ემილი ლაში საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ძალიან ხშირად უამბობს მკითხველს, ბლოგერი ამჯერად თბილისში მის რჩეულ ღვინის ბარებს ასახელებს და მცირე აღწერასაც თან ურთავს თითოეულს.
პირველ ადგილას “ნინო მერის ღვინის სელექციაა”, რომელიც სიონის საკათედრო ტაძართან მდებარეობს: “ეს პატარა და ძალიან მყუდრო ღვინის ბარი ჩემი რჩეულია. იქაურობა ბევრ სტუმარს ვერ იტევს, ამით კი, თითქოს, ეს კი ჩემთვის კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო ატმოსფეროს ნიშნავს.” - წერს ავტორი. ღვინის ბარის მესაკუთრე თავადაც მეღვინეა, მის ბარს კი უკვე ვერაზეც შეგიძლიათ ესტუმროთ.
Მეორე ადგილას “ღვინის ვაჭრებია”. როგორც საიტზე ვკითხულობთ, აქაურობა გამოირჩევა ძველი, საინტერესო, ინტერიერითა და ანტიკვარული ავეჯით: “აქ ქართულის გარდა ფრანგულ და იტალიურ ღვინოებსაც გასინჯავთ. ღვინოსთან ერთად კი ევროპულ და ქართულ ყველის დაფებსაც მიირთმევთ. შემწვარი საქონლის ხორცის სენდვიჩი სახლში გამომცხვარი პურით, კარამელიზირებული ხახვით, აჯიკითა და ღვინის სოუსით ნამდვილად უგემრიელესია” - აღნიშნავს ემილი ლაში. ღვინის ბარი ჯავახიშვილის 46 ნომერში მდებარეობს.
შემდეგ “8000 მოსავალია”, სადაც ღვინოების ყველაზე დიდ არჩევანს შეხვდებით. ავტორი მკითხველს დეგუსტაციაზე დასწრებასაც ურჩევს, რომელიც ღვინის კულტურულ ღირებულებაზეა ფოკუსირებული: “იქაურობა უფრო ოფიციალური დეგუსტაციებისთვისაა. ვფიქრობ, ყველა ღვინის მოყვარული, რომელიც თბილისს ესტუმრება, 8000 მოსავალში აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა დაესწროს ამ დეგუსტაციებს, სადაც 4 სხვადასხვა ღვინის სომელიესთან ერთად შეაფასებთ”.
მეოთხე ადგილას “სულიკოა” - ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ზაფხულში საღამოს გასატარებლად. როგორც ვკითხულობთ, ღვინის ბარში აქცენტი მცირე ზომის საწარმოებზე გააკეთეს: “აუცილებლად გასინჯეთ ლობიოს პაშტეტი, რიზოტო სვანური ყველით, გამომცხვარი კალმახი ვაზის ფოთლებში და მათთან ერთად კიდევ უამრავი საინტერესო და ძალიან გემრიელი კერძი. განსაკუთრებულ ღვინოებს კი თქვენი გემოვნების მიხედვით იქ თავად შეგირჩევენ” - წერს ემილი.
“ჯი.ვინო - ნატურალური ღვინის ბარი” - ავტორისთვის ეს ადგილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ობიექტია და იმაზე მეტია, ვიდრე ბარ-ბისტრო: “ეს არის ადგილი, სადაც მეღვინე/მევენახეები იკრიბებიან, ერთმანეთს რჩევებსა და იდეებს უზიარებენ. აქ ქართული ღვინის ბუნება მაქსიმალურად ჩანს, ის, თუ რამდენი რამ შეუძლია ღვინოს.” ღვინოები ნატურალური და ბუნებრივია, კლასიფიცირებულია შეგრძნებების მიხედვით, მაგალითად “საშუალო და ექსპრესიული”, “სრული და ინტენსიური”. მკითხველს მესხური ხინკლის წვნიანის, სვანური კუბდარისა და ღორის ნეკნების გასინჯვას ურჩევს.
Vino underground იყო პირველი, სადაც ექსკლუზიურად მხოლოდ ორგანული და ბიო ღვინოები იყიდებოდა: “მიწისქვეშა მარანი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად რჩება, სადაც შეგიძლიათ დაბალი ინტერვენციის ქვევრისა და ევროპული სტილის ღვინოები დააგემოვნოთ კახეთიდან და მის ფარგლებს გარეთ მცირე საოჯახო ვენახებიდან” - ვკითხულობთ სტატიაში. სრულ ჩამონათვალს Wander Lush-ზე გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი