაშასადამე შენობის სახელია.“     

როგორც ვნახეთ,სასაწნეხლო წარმოადგენს შენობას, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც ქვითკირის ისე ფიცრული, სადაც დგას საწნახელი და ყურძნის ჭაჭის წნეხი, თუმცა სასაწნეხლოში, ისე, როგორც იმერულ ზურგიან, ანუ სამკედლიან მარანში,ქვევრები არაა.  

შემდეგი ტიპის მარანი, რომელიც ძირითადად ქართლ-კახეთის მხარისათვისაა დამახასიათებელი, ესაა ცალკე, დამოუკიდებლად მდგარი მარანი. ასეთი მარნის ტიპის კლასიკურ მაგალითად შეიძება ჩაითვალოს ქართლში, სოფელ საგურამოში თადეოზ გურამიშვილის მარანი სამი საწნახელითა და სამი ბუხრით, რომელიც ამავდროულად მეცხრამეტე საუკუნის ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლია. ასევე ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მდგარი ჭავჭავაძეებისეული მარანი. ამგვარ მარანს გააჩნია ფართე, ძირითადად ორფრთიანი კარები, რამოდენიმე ვიწრო სარკმელი, ხშირ შემთხვევაში არა ერთი, არამედ ორი (იშვიათად სამიც) შემაღლებულ ადგილას დადგმული საწნახელი და ასევე სასანთლე ნიშები, რომლებიც მარნის შიდა კედლებშია გამოყვანილი მარნისავე გასანათებლად. ასეთ მარნებს ხშირად აქვთ სათოფურებიც და რაც მთავარია აქ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ვხვდებით ბუხარს, რომელსაც ქართულ მარანში არაერთი დატვირთვა აქვს და რომელ საკითხსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავუბრუბდებით. მარანი, როგორც დამოუკიდებლად მდგარი შენობა, როგორც წესი, მართკუთხა ფორმისაა და ხშირად მას გააჩნია არა ერთი, არამედ ორი კარი, ერთი შედარებით დიდი, ყურძნისა და მარნის ინვენტარისა თუ ჭურჭლის შესატანად და მეორე, შედარებით მცირე, პერსონალისათვის.

ძირითადად ქართლ-კახეთში და ასევე საინგილოში ვხვდებით მარნის კიდევ ერთ ტიპს. ესაა უშუალოდ საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ან მასზე მინაშენი მარანი. თუმცა ამგვარ მარანს შესაძლოა საქართველოს სხვა კუთხეებშიც შევხვდეთ. ასეთი მარანი, როგორც წესი,გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებითაც, სადაც გარდა ღვინისა, ინახება ასევე ბოსტნეული, ხილი და სხვ. საცხოვრებელ სახლში მოწყობილი მარანი, თუკი მას არ უკავია მთელი პირველი სართული, ძირითადად გვხვდება სახლის შიდა მხარეს, სადაც უფრო მეტი სიგრილეა.მას უმთავრესად გააჩნია საკმაოდ მცირე ზომის სარკმელი. ასეთ მარანში სიგრილის გამო ღვინო საკმაოდ კარგად და ხანგრძლივად ინახება. ხოლო თუკი მარანი საცხოვრებელზეა მიშენებული,ასეთ შემთხვევაში ამისათვის ირჩევენ უმთავრესად ჩრდილოეთის მხარეს. ასეთი ტიპის მარნის შესახებ ერთობ საინტერესო ცნობას ვკითხულობთ ჟურნალ “ძეგლის მეგობარში” (1984, №68) გამოქვეყნებულ სტატიაში, „არტოზანის სამონასტრო კომპლექსი“(ავტორი ც. ჩიკოიძე). საქმე ეხება ტაძრის სიახლოვეს აღმოჩენილ და განათხარ მარანს, რომელიც ორსართულიანი სახლის პირველ სართულზეა მოწყობილი და თავისი რეკონსტრუქციისა და იქვე აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმის საფუძველზე XVI-XVII სს. თარიღდება.  

„...ყურადღბა გვინდა შევაჩეროთ მარნის კომპლექსზე. მარანი ოთხკუთხა დარბაზია ჩრდილოეთის მხრიდან გაჭრილი კარით. ჩრდილოეთის კედელში ერთ–ერთი თავდაპირველი პილონის ადგილას ბუხარია გამართული. სამივე კედელზე საწნახელია მიდგმული. საწნახლები აშენებულია რიყის ქვითა და კირით. შელესილია და შუაში ღია კერამიკული ღარი აქვს ჩაყოლებული. დასავლეთისა და აღმოსავლეთის საწნახელები დარბაზის მთავარი ნაწილისაგან კედლითა და კარებითაა გამოყოფილი. მათი თიხის მილსადინარები დარბაზის ჩრდილო კაპიტალური კედლის გარეთ გადის. დარბაზის ცენტრალურ ნაწილში ჩადგმულ საწნახელთან აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან აშენებულია ორი აუზი, რომელთაც წვენის სადინარი არ გააჩნიათ. საწნახლის გვერდითა აუზები ხშირად გვხვდება მარნებში, მაგ. პანკისის ხეობაში, გუდარეხში და სხვა, მაგრამ აღნიშნული აუზები საწნახელს თიხის მილებით უკავშირდება და ისინი აშკარად ტკბილის დაგროვებისა და დაწრეტისათვის იყო განკუთვნილი. არტოზანის მარნის აუზები ამ ფუნქციისათვის გამოუსადეგარია, ამიტომ საფიქრებელია, რომ ისინი ყურძნის მარაგის დროებით შესანახად გამოიყენებოდა. მარნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის გაგრძელებაზე გაითხარა 5 მ. სიგრძის კედელი, რაც ნახევრად ღია ფარდულის არსებობას გვავარაუდებინებს, რომელშიც ქვევრები უნდა ყოფილიყო ჩაფლული. ამრიგად, არტოზანის მარანი კომბინირებული ტიპისაა, სადაც ღვინის დამუშავებასთან ერთად ხდებოდა ღვინის შენახვაც...“.

„მარანი ციხით“ - აი ასე მოიხსენიება მარნის კიდევ ერთი ტიპი ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში. ამგვარ მარანს პირობითად შეიძლება „კოშკმარანიც“ ვუწოდოთ. კოშკმარნების არაერთ ბრწყინვალე ნიმუშს ვხვდებით, მაგალითად რუისპირში, ზემო ხოდაშენში, ახმეტაში, საბუეში, ძეგვში... უნდა ითქვას, რომ კოშკმარნები ძირითადად ქართლ-კახეთში, ხოლო უფრო მეტად კი კახეთში გვხვდება. მარნის ამგვარი ტიპი თავისი შინაარსით წარმოადგენს თავდაცვით, რამოდენიმე სართულიან საბრძოლო ნაგებობას სათოფურებით, საზარბაზნეებით, სალოდეებით, ქონგურებით, ბუხრებით, საწნახლებით, ქვევრებით, კედელში აყვანილი კიბეებით. მაგალითად, ზემო ხოდაშენის კოშკმარანში, ზემოთჩამოთვლილთან ერთად გვხვდება ასევე ბერის საცხოვრებელი სენაკიც. როგორც ითქვა, კოშკმარანი პირველყოვლისა თავდაცვით საბრძოლო ნაგებობას წარმოადგენს, რომლის პირველი სართულში იდეალური პირობები აღმოჩნდა მარნის მოსაწყობად და ღვინის დასაყენებლად. ქართველი კაცისათვის,თუკი რაიმე ნივთსა და საგანს ესაჭიროებოდა მტრისაგან დაცვა, ეს პირველყოვლისა სწორედ ღვინო და მარანი იყო...

თუმცა კი საკმაოდ იშვიათად, მაგრამ მაინც შევხვდებით მარნის კიდევ ერთ ტიპს, რომელსაც წარმოადგენს ეკლესიაზე მიშენებული მარანი, ესაა იგივე  ტაძრის ერთ-ერთი „ნავი“. ამგვარი ნავები ძირითადად ჩრდილოეთის მხრიდანაა ტაძარზე მიშენებული და თითქმის უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ღვინის საცავს. ანუ ამგვარ მარანში გხვდება ქვევრები, მაგრამ საწნახელი კი უფრო იშვიათად, რადგან აქ ძირითადად მოტანილი, მოსახლეობის მიერ შემოწირული ღვინო ინახებოდა. ეს მომენტი კიდევ იმით იყო განპირობებული, რომ ხშირად ზოგიერთი ტაძარი მიუვალ ადგილას იყო აშენებული, სადაც მონასტრის წევრებს სხვა, რომელიმე ადგილას დაყენებული მზა ღვინო მიჰქონდათ და ქვევრებში ასხავდნენ. თუმცა, მაგალითად ნეკრესის ტაძრის მარანს გააჩნია საკმაო მოცულობა, სადაც გვხვდება ასევე ქვითკირის მოზრდილი საწნახელიც.

            მარნის შემდეგი ტიპი, რომელსაც ჩვენში შევხვდებით, ესაა გამოქვაბულში მოწყობილი, ანუ კლდეში ნაკვეთი მარანი, რის თვალსაჩინო მაგალითსაც ვხვდებით ვარძიაში, ჭაჭკარში, უფლისციხეში თუ ჭიათურაში. საქართველოში გამოქვაბულში მოწყობილ, ანუ კლდეში ნაკვეთ მარანს, უფლისციხის უძველესი მარნიდან, ქვევრებიდან და ჭაჭის წნეხებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია უნდა გააჩნდეს და თვისთავად ცხადია, რომ უფლისციხის კლდეში ნაკვეთი მარანი ამგვარი ტიპის მარნებში პირველი არანაირად არ იქნებოდა.

როგორც ვნახეთ, საქართველო მარნის ტიპების სიმრავლით ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზისა და ღვინის სამშობლოა. ქართველ კაცს უღვინოდ ყოფნა უჭირდა და მარანი და ღვინო ყოველთვის და ყველგან ჰქონდა. ღვინო ითვლებოდა სიცოცხლისათვის აუცილებელ პროდუქტადდა იყო შემთხვევა, როდესაც მცირე რაოდენობის ღვინოს, თვით საპყრობილეებში მყოფ პატიმრებსაც კი აძლევდნენ ერეკლე II-ის დროს, როგორც ჯანმრთელობისათვის საჭირო და აუცილებელ პროდუქტს. ჩვენში მარანი არა მხოლოდ ღვინის დასაყენებელი და შესანახი სათავსო იყო, არამედ წმინდა ადგილიც. მარანში იყო ხატის დასაბრძანებელი ნიში, სადაც ძირითადად წმ. გიორგის ხატი ესვენა. ქართული მარნის შესასვლელში ხშირია ჯვრების გამოსახულება. ჯვრებს ვხვდებით ასევე მარნის შიდა კედლებშიც. ყურძნის დაწურვისას მარანში ინთებოდა კელაპტარი და იკრძალებოდა ზედმეტი ხმაური, ხოლო ვინც ამ დროს ბილწსიტყვაობდა, მას მარნიდან ითხოვდნენ...

            ქართულმა მატიანემ შემოგვინახა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ძნელბედობის ჟამი დაუდგებოდა და ტაძარ-მონასტრები დაირბეოდა, მაშინ ჯვრისწერა და ბავშვის ნათლობა აღესრულებოდა სწორედ მარანში, როგორც წმინდა ადგილას. ქართული მარნის კიდევ ერთი დამახასიათებელი და შეიძლება ითქვას, განუყოფელი ატრიბუტი, როგორც ზემოთ აღინიშნა - ესაა ბუხარი. ზოგიერთ მარანში არაერთი ბუხარია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბუხარი მარანში არა თავად მარნის გასათბობად იყო აშენებული, არამედ მას სხვა ფუნქცია გააჩნდა და, როგორც ირკვევა,არა ერთი. თავისი შინაარსით ბუხარი მარანში წარმოადგენს ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებას, მაშინაც კი, როდესაც ბუხარში ცეცხლი არ ანთია. ანუ ბუხრის საშუალებით მარანში, შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად მიმდინარეობს ჭარბი ტენის გაწოვა. ტენი კი ყოველთვის შენობის ქვედა მხარეს, იატაკთანაა უფრო ჭარბად. ძირითადი სამუშაოები მარანში შემოდგომით მიიმდინარეობს, მაგრამ აქ სამუშაო მთელი წლის განმავლობაში და მათ შორის ზამთარშიც წარმოებს, რის დროსაც ბუხარი ინთება გარკვეული დროით, რათა მუშახელს შრომის დროს ცეცხლთან გათბობა შეეძლოს. ვინაიდან ღვინის დაყენების ზოგიერთი ოპერაცია ხანრძლივ შრომასთანაა დაკავშირებული, ზოგჯერ მოულოდნელად მოსულ სტუმარს პირდაპირ მარანში შეიპატიჟებდნენ და ბუხრის პირას უმასპინძლდებოდნენ. ეს ხდებოდა, როგორც ზაფხულობით, ისე ზამთრობით. მაგალითად,ახლო წარსულში იმერეთში, როდესაც სტუმრებისათვის სუფრას გარეთ შლიდნენ წელიწადის თბილ პერიოდში, ეს აუცილებლად ჭურისთავებთან ახლოს ხდებოდა...

აი რა ცნობას ვკითხულობთ პერიოდულ გამოცემაში „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ XXIII, გვ. 94.

            – „ქართლში ახლაც განსაკუთრებულ პატივისცემად ითვლება სტუმრის მიღება ზამთრობით კერასთან ახლო, ხოლო ზაფხულობით მარანში, სადაც დღეს ღვინის გარდა ერბოს, ჭირნახულსა და მთელი წლის სარჩოს ინახავენ. აქ ყოველ კარგ მევენახე-მეურნეს ცალკე აქვს გამოყოფილი სასტუმრო ქვევრი სასტუმრო ღვინით.“

ამრიგად, მარანში ბუხარს ის ფუნქცია სულაც არა აქვს, როგორიც ოჯახში (სახლის გათბობა, საჭმლის მომზადება), არამედ პრაქტიკულთან ერთად, როგორიცაა ზედმეტი ტენის გაწოვა და მუშახელის გათბობა, ერთგვარ ესთეტიკურ დატვირთვასაც ატარებს, რაც გამოიხატება ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობაში და ზოგადად სტუმარმასპინძლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ მარანში ბუხრის არსებობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, საქართველოსათვისაა დამახასიათებელი.

კიდევ ერთი ფენომენი ქართული მარნისა, ესაა დედაბოძი. მარანში დადგმულ კლასიკურ დედაბოძს ძირითადად ქართლ-კახეთში შევხვდებით. უნდა ითქვას, რომ როგორც ბუხარი, ისე დედაბოძი მარანში გარკვეულწილად ესთეტიკურ-საკრალურ დატვირთვას ატარებდა. მარანში დედაბოძი იდგმებოდა არა შენობის შუა, ცენტრალურ ადგილას, არამედ იგი უმეტესწილად საწნახელზე იყო მიდგმული ზურგით და მას მარნის ცენტრალურ ადგილამდე კარგა მოზრდილი ადგილი აშორებდა. რაც მთავარია, ეს ყოველივე გამოწვეული იყო არა იმით, რომ მარნის შუა ადგილას ქვევრები იყო განლაგებული და ამრიგად აქ დედაბოძის ადგილი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ დედაბოძს მარანში სიმბოლური დატვირთვა გააჩნდა და აქედან ის პირდაპირ საწნახელზე იყო მიდგმული. შეიძლება ითქვას, რომ დედაბოძის აუცილებლობა მარანში, ზოგიერთ შემთხვევაში არც კი იყო. მიუხედავად ამისა, ხშირად მცირე ზომის ძველ მარანშიც კი არა ერთი, არამედ ორი დედაბოძიც კი გვხვდება. მარნის დედაბოძები უმეტესწილად ისევეა შემკული სხვადასხვა ქართული ორნამენტებით, როგორც ეს საცხოვრებელ სახლში გვხვდება და მათი ჩუქურთმა ორნამენტები რაიმე განმასხვავებელი ნიშნით არ განირჩევა. მაშ ასე - ბუხარი და დედაბოძი, ქართველისათვის ორი ყველაზე უფრო წმინდა საგანი მისი მუდმივი საცხოვრებლის გარდა ქართულ მარანშიც გვხვდება; ამას ემატება ხატის დასაბრძანებელი ადგილი და თავად ხატი; ზოგიერთ შემთხვევაში მარანში ნათლობისა და ჯვრისწერის ჩატარება; ღვინო და ზედაშის ღვინო და სტუმრის მარანში მიღება. ამრიგად, ჩამოთვლილია ქართველი კაცისათვის  ის თითქმის ყველა სათაყვანებელი სიწმინდე, რომლებმაც სწორედ ქართულ მარანში მოიყარა თავი...

როგორც ვნახეთ,საქართველოში ძირითადად ვხვდებით მარნების შემდეგ ტიპებს: „ღია ჭურისთავები“; „ზურგიანი“ ანუ სამკედლიანი მარანი; მარანი, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ნაგებობა; საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ან მასზე მინაშენი მარანი; „კოშკმარანი“; ტაძარზე ნავის სახით მინაშენი მარანი; გამოქვაბულში მოწყობილი ანუ კლდეში ნაკვეთი მარანი და ბეღელ-მარანი. ხოლო საქართველოს კუთხეებში მარნის იარაღ-ინვენტარისა თუ ჭურჭლეულობის მრავალფეროვნება და სიმრავლე პირდაპირ გაოცებას იწვევს. ქართულ მარანში საუკუნეების განმავლობაში რაც არ შეცვლილა და დღემდე პრაქტიკულად უცვლელად მოაღწია, ესაა პირველ რიგში ქვევრი, რომელიც უპირველესად მარნის უმთავრესი კომპონენტი და უფრო მეტიც, საფუძველია. და მეორე, ღვინის დაყენების ქართული წესი,ანუ „ღვინის ქართულად დაყენება“. ქვევრს, როგორც ცალკე, დამოუკიდებელ ჭურჭელს არც კი უარსებია და ის ყოველთვის მარანთან ერთად არსებობდა, რაგინდ ღარიბი და პრიმიტიულიც არ უნდა ყოფილიყო ეს უკანასკნელი. ქართულ მარანში თავისი ადგილი ეკავა ზედაშის ქვევრს, რომელიც თითქმის ყოველ მარანში არსებობდა. ასეთ ქვევრს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა ქართველი კაცი. საზედაშე ქვევრში ყენდებოდა როგორც ეკლესიაში შესაწირად განკუთვნილი, ისე საეკლესიო დღესასწაულებზე საოჯახოდ გამოსაყენებელი ღვინო. საზედაშე ქვევრს მარანში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რომელსაც, როგორც უცხო ადამიანი, ისე ქალი არ უნდა შეხებოდა. არსებობდა ასეთი წესიც, რომ თუკი საზედაშე ქვევრი დაზიანდებოდა, სანაცვლოდ მასზე შედარებით დიდ ქვევრს ჩაფლავდნენ. ერისკაცების მარნებში დანარჩენი ქვევრების პარალელურად არსებობდა ერთი ან სულაც რამოდენიმე საზედაშე ქვევრი, მაგრამ საეკლესიო მარანი მთლიანად წარმოადგენდა საზედაშე მარანს, სადაც ღვინოს მონასტრის წევრი ბერები უვლიდნენ, მაგრამ, მაგალითად დედათა მონასტრებში მარნები არ იყო და დედათა მონასტრებში მონასტრის წევრები ღვინოს არ აყენებდნენ...

ქართული მარანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ფენომენია.არაერთი უძველესი რიტუალია ღვინოსთან, ვაზთან და მარანთან დაკავშირებული. ძველად შეძლებულ ადამიანად ითვლდებოდა არა ის, ვისაც ბევრი სახნავ-სათესი მიწა გააჩნდა, არამედ ის, ვისაც დიდი ვენახი და მოწყობილი, გამართული მარანი ჰქონდა. მარნები საქართველოში დღესაც შენდება, თუმცა სამწუხაროდ არ ხდება ძველებური მარნების არქიტექტურული ელემენტების გამოყენება და გათვალისწინება. მართალია ახალ მარნებში, შესაძლოა სასანთლე ნიშები და დედაბოძი აღარ გაკეთდეს, მაგრამ ამ ორი უკანასკნელის გარდა არსებობს სხვა არერთი სასარგებლო დეტალი, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად დადებითად წაადგება ახალ მარნებს. ასეთი, ერთი შეხედვით წვრილმანი დეტალები ხომ საუკუნეებმა გამოსცადა და ამგვარად მოაღწია ჩვენამდე.

© ღვინის კლუბი/Weekend



ქართულ მარანზე და მის სახელწოდებაზე ბევრი საინტერესო მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ მარანი რომ, სახელწოდებაა და თანაც ძველ ქართული ამაზე რამდენიმე ენათმეცნიერი მუშაობდა. ჩვენ გამორჩევით ავღნიშნავთ ენათმეცნიერის პროფ.მ.ქურდიანის მოსაზრებას და ვფიქრობთ უფრო უპრიანია ასეთი აზრი. ამ საინტერესო წერილში საერთოდ ნახსენები არაა ,,ზედაშეს" ღვინო და მისი დაყენების წესები. არადა ეს ტრადიციაა თავი და მთავარი, რომელიც ღვინოს ქართულ წარმოდგენაში ,,ღვთაებრივ" სასმელად იცნობდნენ. მარანი წმიდა ადგილია იქ მამაკაცი მუშაობს და ,,მარი"-ს ადგილია (,,მარე" - კაცი . სვანური). აქედანა ,,სამარე" (საკაცე). ,,მარეული" ღვინო - ნიშნავს ძალიან ძლიერ ღვინოს, მრავალჯერ გადატანილს და მორეულს(მოძრაობის ნიშნად. დ.ფიროსმანაშვილი 80 წ. მააჩხანი). ქართველურ ენებს და ქართულ დიალექტებს აქვთ შენარჩუნებული სახელწოდების ზოგიერთი უძველესი ფორმა, რომელიც სალიტერატურო ენაში მშრალად შემორჩა. სახელწოდება ,,მარანი" უძველესი სახელწოდებაა და იგი წმიდა ადგილია. ზედაშეს ღვინის გახსნის დროს ილოცებოდა ,,ნანა" ღვთაების ლოცვები, რომელიც 80-იან წლებში კიდევ ახსოვდათ ტიბაანში და არბოშიკში ღრმა მოხუცებს. სამწუხაროა, ეთნოგრაფების უყურადღებობა ასეთ მნიშვნელოვანი რიტუალის მიმართ.


წერილში საერთოდ როგორ არაა ზედაშე ნახსენები... თუ წერილს ბოლომდე წაიკითხავთ ბოლოში ზედაშეს მიადგებით. საერთოდ, ამის შესახებ მე ცალკე სტატია მაქვს "მარანში" გამოქვეყნებული. ეს წერილი რეგლამენტიდან ისედაც ამოვარდა სიდიდის გამო და ზედაშეებზე არასრულ და მოკლე ინფორმაციას ვამჯობინე ცალკე სტატია დამეწერა და ასეც მოვიქეცი. საძიებო გრაფაში ჩაწერეთ: ზედაშის კულტურა საქართველოში. და ნახავთ. ზედაშე, მარანი, ქვევრი, ღვინო... ეს ის ფენომენია, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყოფასთან, კულტურასთან, სარწმუნოებასთან, ტრადიციებთან და ყველაფერ ქართულთან. ზედაშის ქვევრისა და ღვინის გარეშე ქართული მარანი ჩემი აზრით ნაკლულია! ეს ტრადიცია უნდა აღდგეს და ამისათვის ჩვენ თავად უნდა ვიღვაწოთ და ვიმოქმედოთ. აწ განსვენებული გიორგი გარაყანიძის გამოკვლევით კახეტში უარსებია სიმღერას: "ზედაშის იავნანა"... საოცარია არა? ეთნოგრაფებმა რა თქმა უნდა თავისი საქმე უნდა აკეთონ, მაგრამ ჩვენც უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.


ზედაშის იავნანა ძალიან საინტერესოა, არსებობს სადმე ჩანაწერი, თუნდაც - ტექსტის?


არსებობს, აწ განსვენებულმა გარაყანიძემ ჩაიწერა და მოძიება უნდა. მე მინდა მაგის გარკვევა და თუ მოვიხელთე რამე გპირდები, რომ პირველს სენ შეგატყობინებ:)


არიქა ალეკო გაგირკვიე რაც გინდოდა. მოკლედ უნდა მოიძიო ნანა ვალიშვილის კონტაქტი. ეს ქალბატონი არის საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი. დანარჩენი შენ იცი და შენმა მარიფათმა.


კარგია, მადლობა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული