Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მექსიკა - ტეკილას ქვეყნიდან ღვინის ქვეყნამდე

ევროპელების მიერ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოჩენამდე მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აცტეკები და ინკები ღვინოს არ იცნობდნენ. ეს ღვთაებრივი სასმელი შორეულ 1521 წელს ესპანელმა კოლონისტებმა შემოიტანეს. მექსიკა ახალი სამყაროს პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ღვინის დაყენება დაიწყეს. დღეს აქ ვენახები 50 ათას ჰექტარზეა გაშენებული. აქედან ღვინის დასამზადებლად მხოლოდ 10% გამოიყენება, დანარჩენი ყურძნის ან ქიშმიშის სახით იყიდება.

 

მალინჩის აჩრდილი

მექსიკელებს ღვინო არ უყვართ, უპირატესობას ტეკილას, პულკეს, ბრენდის და ლუდს ანიჭებენ. თითო მოსახლე წლის განმავლობაში ლიტრზე ნაკლებ ღვინოს მოიხმარს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დღესაც კი ქვეყანაში ეს სასმელი განსაზღვრული ოდენობით იწარმოება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მექსიკაში კარგი ღვინო არ არის. აქ ძალიან მაღალი ხარისხის სასმელს ამზადებენ, მაგალითად პტი სირას, სოვინიონს, რისლინგს, ცქრიალა სპუმანტეს. საერთოდ, მექსიკური ღვინის დაახლოებით 220 სახეობა არსებობს.

აქაურები ადილობრივ ღვინოს პატივს იმდენად არ სცემენ, ამ დამოკიდებულების გამომხატველი სპეციალური ტერმინიც კი არსებობს - "მალინჩიზმი"  (malinchismo). ტერმინი ინდიელი ქალის სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდარული მალინჩი ესპანელი კონკისტადორის, აცტეკთა პირველი დამპყრობლის, ერნან კორტესის საყვარელი იყო, რომელმაც ბრძოლას მონობა ამჯობინა, ამიტომ მისი ხსენება მექსიკელებში უსიამოვნო ასოციაციას იწვევს. თუმცა ეს ტერმინი ღვინოსთან მიმართებაში, ცოტა არ იყოს, შეუსაბამოდ ჟღერს, იმიტომ რომ, ერნან კორტესი, რომელსაც მშვენიერმა მალინჩიმ სული მიჰყიდა, ქვეყანაში მეღვინეობის დამაარსებლად მიიჩნევა. ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ერთადერთი სასმელი, რომელსაც აცტეკები კონკისტადორთა გამოჩენამდე იცნობდნენ, აგავას დადუღებული წვენი იყო. სწორედ იმ აგავას, რომლისგანაც ტეკილა და მესკალია მზადდება.

                      

ისტორიული პერიპეტიები

მექსიკაში დაფუძნებული კორტესი ღვინოზე უარის თქმას არ აპირებდა, გამუდმებით მისი ანდალუზიიდან ჩამოტანა კი არცთუ მოსახერხებელი იყო. ამიტომ გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ესპანელებს მათთვის ნაბოძებ მიწებზე ვენახი უნდა გაეშენებინათ. თითო მონა-ინდიელზე, რომელთაც ისინი ფლობდნენ, ათი ძირი ვაზი ირგვებოდა. ეს პრაქტიკა ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, ქვეყანაში მეღვინეობა საგრძნობლად განვითარდა. ყურძენი კარგად შეეგუა ადგილობრივ კლიმატს, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

მექსიკაში ტროპიკული კლიმატია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 10-25 გრადუსია, ივლისის  - 15-30. წვიმების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. ყველაზე მშრალი რაიონი ქვეყნის ჩრდილოეთია. ყველაზე მეტი ნალექი სამხრეთში მოდის – 1500 მილიმეტრამდე. ამასთან, ზაფხულში, წვიმების სეზონზე, ნალექის ოდენობა თვეში 300-400 მილიმეტრია, ამიტომ ადილობრივებმა ვენახები ძირითადად ბახა-კალიფორნიის ველზე გააშენეს, ქვემო კალიფორნიის შტატში, რომელიც ზღვის დონიდან 1600-2100 მეტრზე მდებარეობს. აქ ოკეანიდან მონაბერი გრილი ნიავი ქრის და ირიგაციაც მოსახერხებელია.

1593 წელს კაპიტანმა ფრანცისკო დე ურდინოლამ ქალაქ პარასში  პირველი კომერციული ღვინის საწარმო გახსნა. უკვე 1595 წელს მექსიკა  მთლიანად აკმაყოფილებდა თავის მოთხოვნებს ღვინოზე, მაგრამ არგენტინისა და ჩილეს მსავსად, ღვინის ქვეყნად ქცევა არ ეწერა. მრავალწლიანმა უძრაობის პერიოდმა ეს დარგი თითქმის მთლიანად ჩაკლა. საქმე ისაა, რომ 1595 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ, რომელიც ესპანელ მეღვინეთა კონკურენტებს ებრძოდა, გამოსცა განსაკუთრებული განკარგულება, რომლის თანახმადაც მექსიკაში ყურძნის შემდგომი გაშენება იკრძალებოდა. საბედნიეროდ ქვეყანაში ღვინის წარმოება მთლიანად არ განადგურებულა.

1597 წელს დონ ლორენცო გარსიამ მექსიკის ჩრდილოეთით ქალაქი სანტა მარია დე ლა პარასი დაარსა, სადაც გაიხსნა ღვინის საწარმო Casa Madero - ერთ-ერთი უძველესი ახალი სამყაროს ქვეყნებში. გარდა ამისა, კათოლიკურ ეკლესიაზე აკრძალვა არ ვრცელდებოდა, რაც ღვთისმსახურებს ვაზის გაშენების საშუალებას აძლევდა. 1791 წელს მექსიკის ჩრდილოეთით, ქალაქ ბახაში წმინდა ტომასის მისია დაფუძნდა. იეზუიტმა ბერებმაც დაიწყეს ღვინის წარმოება. აკრძალვა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, 1810 წელს მოიხსნა.

XIX საუკუნემ ქვეყანას მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მოუტანა, რამაც ვაზის განადგურებას შეუწყო ხელი. XX საუკუნის დასაწყისში მექსიკაში სულ რამდენიმე ასეული ჰექტარი ვენახი დარჩა. ჩამკვდარი ღვინის ინდუსტრია შედარებით გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოცოცხლდა. მთავრობამ ღვინის წარმოება სხვადასხვა საშუალებით წაახალისა. გარკვეული ნაბიჯები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდადაც გაიდაიდგა. ფრანგულმა კომპანია Martell-მა და ესპანურმა Domecq-მა, რომელნიც მექსიკას იაფი ბრენდების ძიებაში მიადგნენ, ადგილობრივ ღვინის წარმოებაში არაერთი სიახლე დანერგეს. საგრძნობი შემოსავლები მოუტანა ქვეყანას ესპანურმა ფირმამ, რომელიც ცნობილ ცქრიალა  Freixenet-ს აწარმოებს, მაგრამ მექსიკური ოფიციოზის დამოკიდებულება დარგის მიმართ არათანმიმდევრული გამოდგა. 1989 წელს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას მოეწერა ხელი, რის შემდეგაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით იაფფასიანი გერმანული ღვინო შემოვიდა. მოთხოვნა მექსიკურ ღვინოზე ისევ დაეცა, თუმცა ახალმა ეპოქამ ახალი იმედები მოიტანა.

 

         კალიფორნიული ქარი

 

            კონკისტადორების პერიოდიდან მექსიკაში მეღვინეობის საუკეთესო რეგიონად მეხიკო-სიტის ჩრდილოეთით მდებარე მაღალი მთიანი პლატო ითვლება, რომელსაც შუაზე იყოფენ ზაკატერსასა და კუერიტაროს შტატები. აქ დღესაც ამზადებენ იაფფასიან, თუმცა ხარისხიან ღვინოს.

თუ ლაპარაკია ხარისხიან სასმელზე, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ბახა-კალიფორნიის რაიონი, რომელიც გუადალუპეს ველზე პატარა, მაგრამ უხვმოსავლიან მიწას წარმოადგენს. ბახა წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს და ორიგინალური მიკროკლიმატით გამოირჩევა. დღისით აქ საკმაოდ ცხელა(33-37oC), ღამით კი ტემპერატურა 4 გრადუსამდე ეცემა. ასეთი ცვალებადობა ყურძენში შაქრისა და მჟავიანობის ბალანსს განაპირობებს, რაც ღვინოს სავსეს და სხეულიანს ხდის.

ბახას მეღვინეებს ყოველგვარი მორიდების გარეშე გადმოაქვთ კალიფორნიელი კოლეგების ტექნოლოგიური მიღწევები. პოპულარობით სარგებლობს კალიფორნიული ვაზის ჯიშებიც: ცინფანდელი, პტი სირა და რუბი კაბერნე ევროპულ ჯიშებს უწევს კონკურენციას. ევროპულ თხელკანიან ჯიშებს – ტრებიანოს, კოლომბარდსა და პადიმოს კი ბრენდის წარმოებაში იყენებენ. რაც შეეხება მექსიკელთა ნაციონალურ ვაზის ჯიშს, მისონის, ადილობრივნი მას ზემოხსენებული მალინჩიზმის გამო არ სწყალობენ. ეს ჯიში თავის დროზე კორტესს მოყოლილმა განძისმაძიებლებმა შემოიტანეს. მისონი ჯერ კიდევ ბევრგან იზრდება, მაგრამ მექსიკელები მის შემდგომ ბედზე დიდად არ ზრუნავენ.

პერსონალიები სომბერეროთი

 

მექსიკაში ხარისხიან სასმელს არაერთი ღვინის კომპანია ამზადებს. ერთ-ერთი მათგანია Monte Xanic, რომელიც  კალიფორნიული Robert Mondavi-ს საპირწონედ დაარსდა. თამასა თავიდანვე მაღალი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა: პირველივე ღვინოებმა, რომელიც 1988 წელს გამოუშვეს, მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ ხარისხი გამუდმებით უმჯობესდება. Monte Xanic საერთაშორისო ჯიშებზე სპეციალიზდება. ესენია: კაბერნე სოვინიონი, მერლო, კაბერნე ფრანი, პტი ვერდო, მალბეკი, სოვინიონ ბლანი, სემიიონი, შარდონე და შენინ ბლანი.

კიდევ ერთი წარმატებული კომპანიაა Chateau Camou, რომელიც არცთუ დიდი ხნისაა. მისი მშენებლობისას დამფუძნებლებმა XVIII-XIX საუკუნეში ესპანელთა მიერ დაარსებული შატოების სტრუქტურა გაითვალისწინეს და საწარმოც "შატოდ" მონათლეს. რაც შეეხება ვაზის ასაკს, აქაურებს საამაყო ნამდვილად აქვთ: მათ მფლობელობაში არსებული ვენახები ჯერ კიდევ 1930-იანი წლების დასაწყისში გაშენდა. Camou-ში მოჰყავთ სოვინიონ ბლანი, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი და მერლო. ბოლო წლებში სხვა ვენახებში ნაყიდი ყურძნისგან შარდონესაც აყენებენ, თუმცა სპეციალისტები ამ პრაქტიკაზე უარის თქმას და ბორდოული ჯიშების გაშენებას ურჩევენ, რომლებიც მშვენივრად შეეთვისა ბახას კლიმატს და მშვენიერ ღვინოებსაც იძლევა.

კიდევ ერთი ძველი საწარმოა Marques de Aguayo, რომელიც არა მხოლოდ მექსიკაშია ყველაზე ძველი, არამედ მთელს ამერიკაშიც. იგი ჯერ კიდევ 1593 წელს დაარსდა. მიიჩნევენ, რომ პადრე ხუან უგარტეს, ვისი სახელიც ამ მარანს უკავშირდება, მნიშვნელოვანი წვლილილი მიუძღვის კალიფორნიის ველებზე ვენახების გაშენებაში. სიძველის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში აქ ღვინოს სუფთა სახით არ ამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში, XX საუკუნეში მხოლოდ ბრენდი იწარმოებოდა, თუმცა ბოლო დროს აქაურებიც ცდილობენ ხარისხიანი მეღვინეობის განვითარებას.

რაც შეეხება უკანასკნელი წლების ლიდერებს, გამოვყოფდით LA Cetta-ს, რომლის მთავარი იდეოლოგი, სეიორე ჩეტტა მექსიკაში პიემონიდან ჩამოვიდა. ეს ყველაზე მსხვილი მეღვინეობის საწარმოა მექსიკაში, რომელიც უკვე აღიარეს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისმოყვარულებმა. საწარმომ არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა და ნელ-ნელა მსოფლიო ბაზარზეც გადის. LA Cetta, ისევე, როგორც ღვინის ინდუსტრიის მეორე პიონერი - Bogegas Pinson (მარკა Don Eugenio), ძალზე წარმატებულ ღვინოებს ამზადებს ნებიოლოს, კაბერნე სოვინიონისა და პტი სირასგან.

ამბიციური ახლებიდან აღსანიშნავია ასევე პატარა საოჯახო მეურნეობა Cavas Valmar ენსენადას მიდამოებში, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 1995 წელს დარეგისტრირდა, თუმცა პირველი მოსავალი რამდენიმე წლით ადრე აიღო. 1992 წელს წარმოებული მისი კაბერნე სოვინიონი უკვე საერთაშორისო კონკურსების პრიზიორი იყო.

ზოგადად ქალაქი ენსენადა (ქვემო კალიფორნია) ბოლო წლებში მექსიკური მეღვინეობის ერთგვარ კერად იქცა. ყოველ წელს აქ ვინტაჟის ფესტივალი - Fiesta de la Vendimia ტარდება, სადაც ადგილობრივი მეღვინეების შესახებ უამრავ სიახლეს შეიტყობთ და მათ პროდუქციასაც დააგემოვნებთ. ფესტივალზე უამრავი ტურისტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მექსიკური მეღვინეობის განვითარებას.

მექსიკა

წარმოების დასაწყისი

1521 წ.- პირველი ვენახები

1524 წ. - ერნან კორტესის მიერ ბრძანებულების გამოცემა ახალმოსახლეთათვის ვაზის გაშენების აუცილებლობის შესახებ

1960-1980წწ. - ღვინის ინდუსტრიის განვითარება, ვენახების ფართობის ზრდა

1989წ. - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიღება, რასაც მექსიკური ღვინის დაღმასვლა მოჰყვა მისი არაკონკურენტუნარიანობის გამო.

დაყოფა

8 მეღვინეობის რაიონი: ბახა-კალიფორნია ნორტე, სონორა, აგასკალიენტესი, საკატეკასი, კუაუილა, ჩიუაუა, კუერიტარო, დურანგო

ვაზის ძირითადი ჯიშები

თეთრი: პალომინო, ტრებიანო, სოვინიონ ბლანი, შენენი, მუსკატი, პინო გრი

წითელი: მიშონი, კარინიანი, ტემპრანიიო, გამე, რუბი კაბერნე, კაბერნესოვინიონი, პინო ნუარი, მერლო.

მეღვინეობა

ყურძნის ხელით კრეფა, წნეხვის რთული სისტემა, ფერმენტაციის სხვადასხვა მეთოდი

წესები

Direccion General de Normas-ის თანახმად 3 ტიპია:

De Origen (წარმოება ერთი ადგილმდებარეობის ყურძნისგან)

Varietales (წარმოება ვაზის ერთი ჯიშისგან)

Combinadas (წარმოება სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან)

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.