Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის პრეზენტაცია Bordeaux Sciences Agro-ში

ცალკეული ენოლოგები და ღვინის მწერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დიდი ხანია, ინტერესს იჩენენ საქართველოს მეღვინეობის ისტორიისა და უძველესი კულტურის მიმართ, თუმცა, UNESCO-ს მიერ ქვევრის მეთოდის  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარების შემდეგ მსოფლიოში ქვევრისა და ქართული ღვინის ნამდვილი ბუმი დაიწყო. არაერთი მედიის, მათ შორის, გავლენიანი გამოცემების, ინტერესის საგანი გახდა მეღვინეობის ქართული კულტურა, მისი არქაულობა და ჯიშური მრავალფეროვნება, მტკიცებულებები, რომლებიც მსოფლიოში ვაზისა და ღვინის ისტორიის საქართველოდან განვითარების უტყუარობას ადასტურებს. 

თუმცა, ეს საკითხები, როგორც წესი, განსაზღვრული დისკურსის საზღვრებს ვერ სცდება; მათი რეფლექსია ღვინის სამყაროში, უმეტესად, მედია ენით ხდება, ამიტომ ქართულ და ქვევრის ღვინოს ბუნებრივად ებმის ბლოგოსფეროსა და სოციალური მედიის ემოციური კონტექსტი. ამ სასიამოვნო ეიფორიის პარალელურად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყველა ის მცდელობა, რაც თემას - მეღვინეობა საქართველოში - საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან დააახლოებს. ხელს შეუწყობს ამ საკითხის შესწავლას მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო კვლევების ფარგლებში და შექმნის მსოფლიოს დიდი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო კურიკულუმებთან მისი ინტეგრირების წინაპირობებს. 

16 ივნისს ბორდოს უნივერსიტეტის ეროვნულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში (Ecole Nationale Supérieure des Sciences Agronomiques de Bordeaux Aquitaine Bordeaux Sciences Agro), რაც საფრანგეთის კვების, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრია, საქართველოს ღვინის კლუბის, Georgian Experience-ისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა მასშტაბური პრეზენტაცია, რომლის მიზანიც იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ქვევრის მეთოდის  ისტორიული და ტექნოლოგიური ასპექტების წარდგენა. პრეზენტაცია გახსნეს ენოლოგმა, მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დოქტორმა გუილერმ მარტინსმა (Guilherme Martins), რომელიც, ამავდროულად, აღნიშნული სკოლის ვენახებისა და მეღვინეობის მართვის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორია. 

პრეზენტაციას უძღვებოდნენ ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტი, Georgian Experience-ის დამფუძნებელი, დავით ჯიშკარიანი და საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. 

როგორც მალხაზ ხარბედია აღნიშნავს, „განსაკუთრებით საინტერესო ეს პრეზენტაცია იმით იყო, რომ ის უნივერსიტეტში გაიმართა, მსოფლიოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ღვინის საგანმანათლებლო ცენტრში, Bordeaux Sciences Agro–ში. და მას მთლიანად სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ. ესენი არ არიან ე.წ. „ღვინის სნობები“, არამედ პროფესიონალები ან მომავალი პროფესიონალები, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებული სიახლეებით და ცდილობენ ბოლომდე გაერკვნენ საკითხში. მათი კითხვები ყოველთვის დეტალებს შეეხებოდა და შეუძლებელი იყო მათზე ზედაპირული პასუხების გაცემა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მათი დასკვნების და შთაბეჭდილებების, პარალელების მოსმენა ამა თუ იმ ქართული ღვინის (ჯიშის ან სტილის) გასინჯვისას“.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეთა რაოდენობამ მოსალოდნელს გაცილებით გადააჭარმა. პროფესორებისა და სტუდენტების თხოვნით პრეზენტატორებს მოუწიათ საკმაოდ სკრუპულოზური ახსნა ქვევრის მეთოდის შესახებ. ზოგადი კულტურული და ღირებულებრივი კონტექსტის გვერდით, მათ განიხილეს ისეთი ტექნოლოგიური დეტალებიც კი, როგორიც არის ქვევრის ჰიგიენა, ტემპერატურული რეჟიმი, ქვევრის შიდაპირი და სხვა საკითხები. 

შეხვედრის ორგანიზატორი, დავით ჯიშკარიანის ასე აფასებს ღონისძიებას: „სასიამოვნო იყო ღონისძიებაზე დამსწრეთა ძლიერი ინტერესი ქვევრში დუღილის პროცესის დეტალების მიმართ. ზოგადად, საინტერესო და ინტერაქტიული საღამო გამოვიდა. მინდა ყველა ორგანიზციას და კერძო პირს მადლობა ვუთხრა თანადგომისთვის, განსაკუთრებით, რემის (უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი - ქ.ნ.) და ბატონ გუილჰერმს, რომლებმაც თავიდანვე დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს და ძალი და ღონე არ დაიშურეს, რომ ეს საღამო შემდგარიყო. ასევე, ბორდოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდკავშირის წევრ გოგონებს ანტონრლას და ლიინგს. ასევე, რა თქმა უნდა, იმ მეღვინეებს, ვინც საინტერესო სატესტო ნიმუშები მოგვაწოდა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში. იმედი მაქვს, სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას და ქართულ ღვინოს და ქართულ მეღვინეობის ტექნიკას მომავალშიც გავაცნობთ მსოფლიოს სხვდასხვა უნივერსიტეტის მეღვინეობისა და ენოლოგიის სტუდენტებს.“

ღონისძიებას ერთვოდა სადეგუსტაციო ნაწილი, სადაც ქვევრის ღვინოებთან ერთად, მონაწილეებმა დააგემოვნეს ევროპული წესით დაყენებული ქართული ღვინოები. ეს კი დამსწრეთათვის ქვევრისა და ევროპული სტილის შედარების საინტერესო შესაძლებლობას იძლეოდა. დეგუსტაციაზე  წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: ვარდისფერი ჩხავერი (იბერიელი), ქისი (GWine) ქისი (ვინოტერა), გორული მწვანე (შატო მუხრანი), საფერავი (ჯაყელები), საფერავი (ნიკას მარანი), მწვანე–ქისი (თელავის მარანი), რქაწითელი, ხიხვი (საწნახელი), ალადასტური (ლაგვინარი),  მუკუზანი (თბილღვინო), ხვანჭკარა (თელიანი ველი). 

შეხვედრის შემდეგ Bordeaux Sciences Agro-ს წარმომადგენელი პროფესორებისა და სტუდენტების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა საქართველოში ვიზიტის თაობაზე, ადგილობრივ მეღვინეობასთან უკეთ გაცნობის მიზნით. მიმდინარეობს, აგრეთვე, იდეების გაცვლა საქართველოს ღვინის კლუბთან ერთობლივი აკადემიური და საგანმანათლებლო პროექტების გარშემო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული