Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის პორტრეტები. გიორგი დათუკიშვილი

ჩემი პორტრეტების გმირები ყოველთვის არიან ადამიანები, ინდივიდუალური დამოკიდებულებით ღვინის მიმართ, მათი მიდგომები სხვადასხვაა და გემოვნებაც - არაერთგვაროვანი. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წერა იმ ადამიანზე, ვინც ბავშვობაშივე მიხვდა, რომ მეღვინეობაში, სწორედ, მასშტაბები იზიდავდა.

როგორც წესი, ინდუსტრიაში ინდივიდი იკარგება და გასაკვირი არცაა, რომ წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში საქმიანობის მხოლოდ კომერციულ მხარეზე აპელირებენ ხოლმე. თუმცა, ამ ინდუსტრიის ნაწილია ის ადამიანიც, რომელიც ნაკლებად სარგებლობს კომერციული სიკეთეებით და, რომლის შრომა ხშირად სტერეოტიპული დამოკიდებულებების მსხვერპლი ხდება.

გიორგი დათუკიშვილი მეღვინეობის დიდი ინდუსტრიის წარმომადგენელია, რაც ღვინის წარმოების საქმეში ნიშნავს, ერთი მხრივ, ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე სვლას, მეორე მხრივ კი - მუდმივ ჩართულობას, ახალი და ახალი გამოწვევების მყისიერ პასუხისგებას. გიორგი განათლებით ქიმიკოსია და მისთვის თითოეული ასეთი დილემის გადაჭრა აზარტიცაა, შემოქმედებაც, მეცნიერებაცა და გამომგონებლობაც. 

90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველომ აღიდგინა საბჭოთა რეჟიმის მიერ წართმეული ეროვნული სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყეს გლეხებზე იჯარით ვენახების გაცემა. ამ ინიციატივით ისარგებლეს ცალკე - გიორგი დათუკიშვილის მამამ, ცალკე - პაპამ და ამ ვენახებიდან მოწევნილი საკმაო რაოდენობის ყურძენი ძველი თელიანის ღვინის ქარხანაში ყურძნად ჩააბარეს. 

გიორგი მაშინ ჩვეულებრივი მესამეკლასელი წინანდალელი ბიჭი იყო, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყოველდღიური შეხება ჰქონდა საოჯახო მეღვინეობასთან, რთველთან, მაჭართან, საწნახელთან და ქვევრთან. მაგრამ იმან, რაც ქარხანაში ნახა, მისი ცნობიერება მთლიანად შეცვალა. პატარა ბიჭმა იქვე, იმ ქარხანაშივე გააცნობიერა, რომ ეს მასშტაბური ცისტერნები, ღვინის სურნელი, ტონობით დამწიფებული ყურძენი - მისი მოწოდება იყო და ოდესმე აუცილებლად მოხვდებოდა ამ სიმფონიაში, შესაძლოა, არა როგორც დირიჟორი, არამედ - ერთ-ერთი, უპრეტენზიო, სიმებიან-ხემიანი საკრავი, რომელიც შეუმჩნევლად  ქმნის ამ სიმფონიის მუსიკალურ თემას.  

ეს შემთხვევა, მართლაც, განსხვავებულია, რადგან, როგორც წესი, მეღვინეობის გამოცდილებაზე ყველაზე გავლენიანია ოჯახური ღირებულებები, ბავშვობის ურთიერთობები მამასთან, პაპასთან. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ გიორგისთვის მისი  საქმიანობა ამ ყველაფერთან არ იკვეთება, თუმცა, გადამწყვეტი როლი, მისი თქმით, სწორედ იმ მომენტმა ითამაშა, როცა თელიანის ქარხანაში, არტისტების ენაზე თუ ვიტყვით, „სცენის მტვერი“ (/ „ტკბილის სურნელი“) შეეყარა. 

როგორ შეიძლება, არ დაინტერესდე, რა გატაცებაა, რა ვნებაა ეს ადამიანისთვის, ვისთვისაც არაარსებითია კვირის სადაგი და დასვენების დღეები, ვინც გვიან საღამოს, სამსახურიდან სახლში მისული დაღლილ-დაქანცული ისევ მეღვინეობის პრობლემებს უკირკიტებს ნაბეჭდ და ელექტრონულ რესურსებში?!

იქნებ, ეს შრომასა და  წვალებაში თავდავიწყების განცდით მიღებული განწმენდაა, ან, უფრო შორს თუ წავალთ, შამფარვანიანის, ან ვარდბულბულიანის აღმოსავლური ტექსტია, სადაც ვნება, სიყვარული, დაუცხრომელი ლტოლვა არის ინსტინქტი, მიმართული სიამოვნებისკენ, რომელიც შეგვიწირავს? იქნებ, პიგმალიონის გატაცებაა, შექმნას უფრო მეტად სრულყოფილი და ტკბებოდეს საკუთარი ქმნილებით? შესაძლოა, ეს იყოს კორიდა, ანდა, მუსტანგის მოთვინიერება, როგორც შეთამაშება და ჭიდილი საკუთარ ვნებებთან? იქნებ, უბრალოდ, ხალხის, ან კულტურის ეგზისტენციური შიშია, თვითგამოხატვის ინსტინქტი და განუხორციელებელი შესაძლებლობები, ამოფრქვეული ამ ერთ ახალგაზრდა კაცში? 

მე ეს ამბავი ძალიან მაკვირვებს და მაინტერესებს. და მგონია, რომ ეს ის სფეროა, სადაც გაკვირვებას, როგორც განცდას ჩვენს ეპოქაში ჯერ კიდევ არ ამოუწურავს საკუთარი შესაძლებლობები. 

გიორგი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა არდადეგების პერიოდში წინანდალში დიდ ვენახებში მუშად მუშაობდა ხოლმე და ამ ასაკიდანვე ეჩვეოდა საკუთარი შრომით ჯამაგირის გამომუშავებას. საბედნიეროდ, კახელი ბიჭებისთვის ეს საკმაოდ მიღებული ცხოვრების წესია და მათი დედებიც, თბილისელი ქალბატონების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ამის გამო არ ვაებენ, რა დრო დაგვიდგა ოჯახს, პატარა ბავშვს სამუშაოდ როგორ ვიმეტებთო. პირიქით, ოჯახი სიხარულით შეხვდა იმ ფაქტს, რომ მეშვიდეკლასელ გიორგის სურდა, რამდენადაც ეს იმ ასაკში იყო შესაძლებელი, ეკონომიკური თავისუფლება მოეპოვებინა. გარკვეული დროის შემდეგ, მას მისცეს პატარა ნაკვეთი, სადაც გააშენა კაბერნე-სოვინიონი და მე-11 კლასამდე აქედან მიღებული მოსავლით პატარა მოგებასაც ნახულობდა. 

2003 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე  და შეიძლება ითქვას, რომ ქიმიაში ფუნდამენტურმა განათლებამ მისი მეღვინეობის პრაქტიკაზე დიდი გავლენა იქონია.  2007 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტშივე სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში  ჩააბარა. უნივერსიტეტში ის საკმაოდ აქტიურ სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა ახალგაზრდა პროფესორის, მარიკა ხომასურიძის ხელმძღვანელობით; მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში. ერთ-ერთ თემის კვლევა, რომელიც ეხებოდა ეგზოგენურ ფერმენტულ პრეპარატებს, საბოლოოდ, სამაგისტრო ნაშრომში განავითარა. 

2000-იან წლებში არსებობდა სპეციალური პროგრამები, რომელთა საშუალებით სტუდენტები მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა გამოცდილებების გაცნობასა და ამ სფეროში უმაღლესი განათლების მიღებას ახერხებდნენ საზღვარგარეთ. თუმცა, იმ პერიოდში, როცა გიორგი ბაკალავრიატში სწავლობდა, ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ მიმართულებით გაცვლითი პროგრამები არ ჰქონდა, ამას ერთვოდა ინგლისურის არცთუ კარგი ცოდნა, რაც ჩვენთვის, ოთხმოცდაათიანების ბავშვობაგამოვლილი თაობისთვის, საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნიდა. საბედნიეროდ, ამ პერიოდში მეღვინეობის ინსტიტუტში მუშაობდნენ ახალგაზრდა კადრები - ანა გოდაბრელიძე, გიორგი სამანიშვილი, რომლებიც მოტივირებულ სტუდენტებს უშურველად უზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებებს, რაც დასავლეთში სწავლის შედეგად მიეღოთ. მაგისტრატურის პარალელურად, გიორგი მუშაობდა კომპანია „თელიანი ველში“ სადაც გოგი დაქიშვილი უქმნიდა პირობებს, რომ საკუთარი მეცნიერული ჰიპოთეზები ემპირიული ცდებით გაემყარებინა. 

2010 წლამდე, სანამ თავის ამჟამინდელ სამსახურში, „კორპორაცია ქართულ ღვინოში“ დაიწყებდა მუშაობას, გიორგიმ, როგორც აღვნიშნეთ, გაიარა სტაჟირება კომპანია „თელიანი ველში“ და სამუშაო პრაქტიკა - „შატო მუხრანში“. ამ პერიოდში მან ძალიან საჭირო და დროული გამოცდილება მიიღო წითელი ღვინოების საუკეთესო მცოდნესთან, გოგი დაქიშვილთან, ევროპულ თეთრებში კი - ლადო უზუნაშვილთან, რომელთანაც პრაქტიკულად შეისწავლა ავტოლიზის ტექნოლოგია და სამომავლოდ, უკვე საკუთარ პრაქტიკაში დანერგა ეს მეთოდი წინანდლის ღვინის დაყენების პროცესში. 

როგორც გიორგი აღნიშნავს, ლადო უზუნაშვილთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ოსტატი და შეგირდი ბევრს საუბრობდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ საკითხზე, ოსტატი რაღაც მინიშნებებს აძლევდა, ეს კი - დილამდე თავს იმტვრევდა ამ გამოცანების გაშიფრვაში. ლადო უზუნაშვილმა მისცა ბიძგი, რის შემდეგაც გიორგიმ საკმაოდ კარგად შეისწავლა ინგლისური და დღეს იმ ინფორმაციულ შიმშილს, რაც მისი თაობის ყველა მიზანსწრაფულ ადამიანს აქვს, ვინც მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ვერ შეძლო, უცხოენოვანი ლიტერატურის გაცნობით უმკლავდება.  

გიორგის დიდი გატაცება ყოველთვის იყო ღვინის არომატები. შესაბამისად, ის მუდამ ერიდება ძლიერი სტრუქტურის საფუვრების გამოყენებას. მისი სადოქტორო კვლევის საგანიც სწორედ ეს საკითხი გახდა - „მშრალი კულტურული საფუვრების ზეგავლენის შესწავლა ღვინის ქიმიურ კომპოზიციაზე ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის მიზნით (მუკუზანი და წინანდალი).“ კვლევა, რომელიც სულ ახლახანს ჩაატარა, ითვალისწინებდა იდენტურ ღვინომასალაზე სხვადასხვა მშრალი კულტურული საფუვრის ტესტირებას. საპილოტე კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ის საფუვრები, რომლებიც, მეტ-ნაკლებად უნარჩუნებდა ღვინოს უნიკალურ და სპეციფიკურ ჯიშურ თვისებებს. როგორც გიორგი აღნიშნავს, „კორპორაცია ქართული ღვინო“ პასუხისმგებლობით და ინტერესით მოეკიდა მის ინიციატივას და არამხოლოდ მორალურად წაახალისა ის, არამედ მატერიალურადაც ხელი შეუწყო კვლევის განხორციელებაში. გიორგის მეცნიერული ინტერესი ღვინის კვებითი ღირებულების შესწავლისკენაც იყო მიმართული. ის იკვლევდა სხვადასხვა ქართული ჯიშის პოტენციას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საქმეში. ამ პროცესში ის აქტიურად თანამშრომლობდა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრთან.  

როგორც თავად ამბობს, რისკის მოყვარულია, სიამოვნებს ბეწვის ხიდზე სვლა და იხსენებს 2012 წელს, როცა „კორპორაცია ქართულმა ღვინომ“ ჩინეთიდან ქინძმარაულის 15 000-იან პარტიაზე მიიღო შეკვეთა. მოთხოვნა გამორიცხავდა პასტერიზაციის მეთოდსა და კონსერვანტების დამატებას. ეს ურთულესი ამოცანა იყო. გიორგიმ, ძველი მასწავლებლის, გოგი დაქიშვილის დახმარებით, საკუთარი ქიმიური ცოდნის საფუძველზე მიიღო სტაბილური ღვინო, რომლის ხარისხი მიკრობიოლოგიურად  შეამოწმა აღნიშნული პარტიიდან, მინიმუმ, 150 ბოთლში. 

მეღვინეობის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გიორგი ასე აყალიბებს - ყურძენი, ღვინო, ღვთის წყალობაა, რომელიც ადამიანმა სწორად უნდა გამოიყენოს. და ერთ მარტივ ანალოგიასაც მოიხმობს. მისი თქმით, ღვინო მისი საქმიანობის ნაყოფია, შვილია, რომლის დაავადების შემთხვევაში მშობელი აუცილებლად მიმართავს ნებისმიერ მსუბუქ, ან ძლიერ საშუალებას (პრეპარატს, მანიპულაციას), საჭიროებისამებრ. ის თვლის, რომ მეღვინესთვის ამოსავალი უნდა იყოს არა თვითკმარი პრინციპები, არამედ მიზანი, რომელიც საშუალებებს ამართლებს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიურ პროცესებს არ უნდა შეეწიროს ღვინის არომატული თვისებები და სიცოცხლისუნარიანობა. 

დღეს გიორგი თავისი ძირითადი სამსახურის „კორპორაცია ქართული ღვინის“ გარდა, კიდევ რამდენიმე სხვა საწარმოშია დაკავებული. მისი თქმით, იმ მარნებში, რომლებიც ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. პრობლემებთან გამკლავება ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. შეიძლება ითქვას, მეღვინეობა მისთვის არის პრობლემებთან ჭიდილი, მათი დაძლევა, ახალი პრობლემების მოლოდინი და მათთანაც გამკლავება - ეს არის მისი მოუსვენარი ცხოვრებისა და საქმიანობის სტილი. და არამარტო მისი! ეს ომია, რაც ყველაზე კარგად გვეხერხება და რა გრამატიკაც ჰქონდა ჩვენი არსებობის ისტორიას შუა საუკუნეებიდან დღემდე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.