Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარანი „ენკენი“ - ინტერვიუ ლაშა გურულთან

-  მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, მოკლე ისტორია, დაფუძნება. რა გამოარჩევს მას სხვა მარნებისგან?

-  მარანი „ენკენი“ 2015 წელს დაარსდა, რომელიც თერჯოლის რაიონ სოფელ ახალთერჯოლაში მდებარეობს. მეღვინეობა ოჯახის ტრადიციული საქმიანობა იყო, ამიტომ ჩვენს ღია მარანს 200 წლოვანი ქვევრები ამშვენებდა. მარანი შემდეგ გადავხურეთ კრამიტით. 2015 წლის შემდეგ, ღვინო „ენკენის“ მარნის ქვევრებში მზადდება, იმერული წესით, ნაწილობრივ ჭაჭასთან ერთად. რამდენიმე სახის ღვინოს, ვაწარმოებთ, ესენია: ციცქა, ცოლიკოური, ციცქა-ცოლიკოური, ძელშავი, კრახუნა, თეთრი კაპისტონი. ჩვენი ღვინოები როგორც შიდა ბაზარზე, ასევე  საზღვარგარეთ, კერძოდ აშშ-ში იყიდება. მარნის გამორჩეულობა მის ადგილმდებარეობაშია - თერჯოლიდან რაჭისკენ მიმავალი მთავარი გზის მარცხენა მხარეს, შესაბამისად ლოკაცია ტურისტებისთვის  ძალიან მოსახერხებელია. სამომავლოდ ტურისტების უფრო დიდი რაოდენობით მიღებას ვგეგმავთ, რაც ღვინის შიდა ბაზარზე მოხმარების მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის. ამ ეტაპზე, წლიურად 2500 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ.

- რა მიგაჩნიათ თქვენი საქმიანობის მთავარ მიზნად?

- მთავარი მიზანი მარნის კიდევ უფრო გაფართოება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვაა. გვსურს ტურისტებზე უფრო ორიენტირებული ვიყოთ და ისეთი სადეგუსტაციო სივრცე შევქმნათ, რომელიც მათ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. უფრო მეტი ვაზის ჯიშის გაშენება გვინდა, შესაბამისად მეტი სახეობის ღვინის წარმოებაც. ერთ-ერთი მიზანი საექსპორტო ქვეყნების არეალის ზრდაა. საბოლოოდ, კი მსურს მეღვინეობა ჩემს მთავარ საქმიანობად ვაქციო.

- თქვენ ღვინოს იმერული ვაზის ჯიშებისგან აყენებთ, რით გამოირჩევიან ისინი? რა მნიშვნელობა აქვს იმერულ ღვინოს ზოგადად ქართული მეღვინეობისთვის?

-  იმერული ღვინო, ანუ იმერული წესით ქვევრში დამზადებული ღვინო, თვისებრივად განსხვავდება, მაგალითად, კახური ღვინისგან. იმერული ღვინოები სიმსუბუქით, სიხალისით, სასიამოვნო მჟავიანობით, ღია ფერთა პალიტრით, მრავალფეროვანი არომატებით, დაძველებისადმი მდგრადობით გამოირჩევიან. ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ბუნებრივი იმერული ღვინოები არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა, თუმცა საპატიო ადგილი მალევე დაიმკვიდრა. იმერული ღვინო ახლა უკვე მსოფლიო მასშტაბით ცდილობს თავის დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხოლოდ ქარვისფერი ღვინით არ იცნობდნენ და იმერული ხალისიანი ღვინოების შესახებაც ჰქონდეთ ინფორმაცია, ვფიქრობ ევროპელი მომხმარებლისთვის ესეც ძალიან მისაღები და სასურველი იქნება.

- კონკრეტულად თქვენი მხარის, თერჯოლის მეღვინეობის რეგიონის, მისი ისტორიისა და ტრადიციების შესახებ რას იტყვით?

- იმერეთში თერჯოლის რაიონი მეღვინეობის სამ უდიდეს ზონას შორისაა. ესენია ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონები. ეს უკანასკნელი თავის მხრივ მოიცავს სვირის მიკროზონას. თერჯოლაში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიში ციცქაა, მისი ორი სხვადასხვა განშტოებით: მწვანე ციცქა და ყვითელი ციცქა. მეღვინეობით გამორჩეულის ისეთი სოფლები, როგორიცაა: ზედა საზანო, თუზი, ქალაქ თერჯოლის არეალი, ჩხარი-ახალთერჯოლა, სიქთარვა, სიმონეთი და ა.შ. თერჯოლაში  უმსხვილესი შუშხუნა ღვინის მწარმოებელი ქარხანა მდებარეობდა, რომელიც  შუშხუნა ღვინოს უშვებდა. თერჯოლა და სხვა სოფლები ნედლეულის ძირითადი მომწოდებლები იყვნენ. რაიონის ყველა სოფლის ოჯახებში ქვევრები დღემდე შემორჩენილია, რაც რაიონის მეღვინეობის ისტორიას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სხვადასხვა სოფელში რამდენიმე მარანმა წინაპართა ტრადიცია აღადგინა. ჩვენც ასე მოვიქეცით და ღვინის წარმოება უძველეს ქვევრებში განვაახლეთ.  

- რომელია თქვენთვის გამორჩეული ქართული ვაზის ჯიში (ჯიშები), რომლისგანაც თქვენ ღვინოს აყენებთ?

- გამორჩეული ვაზის ჯიში თეთრი კაპისტონი გვაქვს. ეს თერჯოლის ენდემური ჯიში ყოფილა, თუმცა, შემდეგ გადაშენებული. 2017 წელს ჩამოვიტანეთ მუხრანის სანერგე მეურნეობიდან 200 ნერგი და უკვე მეორე წელია, რაც ამ ყურძნისგან ღვინოს ვაწარმოებთ.

- როგორ ხედავთ თქვენი საქმიანობის სამომავლო განვითარებას და რა გეგმები გაქვთ?

-  ვფიქრობთ დაგეგმილ ხედვას არ გადავუხვიოთ და ბუნებრივი ღვინის წარმოება განვაგრძოთ. ჩვენი მიზანი ახალი სივრცის აშენებაა, სადაც პირველ სართულზე   დიდი საცავი იქნება, ქვევრებით. ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე, ასევე წარმოების გაფართოებაზეც თანმიმდევრულად ვმუშაობთ. გვსურს „ენკენი“ისეთი სახის ბრენდად ვაქციოთ, რომელიც თაობებს შემორჩება.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული