Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ქალს ალბათ მაინც მეტი შრომა სჭირდება აღიარებისთვის, ვიდრე მამაკაცს" - ინტერვიუ თამარ მოსიაშვილთან

როგორ იცით, მარტი ქალების თვედ გამოვაცხადეთ და აპრილის მოსვლამდე მევენახე-მეღვინე ქალებს მივუძღვნით, მათ გამოცდილებას, პროფესიულ მიდგომებსა და სამომავლო გეგმებს. მოგიყვებით ქალი მეღვინეების წარმატებების შესახებ, გესაუბრებით მათ მიღწევებსა და ღვინის სამყაროში ქალების როლზე. წარმოგიდგენთ ქართველ ქალ მეღვინეებს, რომლებიც საკუთარ ნიჭსა და შრომას ქართული ღვინის აღორძინებასა და განვითარებას უძღვნიან. დღეს „მამისეულ მარანსა“ და თამარ მოსიაშვილზე გიამბობთ, რომელიც უკვე წლებია ღვინოს აწარმოებს. ინტერვიუში თამარი მისი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება, გვიამბობს, რას ნიშნავს იყო ქალი მეღვინე, რა დაბრკოლებები და პირიქით, დადებითი მახასიათებლები მოჰყვება ამას და ა.შ.

- როგორ დაიწყეთ მეღვინეობის კარიერა? რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?

- ჩვენ პატარა ვენახი გვქონდა ბოლნისის რაიონის ხატისსოფელში, რომელსაც მამაჩემი - ზაურ მოსიაშვილი უვლიდა და ასევე მამაჩემის ხელით აშენებული სახლი და პატარა მარანი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა, მისთვის მშობლიური სოფელი და ვენახი ძალიან ძვირფასი იყო. ბავშვობაში მეც და ჩემი დებიც რთველის დროს ვეხმარებოდით მამას, ხშირაც ჩვენი მეგობრებიც გვსტუმრობდნენ ხოლმე, მაგრამ ამას უფრო გართობის სახე ჰქონდა მაშინ. მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტეთ ოჯახის ეს ტრადიცია გაგვეგრძელებინა და მიღებული მემკვიდრეობისთვის მოგვეარა. ასე დაიწყო "მამისეული მარნის" ისტორია და ასე აღმოვჩნდი მეღვინეობაში. მალევე მივხვდი, რომ მეტი ცოდნა მჭირდებოდა და პირველ პრაქტიკულ ნაბიჯებთან ერთად დავიწყე გარკვეული კურსების გავლა და შესაბამისი ცოდნის შეძენა. რაც უფრო მეტს ვიგებდი ღვინის შესახებ, მით უფრო საინტერესო ხდებოდა ეს დარგი ჩემთვის. ჩვენი ღვინობის კარგი შეფასებები და წარმატებები კი უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა. მნიშვნელოვანი იყო მოტივაციისთვის ასევე ჩვენი რეგიონისთვის, ბოლნისისთვის მიკრო ზონის სტატუსის მინიჭება, რაც ჩვენს ღვინოებს კიდევ დამატებით ღირებულებას სძენს.

- გახსოვთ პირველი ღვინო, რომელიც თავად დააყენეთ? როგორი იყო ეს გამოცდილება?

- პირველი ღვინო 2017 წელს დავაყენეთ, რაც ერთგვარად საკუთარი ძალების მოსინჯვა იყო. შედეგმა კარგად გაგვაოცა, თუმცა ის მხოლოდ ახლობლების წრეში დავაჭაშნიკეთ. პირველი ღვინო, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, 2019 წლის რქაწითელი იყო. ამ ღვინის დაყენებაში საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული. მახსოვს საკმაოდ ემოციური იყო, როდესაც ქვევრში ჩავედი გასარეცხად, როგორი ემოციით ველოდებოდი ლაბორატორიის ყველა ანალიზს, რამდენად აკმაყოფილებდა ყველა პარამეტრი სტანდარტს და ა.შ. საკამოდ ამაღელვებელი იყო პირველი შეკევეთისთვის ბოთლების მომზადება, ეტიკეტის დაკვრა და ა.შ.  

- მეღვინეობაში ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ. რას ნიშნავს იყო ქალი ამ ინდუსტრიაში?

- ვფიქრობ, ამ დარგში უკვე ბევრი შესანიშნავი ქალი მოღვაწეობს და დიდ სიახლეს აღარ წარმოადგენს ქალის ჩართულობა მეღვინეობაში. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ალბათ მაინც მამაკაცებთან ასოცირდება ეს დარგი. საწყის ეტეპზე უფრო მახსოვს გაოცებული შეკითხვები “შენ დააყენე?”, “შენ გარეცხე ქვევრი?” და “ვინ დაგეხმარა? მართლა შენ გააკეთე” და ა.შ.  აქედან გამომდინარე, ქალს ალბათ მაინც მეტი შრომა სჭირდება აღიარებისთვის, ვიდრე მამაკაცებს. მახსოვს ღვინის ერთ-ერთ გამოფენაზე  ერთი კაცი მეღვინე მოვიდა ჩვენი ღვინის დასაგემოვნებლად და ცოტა ირონიით თქვა “აბა, ერთი დამისხი, გავსინჯო, რა გააკეთეთო”. როდესაც დააგემოვნა სახეზე დაეტყო, რომ მოეწონა და გაკვირვებულმა წარმოთქვა “ყოჩაღო”. თითქოს ქალისგან არ ელოდა, რომ კარგი ღვინო ექნებოდა.

ისე, ალბათ ისტორიულადად ყოველთვის იყვნენ ქალები ჩართული ღვინის დაყენების თუ დავარგების, მისი მოვლის საქმეში. გაუთავებელი ომების დროს, როდესაც კაცების უმრავლესობა სახლში არ იყო, ოჯახსაც და ყველა საქმესაც ქალები პარონობდნენ და დიდი ალბათობიც ღვინოსაც.

- შეგხვედრიათ დაბრკოლებები, როგორც ქალ მეღვინეს? როგორ გადალახეთ?

- მართალი გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლბა იმის გამო, რომ ქალი ვარ, არ მახსენდება. მთავარი სირთულე ალბათ მაინც ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებული საკითხებია, ანუ მაგალითად ჩემთვის უფრო რთულია მძიმე საგნების აწევა და ა.შ.

რაც შეეხება გამოწვევების და დაბრკოლებების გადალახვას, აქ მინდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ასოციაცია, რომლის წევრიც ვარ. ეს გახლავთ “ქალები ღვინის ინდუსტრიაში”. მასში გაერთიანებული ვართ ამ დარგში მოღვაწე ქალები და საოცარი ერთობით და თანადგომით ვცდილობთ ერთმანეთის დახმარებას და მხარდაჭერას, იქნება ეს გარკვეული პროექტების შესრულება, ცოდნის მიღება თუ უბრალოდ ერთმანეთისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ვფიქრობ, რომ მსგავსი ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია გამოწვევებთან გასამკლავებლად.

- როგორ შეიცვალა ქალების როლი ქართულ მეღვინეობაში ბოლო წლების განმავლობაში?

- საკმაოდ გააქტიურდნენ ქალები მეღვინეობაში, რაც ძალიან მისასალმებელია. მე პირადად ვიცნობ ბევრ შესანიშნავ მეღვინე ქალს, ზოგმა მათგანმა თავიდანვე აირჩია ეს დარგი და უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით მიიღო, ზოგი ჩემსავით მოგვიანებით სხვადასხვა მიზეზით შეუერთდა ამ სფეროს. თუმცა, მთავარი ის არის, რომ განსაკუთრებული გულმოდგინებით ეკიდებიან საქმეს და ეს ყველაფერი მათ მიერ დამზადებულ მშვენიერ  ღვინოებში კარგად ჩანს. ბოლო წლებში კი მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, რაც, ვფიქრობ, უდავოდ დადებით გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე. მგონია, რომ საქართველოში სიახლეების მიმართ გახსინლობა ქალებს უფრო აქვთ და ალბათ, ამ მიმართულებითაც მეტ სიახლეს შემოიტანენ.

- ფიქრობთ, რომ ქალი მეღვინეები განსხვავებულად უდგებიან ღვინის შექმნას? თუ კი, რა არის ეს განსხვავება?

- ზოგადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დარგის კარგი პროფესიონალი კარგი პროფესიონალია, სქესის მიუხედავად. თუმცა, ალბათ არის გარკვეული უნარები, რაც შეიძება ქალებს უკეთ გამოსდიოდეთ, მაგალითად დეტალებზე ორიენტირება და მეტი ზრუნვა, რაც კი ღვინოს ნამდვილად უხდება. ხშირად ამბობენ, რომ ღვინო პატროს ჰგავსო, ხოდა მაშინ ჩვენი ძლიერი და მშვენიერი ქართველი ქალების დამზადებული ღვინოებიც მათსავით საინტერესო და საუკეთესო თვისებებით იქნება შემკული.

-როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის ინდუსტრიას? სად არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

-დღეს ზოგადად არც თუ სახარბიელო ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში და ეს, ცხადია, გავლენას ახდებს ღვინის ინდუსტრიაზეც. რთულ ეკონომიკურ პირობებეშ მცირე მარნებისთვის პრობლემებთან გამკლავება კიდევ უფრო რთულდება. ეს კი აზარალებს ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მხარეს - რაც ჩემი აზრით მცირე მარნების პროდუქციაა და მათ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვნებაა. ამას წინთ სატატისტიკურ მონაცემებს მოვუსმინე ერთ-ერთ გადაცემაში და საშუალო საფასო სეგმენტი, სადაც ქართული ვინო ხვდებოდა, არ იყო მაღალი. ალბათ ამ კუთხით არის სამუშაო, რომ ქართული ღვინის და მეღვინეობის ტრადიციების შესახებ ცნობადობა უფრო გაიზარდოს და სათანადოდ დაფასდეს მსოფლიო მასშტაბით და მოხვდეს იმ საფასო სეგმენტში, რასაც იმსახურებს.

- ბოლო წლებში ნატურალური და ბიოდინამიკური ღვინოების პოპულარობა იზრდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ტენდენციის მიმართ?

- ზოგადად ინტერესი ბიოლოგიურიად სუფთა და ნატურალური პროდუქტის მიმართ ცხადია იზრდება, ნატურალურ და ბიოდინამიკურ ღვინოებსაც ცხადია თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც მზად არის უფრო მეტი გადაიხადოს ბიო პროდუქტში. კონკრეტულად ღვინის სფეროში კი ალბათ უფრო მეტ მრავალფეროვნებასაც და ერთგავრ არასტანდარტულობასაც ეძებენ ამ ტიპის ღვინოებში ღვინის მოყვარულები. ეს ცუდი რატომ უნდა იყოს?!

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულმა ღვინომ უკეთ დაიმკვიდროს თავი საერთაშორისო ბაზრებზე?

- ვფიქრობ, მეტია სამუშაო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, მისი ცნობადობის ამაღლებაზე. მართალია ღვინის პორფესიონალებმა უკვე ბერვი იციან ქართული ღვინის შესახებ და სათანადოდ აფასებენ მას, მაგრამ ფართო სამომხმარებლო წრეებისთვის ჯერ მაინც არ არის კარგად ცნობილი. ალბათ ქართული ღვინის რეკლამირებაში უფრო მეტი რესურსი უნა ჩაიდოს, რომ მყიდველში ინტერესი გაჩნდეს და გაიზარდოს მოთხოვნა ბაზრებზე.

- ამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ქართული ჯიშები და ტრადიციული მეთოდები, და რამდენად ექსპერიმენტები?

-ქართული ჯიშები, რა თქმა უნდა, ძალაინ მნიშვნელოვანია. ძალიან მომწონს არსებული ტენდენცია, რომ აღდგეს და გამრავლდეს მივიწყებული ჯიშები. ეს ჯიშობრივი მრავალფეროვნება, რაც ჩვენ გვაქვს, ნამდვილი საგანძურია და მას გაფრთხილება სჭირდება. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ტრდიციული მეთოდების შენარჩუნება, სწორედ ამიტომ არის ქართული ღვინო საინტერესო მომხმარებლისთვის. თუმცა, ეს ხელს არ უშლის ექსპერიმენტებს. ტრადიციის გაფრთხილება კონსერვაციად და ერთ ადგილას დგომად არ უნდა იქცეს. განვითარებისთვის აუცილებელია სიახლე და ექსპერიმენტი.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მეღვინეობით არიან დაინტერესებულნი?

- მეღვინეობით დაინტერესებულ ახალგაზრდა ქალებს ვურჩევ, რომ იყვნენ თამამები და შრომისმოყვარეები. არ დაეზაროთ სწავლა და მიღებული ცოდნის საფუძველზე უკვე საკუთარი თავის გამოვლენის გზები ეძებონ. გაბედონ და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც სურთ, სირთულეების არ შეეშინდეთ.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო და კერძო სექტორი ქართველ მეღვინე ქალებს?

- ალბათ ზოგაგდად მცირე მარნებს უნდა ჰქონდეთ მეტი ხელშეწყობა, არა მხოლოდ ქალებს. რაც შეეხება ქალებს, სახელმწიფომ ზოგადად ქალთა უფლებების დაცვა, მათი უსაფრთხოება  და მათთვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს. ამ მხრივ ნამდვილად არ გვაქს კარგი მდგომარეობა. დაცულ და თანაბარუფლებიან გარემოში ჩვენი ყოჩაღი ქალი მეწარმეები, იქნებიან მეღვინეები თუ სხვა, თავადაც ბერვის მიღეწევას შეძლებენ. 

სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ისეთი პრობლემების მოგვარება რაიონებში, როგორიცაა მაგალითად, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ტრანსპორტი, გზები და ა.შ. რაც ისედაც ევალება სახელმწიფოს და რაც ნამდვილად გაუადვილებთ მეღვინე ქალებს საქმინობას. 

რა თქმა უნდა, კარგი იქნება ამასთან ერთად თუ იქნება მეტი საგრანტო კონკურსი მათთვის, რაც საჭირო ინვენტარის თუ ნედლეულის მობილიზებაში დაეხმარებათ.

- გაქვთ თუ არა საყვარელი ქართული ან უცხოური ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ?

- კი, თავკვერი მიყვარს განსაკუთრებით. შედარებით მსუბუქსხეულიანი და არამოატული ღვინო გამოდის, რაც მე ძალიან მომწონს. ამიტომ ჩვენც ვაწარმოებთ თავკვერს დიდი მონდომებით და საკმაოდ კარგი შედეგიც გვაქვს. ბევრისგან გამიგია, რომ თავკვერი რთული სამუშაო ჯიშია, ჩვენ ჯერჯერობით კარგად ვმეგობრობთ.

- რომ შეგძლებოდათ ერთი რამის შეცვლა ქართული ღვინის ინდუსტრიაში, რა იქნებოდა ეს?

- ვეცდებოდი, რაც შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული