Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე აზარტული დეგუსტაცია

ალეკო ცქიტიშვილი

ღვინის კლუბმა დეგუსტაციების ციკლი განაახლა. 1 თებერვალს ლუარსაბ ტოგონიძის ბარ-რესტორანმა „აზარფეშამ“ ამჯერად ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებით დეგუსტაციას უმასპინძლა. როგორც ბოლოს გაირკვა, ეს იყო ყველაზე აზარტული დეგუსტაცია ღვინის კლუბის ისტორიაში. სამომავლოდ, ღვინის კლუბის დეგუსტაციები, შესაძლოა, სატელევიზიო შოუდაც იქცეს.

უცხოური და ქართული ღვინოების შედარებით დეგუსტაციაში ღვინის კლუბის წევრებს და სტუმრებს უკვე ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული - შარშან „აზარფეშაში“ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, სადაც ქართულ ღვინოებთან ერთად ავსტრიული და ფრანგული ცქრიალა ღვინოები, მათ შორის შამპანურებიც გაისინჯა. თუმცა, მაშინდელი დეგუსტაცია შემეცნებით ხასიათს ატარებდა და ღია წესით ჩატარდა. ამჯერად კი, ცხადდებოდა მხოლოდ ნიმუშის ფასი, ხოლო ღვინის დასახელება და წარმომავლობა (ქართული იყო თუ ფრანგული) დეგუსტაციის შედეგების შეჯამებამდე მონაწილეებისთვის საიდუმლო იყო. ამავე დროს, ღვინის კლუბმა მონაწილეებს სახელდახელო კონკურსი შესთავაზა: დეგუსტაციის ყველაზე წარმატებულ ორ მონაწილეს, ვინც ფრანგულ და ქართულ ღვინოებს ერთმანეთისგან გამოარჩევდა, „ღვინის კერას“ ორი ბოთლი „ცოლიკოური/ციცქა“ ერგებოდა.

ფრანგული ღვინოები ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია. რამდენიმე რესტორანში, ღვინის სპეციალურ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში, ძირითადად, საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ფრანგული ღვინოები იყიდება.

ფრანგული ღვინოების პოპულარიზაციას აქტიურად უწყობს ხელს თბილისისთვის უკვე არც თუ ისე ახალი მსოფლიო ბრენდი - ჰიპერმარკეტი „კარფური“. ღვინის კლუბმა დეგუსტაციისთვის ამჯერად სწორედ აქ შეიძინა დაბალფასიანი, ანუ 10-დან 20 ლარამდე ღირებულების 5 ქართული და 5 ფრანგული ღვინო. დეგუსტაციის მთავარი მიზანიც სავაჭრო ქსელში არსებული დაბალფასიანი ფრანგული და ქართული ღვინოების ხარისხისა და გემოვნური თვისებების შედარება იყო.

დეგუსტაციაზე სულ ათი ნიმუში - 4 თეთრი, 2 ვარდისფერი და 4 წითელი ღვინო იყო წარმოდგენილი, შემდეგი თანმიმდევრობით: 1) კომპანია „ხარება“ – „მწვანე, 2011“ (18,45 ლარი). 2) Vin d’alsace – Riesling, 2011 (12,95 ლ.). 3) Chablis – appellation Chablis Controlee, 2011 (19,95 ლ.). 4) შატომუხრანი– „გორული მწვანე, 2010“ (15,95 ლ).  5) Chateau de Saint-Martin, Cru Classe, Cotes de Provence, 2011 (12,95 ლარი). 6) ჩელთი - საფერავი როზე, 2010 (11,50 ლ.). 7) ChateauFranc Couplet Bordeaux, 2010 (12,95 ლ.). 8) „თბილღვინო“ – „მუკუზანი, 2011“ (14.50 ლ.). 9) Les Molinieres, Cotes du Rhone Villages, 2010 (19,95 ლ.). 10) „კორპორაცია ქინძმარაული“ - დურუჯის ველი / ყვარელი 2009“ (11,45 ლ.).

დეგუსტაციის მონაწილეები ღვინოებს 20-ბალიანი სისტემით აფასებდნენ (3 ქულამდე - ვიზუალური შეფასება, 7 ქულამდე - სურნელი, 10 ქულამდე  - გემო). ამ გზით ყველაზე მაღალი ქულები ორმა ღვინომ მიიღო - ფრანგულმა (Les Molinieres, Cotes du Rhone Villages, 2010) და ქართულმა („კორპორაცია ქინძმარაული“ – დურუჯის ველი / ყვარელი 2009“), ასევე გამოირჩა კიდევ ერთი ქართული ღვინო – ჩელთის საფერავი როზე, 2010. ცხადია ღვინოებს არავინ არჩევდა შეჯიბრის პრინციპით, რადგან 10 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინის შესადარებლად არ არსებობს კრიტერიუმები, სამაგიეროდ თამამად შეიძლება შევაფასოთ ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად მოგვეწონა.

ღვინის კლუბის წევრმა, ტურიზმის გეონფორმაციული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაზა გაგუამ ქართული ღვინოების უცხოენოვან ეტიკეტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქართული კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე პირველ რიგში ქართველ მომხმარებელს უნდა უწევდნენ ანგარიშს და ეტიკეტსა თუ კონტრეტიკეტზე სახელმწიფო ენა უნდა გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ეტიკეტი უცხოელი მომხმარებლებისთვისაც არის განკუთვნილი, მაგრამ მათთვის ინგლისურენოვანი ინფორმაცია შედარებით მცირე მოცულობის შრიფტით უნდა იყოს გადმოცემული.  

ფრანგულ და ქართულ ღვინოებზე საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა  ფილოლოგმა ერეკლე ჩიგოგიძემ, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა  დეგუსტაციაში: „დაფარული წესით ღვინოების დაგემოვნება უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო. წინასწარ რომ გვცდონოდა, რომელი იყო ფრანგული და რომელი - ქართული ღვინო, ალბათ, ფრანგულ ღვინოებს უფრო მაღალ შეფასებებს მივცემდით, რაკი არსებობს წინასწარი განწყობა, რომ ფრანგული ღვინო ავტომატურად მაღალხარისხიანი ღვინის ეტალონია. ასევე აღმოვაჩინე, რომ ფასზე ღვინის ხარისხი დიდად არ აისახება. იყო შემთხვევა, როცა შედარებით დაბალფასიანი ღვინო უფრო მომეწონა“.

დეგუსტაციაში ასევე პირველად მონაწილეობდა ფინანსისტი ლევან საბაური, რომელიც ორი წლის წინ საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგულ ღვინოებზე საკუთარი აზრიც ჰქონდა ჩამოყალიბებული. თუმცა, სწორედ ამ ერთგვარი სტერეოტიპების გამო, „თბილღვინოს“ „მუკუზანი“, რომელსაც გამოკვეთილი მუხის ტონები ჰქონდა, ფრანგულ მუხის კასრში დავარგებულ ღვინოდ მიიჩნია. ასევე, საკმაოდ მუქი ლალისფერი „საფერავი როზეს“ დაგემოვნებისას, კენკრის გამოკვეთილმა არომატებმა მსგავსი ტიპის ფრანგული ღვინოები გაახსენა. ამგვარად, იგი ორივე შემთხვევაში შეცდა.

საკონკურსო ამოცანამ - მონაწილეებს გამოეცნოთ, რომელი იყო ფრანგული ღვინო და რომელი - ქართული, დეგუსტაციას დამატებითი აზარტი შესძინა. სადეგუსტაციო ფურცლების გაანალიზებისას გაირკვა, რომ დეგუსტაციის ხუთმა მონაწილემ 10-დან 8 ნიმუშის წარმომავლობა სწორად ამოიცნო. ამ მონაწილეებს, ღვინის კლუბის სტაჟიან წევრებს, დაევალათ, დამატებით კიდევ გაესინჯათ ერთი ნიმუში და გამოეცნოთ, თუ რომელ ნომრად იყო ეს ნიმუში წარმოდგენილი დეგუსტაციაზე. მოხდა ისე, რომ ამჯერად შეკითხვას სწორი პასუხი ვერც ერთმა მონაწილემ ვერ გასცა. ამიტომ მათ კითხვა ისევ გაუმეორეს, ოღონდ ამჟამად სხვა ნიმუშის თანხლებით. საბოლოოდ კითხვაზე პასუხი ორმა მონაწილემ გასცა - ღვინის კლუბის წევრებმა: თემურ ბერიშვილმა და ლევან კიტიამ. დაწესებული პრიზებიც მათ შეხვდათ.

„ასეთ საინტერესო დეგუსტაციას არ ველოდი. ქართული ღვინოების გემო გათავისებული მაქვს და უპირატესობასაც მას ვანიჭებ. როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა - უცხოობაში რაა სიამე?! ამიტომ დასმული საკონკურსო ამოცანაც ლოგიკურად ამოვხსენი - ქართული ღვინოები, თავისი გამორჩეული გემოებით, გამოვიცანი, ხოლო დანარჩენი ღვინოები ავტომატურად ვიგულისხმე, რომ ფრანგული იქნებოდა“, - გვითხრა თემურ ბერიშვილმა.

დეგუსტაციის საკონკურსო ნაწილი სანახაობრივადაც საინტერესო გამოდგა. ერთ მაგიდასთან მსხდომ ხუთ მონაწილეს, რომლებმაც 8 ნიმუშის წარმომავლობა გამოიცნეს და ახლა დამატებით მიცემული ენოლოგიური ამოცანის ამოხსნას ცდილობდნენ, დანარჩენი მონაწილეები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს.

სწორედ ამ დროს გაჩნდა ახალი იდეა!

„ეს იყო ყველაზე აზარტული დეგუსტაცია ღვინის კლუბის დეგუსტაციების ისტორიაში, სადაც ერთმანეთს ღვინოები ან მათი მწარმოებელი კომპანიები კი არ ეჯიბრებოდნენ, არამედ - დეგუსტაციის მონაწილეები. მალე ამან შეიძლება სატელევიზიო შოუს სახეცმიიღოს“, - აღნიშნა ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ.

დაბოლოს, მინდა, დეგუსტაციაზე წარმოდგენილ ფრანგულ და ქართულ ღვინოებზე ჩემი დაკვირვებებიც გაგიზიაროთ. სამ წელზე მეტია, ღვინის კლუბის დეგუსტაციებში ვმონაწილეობ და ამავე თემაზე რეპორტაჟებს ვწერ. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ღვინო მაქვს გასინჯული, რომელთა დიდი ნაწილის გემო ჩემს რეცეპტორებს დამახსოვრებული აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროს, გლობალიზაცია ღვინოებსაც შეეხო, განსაკუთრებით - ქარხნულ ღვინოებს. ქართული ღვინოების დასამზადებლად გამოყენებული დამხმარე საშუალებები, განსაკუთრებით - არომატწარმომქმნელი სელექციური საფუვრები ამ ღვინოებს ინდივიდუალობასაც უკარგავს და გემოვნურადაც ევროპულ ღვინოებს ამსგავსებს, ღვინის მსოფლიო ინდუსტრიის ნაწილად აქცევს. ეს პრობლემა უფრო მეტად თეთრ ღვინოებში იჩენს თავს. წითელი ღვინოების ასეთი „მოთვინიერება“, ჩემი დაკვირვებით, შედარებით ძნელია.

ამ მოსაზრებებს ღვინის კლუბის წევრთა ნაწილი იზიარებს, ნაწილს კი სასაცილოდ არ ყოფნის. ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებითმა დეგუსტაციამ ჩემი რწმენა გამიმყარა. 10-დან 4 ნიმუშის წარმომავლობა ვერ გამოვიცანი და ოთხივე თეთრი ღვინო იყო. „ხარებას“ „მწვანე, 2011“, რომელშიც ე. წ. პარფიუმი ძალიან სჭარბობს, ფრანგულ ღვინოდ მივიჩნიე, ხოლო ალზასური რისლინგი ქართულ ღვინოს, კერძოდ - რომელიმე კომპანიის „ცოლიკოურს“ მივამსგავსე. ოცლარიანი „შაბლი“, რომელიც კარგად „დამუშავებული“ მძაფრი ინდუსტრიული სურნელით გამოირჩეოდა, „თელიანი ველის“ ევროპული ტიპის ღვინოდ მივიჩნიე, ხოლო „შატო მუხრანის“ დახვეწილი „გორული მწვანე“ – ერთ-ერთ ფრანგულ ღვინოდ.  

სრულიად საპირისპიროდ, ქართული ღვინის ხასიათი იოლად დავინახე ვარდისფერ და წითელ ღვინოებში. კარგად ნაცნობი ჯიშური არომატების გამო, ადვილად გამოვიცანი საფერავისგან დაყენებული ღვინოები: „ჩელთის“ როზე, „თბილღვინოს“ „მუკუზანი“ და კორპორაცია „ქინძმარაულის“ „ყვარელი“, რომელიც ყველაზე მაღალი ქულით შევაფასე.

ამ სუბიექტურ დაკვირვებებს ხარისხის თემას თუ მივაბამთ, აღმოვაჩენთ, რომ დაბალფასიანი ქართული ღვინო ამ სეგმენტის ფრანგულ ღვინოებს ღირსეულად უწევს კონკურენციას. ქართული თეთრი მშრალი ღვინოების ავტორთა მიზანი თუკი სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა ისინი ფრანგული ღვინოებისგან ვერ გაარჩიოს, შეიძლება ითქვას, ეს მიზანი წარმატებით არის მიღწეული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.