Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (1)

ჰიუ ჯონსონი (დ. 1939) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ღვინის ექსპერტი, მწერალი და ისტორიკოსია. პირველი წიგნი “ღვინო” ჯერ კიდევ 1966 წელს გამოსცა. 1969 წელს დაიწყო “ღვინის მსოფლიო ატლასის” შედგენა, რომელიც მრავალჯერ გამოიცა ხელახლა და დღემდე ამ წიგნის 4 მილიონზე მეტი ეკზემპლარი გაიყიდა. 1977 წელს “ჰიუ ჯონსონის ღვინის გზამკვლევი” გამოვიდა. მას შემდეგ ეს წიგნი ყოველწლიურად გამოიცემა მსოფლიოს 14 ენაზე მილიონიანი ტირაჟებით. 1989 წელს გამოსცა “ღვინის ისტორია”, წიგნი, რომელმაც საბოლოოდ დაუმკვიდრა ჰიუ ჯონსონს მსოფლიოს საუკეთესო ენოლოგის სახელი. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე “ღვინის ენციკლოპედია” და მრავალი სტატია ღვინის შესახებ. არის რამდენიმე ტელეპროექტის ავტორიც.

რჩეულ თავებს “ღვინის ისტორიიდან” გაგრძელებით შემოგთავაზებთ.

ვსვამთ ღმერთს

ნეტარების სიხარული

ძვ.წ. 404 წელს, მარტის ერთ დილას, აკროპოლისის უზარმაზარ თეატრში, ტრაგედიების წარმოდგენაზე, დიონისეს ყოველწლიურ დღესასწაულზე რომ იმართება ხოლმე, 14 ათას ათენელს მოეყარა თავი. წინა დღეს იმდენი ხარი შეეწირათ მსხვერპლად, რომ ქალაქში ღვინის მძაფრ არომატში არეული სისხლის სუნი ტრიალებდა. შეკრებილთაგან ბევრი ღვინით სავსე ტიკით მოსულიყო. ისინი პირდაპირ ტიკებიდან წრუპავდნენ "ტრიმას" - ჩვენთვის უცნობი შემადგენლობის ბალახების არომატით გაჯერებულ ღვინოს, შეზარხოშებულები დაბარბაცებდნენ და ხუმრობით ამბობდნენ, რომ თხის ტყავის ტიკებზე გაცილებით რბილად ისხდნენ, ვიდრე თეატრის უხეშ სკამებზე.

დიდ ამფითეატრში ყველაზე ბოლოს ქალაქის მთავარმა მაგისტრატებმა, ელევსინელი დიონისეს ქურუმებმა და მხედართმთავრებმა დაიკავეს ადგილები. მათი ქვის ტახტები მარმარილოს დიდ, ნახევრადწრიულ სცენასთან იყო განლაგებული, სადაც უკვე გამოდიოდნენ მომღერლები, მედაფდაფენი და მოცეკვავენი. მოცეკვავეებს ირმის ფაფუკი ტყავები ემოსათ, თავზე სუროს ფოთლებით მოწნული გვირგვინები ადგათ, ხელში კი ფიჭვის გირჩებით შემკული ველური კამის ღეროს კვერთხები ეკავათ. უცნაური ტყავის ფალოსებითა და ცხენის კუდებით მორთული მოცეკვავე მამაკაცები სცენაზე დაბანცალებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე "სატირი" მოინდომებდა რომელიმე "მენადის" დაჭერას, ეს უკანასკნელი გარბოდა და თავისი "თირსოსით" - დიონისეს კვერთხით, რომელიც მისი ძალის სიმბოლოს განასახიერებდა - იგერიებდა გამოდევნებულ "სატირს".

ეს ყველაფერი კარგად იყო ცნობილი ათენელებისთვის. დიონისეს სხვადასხვაგვარი ფესტივალი შესვენებებით მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაფერი დეკემბრის თვეში იწყებოდა სოფლის პროვინციული დიონისიებით, რომლებშიც ღვინის ღმერთზე მეტად ფალოსზე კეთდებოდა აქცენტი. ბოლოს და ბოლოს, ღმერთი ხომ მკვდარი იყო. მისი სხეული, რომელსაც ყურძნის მტევნის სახე ჰქონდა, დაანაწევრეს და ზამთარში, მოსავლის აღების დროს დაწურეს. და ახლა იდგა ვაზები შიშვლად და უსიცოცხლოდ. მხოლოდ სურო იძლეოდა ზამთარში სიცოცხლის ნიშანწყალს. მის ფოთლებს შორის, რომლებიც ყურძნისას ჩამოჰგავს, იზრდებოდა პატარა, მკვრივი ნაყოფები. გიგანტური ფალოსის გარშემო ცეკვას კი გამოხატავდნენ სიტყვით - "კომოსი", რომლისგანაც მომდინარეობს სიტყვა - "კომედია".

ყოველ მეორე ზამთარს სხვადასხვა ასაკის ქალთა დიდი ნაკადი ელევსინის გავლით წმინდა ქალაქ თებესკენ, დელფოს ორაკულის ტაძრისკენ მიემართებოდა მოსალოცად. სამისნო, სადაც წელიწადში ცხრა თვე აპოლონს ევედრებოდნენ, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით დიონისეს ტაძარი ხდებოდა. მისი ქურუმები, მიმდებარე ქალაქებიდან ჩამოსულ მომლოცველებთან და მათ მსახურებთან ერთად მენადებივით იმოსებოდნენ და ასე აღასრულებდნენ საიდუმლოებას. მხოლოდ წარმოდგენა თუ შეიძლება იმაზე, რაც იქ ხდებოდა. დანამდვილებით ის არის ცნობილი, რომ მენადები პარნასის მთაზე (დელფოსთან ახლოს) ერთად ადიოდნენ და მთელი ღამე იქ რჩებოდნენ. დიდი სოფოკლე ასე აღწერს ამ სცენას "ანტიგონეში": "ჩირაღდნების შუქზე ორმწვერვალოვანი პარნასის თავზე მოჩანხარ, სადაც კორიკიელი ნიმფები, ბაკქი ქალები ცეკვავენ შენს გარშემო, ხოლო ქვემოდან კასტალიის ჩანჩქერების ხმა ისმის. მოდიხარ სუროთი მორთული, ღვინით მდიდარი ნისის ფერდობებიდან და მალე თებეში შემოაბიჯებ".

პარნასის მწვერვალი ზღვის დონიდან თითქმის 2500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. შემონახულია ჩანაწერები ქარბუქის შესახებ, რომელიც უკან დასახევ გზას ჭრიდა, აგრეთვე იმ სამაშველო ოპერაციებსა და სიძნელეებზე, რომელთა გადატანაც მენადებს უხდებოდათ: "მათი ტანსაცმელი ყინვისაგან ქვასავით მაგრდებოდა". ამ ცივ პიკნიკს რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, მენადები ღმერთს მკვდრეთით აღდგომაში ეხმარებოდნენ. ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ ამ ძალზე ძველმა რიტუალმა მათ დრომდე უძველესი ტრადიციის სახით მოაღწია. რა თქმა უნდა, ღმერთის სიკვდილი და აღდგომა, რომელიც წელიწადის დროების ცვლილებისას ბუნების განახლების სიმბოლოს განასახიერებს, ერთ-ერთი უძველესი რელიგიური თემაა. თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ "მენადიზმი" სინამდვილეში მასობრივი ისტერიის გამოხატულება იყო. მენადებს ყოველთვის გამოსახავდნენ უკან გადაწეული თავით, რაც, ექიმების თქმით, კლინიკური სიმპტომია. ასეთ მდგომარეობაში ადამიანები უცნაურად იქცევიან: ხელში იჭერენ გველს, ცეცხლს, კლავენ ცხოველებს და ჭამენ უმ ხორცს. ისტორიამ შემოინახა სხვა მაგალითებიც იმისა, თუ როგორ ვარდებოდნენ ადამიანები ცეკვისგან ექსტაზში. ზოგიერთის აზრით, ბერძენი ქალები (დიდგვაროვანი წარმომავლობისაც კი) პრაქტიკულად თავიანთი ქმრების მონები იყვნენ, და მთებში ღვინის ღმერთისთვის შევედრების შესაძლებლობა მათ აუცილებელ ფსიქოლოგიურ განტვირთვაში ეხმარებოდა.

სავარაუდოა, რომ მთის საიდუმლოს აღსრულებაში უმთავრესი იყო არა ღვინო, არამედ ნარკოტიკული საშუალებები. თვითონ დიონისეს კვერთხი შეიძლება განვიხილოთ როგორც ნარკომანიის სიმბოლო. ბერძენი მეწამლეები ველური კამის ღეროებში თავიანთ წამლებს ინახავდნენ, რათა გაფუჭებისგან დაეცვათ. ფიჭვის გირჩები განასახიერებდა ხეს, რომლის დადუღებული ფისიდან ძლიერი მათრობელა სასმელი დგებოდა. ზოგიერთი მენადა თავის გვირგვინში ოპიუმის თავთავებს აწნავდა. რაც შეეხება სუროს ნაყოფს, ის დაუდუღებელიც საკმაოდ ტოქსიკურია.

გარდა ამისა, ზამთარი საბერძნეთში სოკოს სეზონია. ინდოელი ღმერთი სომა, რომლის შესახებ მითები ასე ძალიან ჰგავს ლეგენდებს დიონისეზე (მათ საერთო ფესვები უნდა ჰქონდეთ), ნარკოტიკულ თვლემას ჰგვრის ფართოდ გავრცელებული amanita muscaria-ს, ფირფიტოვანი სოკოს საშუალებით. მისი ზემოქმედების შედეგად ადამიანს ეხსნება კომპლექსები და ფსიქიკური შეზღუდვები, უჩნდება ძლიერი სექსუალური ლტოლვა, ეწყება ჰალუცინაციები, და ბოლოს და ბოლოს იგი სრულ ნეტარებას ეძლევა.

ბერძნებისთვის კიდევ ერთი ხელმისწვდომი სოკო, რომელსაც, შესაძლოა, მენადები თავიანთი საიდუმლოს აღსრულებისას იყენებდნენ, არის ჭვავის რქად წოდებული ქერისა და სხვა მარცვლოვნების პარაზიტი. მისი ფსიქოაქტიური ალკალოიდები დღეს უფრო ლსდ-ის სახელითაა ცნობილი. როგორც ვიცით, ბერძნები არასოდეს სვამდნენ გაუზავებელ ღვინოს. მაყურებელთა ტიკებში ჩასხმულ "ტრიმაშიც" ბალახი იყო გარეული. სირიული საკმეველი ნარკოტიკული თვისებების მქონე კიდევ ერთი ინგრედიენტია, რომელსაც ღვინოში ურევდნენ. სავსებით შესაძლებელია, ბერძნებისთვის, ყოველ შემთხვევაში ადრეული პერიოდის ბერძნებისთვის, ღვინო სუსტი ნარკოტიკული კოქტეილი ყოფილიყო. დიონისეს ეძღვნებოდა იდუმალებას სრულიად მოკლებული მეორე ფესტივალიც. იგი იმართებოდა თებერვალში, როდესაც დგებოდა ახლად დაყენებული ღვინის თავის მოხდისა და დაჭაშნიკების დრო. მას ანთესტერია, ანუ ყვავილოვანი ფესტივალი ეწოდებოდა (სიტყვისგან - "ანთოსი", ყვავილი - ღვინის მოყვარულები დღემდე იყენებენ ამ სახეს, როდესაც მის ბუკეტზე საუბრობენ).

ანთესტერია იმართებოდა ზღვასთან ახლოს მდებარე ტაძარში, რომელიც, როგორც ამბობენ, ელეუთერის ტაძარზე გაცილებით ძველია. დაჭაშნიკებამდე ახალ ღვინოს წყლით აზავებდნენ, და ზღვიდან ამოყვანილ, დიონისეს კოსტიუმსა და ნიღაბში გამოწყობილ მსახიობს ბორბლებიანი ნავით დაატარებდნენ სანაპიროზე, - რაც ერთ-ერთია იმ უამრავი მტკიცებულებიდან, რომ ეს ღმერთი შორეული ქვეყნებიდან ცურვით ჩამოვიდა.

ამფორიდან ღვინის დალევა თებერვლის ფესტივალის მთავარი გასართობი იყო. გარდა ამისა, იმართებოდა სხვადასხვა სახის შეჯიბრიც, მაგალითად, ვინ მეტს დალევდა ან ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა და არ ჩამოვარდებოდა ღვინით სავსე გაქონილი ტიკიდან. დიდი (ანუ ქალაქური) დიონისიები ათენში მარტის თვეში იმართებოდა. ისინი ეფუძნებოდა ელევთერიანულ კულტს, - უფრო ძველს, ვიდრე თვითონ ძველი საბერძნეთი იყო. ბაბილონში ახალი წელი მარტში, გაზაფხულის ბუნიობის დღეებში აღინიშნებოდა. იმ ეპოქაში ბუნიობა ემთხვეოდა მზის შესვლას კუროს თანავარსკვლავედში. ხარებს ცერემონიულად აბამდნენ გუთანში. ბაბილონელთა მთავარი ღმერთი, მარდუქი ხარის სახეს იღებდა. მრავალი მტკიცებულების თანახმად, ასეთი სახით ცხადდებოდა დიონისეც.

ძვ.წ. V საუკუნისთვის ქალაქის დიონისიები მმართველებმა ოფიციალურად შეიტანეს კალენდარში, როგორც ერთ-ერთი მთავარი სახალხო დღესასწაული. ეს იყო მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ რა დათმობებზე მიდის ხელისუფლება ხალხის წინაშე. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საბერძნეთში დიონისეს კულტი უღირსად ითვლებოდა და იკრძალებოდა: იგი საშუალებას აძლევდა საზოგადოების დაბალ ფენებს, ქალებსა და მონებს დასაშვებ ზღვარს გადასულიყვნენ. ძვ.წ. VI საუკუნეში ეს კულტი მოულოდნელად იქცა ანგარიშგასაწევ ძალად. სასტიკი ტირანი პისისტრატე, რომელიც ძვ.წ. 546-527 წლებში მართავდა პოლისს, მიხვდა, რომ სახალხო კულტთან გამკლავების საუკეთესო საშუალება მისი ოფიციალურად გამოცხადება იქნებოდა. თუ დიონისეს მიმდევრებს უნდათ სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობა და ქუჩებში ცეკვა, რატომ არ შეიძლება ამ ყველაფერმა ორგანიზებული ღონისძიების სახე მიიღოს? ასე აშენდა ათენის შუაგულში პირველი იმ თეატრთაგან, რომლებიც უძველესი რიტუალის სახლად იქცა. თავად რიტუალი კი იმდენად მნიშვნელოვანი და პოპულარული იყო, რომ შეუძლებელი იყო მისთვის ანგარიში არ გაეწიათ.

ცხოვრება თეატრია

ძვ.წ. 404 წელს თეატრალურ შეჯიბრში გაიმარჯვა პიესამ, რომელიც სცენაზე ავტორის სიკვდილის შემდეგ დაიდგა. დევნილობაში მყოფი ევრიპიდე, სალამისიდან, თავისი ხანგრძლივი დრამატურგიული კარიერის ტრიუმფალურ დასასრულამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი პიესა "ბაკქი ქალები" ატარებდა სახელს, რომლითაც ღვინის ღმერთი საბერძნეთის მოპირდაპირე მხარეს, ეგეოსის ზღვის კიდეზე, ლიდიაში იყო ცნობილი. პიესა მოგვითხრობდა იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დიონისე საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით მდებარე ბეოტიის ქალაქ თებეში.

დიონისეს შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობდა. ამ ლეგენდებში ის მუდმივად ახლიდან იბადებოდა, და თანაც ყოველთვის სხვადასხვა მშობლებისგან და სხვადასხვა ადგილებში. ევრიპიდეს დადგმის წყალობით, ლეგენდა თებეში მისი გამოჩენის შესახებ ყველაზე ცნობილ ლეგენდად იქცა.

ღმერთის მამა იყო ზევსი, დედა - მოკვდავი სემელე, თებეს მეფის - კადმოსის ასული. ორსულმა სემელემ გაბედა ეთხოვა ზევსისთვის ჩვენებოდა მას მთელი თავისი ღვთაებრივი სიდიადით. მაშინ ღმერთმა უხალისოდ შეუსრულა სემელეს თხოვნა და ჭექა-ქუხილითა და ცეცხლის ფრქვევით გამოეცხადა. სემელე დაიფერფლა, მაგრამ ზევსმა გადაარჩინა თავისი ჩვილი: დედის საშოდან ამოიყვანა და ბარძაყში შეინახა. სემელეს ისტორია "ბაკქი ქალების" პროლოგია. თავად პიესაში კი მოქმედება იწყება რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დიონისე თებეში ბრუნდება და ბერძნებს ღვინოს ჩუქნის. იგი ნაზი ყმაწვილის სახით ჩნდება და აღმოაჩენს, რომ თებეში არავის სჯერა მისი ღვთაებრივი წარმომავლობის. სემელეს დები, მისი დეიდებიც კი თვლიან, რომ ის უბრალო მოკვდავია. თავის ღვთიურ რისხვაში დიონისეს ჭკუიდან გადაჰყავს ქალები; მათ ისეთსავე შეშლილებად აქცევს, როგორიც ის ლიდიელი მენადები არიან, თან რომ ახლდნენ და გორაკებზე ცეკვავდნენ.

სპექტაკლის პირველი ნახევარი მაყურებელს სიცილის საშუალებას აძლევს. თებეს მმართველი პენთევსი განასახიერებს აღშფოთებულ ხელისუფალს. როგორ გაბედეს ქალებმა თვითნებურად ოჯახების მიტოვება და სასეირნოდ წასვლა. იგი შეიპყრობს დიონისეს და ბოსელში გამოამწყვდევს. მაგრამ ღმერთი ატყუებს მას - მეფე ღმერთის ნაცვლად ბაგაში ჩვეულებრივ ხარს აღმოაჩენს. მოხარხარე მთვრალი მაყურებლების ბრბო მოულოდნელად დუმდება სცენაზე მომხდარი მიწისძვრით, - პენთევსის სასახლე ნანგრევებადაა ქცეული, დიონისე თავისუფალია. სპექტაკლის ხასიათი იცვლება. დიონისე აქეზებს თებეს მბრძანებელს უთვალთვალოს ქალებს, მათ "აღვირახსნილ საქციელს". მხოლოდ ქალის ტანსაცმლის გადაცმაა საჭირო, ამბობს ღმერთი, და მას შეუძლია იმდენ ხანს უთვალთვალოს მათ, რამდენიც მოუნდება. რამ აუმღვრია გონება პენთევსს - ავხორცობამ, ბოროტებამ თუ დიონისესგან მასხრად აგდებამ? მაყურებელს ძაბავს სცენა, რომელშიც მეფე ქალის ქუსლიანი სანდლებით ადის მთაზე. სხედან მთვრალი მაყურებლები კაშკაშა მზის ქვეშ და მსახიობების უძრავ ნიღბებს მონუსხულებივით მიშტერებიან - პიესამ ისინი მთელი არსებით ჩაითრია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბერძნების უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ხოლო სპექტაკლები სრულებითაც არ წარმოადგენდა მათ ყოველდღიურ გასართობს. ასეთი ბრბო ადვილად ნებდება აღტაცების ან სიშმაგის ძლიერ გრძნობას. ფარსი უფრო და უფრო ავი და სასტიკი ხდება. დიონისე ეხმარება პენთევსს ფიჭვის ხის კენწეროზე აძვრეს და იქიდან უთვალთვალოს ქალებს. შემდეგ ღმერთი ყვირის: "ოჰ, ქალებო! მე თქვენ ის მოგიყვანეთ, ვინც მეც დამცინა, თქვენც და ჩემს საიდუმლო წეს-ჩვეულებებსაც".

"შური იძიეთ!"

დიონისეს მიერ წაქეზებულმა თებელმა ქალებმა თავიანთი მეფე ხიდან ჩამოაგდეს და ნაკუწებად აქციეს. პენთევსის დედამ - აგავემ, მას თავი მოაწყვიტა. ისინი ისე დაბრუნდნენ ქალაქში, რომ აზრადაც არ მოსვლიათ რა ჩაიდინეს. ღმერთმა ისე აურია მათ ტვინი, რომ ეგონათ, თითქოს სანადიროდ იყვნენ და მთის ლომი მოკლეს. აგავე მამამისს - კადმოსს, თავისი ვაჟიშვილის თავს უჩვენებს და ნადავლის სასახლის კედელზე ჩამოკიდებას სთხოვს. თავზარდაცემულ კადმოსთან ერთად, ალბათ, მაყურებელიც ყვიროდა. გონზე მოსული აგავე უსაშველო დარდმა მოიცვა. მხოლოდ დიონისეს გულს არ გაჰკარებია მწუხარება. ღმერთმა ადამიანები ურწმუნოებისთვის დასაჯა.

რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია "ბაკქი ქალებიდან"? ეს არის ძალზე უცნაური პიესა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ტექსტი, არამედ დიონისეს მონათხრობი იმის შესახებ, თუ საიდან და რისთვის მოვიდა იგი. მისი მიზანი საბერძნეთში ღვინის ჩამოტანაა. მასთან ერთად ჩნდება რელიგიის ახალი, სახელმწიფოსთვის საშიში (და დამანგრეველი) ფორმა. ამაში მდგომარეობს პარადოქსი. საკეთილდღეოდ მირთმეული ღვინო რისხვად გადაიქცევა. პიესა დიონისეს ახალ ღმერთად წარმოაჩენს, თუმცა იგი ერთ-ერთი უძველესი ღვთაებაა. მენადების წეს-ჩვეულებები და სიგიჟე გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სიმთვრალე. ევრიპიდე მიგვანიშნებს იმაზე, რაც ზემოთ უკვე ითქვა: ღვინოში ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერებები იყო შერეული. შეიძლება ამ ყველაფრის სხვაგვარად გაგებაც: ზომიერად დალეული ღვინო სიკეთეა, უზომოდ დალეული - რისხვა. "წონასწორობა" - ამ სიტყვას იყენებს დიონისე. თავის თავს ის "ბედნიერს" უწოდებს. პიესაში იგი წარმოგვიდგება ახალი სახით (შესაძლოა, ეს არის მისი მთავარი საიდუმლო), რომელიც იგი პირდაპირ კავშირშია ღვინოსთან. წინანდელი დიონისე, რომელიც მანამდე ყველანაირ მცენარეულობას მფარველობდა, იქცა მევენახეობის ღმერთად. სწორედ ამ ისტორიულ პერიოდში ყურძნით ვაჭრობამ წინ წასწია გაფართოების პროცეში მყოფი საბერნეთის იმპერიის ეკონომიკა. © „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული