the Zoe Report ამერიკული ჟურნალია, სადაც 2009 წლიდან კულტურის, თავგადასავლებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ესაუბრებიან მკითხველს. გასულ კვირას კი ავტორმა საქართველოს, ქართული კულტურისა და მისი რჩეული ღვინოების შესახებ დაწერა.
სტატიაში აღნიშნავენ ქართლის, კახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების ღვინოების განსაკუთრებულ თვისებებსაც და იმასაც, თუ რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან. ვკითხულობთ, თუ რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს ღვინის რენესანსი და მისი მრავალფეროვნება. “თელიანი ველის” მთავარი მეღვინე, მიხეილ ხმელიძე სტატიაში ქვევრის ტექნოლოგიისა და სხვადასხვა ჯიშის შესახებ საუბრობს: “აღმოსავლური თეთრი ყურძენი გამოირჩევა სქელი კანით, მეტი მთრიმლავებით, საშუალო მჟავიანობითა და სავსე სხეულით, ხოლო დასავლეთ რეგიონებში თეთრი ყურძენი უფრო თხელკანიანი, მაღალი მჟავიანობის და ნაკლებად ტანინიანია, იწარმოება საშუალო და დაბალი სხეულის ღვინოები” - ვკითხულობთ ვებგვერდზე.
სტატიაში ქართული ღვინის გემურ პროფილსა და არომატებზეც წერენ “შატო მუხრანის” აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ ჰონეფი მიიჩნევს, რომ ქარვისფერი ღვინოები მათი მდებარეობის მიხედვითაც კი განსხვავდება: “სურნელოვანი კომპონენტებია ჩირის, თაფლის არომატები. ეს არომატი და მეტ-ნაკლებად ინტენსიური ტანინები ღვინოს დავარგების ხანგრძლივ პოტენციალს ანიჭებს” - ვკითხულობთ სტატიაში. თეთრ კლასიკურ ღვინოზე: “მეღვინეობის ერთ-ერთი პოპულარული სტილი საქართველოში კლასიკური, ევროპული თეთრი ღვინოა. ენდემური ქართული ან საერთაშორისო ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები გამოხატულია ინტენსიური ჯიშური და არომატული პროფილით."
დასასრულს კი რჩეულ ღვინოებს უზიარებენ მკითხველს. Პირველ ადგილას “შატო მუხრანია”, გორული მწვანე, 2020. “Ეს ღვინო ქართლის ხასიათს ასახავს. ღვინოში კი თეთრი ბლის, მსხლის, მწვანილისა და ლიმონის ნოტებს იგრძნობთ”.
შემდეგ ადგილას “თელიანი ველის”, 2019 წლის ცოლიკოურია. ხმელიძის თქმით ეს ღვინო აშშ-ს მომხმარებლებისთვის ნამდვილად რჩეულია: “ეს ღვინო ვაშლის, ანანასის ნოტებითა და მინერალური არომატებით ხასიათდება. გამოირჩევა მდიდარი დაბოლოებითაც”.
“ქარავანის”, რქაწითელი-ქისი კახეთიდან: “ეს ქვევრში დავარგებული რქაწითელისა და ქისის ნაზავია, რომლის ელეგანტური, ყვავილოვანი და ხავერდოვანი სტრუქტურა ნამდვილად ძალიან მოგეწონებათ”.
შემდეგია “ვაზისუბნის მამულის” 2019 წლის 3 ქვევრი, რომელიც ქვევრში სამი თვის განმავლობაში ვარგდებოდა. ღვინო ტანინიანი და კომპლექსურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალბედებისთვისაც და ღვინის მოყვარულთათვისაც ძალიან სასიამოვნო დასალევია.
“ზურაბ წერეთელის” რქაწითელი კი 12 თვე იყო მუხის კასრში დუღილის დასრულების შემდეგ: „ეს ღვინო ძალიან უხდება თეთრ ხორცს, ზღვის პროდუქტებსა და ყველს” - წერს ავტორი. სტატიას zoe report-ზე გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი