გერმანულენოვანი გამოცემა Badische Zeitung ახალ სტატიაში ღვინის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტენდენციას – ნატურალურ, ქარვისფერსა და ქვევრის ღვინოების მიმართ მზარდ ინტერესს მიმოიხილავს. სტატიის ავტორი, ქრისტიანე მაისტერ-მატიე, დეტალურად მიმოიხილავს ამ ღვინოების განსხვავებულ მახასიათებლებს, მათ წარმოშობას და გემოვნურ თავისებურებებს
„სტანდარტული ღვინის კატეგორიები – წითელი, თეთრი და ვარდისფერი – უკვე აღარ არის ერთადერთი არჩევანი რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში. სულ უფრო ხშირად შეხვდებით ისეთ ღვინოებს, რომლებიც არატრადიციულად მოგეჩვენებათ: ბუნებრივად სუფთა, ღია ქარვისფერი ან უჩვეულო არომატებით გაჯერებულს“ - ვკითხულობთ სტატიაში.
სურკ-კი შრადე, რომელიც 2009 წლიდან ქოლნის Ehrenfeld-ის უბანში ნატურალური ღვინის მაღაზიას, La Vincaillerie, ხელმძღვანელობს ამბობს, რომ უკვე წლებია ნატურალური ღვინო აქტუალურია მისი თქმით, ამ სტილს უკვე თავისი ნიშა აქვს ბაზარზე, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ტენდენცია არ არის. „ეს არის ფილოსოფია, ღვინის კეთების სპეციფიკური გზა და არა მხოლოდ გემოს მახასიათებელი. ნატურალური ღვინო – ეს არის მხოლოდ ფერმენტირებული ყურძნის წვენი, რომელშიც არაფერი ემატება და არაფერს სცილდება“
ნატურალური ღვინის წარმოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მინიმალური ჩარევით დაყენებას, რაც ნიშნავს, რომ იგი თავისუფალია სინთეზური პესტიციდების ნარჩენებისგან და სხვა ქიმიური დანამატებისგან.
ახალი თაობა და ნატურალური ღვინის ზრდა
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ნატურალური ღვინოები შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდეს კლასიკური ღვინისგან, თუმცა მათი პოპულარობა მზარდია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეღვინეებს შორის. გერმანიის ღვინის ინსტიტუტის (DWI) წარმომადგენელი, ერნსტ ბუშერი, აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია უფრო ფართო მოძრაობის ნაწილია, რომელიც ბუნებრივობასა და ორგანულ წარმოებას უჭერს მხარს.
„1980-იან წლებში ღვინის წარმოება დიდწილად ტექნოლოგიაზე იყო დაფუძნებული. მეღვინეები ყველაფერს მარანში აკეთებდნენ“, – ამბობს ბუშერი. – „დღეს კი, პირიქით, ხარისხი ძირითადად ვენახში ყალიბდება.“ ეს ცვლილება, მისი აზრით, ნატურალური ღვინის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია: „ნატურალური ღვინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეობა ქარვისფერი ღვინოა, რომელიც თეთრი ყურძნისგან მზადდება, მაგრამ წითელი ღვინის მსგავსი მეთოდით – ღვინის მასალა უფრო ხანგრძლივად რჩება კანის კონტაქტში, რის შედეგადაც ღვინოს უფრო მკვეთრი ფერი და მდიდარი სტრუქტურა უვითარდება.“ - ვკითხულობთ სტატიაში.
„თუ თეთრი ღვინოებისგან ხილის არომატებს ველით, Orange Wine-ს ხშირად ახასიათებს უფრო სანელებლოვანი, თხილის ან მსუბუქად ოქსიდაციური ნოტები“, – აღნიშნავს ბუშერი. ის ამ ღვინოს კერძებთან, განსაკუთრებით ყველთან შეხამებას ურჩევს მკითხველს.
საქართველოში კი ამ ღვინის სტილს ქარვისფერი ეწოდება, და მას საუკუნეების ისტორია აქვს: „ქვეყანა განსაკუთრებით ცნობილია ქვევრის ღვინით, რომელიც მზადდება მიწაში ჩაფლულ დიდ თიხის ჭურჭელში“ ავტორი აქცენტს აკეთებს ქვევრის ღვინის წარმოების პროცესზე: „ქვევრებში ყურძნის მარცვლები, კანი და წვენი ერთად რჩება თვეების განმავლობაში, რაც ღვინოს განსაკუთრებულ არომატულ კომპლექსურობას ანიჭებს.“
Château Mukhrani-ის წარმომადგენელი, პატრიკ ჰონეფი, ქვევრის ღვინოს ხელოვნების ნიმუშს ადარებს: „ის ყოველ საათში იცვლება. ეს ჰგავს ფერწერულ ტილოს, რომელსაც როცა უყურებ, ყოველთვის ახალ დეტალებს აღმოაჩენ.“
გერმანულენოვანი პრესის ინტერესი ქართული ღვინის მიმართ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ქვევრის ღვინო არა მხოლოდ საქართველოს უძველესი ტრადიციის სიმბოლოა, არამედ თანამედროვეობის ინოვაციურ მეღვინეებსაც შთააგონებს.
სტატია მკითხველს უჩვენებს, რომ ნატურალური ღვინის მოძრაობა მხოლოდ მოდის ტენდენცია არ არის – ის ღვინის წარმოების ახალი და ამავდროულად, უძველესი ფილოსოფიაა. ქართული ღვინის გლობალური აღიარება კი, თავის მხრივ, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და მეღვინეობის განსაკუთრებული ღირებულებების დამადასტურებელია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი