Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo Georgia 2025 - სამდღიანი მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა დასრულდა

ლევან სეფისკვერაძე

7-9 ივნისს თბილისშ,  წერეთლის საგამოფენო სივრცეში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“გაიმართა. გამოფენაში მსოფლიოს 8 ქვეყნის (საქართველო, გერმანია, სომხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი) 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო  კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები,  მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები,  აქსესუარები და სერვისები.

WinExpo Georgia საქართველოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში, რომლის მიზანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია.

გამოფენას ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობდნენ. ჩატარდა სპეციალური ღონისძიება WinExport FORUM, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები შეხვდნენ ქართველ მეღვინეებს.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა რიგით მე-16 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award, რომლის ჟიურიც დაკომპლექტებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ღვინის ექსპერტებით. კონკურსში წარდგენილი იყო ღვინის 200-მდე ნიმუში. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 კატეგორიაში და დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.

წლევანდელ WinExpo-ზე ღვინით პროფესიულად  დაინტერესებული ადამიანი თუ უბრალო გურმანი თავისთვის მოსაწონ სასმელს ადვილად ნახავდა. განსაკუთრებული სიმრავლე იყო ახლადშექმნილი მცირე მარნების ღვინოების. ამ მარნებისთვის წლევანდელი winexpo ღვინის სადებიუტო დიდი ღონისძიება იყო. შევხვდით უკვე ცნობილ ძველ სახეებსა და ბრენდებს, რომლებმაც დიდი ხანია უკვე დაიკავეს კუთვნილი ადგილი ქართულ მეღვინეობაში.

ერთ-ერთი ახლაშექმნილი დიდი მარანი, რომელიც არ გვეცნო და მისი ღვინო დავაჭაშნიკეთ, კომპანია „ვაინ კახეთი" აღმოჩნდა. ეს კომპანია ფლობს ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი წარმადობის ღვინის ქარხანას, რომელიც აღჭურილია ევროპული და ამერიკული წარმოების ტექნიკით.

ვენახები ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში გააშენეს, სადაც დარგული საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის ვაზის ჯიშის ნერგები, მსოფლიოში ყველაზე დიდი სანერგიდან, იტალიური „რაუშედოდან“ ჩამოიტანეს.

საინტერესო იყო გარეკახეთში მდებარე მცირე საოჯახო მარნის, „შანოს“ ღვინოები, რომლის მფლობელმა მამუკა ნოზაძემ ღვინის მოყვარულებს თავისი ღვინოები წლევანდელ „ახალი ღვინის ფესტივალზეც“ წარუდგინა.

მამუკა ნოზაძე, მარანი „შანო“: „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის აზრს, რადგან ღვინოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვაყენებ. მცირე რაოდენობით ღვინოს ვაწარმოებ, მაგრამ ძირითადად მაინც საკუთარი ხელით გაშენებული ვენახიდან მოწეულ ყურძენს ვიყენებ. ასევე ვატარებ ექსპერიმენტებსაც და მაინტერესებს თითეული ქართული ვაზის ჯიშის ინდივიდუალურობა და ხასიათი“- 

ღვინის ნიმუშების მრავალფეროვნება იყო რამდენიმე წლის წინ შექმნილ ღვინის მარან bekauri winery-ს დახლზე. ამ მარანის ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაში და ახმეტაში მდებარეობს, ღვინის საწარმო კი სოფელ ხოდაშენში აქვთ.

ცქრიალა და მსუბუქი (ზაფხულის) ღვინოები გაგვასინჯა კომპანია „თბილღვინოს“ წარმომადგენელმა სანდრო პეტრიაშვილმა. აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ამ კომპანიის რეზერვის საფერავი, რომელიც ნამდვილად განსაკუთებული ღვინოა.

აზრი ვკითხეთ, გამოფენის სტუმრებსაც, რომლებმაც დღის განმავლობაში მრავალი ღვინო დააჭაშნიკეს. ეს ღვინის გამოფენა ტრადიციულად სამდღიანია, რაც ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს დროის დაზოგვაშიც ძალიან ეხმარება.

ზვიადი პაატიშვილი, გამოფენის სტუმარი: „შესანიშნავი დღეა. ამინდმაც ხელი შეუწყო ასეთ კარგ ღონისძიებას და ღვინის ხარისხიც შესანიშნავია. წელს განსაკუთრებით კახური ტრადიციული, ჭაჭა-კლერტზე დაყენებული ღვინოები მომეწონა, რომელთა ერთი ნაწილი, მგონი, საერთოდ პირველად გამოჩნდა ფესტივალზე. ასევე საინტერესო იყო უცხოური ღვინო, რომელთა შორის განსაკუთრებით სამხრეთაფრიკული წითელი ღვონოები მომეწონა“.

WinExpo-ზე ბოლო წლებში წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის მაღალალკოჰოლიან სასმელებს - ტრადიციულ ქართულ ჭაჭას და ხილის არყებს ბოლო წლებში დაემატა როგორც ქართული, ასევე უცხოური ვისკი და რომი, ვერმუტი თუ სხვა სასმელი. წარმოდგენილნი იყვნენ სახდელები, რომლებიც მხოლოდ მაღალალკოჰოლიან სასმელებს აწარმოებენ. ასევე, ღვინის დიდი თუ მცირე მარნების ერთ ნაწილს ტრადიციულად ჰქონდათ მათი წარმოებული ჭაჭა.

„ჭაჭისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. ათი წლის წინ ამ სასმელს ქართველების და ყოფილი საჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, არავინ აღიარებდა და არც იცოდნენ მის შესახებ. ახლა კი უკვე ლამის ყოველი მეორე უცხოელი ინფორმირებულია და ზოგმა ჩვენზე მეტიც კი იცის ჭაჭის ტექნოლოგიაზე“ - გვითხრა დისტილერია Thechacha-ს წარმომადგენელმა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo-მ დიდი ხანია, რაც ტრადიციის სახე მიიღო და თუ ამ ღონისძიებაზე დასწრების მსურველ ადამიანთა რიცხვს გავითვალისწინებთ, გამოფენამ ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული