Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული, ფრანგული და იტალიური ღვინოების შედარებითი დეგუსტაციის შთაბეჭდილებები

ალეკო ცქიტიშვილი

ნატურალური ღვინო ადამიანივითაა. დაგემოვნებისას თითქოს თვითონ გესაუბრება საკუთარ თავზე: მეღვინეზე, რომელმაც ის შექმნა, რეგიონზე, სადაც დაიბადა, ამ რეგიონის ნიადაგსა და კლიმატზე, ვაზის ჯიშზე, მოსავლის წლის ხასიათზე და სხვა ნიუანსებზე, რაც ღვინის გურმანს პირველ რიგში აინტერესებს. ნატურალური ღვინო თავს ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული გემოებით გვამახსოვრებს. თუმცა, შედარებისას მათ შორის ბევრი საერთო თვისებაც ვლინდება და გგონია, რომ როგორც მათი ავტორი მეღვინეები არ თვლიან თავს კონკურენტებად, ასევე ლაღად მეგობრობენ ისინიც, როგორც ცოცხალი ინდივიდები.

ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ქართული, ფრანგული და იტალიური ნატურალური ღვინოების დეგუსტაციისას, რომელიც 16 თებერვალს ნატურალური ღვინოების ბარ "ღvino undargraund"-ში ჩატარდა. ამ შედარებითმა დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ქართული ნატურალური ღვინოები ხარისხით ფრანგულ და იტალიურ ნატურალურ ღვინოებს უთანაბრდება. ამას ხაზი დეგუსტაციის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმაც გაუსვეს. მათ აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ქართული ღვინოების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოვლენილი და კარგია, რომ ამის მიუხედავად, მათი ხარისხი უკვე ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილ ღვინოებს სტუმრებს კომპანია "ხოხბის ცრემლების" მფლობელი ჯონ ვურდემანი აცნობდა. შეკრება ნატურალური ღვინის მწარმოებელი ქართველი მეღვინეების საფრანგეთიდან დაბრუნებას დაემთხვა და მონაწილეებმა ვურდემანისგან იქაური თავგადასავლებიც მოისმინეს.

დეგუსტაცია ფრანგული ვოიაჟის ერთ-ერთი მასპინძლის, ტიერი პუზელას ღვინის გასინჯვით დაიწყო. პუზელა 38 წლის იყო, როცა მიხვდა, რომ მამამისის მიერ თანამედროვე დამხმარე საშუალებებით დაყენებული ღვინოები ბევრად ჩამოუვარდებოდა ბაბუას ნატურალურ ღვინოებს. ამის შემდეგ ის წინაპრების გზას დაადგა და სრულიად უარი თქვა დამხმარე საშუალებებზე, მათ შორის - გოგირდის გამოყენებაზე. ამიტომ მისი ღვინოები ხშირად ბეწვის ხიდზე დგას. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინო Les Buisson Pouilleux, 2010 თავისი ოდნავ მომეტებული სიმჟავით და ამავე დროს ნაზი არომატებით, ცნობილი აფორიზმის სისწორეს ადასტურებდა - ვინც რისკავს, ის სვამს შამპანურს!

ლუარას მხარის სოვინიონ ბლანისგან დაყენებულ პუზელას ღვინოსთან "ნიკოლაძეების მარნის" ჭურში დაყენებული "ცოლიკოური-ციცქა, 2010" დაწყვილდა. ამ ღვინის ავტორი რამაზ ნიკოლაძე ფრანგ კოლეგას ნატურალური მეღვინეობის პრინციპების ერთგულებით ჰგავს. თავის მხრივ, როგორც საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ნატურალისტებმა აღნიშნეს, ლუარას მხარის თეთრი ღვინოები ხასიათით ასევე ჰგავს იმერულ თეთრ ღვინოებს. ამ მოსაზრებას რამაზ ნიკოლაძეც ეთანხმება და ამბობს, რომ არასოდეს დაავიწყდება ტიერი პუზელას ღვინით ხანგრძლივი ქეიფი ლუარაში.  

ქართული ნატურალური ღვინოების მოყვარულები კარგად იცნობენ სოლომონ ცაიშვილს და მის მიერ ქვევრში დაყენებულ კახურ ღვინოებს. დეგუსტაციაზე კომპანია "ჩვენი ღვინოს" ახლა უკვე ძალიან იშვიათი და კარგად დაძველებული ღვინო იყო წარმოდგენილი - "რქაწითელი, წარაფი 2006", რომელიც "ღvino undargraund"-ში მხოლოდ რამდენიმე ბოთლია დარჩენილი. 2006 წლის "წარაფი" ამ კომპანიის საუკეთესო ღვინოდ ითვლება, რაც მეღვინის, სოლომონ ცაიშვილის აზრით, მოსავლის სპეციფიკურმა წელმა განაპირობა. ეს გაუფილტრავი ღვინო ცხადად გაგრძნობინებს კახური ტიპის ღვინოზე ქვევრის კეთილშობილურ ზეგავლენას. გამოირჩევა ხილის (ატმის) მეტად სურნელოვანი არომატებით.

ასეთ "წარაფთან" საინტერესოდ დაწყვილდა იტალიაში მოღვაწე მეღვინის, დარიო პრინჩიჩის გაუფილტრავი ღვინო Jakot 2009, რომელიც იტალიის ერთ-ერთი რეგიონის - ფრიულის პატარა მიკროზონაში (Venezia Giulia) დაკრეფილი ტოკაი ფრიულანოს ყურძნისგან არის დაწურული (ამ ვაზის ჯიშს ბევრი სხვა სინონიმიც აქვს). ცოტა ხნის წინ უნგრეთმა ტოკაის სახელწოდებით თავისი ადგილწარმოშობის ღვინო დაარეგისტრირა, რის შემდეგაც ამ სახელის გამოყენება სხვა ქვეყნების მეღვინეებს აეკრძალათ. დარიო პრინჩიჩიც იძულებული გახდა, ღვინისთვის სახელი შეეცვალა და მას Jakot უწოდა (უკუღმა იკითხება როგორც Tokaj). 

მესამე წყვილზე საინტერესო იყო იტალიელი მეღვინე ქალის, ელენა პანტალეონეს მიერ დაყენებული ღვინის, Ageno 2007-ისა (რეგიონი – ემილია რომანია) და ალავერდის მონასტრის მარნის "ბერების ღვინის" შედარება. "ბერების ღვინო" - "ქისი 2010" კახური მეღვინეობის ტრადიციების მკაცრი დამცველის, მხცოვანი კონსერვატორი მეღვინის, თეიმურაზ ღლონტის მიერ არის დაყენებული. მისი ნატურალური ღვინოები სტაბილურობით, ტიპურობით, ხალასი არომატებით და ზომიერი ტანინებით გამოირჩევა. ელენა პანტალეონეს ღვინოში კი აღსანიშნავი იყო სიტკბოსა და ტანინის კარგი შეხამება, რითაც ღვინოს ქალის ხელიც ეტყობოდა.

ქართული თეთრი ღვინოები დაასრულა ნიკი ანთაძის ქვევრში დაყენებულმა 2011 წლის მოსავლის მანავურმა "მწვანემ", რომელმაც გასულ წელს ლონდონში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტის ჯენსის რობინსონის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს ღვინო იტალიაში მცხოვრები სლოვენიელი მეღვინის, ბენჟამენ ზიდარიხის ღვინოსთან დაწყვილდა.

წითელი ღვინოების დეგუსტაციისას კარგი შთაბეჭდილება დატოვა იმერელი მეღვინის, გაიოზ სოფრომაძის "ჩხავერმა", რომლისადმიც დღემდე არსებობს კითხვა, გურიის სახელგანთქმული ვაზის ჯიშისგანაა ღვინო დაყენებული თუ მისი ვარიაციისგან - ვანის ჩხავერისგან. დეგუსტაციაზე ახალთახალი - 2012 წლის მოსავლის "ჩხავერი" იყო წარმოდგენილი, მართლაც არატიპური მუქი შეფერილობით და დასავლეთ საქართველოს წითელი ღვინოებისთვის დამახასიათებელი სისადავით. ამ ღვინოსთან ლოგიკურად დაწყვილდა ფრანგი მეღვინის, ჟან ფრანსუა განევატის ღვინო - Sous Roche Plein Sud, 2010, რომელმაც დეგუსტაციის მონაწილეებს დასავლეთ საქართველოს მსუბუქი საქეიფო წითელი ღვინოები მოაგონა, მათ შორის - ჩხავერი.

ამის შემდეგ ახალი, 2011 წლის მოსავლის ღვინოების წყვილი შექმნა "ხოხბის ცრემლების" "თავკვერმა" და ფრანგი მეღვინის, ტიერი ჟერმენის ღვინომ - Domaine des Roches Neuves, რომელიც ცნობილი ფრანგული ვაზის ჯიშის, კაბერნე ფრანის ყურძნისგან იყო დაყენებული. თავკვერისა და კაბერნე ფრანის შედარება ეფექტური გამოდგა, ამ ჯიშებისთვის დამახასიათებელი კლასიკური გემოების გამო.

დეგუსტაცია სხეულიანმა წითელმა ღვინოებმა დააგვირგვინა. ერთმანეთს დაუწყვილდა ნიკა ბახიას "ანაგის წარაფის საფერავი, 2009" და რონას მხარეში მცხოვრები ფრანგი მეღვინეების, რენე ჟან დარდისა და ფრანსუა რიბოს დუეტის მიერ სირას ჯიშის ვაზის ყურძნისგან დაყენებული მეტად სახასიათო ღვინო - C’est Le Printemps, 2011. ჯონ ვურდემანმა საფრანგეთში ამ მეღვინეებთან სტუმრობა გაიხსენა: "ვიცოდით, რომ უჟმური ხასიათი ჰქონდათ და სტუმრიანობაც არ უყვარდათ მაინცდამაინც. ჩვენი ღვინოები რომ გასინჯეს, რენე ჟანმა მითხრა: მე ყოველდღე ვსვამ ღვინოს, მაგრამ ქართულმა ღვინომ გული გამითბოო... 12 წელია ამ გრძნობას ველოდებოდი, მაგრამ აქამდე გული არც ერთ ღვინოს არ გაუთბიაო".

ქართული, ფრანგული და იტალიური ღვინოების დეგუსტაციის შეფასება რამდენიმე მონაწილეს ვთხოვე, პირველ რიგში კი - ჩემს გვერდით მჯდომ ინგლისელ  ექსპერტს, ტიმ ბარლეტს. იგი ადგილობრივ მრჩევლად მონაწილეობს ტურიზმის დარგში ევროკავშირის დაძმობილების პროექტში "ავსტრია - საქართველო". მისი თქმით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილმა ქართულმა ღვინოებმა იტალიურ ღვინოებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო ფრანგულ ღვინოებთან მეტი სიახლოვე გამოამჟღავნა.

"მე მადრიდში ვცხოვრობ და კარგად ვიცნობ ესპანურ ღვინოებს. თუკი მსგავსებაზე ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, ქართული ღვინოები უფრო მეტად ესპანურ ღვინოებს ჰგავს. ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას დიდი ისტორია აქვს და ვაზის მრავალი ქართული ჯიში არსებობს. ახლა საჭიროა კარგი მარკეტინგი, რომ ეს დიდი წარსული და მასზე დაფუძნებული თანამედროვე მდგომარეობა გაიცნოს ევროპამ და აშშ-მ. ასევე შეიძლება ითქვას ტურიზმზე. ჩვენ ბევრი ქვეყანა გვინახავს, რომელიც მასობრივმა ტურიზმმა დაანგრია. ამიტომ საქართველო მენანება მასობრივი ტურიზმისთვის. საჭიროა განსაკუთრებული, ძვირადღირებული ტურისტული პროდუქტების შექმნა, რაც ნიშნავს შედარებით ცოტა ტურისტს, მაგრამ დიდ შემოსავალს. სწორედ ეს განსაკუთრებული ნიშა უნდა დაიკავოს საქართველომ ღვინის ტურიზმშიც", - გვითხრა ტიმ ბარლეტმა.

ალავერდის მონასტრის მარნის მეღვინე-კონსულტანტის, თეიმურაზ ღლონტის შეფასებით, ევროპულ ნატურალურ ღვინოებთან ქართული ღვინოების შედარებამ გვიჩვენა, რომ ქართული ვაზის ჯიშები ნატურალურ ღვინოებში მეტად ავლენს თავის გამორჩეულ თვისებებს და თავს ჰარმონიულობით, ჩამოყალიბებული ჯიშური არომატებით გვამახსოვრებს. რაც შეეხება ევროპულ ღვინოებს, თეიმურაზ ღლონტის აზრით, აჯობებს, მუხასთან ღვინოს შეხება არ ჰქონდეს - მუხის კასრებში დავარგებულ ღვინოებში მუხის ტონები ჯიშურ არომატებს ახშობს და მის შეცნობას ართულებს.

ჯონ ვურდემანი, "ხოხბის ცრემლების" დამფუძნებელი, დეგუსტაციის წამყვანი: "ქართულ ღვინოებზე ობიექტური ვერ ვართ, რადგან ჩვენი ღვინო ყველაზე კარგად მიგვაჩნია. დეგუსტაციის წინ, როცა ქართული ღვინოები ფრანგული და იტალიური ღვინოების გვერდით დავაწყვეთ, ცოტა ვინერვიულე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებად არ ვთვლით, რადგან ნატურალური ღვინოების მწარმოებლები ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ, ვიფიქრე, არ დაგვჩაგრონ-მეთქი. ვფიქრობ, ამ დეგუსტაციამ ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი საერთო იდეალები და მეგობრობა წარმოაჩინა. უცხოელ სტუმრებსაც ვკითხე და მათაც ძირითადად იგივე აზრი დარჩათ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენი ღვინოები უკვე ღირსეულად დგას იმ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნების ღვინოების გვერდით, რომლებსაც ბოლო ოცწლეულში არც ოთხი ომი გადაუტანიათ და არც - 70-წლიანი უმძიმესი საბჭოთა პერიოდი. ეს კი უკვე ძალიან მაგარია!"

მართლაც, ამ დეგუსტაციამ ქართველ მონაწილეებს დაანახა, რომ ქართული ნატურალური ღვინოები ხარისხით ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს თამამად უწევს კონკურენციას. ერთი თვის წინ ღვინის გურმანებმა იგივე დასკვნა გამოიტანეს 20 ლარამდე ღირებულების ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებით დეგუსტაციაზე, რომელიც ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინის დღევანდელი ხარისხი უკვე არის ევროპის ბაზარზე მყარად დამკვიდრების წინაპირობა. თუმცა, როგორც ტიმ ბარლეტმა აღნიშნა, ეს საბოლოო წარმატებისათვის საკმარისი არ არის და ახლა სიტყვა მარკეტოლოგებზეა, რომლებმაც ევროპელებს ქართული ღვინოები სწორად, მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიაწოდონ.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული