Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დღე. რეპორტაჟი ვარდების მოედნიდან

რეპორტაჟი მოამზადა ქეთო ნინიძემ

ქართული ღვინის დღის, როგორც საერთო სახალხო ზეიმის, იდეის ავტორი საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილია. მისი ინიციატივით ეს დღესასწაული საქართველომ პირველად 2014 წელს იზეიმა. შესაბამისად, წელს ქართული ღვინის დღე მეორედ აღინიშნა. დღესასწაულის ჩანაფიქრი და ხედვა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას უკავშირდება როგორც შინ, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ღონისძიება მიმართულია საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაზე, კერძოდ კი - ბოთლის ღვინის პოპულარიზაციაზე. ამ მიზნით ღონისძიების ორგანიზატორებმა წამოიწყეს აქცია, რაც, დროთა განმავლობაში, ამ დღეს, ბოთლის ღვინის საჩუქრად მირთმევის საინტერესო ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს. წელს, ქართული ღვინის დღეს, საზეიმო აქტივონების გარდა, მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვის ღონისძიება ახლდა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალ შენობაში გაიხსნა ქართული ღვინის ცენტრი, სადაც გაერთიანდება მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთაზები და სასწავლო აუდიტორიები. პრემიერმა ღარიბაშვილმა ქართული ღვინის ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა, რომ ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე ქართული ღვინის უნიკალური მუზეუმი აშენდება. 

ღვინის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები თბილისში, თელავში, ქუთაისში, რუსთავსა და ამბროლაურში დილის 11:00 საათიდან დაიწყო. 

11:00 საათზე პუშკინის სკვერიდან ვარდების მოედნის მიმართულებით დაიძრა თეატრალიზებული აღლუმი, მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც ქართული ვაზის ჯიშების გამოსახულებიან მაისურებში არიან შემოსილები. მსვლელობაში 525 ახალგაზრდა ქართული ვაზის 525 ჯიშს წარმოადგენს.

სპეციფიკური კავკასიური ჟღერადობის დასახელებები ახალგაზრდების მაისურებზე - აჯხვატა, ახარდან, ჩეჭიფეში, საკმიელა, ალმურა, ბზვანურა და სხვ. (ვაზის ქართული ჯიშები), შესაძლოა, საქართველოს მეღვინეობის ხვალინდელი დღისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გახდეს.

ამავე მიზანს ემსახურება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაცია, რომელსაც, ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს. აქ წარმოდგენილია ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნიმუშები - როგორც ყურძნის, ასევე - ღვინის სახით. 

დავით ჩიჩუა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

„დღეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი რამდენიმე ნიმუში როგორც იშვიათი, ისე პოპულარული ჯიშების. ზოგადად, ჩვენი ამოცანაა, მოვახდინოთ მივიწყებული იშვიათი ჯიშების პოპულარიზაცია მათი აქტიურ მეღვინეობაში დაბრუნების მიზნით.“

„ამ ეტაპზე ჩვენ ვაყენებთ ექსპერიმენტულ ღვინოებს და ამ ექსპერიმენტების საფუძველზე ვცდილობთ უფრო პერსპექტიული ჯიშების წინ წამოწევას. ეს იმიტომ, რომ ჩვენი რჩევით მეწარმემ მიიღოს არა მარტო ორიგინალური პროდუქტი, არამედ ასევე - მყარი განვითარების საფუძველი. ამისათვის საჭიროა, რომ არა ქაოტურად აღდგეს ჯიშები, არამედ ჯერ გამოიცადოს, დადგინდეს მათ ენოლოგიური პოტენციალი. ამის შემდეგ უკვე კონკრეტულმა მევენახემ და მეღვინემ მისთვის სასურველი სტილისტიკა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს.“

„დღეს  წარმოდგენილი გვაქვს იმერული კაპისტონი, თეთრი, ერთ-ერთი ცნობილი და გავრცელებული ჯიში დასავლეთში, რომელიც უსამართლოდ არის მივიწყებული. ცოლიკოურმა, ფაქტობრივად, გამოდევნა... არანაირ რისკზე არ მიდის მეწარმე, როდესაც ის თეთრ კაპისტონს უბრუნდება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ამ მშვენიერი ღვინით, რომელიც დღეს გვაქვს წარმოდგენილი.“

„ასევე, წარმოვადგინეთ რამდენიმე წითელი ჯიში, აღმოსავლეთ საქართველოდან. მოგეხსენებათ, დღესდღეობით აღმოსავლეთში საკმაოდ მოსაწყენი ერთფეროვნება გვაქვს, საფერავის გარდა, არც ერთი წითელი ყურძნის ჯიში არ გვხვდება. მაშინ, როდესაც გვაქვს იყალთოს წითელი, ახმეტის წითელი, ვაზისუბნის წითელი, სიმონასეული - ბევრი ისეთი ჯიში, რომლებსაც შეუძლიათ, საინტერესო ღვინოები მოგვცენ და გაამრავალფეროვნონ ასორტიმენტი. აქ არ არის საუბარი, რომ ისინი შეძლებენ საფერავთან კონკურენციის გაწევას და საფერავის გამოდევნას. საფერავს აქვს თავისი დამკვიდრებული, წამყვანი პოზიცია, მაგრამ ის, რომ ორიგინალური და ექსკლუზიური ღვინოები ყველა რეგიონს თავისი ჰქონდეს, მარკეტინგულადაც გამართლებულია.“ 

„ადამიანი, რომელიც ღვინის ტურიზმს განავითარებს იყალთოში, საოჯახო მარანში, მისთვის უფრო მომგებიანი იქნება, ჰქონდეს იყალთოს წითელი, ახმეტაში - ახმეტის წითელი და ვაზისუბანში - ვაზისუბნის წითელი. იმ შემთხვევაში, თუკი მეურნეს დააინტერესებს ესა თუ ის ჯიში, ჩვენ ვთავაზობთ უკვე შემდგომ საფეხურზე თანამშრომლობას. ჩვენ ვაწარმოებთ ნერგებს და  დაინტერესებულ მევენახეს, შეიძლება ითქვას, თვითღირებულების ფარგლებში, საბაზრო ფასზე იაფად შეგვიძლია, მივაწოდოთ ამა თუ იმ იშვიათი ჯიშის ნერგები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს იშვიათი ჯიშები იყოს არა კოლექციაში კონსერვირებული, არამედ - რეალურ მეღვინეობაში, სიცოცხლეში დაბრუნებული.“ 

ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი კახეთის მეღვინეთა გილდიის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, თელავინოში იღებს მონაწილეობას. ნაწილი (კახური ღვინის მარანი, ბატონი, ბესინი) სუპერმარკეტებსა და რესტორნებში, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. 

თბილისში, ვარდების მოედანზე გაშლილ კარვებში საკუთარ პროდუქციას 17 კომპანია წარმოადგენს. ეს კომპანიებია - თბილღვინო, თელიანი ველი, შუმი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ასკანელი ძმები, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ლუკასი, მეღვინეობა ხარება, მონასტრის ნობათი, ზეარი, შენი ღვინო, შულავერი, უსახელოურის ვენახები, ვასაძის მარანი და სხვ. ცალკეა წარმოდგენილი ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ტურიზმის ასოციაცია და საქართველოს ღვინის კლუბი. 

მიხეილ კობალაძე, თბილღვინოს გაყიდვების მენეჯერი

„წარმოდგენილი გვაქვს როგორც თეთრი მშრალი და თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოები, ისე - წითელი მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები. აქ არის როგორც შედარებით იაფი ფასის, ისე საშუალო და პრემიუმ ხარისხის ღვინოები. ესენია - თეთრი - ალაზნის ველი, ხოლო წითელი - საფერავი, ქინძმარაული, წინანდალი, რქაწითელი. ასევე გვაქვს ქვევრის რქაწითელი. ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და ჩვენთვისაც, როგორც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისთვის, რადგან საშუალება გვაქვს, წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. როგორც ხედავთ, ბევრი ქართველი და უცხოელი სტუმარია, რომლებსაც საშუალება აქვთ, რომ გასინჯონ ჩვენი ღვინო და საშუალება აქვთ, რომ ქარხნის ფასებში, ანუ შედარებით უფრო იაფად, ვიდრე - მაღაზიაში - შეიძინონ ღვინო.“

პაატა შარაშენიძე, უსახელოურის ვენახების მფლობელი

„უსახელოურის ვენახებს წარმოდგენილი აქვს 2014 წლის მოსავლის უსახელოური, რადგან ეს ღვინო ახალგაზრდა უფრო გამორჩეულია გემოებით, ვიდრე - დაძველებული. ეს არის პრემიალური სეგმენტის ღვინო. ჩემი აზრით, ასეთ ფესტივალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგჯერ  ჩვენ გვგონია, რომ მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი მეღვინეობის შესახებ. არადა, ეს ასე არ არის. მეორე, რა დატვირთვაც ამ ღონისძიებას აქვს ჩვენი მსგავსი კომპანიებისთვის, ეს არის ცნობადობის ამაღლება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ სარეკლამო კამპანია ვაწარმოოთ და მომხმარებელს გავეცნოთ ტელევიზიით, ფასიანი რეკლამიდან. ასეთი ღონისძიებები ჩვენისთანა კომპანიებისთვის, მისწრებაა. მით უმეტეს, რომ ჩვენ ექსპორტზე ღვინო მცირე რაოდენობით გავიტანეთ, ჯერჯერობით, საფრანგეთში, გერმანიაში. მოლაპარაკებები გვავქს ჩინეთთან, თუმცა, ამ ეტაპზე ძირითადად, შიდა ბაზარზე ვართ წარმოდგენილნი.“

ლევან ჩუბინიძე, ღვინის ტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენს კარავში წარმოდგენილი გვაქვს რესტორანი „აზარფეშა“, რესტორანი G.Vino, რომელსაც, თავის მხრივ, ცალკე ღვინოები აქვს წარმოდგენილი. აქ არის „ხოხბის ცრემლები“, სულხან და ლადო გულაშვილების კარდენახის საგვარეულო მარანი, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი. წარმოდგენილია, ასევე, ტურისტული კომპანია „Living Roots“, Winex. ჩვენს კარავში ღიად სთავაზობენ ღვინოს სტუმრებს, აქვთ დეგუსტაცია და, ასევე, მარნები თავიანთ ღვინოებს ყიდიან. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ნიკა ვაჩეიშვილის ატენური, საგვარეულო მარანის რქაწითელი, საფერავი - არაჩვეულებრივი ღვინოები.“

დედა სიდონია, უდეს დედათა მონასტერი

„გვაქვს 2012-2013-2014 წლების საფერავი, გვაქვს რქაწითელი და კუპაჟი. ღვინოს კახეთიდან, ქინძმარაულის ვენახებიდან მოწეული ყურძნით ვაყენებთ მესხეთში. საკმაოდ ბევრი ადამიანი დაინტერესდა მონასტრის ღვინოებით.“

ქეთი გერსამია, კომპანია ლუკასის დამფუძნებელი

„წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი პროდუქციის სრული სპექტრი. წითელი მშრალი საფერავი, თეთრი მშრალი წინანდალი, მუხაში დაძველებული. თეთრი მშრალი ქისი, ნახევრად ტკბილი ტვიში და ჩხავერი. დღევანდელ დღეს ვყიდით საფერავსა და წინანდალს, რომლებიც უფრო პრემიალურ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება. დღეს გაცილებით უფრო იაფად ვყიდით ღვინოს, ვიდრე - სხვა დროს.“ 

ზურა ბლიაძე, შუხმან ვაინს ჯორჯიას გაყიდვების მენეჯერი

გვაქვს როგორც საშუალო სეგმენტის, ასევე, ძვირიანი ღვინოებიც - ვინოტერას ხაზი - ტვიში, საფერავი, ქისი, რომლებიც ღირს 33 ლარი და რქაწითელი, რომელიც ღირს 22 ლარი. გვაქვს ევროპულ სტანდარტზე დამზადებული შუხმანის ღვინოები - მუკუზანი, წინანდალი, რქაწითელი, ქინძმარაული, საფერავი და მწვანე, რომლებიც ღირს 9-11 ლარის ფარგლებში.“

ღვინის ეროვნული სააგენტო საკუთარ კარავში წარმოადგენდა სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო რესურსებს - ღვინის ტურიზმის გზამკვლევს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკებს, თემატურ პუბლიკაციებს ქართული ღვინის შესახებ, ღვინის დღესთან დაკავშირებულ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოებსა და სუვენირებს, ყურძნის ჯიშის ფოტოებით გაფორმებულ სასაჩუქრე მაისურებს. 

საქართველოს ღვინის კლუბი ღვინის მოყვარულებს მრავალფეროვან საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალებს სთავაზობდა. წარმოდგენილი იყო 2014 წლის ქართული ღვინის გზამკვლევი, ახალი ღვინის ფესტივალის კატალოგები, მრავალფეროვანი ინფო გრაფიკები - ღვინის სხეული, ღვინის ჭიქა, რას ნიშნავს ღვინის ობიექტური დახასიათება, საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, ქართული შერეული ღვინოები, თიხის ქართული სასუფრე ჭურჭელი, ქართული ვარდისფერი ღვინოები და სხვ. (სრულად საქართველოს ღვინის კლუბის ინფო გრაფიკების მოძიება შეგიძლიათ აქ.) აქვე ნახავდით საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონის ღვინის რუკებს, ბროშურებს - ღვინისა და კერძის შეხამება, Georgia Cradle of Wine და სხვ. ღვინის კლუბის კარავში თავიანთ ღვინოებს წარმოადგენდნენ სტორისა და ზურაბ ღვალაძის მარნები. 

ზურაბ ღვალაძე, მეღვინე

„ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის გლეხური მეურნეობა, საოჯახო მეურნეობა, რომელიც მე მაქვს, ღვინის კლუბის დახმარებით, ცნობადი გახდა. როცა საზოგადოება ეცნობა შენ მიერ დამზადებულ ღვინოს, ეს ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი მადლობა ღვინის კლუბს ამისთვის. დღეს ჩემი ღვინო მხოლოდ დასაგემოვნებლად გამოვიტანე. სასიამოვნო განწყობაა, ყველა ზეიმობს და ამას არაფერი სჯობია.“

ნიან სიმიანი, PTV (პეკინის ტელევიზია, ჩინეთი)

„პირველად ვარ საქართველოში. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ კულტურა გახსნილია, ადამიანები ძალიან მეგობრულნი არიან. ძალიან ბევრი ღვინო დავაგემოვნეთ დღეს და ყველა მომეწონა. განსაკუთრებით, ნახევრად ტკბილ, არომატულ ღვინოებს გამოვყოფდი.“

ზაზა დოლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაწესება, ზოგადად იმიტომ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, აქედან გამომდინარე, ღვინო იმსახურებს პატივისცემას და ყურადღებას. განსაკუთრებით აქტუალურია ღვინის ხარისხი... ღვინის ფალსიფიკაცია ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული და ცოდვაა ქართველი კაცის მიერ, ჩვენ რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გამოვავლინოთ ეს დანაშაულები, მაგრამ ადამიანმაც უნდა გაითავისოს, რომ ღვინის ფალსიფიცირება არ შეიძლება. მომხმარებელმაც ყურადღება უნდა მიაქციოს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს, რომელია ნამდვილი, ხარისხიანი ღვინო და რომელი - ფალსიფიცირებული. ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი ქართული ღვინის დღის სახით, მე მოვუწოდებ ქართველებს, საყვარელ ადამიანს თითო ბოთლი ღვინო აჩუქონ. ეს დაეხმარება ქართული ღვინის პოპულარიზაციას“.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული