Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024 საბა ქიტიაშვილია

ფოტოს ავტორი ნანა ჩხიკვაძე

მოამზადა ელენე ცინცაძემ

გუშინ, 9 ოქტომბერს "საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ" 2024 წლის საუკეთესო სომელიე გამოავლინა. გამარჯვებულია საბა ქიტიაშვილი, რომელიც 2020 წლიდან კონკურსის მონაწილეა. მეორე და მესამე ადგილები კი რეზი ცეცხლაძემ და თეონა თოხაძემ გაინაწილეს. საბა ქიტიაშვილის მეღვინეობას Spring Fields 19 ოქტომბერს, ჩვენს ფესტივალზე “მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” შეხვდებით, სადაც საბა თავად გაგაცნობთ მის ღვინოებსა და მარანს.

კონკურსი ჩატარდა ორ ნაწილად, პირველ ნაწილში ინდივიდუალური, ხოლო მეორე ნაწილში კოლექტიური ასპარეზობით მონაწილეებმა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს.  წლევანდელმა ფინალისტებმა გამოავლინეს უნარები ღვინის დეგუსტაციაში, დეკანტირებაში, წარმატებულად გაართვეს თავი სხვადასხვა დავალებას, მათ შორის მთელი მსოფლიოდან მარნებისა და შატოების გამოცნობას, ეტიკეტებში შეცდომების ძიებას, ღვინისა და კერძის შეხამებას და ა.შ. შედეგები შეაფასა ჟიურიმ, რომელთა წევრებს შორისაც იყო კობა აბრამიშვილი, (საქართველოს საუკეთესო სომელიე 2022), ჯაბა ძიმისტარიშვილი (საქართველოს საუკეთესო სომელიე 2020) სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი, თამაზ თამაზაშვილი - 2018 წლის კონკურსის გამარჯვებული, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ასევე გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში და სხვანი. კონკურსის დასრულებისთანავე საბა ქიტიაშვილს ვესაუბრეთ:

საბა, გვითხარით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები კონკურსის დასრულების და გამარჯვების ტიტულის მოპოვების შემდეგ?

- ისეთი როგორიც 6 წლიანი მცდელობის შემდეგ არის ხოლმე, თან რომ გჯერა გამარჯვების მაგრამ ზუსტად ამიტომ უფრო მეტი წნეხი გაწვება. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ ამ ტიტულის ქონას. დავალებებს რაც შეეხება დაახლოებით ვიცოდით რა იქნებოდა წელსაც ფინალში, პრაქრიკულ ნაწილზე ნაკლებად ვღელავდი, უფრო თეორიაა ხოლმე რთული, რადგან არ იცი რომელ რეგიონზე ან მეღვინეობაზე გექნება კითხვები. 

როდესაც დანარჩენ ფინალისტებთან ერთად უკვე სცენაზე ახვედით, რამდენად გერთულათ დავალებები? 

-- მხოლოდ თავიდან, პირველი ორი წუთის განმავლობაში არის სტრესი, შემდეგ კი პირიქითაა. ეს არის სიამოვნება, რომელსაც სომელიეები ყოველდღიური სერვირების დროს ვიღებთ. სომელიეს არ აქვს მარტივი სამუშაო გარემო, ის ყველაფერი, რაც დავალებად გვქონდა, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს და ამაში ძალიან რთული და წარმოუდგენელი თითქოს არაფერია, თუმცა დიდი პუბლიკის წინ წარსდგე მაინც სხვანაირი გრძნობაა. ძალიან საინტერესო დავალებები იყო, კონკურსის სირთულე კი, როგორც უკვე გითხარით, ძალიან ნაცნობია ჩვენთვის, სომელიეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ამ საქმეს დიდ დროს ვუთმობთ.

-თუ ელოდებოდით გამარჯვებას და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენი კარიერისთვის ეს წინსვლა.

- სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ვინერვიულე, თუმცა რამდენიმე დავალების შემდეგ მივხვდი, რომ მოსალოდნელი იყო ჩემი პირველობა. რაც შეეხება ამ ტიტულს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე გავხდი.

კონკურსის შესახებ გერმანიის ელჩი, ერნსტ პეტერ ფიშერიც გვესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო: “პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ფინალისტებსა და გამარჯვებულს. კონკურსი იყო ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო. ერთ-ერთმა მონაწილემ მნიშვნელოვანი ფრაზა გააჟღერა და თქვა, რომ ის, რაც გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს - ერთიანობაა და ეს მართლაც ასეა. მგონია, რომ სწორედ ერთიანობით შევძლებთ კიდევ უფრო ახლოს და მჭიდროდ ყოფნას ერთმანეთთან, ვიდრე ახლაა”

დაჯილდოვების ცერემონიაზე შეხვდებოდით მეღვინეებს, ღვინის იმპორტიორებს, ენთუზიასტებს, ღვინის დიდოსტატებსა და მოყვარულებს. ღონისძიების შესახებ ღვინის მცოდნეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტემენტის უფროსსა და “სველი ძაღლის” მეღვინე ირაკლი ჩოლობარგიასაც ვესაუბრეთ: “ეს კონკურსი 2016 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოში. სომელიე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია გახდა საქართველოში და ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული ამ ამბავში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამასთანავე “საქართველოს სომელიეთა ასოციაცია” საერთაშორისო ასოციაციის წევრია და იძლევა ძალიან დიდ საშუალებას, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ ჩვენი ქართველო სომელიეები და რაც შეიძლება მეტ ღვინოსა და ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს კი, თავისთავად, გაზრდის მოთხოვნას როგორც ქართულ ღვინოზე უცხოეთში, ასევე უცხოურ ღვინოზე საქართველოში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდ როლს ითამაშებს, რომ საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაიზარდოს და კიდევ მეტად დავიმკვიდროთ თავი მეღვინეობის საერთაშორისო რუკაზე”.

"ღვინის კლუბი" და ვებგვერდი Vinoge.com ვულოცავთ საბას გამარჯვებას. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



საბას წარმატებები! მშვენიერი მიმოხილვაა, ინტერვიუ ძალიან მომეწონა, მაგარი თავდაჯერებულია.


ყოჩაღი ბიჭია! ველოდებოდი მის გამარჯვებას, მომეწონა ელჩის პოზიცია, ღვინო გვაერთიანებს!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული