ზამთრის ცივ ამინდებში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო ღვინის დალევას არაფერი სჯობს. იმის გაგება, თუ რატომ არის ესა თუ ის ღვინო ცივ ამინდებში უმჯობესი, დაგეხმარებათ სასურველი ბოთლის არჩევაში. საზამთროდ ღვინის არჩევისას გასათვალისწინებელია სამი ასპექტი:
მჟავიანობა: მაღალმჟავიანი ღვინო კარგად ერწყმის ცხიმიან და ტკბილ საკვებს, რომლებიც ტრადიციული სადღესასწაულო კერძების ძირითადი ნაწილია. მაღალმჟავიან სასმელს შეუძლია ცხიმიანი საკვების განეიტრალება და მრავალფეროვანი გემოების უკეთ წარმოჩენა, ამასთან ერთად კი აბალანსებს სიტკბოს.
ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა: ალკოჰოლის შემცველობა ხშირად
მიუთითებს იმაზე, ღვინო ტკბილია თუ მშრალი. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო მშრალია ღვინო. ეს მნიშვნელოვანი ხდება საკვების დაწყვილების დაგეგმვისას. ტკბილი ღვინოები უკეთესად ერწყმის სანელებლებით შეკმაზულ, ცხარე ან მარილიან კერძებს. მათ ინტენსივობას ანეიტრალებს და კერძიც უფრო დაბალანსებული ხდება.
ღვინის რეგიონი: და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ სად მოჰყავთ ყურძენი, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ღვინის მახასიათებლებს. მაგალითად, ცივ კლიმატში მოყვანილი ყურძენი სწრაფად არ მწიფდება, რის შედეგადაც მჟავიანობა იმატებს, შაქრის შემცველობა კი მასში არც ისე მაღალია.
ზოგს ჰგონია, რომ ზამთარში მხოლოდ წითელი ღვინო უნდა მიირთვას, რაც არ არის სწორი. ღვინო და კერძი ერთად უნდა შეარჩიოთ. რა კერძის მომზადებასაც აპირებთ, ღვინოც იმის მიხედვით შეიძინეთ, ან, პირიქით, თუ უკვე გაქვთ ღვინო სახლში, კერძიც შესაბამისი მოამზადეთ.
ქართული კერძების შემთხვევაში მხალეულობას სხეულიანი და მაღალმჟავიანი ღვინოები უხდება, როგორიცაა ცოლიკოური, მაგალითად. ხაჭაპური უნივერსალური კერძია და ძალიან უხდება კახურ მწვანეს, რაჭულ წულუკიძის თეთრას, ქართლურ გორულ მწვანესა და ჩინურს. საცივთან კი ქარვისფერი, კახური რქაწითელი ან მწვანე მიირთვით. დაიმახსოვრეთ, კარგი, საშემოდგომო ან ზამთრის ღვინოები საყვარელი სვიტრივით უნდა იყოს - თბილი და კომფორტული.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი