Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის “ძველი გვარდია“ წინასაფესტივალო დეგუსტაციაზე

ლევან სეფისკვერაძე

გუშინ, 4 მაისს, თბილისელებისათვის უკვე კარგად ნაცნობ, ვაკის 8000 მოსავალში“ “საქართველოს ღვინის კლუბი“ ორმაგ იუბილეს აღნიშნავდა – შექმნიდან 10 წლისთავს და მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალ. ამასთან დაკავშირებით კლუბმა სადღესასწაულო დეგუსტაცია მოაწყო, სადაც მხოლოდ 2009 და 2010 წლის დავარგებული ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღვინის კლუბის ძველი და ახალი წევრები, მეღვინეები, ღვინის ექსპერტები და ღვინის მოყვარულები იღებდნენ. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს ტრადიციულად წლის ღვინის უმთავრეს ღონისძიებას - “ახალი ღვინის ფესტივალს“ სწორედ “საქართველოს ღვინის კლუბი“ ატარებს. 2019 წლის 11 მაისს, მთაწმინდის პარკში გასამართი რიგით მათე ფესტივალის წინ კი კლუბმა საზოგადოებას განსაკუთრებული დეგუსტაცია შესთავაზა.

დეგუსტაციის დაწყებამდე, “8 000 მოსავალში“ შეკრებილი ადამიანების მოლოდინები პირველყოვლისა დიდ ინტრიგას და აღმოჩენების სურვილს უკავშირდებოდა. დეგუსტაციის ერთ-ერთი მონაწილე, ღვინის კლუბის ძველი მეგობარი, ალპინისტი დათო სააკაძე ამბობდა, რომ ყველაზე მეტად ის აინტერესდებდა, დავარგების როგორი პოტენციალი გააჩნია ქართულ ღვინოებს.

დათო სააკაძე, ალპინისტი: “ღვინის ყველა მოყვარულს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს და არც კი მჯერა, რომ ღვინის ფესტივალის დაარსებიდან ათმა წელმა ასე სწრაფად გაირბინა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ და ეს ფესტივალი ერთად მოვდივართ. დღევანდელი დეგუსტაციიდან დიდ აღმოჩენებს ველოდები, რადგან ერთად ამდენი დაძველებული ქართული ღვინო არც მინახავს და არც დამილევია. დღეს ყველანი ვნახავთ რამდენად კარგად შეუძლია ქართულ ღვინოს დავარგება და რომელი ღვინო უკეთ წარმოაჩენს თავს სიძველეში“.

დეგუსტაციაზე ქართული დიდი თუ მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის 15 ნიმუში გაისინჯა. ყველა ნიმუში 2009-2010 წლის მოსავლის ღვინოები გახლდათ და ამ ღვინოების თითქმის ყველა ავტორი დეგუსტაციის მონაწილეებს თავად აცნობდა კონკრეტული ნიმუშის რაობასა და ისტორიას. “საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეღვინეებისათვის მათი კოლეგების მიერ დაყენებული ძველი ღვინოების გაცნობაც იყო.

“გადავწყვიტეთ 2009–2010 წლების მოსავლის ღვინოები შემოგვეთავაზებინა და ერთად გვემსჯელა იმაზე, თუ როგორი ღვინოების დაყენება შევძელით ათი წლის წინ და ერთმანეთსაც გავუზიაროთ საკუთარი აზრები როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი მეგობრების ღვინოებზე. შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლები ის პერიოდია, როდესაც ღვინის კლუბი იწყებდა თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმას და ერთგვარად სიმბოლურიც არის სწორედ ამ წლების მოსავლების დეგუსტაცია. წელს ჩვენ წინასაფესტივალოდ საკმაოდ მძიმე სამუშაო ჩავატარეთ და 600-ზე მეტი ღვინიდან შევარჩიეთ, ის ღვინოები, რომლებსაც 11 მაისს “ახალი ღვინის ფესტივალზე“ ყველა გავსინჯავთ. მინდა გითხრათ, რომ წელს უპრეცედენტოდ ბევრმა მეღვინემ და მარანმა გამოთქვა ჩვენს ფესტივალში მანაწილეობის სურვილი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ განვითარება და წინსვლა გრძელდება!“ - თქვა შესავალში მალხაზ ხარბედიამ.

ფესტივალის შესახებ ვრცლად ისაუბრეს დეგუსტაციის მონაწილე მეღვინეებმა და ღვინის ექსპერტებმაც. რეჟისორმა ლევან კიტიამ კი აღნიშნა, რომ უკვე ათი წელია, რაც “ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სახალხო დღესასწაულია. როდესაც ფესტივალი ახლოვდება, ამ დღის მოლოდინი ყველგან იგრძნობა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ზოგადად ფესტივალების ტრადიცია ძალზედ მწირია. ღვინის ფესტივალის ტრადიცია კი ჩვენს ქვეყანაში სწორედ “ახალი ღვინის ფესტივალმა“ ჩამოაყალიბა.

ამ ფესტივალმა საზოგადოებას სხვადასხვა დროს მრავალი სიახლე წარუდგინა. ფესტივალის მასშტაბის ზრდის პარალელულად სამჯერ შეიცვალა მისი ჩატარების ადგილი და ეს დიდი ღონისძიება ათწლიანი ისტორიის მანძილზე ჯერ–ჯერობით ყველაზე შესაფერის სივრცეში - მთაწმინდის პარკში წელს მეოთხედ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების, კომპანიებისა და საოჯახო მარნების სიმრავლე და მატება უკვე აღარავის უკვირს, რადგან ახალი ღვინის ფესტივალის წლიდან-წლამდე გაზრდა და გაფართოვება ამ ღონისძიების ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

რაც შეეხება წინასაფესტივალო დეგუსტაციაზე წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს, დეგუსტაციის მონაწილეების სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირობებში მრავალწლიანი დავარგებისა, თითქმის ყველა ნიმუში საღი იყო. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა “კონჭო და კო“-ს მუხაში დაძველებულმა ალექსანდროულმა, ყვარელმა, “კალამის“ წარაფმა, “ჭოტიაშვილის ვენახების“ ქვევრის საფერავმა და “ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ (რქაწითელი 2010) ღვინოებმა. დეგუსტაციის მონაწილეებს განსაკუთრებულიად უარყოფითი აზრი ფაქტობრივად არც ერთ ღვინოზე არ ქონიათ, რაც მეღვინეების დიდ წარმატებად უნდა შეფასდეს.

დავით ჩიჩუა, მეღვინე, ღვინის ექსპერტი: “დღეს მეტად სიმბოლური მომენტი იყო ის, რომ ერთად შევიყარეთ თანამოაზრეები, რომლებმაც ამდენ ქარტეხილში გამოვიარეთ და მრავალ წამოწყებას ჩავუყარეთ საფუძველი. გავამტკიცეთ კომუნიკაცია და ერთად ყოფნის შეგრძნება. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი კი ის იყო, რომ ჩვენ გავსინჯეთ 15 სხვადასხვა ძველი ღვინო, რაც იშვიათი შესაძლებლობაა ჩემთვისაც კი. როდესაც ერთ ღვინის სინჯავ, ძნელია გადაწყვეტილად რაიმე აზრი ჩამოიყალიბო, რადგან ეს ერთი ღვინო შეიძლება იყოს გამონაკლისი. მაგრამ როდესაც 15 ღვინოს სინჯავ, რწმუნდები თუ რამხელა პოტენციალი არსებობს.

მაგალითად, აღმოჩნდა, რომ გასინჯული საფერავებიდან ბევრმა მათგანმა სულ სხვანაირი განცდა დამიტოვა და მეგონა, რომ ძალიან ახალგაზრდა ღვინოებს ვსვამდით. მაგალითად, ასეთები იყო: ჭოტიაშვილის ღვინო და სოლომნიშვილის ღვინო, რომლებსაც ჩემი აზრით კიდევ ჭირდებათ დავარგება, რათა მეტად სრულყოფილები გახდნენ. ასევე გასაკვირი იყო ე.წ. ევროპული ტექონოლოგიით კასრში დავარგებული რამოდენიმე ღვინო. განსაკუთრებით მომეწონა “კონჭოს“ 2010 წლის მოსავლის წინანდალი, რომელიც ჩემი აზრით იყო იდეალურ მდგომარეობაში“.

ღვინის ექსპერტების აზრით, აღნიშნული დეგუსტაცია ძალიან კარგი იყო ქართული ვაზის ჯიშების რეალური პოტენციალის დასადგენად. ჩვენ სამწუხაროდ წლების მანძილზე გვქონდა და დღესაც გვაქვს იმის დეფიციტი, რომ ბოლომდე არ გვაქვს ინფორმაცია მაგალითად საფერავის დავარგების უნარის შესახებ და ხშირად ზეპირად გამოვთქვამთ ვარაუდებს. წლების წინ დავარგებული ქართული ღვინოების გასინჯვამ ღვინის სპეციალისტებსა და მოყვარულებს ნათლად დაანახა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართულ ღვინოებს სიძველეში.

ზაზა ჯაყელი, მეღვინე: “დღეს ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ღვინის კლუბის მიერ გამართულ ამ საინტერესო დეგუსტაციას ბევრი ახალგაზრდა მეღვინე თუ ენთუზიასტი ესწრებოდა. ამ ახალგაზრდებმა უნდა გაითვალასწინონ ყველა ჩვენთაგანის განვლილი გზა და მჯერა, რომ ისინი კიდევ უფრო შორს გაიტანენ ქართული ღვინის სახელს. რაც შეეხება გასინჯულ ღვინოებს, ჩემი აზრით ძალიან კარგი იყო ღვალაძის ცოლიკაური, რომელმაც გამაოცა ხარისხით და იმით, რომ იმერულ ცოლიკაურს თურმე როგორი “ხერხემალი“ და ძალა შეიძლება ქონდეს, რაც აქამდე არც კი ვიცოდით. წითელი ღვინოების კუთხით კი ისეთი პოტენციალი ჩანს, რომ თავიდან ვერც კი დავიჯერე, თუკი ასეთ ძველ ღვინოებს ამგვარი სიხალასე და ცოცხალი გემოები შეძლება ჰქონოდა. ჩვენ რეალურად აქამდე არც გაგვისინჯავს ასეთი ძველი ნატურალური ქართული ღვინოები და ახლა ვართ ძიებისა და აღმოჩენების პროცესში“.

როგორც უკვე ვთქვით, “8 000 მოსავალში“ გამართულ დეგუსტაციაზე ყოველგვარი შეჯიბრებითობის პრინციპის გამორიცხვით ქართული ღვინის მწარმოებელი 10 მარნის წარმოებული ღვინის 15 ნიმუში იყო წარმოდგენილი. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს ეს ღვინოები. ამიტომ გთავაზობთ ნიმუშების ჩამონათვალს:

  1. “ზურაბ ღვალაძის მარანი“ - ცოლიკოური 2008 წლის მოსავალი
  2. “ლუკასი“ – “წინანდალი“ მუხაში დავარგებული 2010
  3. “კონჭო და კო“ – “წინანდალი“ მუხაში დავარგებული 2010
  4. ‘’თბილღვინო“ - ქვევრის რქაწითელი 2010
  5. “ჭოტიაშვილის ვენახები“ - ქვევრის რქაწითელი 2009
  6. „კალამი“ - წარაფის რქაწითელი (ქვევრი) 2010
  7. “ვაჟა გეთიაშვილის მარანი“ - რქაწითელი 2010
  8. “შუმი“ - საფერავი-კაბერნე 2009
  9. “თბილღვინო“ - მუკუზანი 2009
  10. “კონჭო და კო“ - ალექსანდროული, მუხაში დავარგებული 2010
  11. “სესიაშვილის მარანი“ - საფერავი-თავკვერი 2010
  12. „ჭოტიაშვილის ვენახები“ - ქვევრის საფერავი 2009
  13. “სოლომნიშვილის მარანი“ საფერავი 2010
  14. “კონჭო და კო“ – “ყვარელი“ (მუხაში დავარგებული) 2010
  15. “ჯაყელის ღვინოები“ - საფერავი 2009

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ სულ ბოლო, 2018 წლის “ახალი ღვინის ფესტივალში“ სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 35 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ფესტივალის მნიშვნელობაც იზრდება. ამ ყველაფერს ნათლად და უკეთ 2019 წლის 11 მაისს მთაწმინდის პარკში გასამართი “ახალი ღვინის ფესტივალი“ გვაჩვენებს!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული