მოგეხსენებათ, ისევე როგორც ტანსაცმელს ან კერძებს, ღვინოსაც თავისი მოდის მიმომხილველები ჰყავს, რომლებიც მომდევნო წლის მთავარი ფავორიტებისა და ყველაზე გამორჩეული სიახლეების თუ ტენდენციების შესახებ წერენ ხოლმე.
წლის დასაწყისში დიდი გამოცემები ხშირად უთმობენ ადგილს ასეთ ხედვებს და წარმოგვიდგენენ სტილებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მთელი წლის მანძილზე. ორიოდე დღის წინ მორიგი ასეთი პუბლიკაცია გამოჩნდა „ლოს–ანჯელეს თაისმში“, სახელწოდებით „აქციე 2017 წელი შენს საუკეთესო ღვინის წლად“, სადაც ქართულ ღვინოზეც ჩამოვარდა სიტყვა.
კალიფორნიელი ავტორი პირველივე აბზაცში ხაზს უსვამს ამერიკაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების აბსურდულობას და აღნიშნავს, რომ საუკეთესი გამოსავალი აქედან სმა არის, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, კარგი ღვინის სმა. იგი სულ რამდენიმე რჩევით შემოიფარგლება. პირველ რიგში თანაქალაქელებელს ურჩევს ეგზოტიკური თეთრები დალიონ (მაგ. ორეგონული პინო ბლანი ვილამეტ ველიდან, უნგრული ტოკაი და ლექზე დავარგებული მუსკადე), შემდეგ იგი მკითხველს ურჩევს კალიფორნიის გარდა სხვა შტატების ამერიკულ ღვინოსაც მიაქციონ ყურადღება (ნიუ მექსიკოს ცქრიალა როზე, ესპანური ჯიშებიდან დაყენებული არიზონული ღვინოები და ფინგერ ლეიკის რისლინგი, ასევე ორეგონული პინო ნუარი) და ღვინის მოყვარულებს მოუწოდებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ავსტრალიურ ღვინოებს, სადაც ჰანტერ ველის ერთ–ერთ სემიიონს გამოარჩევს და იარა ველის შირაზსა და გრენაშსაც ახსენებს.
დასკვნის სახით ჩვენებურად ქარვისფერ, მათებურად კი ნარინჯისფერ (Orange) ღვინოსაც ეხება პატრიკ კომისკი (Patrick Comiskey): „ეს არის წელი, როცა უნდა მორჩეთ ნარინჯისფერ ღვინოზე ლაპარაკს და ბოლოსდაბოლოს დალიოთ ეს ღვინო“, და დასძენს: „ღვინის მედიას უყვარს ნარინჯისფერი, ბოლო ორი წლის მანძილზე ამ ღვინოზე იმაზე მეტი დაიწერა, ვიდრე ოდესმე დაწერილა, ერთად აღებული“. ავტორი ორ ღვინოს გვირჩევს, შედარებით იშვიათი ჯიშიდან, ტრუსო გრიდან დაყენებულ ნარინჯისფერ, ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოს რაშნ რივერიდან და ჩვენი „ხოხბის ცრემლების“ რქაწითელს.
„თაფლი რომ ტკბილი არ ყოფილიყო, ალბათ ასეთი გემო ექნებოდაო“, ასე აფასებს ავტორი კახურად, ქვევრში დაყენებულ რქაწითელს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი