გიორგი ბარისაშვილი
წელს, 29-31 მაისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ღვინის საერთაშორისო გამოფენა - „Wine Prague 2017“.
გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მისი მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება. წელს პრაღის გამოფენაზე ქართულ სტენდთან ხალხმრავლობა და დიდი ინტერესი ჩანდა. წარმოდგენილი გვქონდა “ENPARD-ის” პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების ღვინოები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან: ალექსანდროული, ჩხავერი, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და ციცქასა და ოცხანური საფერეს კუპაჟი. გარდა ამისა, გამოფენაზე იყო ჭაჭა და ქართული ოჯახური ბრენდიც.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ღვინოები დაყენებული იყო ქვევრში, რითიც გამოფენის ვიზიტორები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ. მოსულ სტუმრებს ღვინოს სთავაზობდნენ პროექტების: „PIN-ისა“ და „ელკანას“ თანამშრომლები. გარდა სასმელისა, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას პროექტის ფარგლებში გამოცემულ ნაშრომს - „ღვინის დაყენება ქვევრში“, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ქართულ სტენდს ამშვენებდა ქვევრი, ორშიმო და ქვევრის სარცხი.
გამოფენის მსვლელობის დროს დამყარდა არაერთი საინტერესო კონტაქტი, რაც იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩეხეთის ბაზარზე ქართულ ტრადიციულ ღვინოს ნამდვილად აქვს მომავალი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ღვინოები.
გვინდა განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ ქვევრში დაყენებული ღვინის ცნობადობა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება და პოპულარობას იძენს. ქართული მხარისათვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო ჩეხეთში, მორავიის მხარეში „ქვევრის კლუბის დაარსება“, რომელიც ამავე გამოფენაზე მონაწილეობდა საქართველოდან ჩატანილ ქვევრებში დაყენებული ღვინით. ინფორმაციას ჩეხეთის ქვევრის კლუბის შესახებ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ქვევრში დაყენებული ღვინო გარდა ქვევრის კლუბისა ცალკეულ პირებსაც ჰქონდათ გამოტანილი. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვევრი და ქვევრში დაყენებული ღვინო მსოფლიო ღვინის სამყაროსთვის განსაკუთრებული ინტერესს წარმოადგენს, რაც, მეორე მხრივ ერთიორად ზრდის შანსს, რომ ჩვენ ჩვენი ღირსეული პროდუქციით დავიმკვიდროთ ღვინის მსოფლიო ბაზარი.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი