Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი - განვითარების ახალი ეტაპი

ალეკო ცქიტიშვილი

11 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალმა თავი ოცდაათამდე კომპანიას და ორმოცამდე ოჯახურ მარანს მოუყარა. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა ტრადიციული რეგიონიდან წარმოდგენილმა ღვინოებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ბოლო წლებში საქართველოში მეღვინეობა სწრაფად ვითარდება. ამავე დროს, ფესტივალის სტუმრების მაგალითზე, თვალშისაცემია საზოგადოებაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდა. ღვინოს უკვე ბევრი სვამს სიამოვნებისთვის და არა უგონოდ დასათრობად. ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიუხედავად, ფესტივალზე, ტრადიციულად, არც ერთი უსიამოვნო ინციდენტი არ მომხდარა.

მსხვილი კომპანიების მეღვინეები კვლავ აგრძელებენ ექსპერიმენტებს და დასავლეთის ბაზრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს კიდევ უფრო აუმჯობესებენ. ახალი ღვინის ფესტივალზე გამოტანილმა ბოლო მოსავლის ღვინოებმა გვიჩვენა, რომ კომპანიების მეღვინეები ბოლო პერიოდში ცდილობენ, საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოები ჩამოასხან და საერთაშორისო არენაზე ამ გზით გაუწიონ კონკურენცია როგორც ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნების, ისე ე. წ. ახალი სამყაროს ღვინოებს. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ახალ ეტაპზე მიგვითითებს.

ახალი ღვინის ფესტივალზე ოჯახური და მცირე მარნების მიერ წარმოდგენილი განსაკუთრებული ღვინოები, ასევე, გვიჩვენებს, რომ ქართული მეღვინეობის განვითარება, დიდწილად, ახალგაზრდა ენთუზიასტების აქტიურობას უკავშირდება. როგორც წესი, ისინი სრულიად სხვა სფეროში არიან დასაქმებულები მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ან აქვთ შემოსავალი სხვა ბიზნესიდან. გარკვეული ხნის შემდეგ კი მცირე მოგებით ან დანაზოგით ნელ-ნელა იწყებენ ვენახების გაშენებას, მამაპაპისეული მარნების რეაბილიტაციას ან სრულიად ახალი მარნების მოწყობას. თავდაპირველად ამას უფრო ჰობის სახე აქვს, რადგან ეს საქმე პირველ წლებში მხოლოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შემოსავალი მხოლოდ ახალგაშენებული ვენახებიდან პირველი მოსავლის მიღების შემდეგ ჩნდება, როცა ამ მოსავლის ღვინოც დასრულებული პროდუქტის სახეს იღებს და შესაძლებელია მისი ბაზარზე გატანა.

ახალგაზრდა ენთუზიასტები კარგად ფლობენ მარკეტინგულ უნარებს, ინტერნეტით და სხვადასხვა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით უცხოელ ნეგოციანტებსაც ეკონტაქტებიან და მათი დახმარებით ღვინო ექსპორტზეც გააქვთ. ახალი ღვინის ფესტივალის ოთხწლიანმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ასეთი ენთუზიაზმით, გატაცებითა და სიყვარულითYდაწყებული საქმე მდგრადია და დროს უძლებს. ახალგაზრდებს გვერდით უდგანან მშობლები, რომლებიც მართალია, მარკეტინგული უნარებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ სამაგიეროდ დიდი წვლილი შეაქვთ ვენახის მოვლა-პატრონობასა და მარნის მოვლის საკმაოდ რთულ საქმეში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა, ლუკა ბიბინეიშვილმა ახალი ღვინის ფესტივალზე წელს პირველად წარმოადგინა ამ რეგიონში გავრცელებული ვაზის ჯიშის - ჩხავერის ყურძნისგან დაწურული ღვინო. როგორც ლუკას მამამ, ივერი ბიბინეიშვილმა გვითხრა, მისი შვილი ღვინის ბოთლში ჩამოსხმის, ეტიკეტირებისა და გაყიდვის მიმართულებით მუშაობს, თვითონ კი ვენახს უვლის. ეტიკეტზე დატანილ მე-19 საუკუნის მიწურულის ფოტოზე გამოსახულია ლუკა ბიბინეიშვილის დიდი ბაბუა - სულიბეგი, რომელიც ერგეში დიდ ფართობზე ფლობდა ვენახებს. ბიბინეიშვილებმა წინაპრების მარანს ახალი სული შთაბერეს.

ახალი ღვინის ფესტივალზე ვაზის იშვიათი ქართული ჯიშის - ხიხვის ყურძნისგან დაწურული ღვინო წარმოადგინა კარდენახელმა ზურა მღვდლიაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, თავისი მარნისთვის "ნიკალას მარანი" დაერქმია. მის პაპას, ნიკალას კარდენახში ლამაზი მარანი ჰქონდა. ზურაბ მღვდლიაშვილი ცდილობს, წინაპრის მიერ ასი წლის წინ აგებულ შენობას ისტორიული სახე შეუნარჩუნოს და ეს არა მარტო მარკეტინგისთვის და პიარისთვის გამოიყენოს, არამედ ღვინის ტურიზმში ჩასართავადაც. "ნიკალას მარნის" განკარგულებაშია ხიხვის, ქისის, მწვანე კახურის, რქაწითელისა და საფერავის ვენახები კარდენახის სახელგანთქმულ ადგილებში - წარაფში, ახოებსა და მოწყობილში. ეს ვენახები ზურაბ მღვდლიაშვილმა ბოლო წლებში მთლიანად საკუთარი სახსრებით გააშენა.

მცირე და ოჯახური მარნების წინსვლაში ჯერჯერობით არც სახელმწიფო მონაწილეობს სპეციალური პროგრამებით და არც საბანკო სექტორი. ენთუზიასტებისთვის ხელმიუწვდომელია შეღავათიანი კრედიტები, ძალიან ძვირია ვენახების დაზღვევა. ამიტომ მათ ისღა დარჩენიათ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გააგრძელონ მუშაობა.

ახალი ღვინის ფესტივალზე ოჯახური მარნების სიახლოვეს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს წავაწყდი. რამდენიმე ღვინო ერთად გავსინჯეთ და მათ შესახებ ინფორმაციაც მივაწოდე. დავაგემოვნეთ ზურაბ ღვალაძის ობჩური "ცოლიკოური", რომელიც გასულ წელს "ღვინის კერამ" ჩამოასხა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებს შესთავაზა (კონტრეტიკეტზე ოჯახური მარნის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მითითებით). ანდრო ვაშალომიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან გურიის უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ჯიშის, საკმიელას ყურძნისგან დაყენებული ღვინო გაგვასინჯა. შემდეგ დეპუტატს წითელი ღვინის - "ოჯალეშის" გასინჯვა შევთავაზე. ხათრიანად მიპასუხა - ნახევრადტკბილი ღვინოები არ მიყვარსო. გაუკვირდა, როცა ვუთხარი, რომ ფესტივალის მონაწილე ზაზა გაგუამ უარი თქვა კომუნისტურ ეპოქაში დანერგილ სტერეოტიპზე, რომ ოჯალეშისგან დაწურული ღვინო აუცილებლად ნახევრადტკბილი უნდა იყოს. ზაზა გაგუას მიერ წარმოდგენილმა მშრალმა წითელმა ღვინომ "ოჯალეშმა", ტყის კენკრის ჯანსაღი არომატებით და ხანგრძლივი დაბოლოებით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

"სწორედ ასეთი განსაკუთრებული, საავტორო პროდუქტების წარმოების განვითარება და სტანდარტიზაციის ხელშეწყობაა ახლა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება", - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა ღვინოების დაგემოვნების შემდეგ, - "ასეთ ღვინოებს სჭირდება მეტი ცნობადობა საზოგადოებაში. თუნდაც, აი, ეს ღვინო ძალიან პოეტური, ჟრუანტელისმომგვრელი სახელით - "საკმიელა" უნდა დარჩეს ხალხის მეხსიერებაში, როგორც მაღალი ხარისხის, განსაკუთრებული საავტორო პროდუქტი. ბოლო ხანს ხშირად გვესმის საყვედური, რომ ბანკები ნელი ტემპით გასცემენ სესხებს სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ცნობადობის დაბალი დონეა. ბანკებს არა აქვთ სათანადო ცოდნა ამ დარგში, რათა რისკები ამ ცოდნით შეაფასონ. ამიტომ მეწარმეებისგან ითხოვენ სტანდარტული ტიპის გარანტიებს და როცა ამ გარანტიებს ვერ იღებენ, სესხსაც არ გასცემენ. მალე პარლამენტი მიიღებს კანონს კოოპერატივების შესახებ, რითაც წავახალისებთ სოფლებში კოოპერატივების შექმნას. გლეხებს საშუალება ექნებათ, ერთობლივი ძალებით შეიძინონ ღვინის ჩამოსასხმელი აგრეგატები, საწარმოო ტექნიკა და ასევე, ერთად იზრუნონ პროდუქციის დისტრიბუციაზე".

ჯერ კიდევ გასულ წელს ვწერდი, რომ ღვინის ფენომენით დაინტერესებულ ახალგაზრდა ენთუზიასტებს შორის გამოჩნდნენ ქალებიც, რომლებიც ზოგჯერ კაცებზე მეტ ინფორმაციას ფლობენ ვაზისა და ღვინის შესახებ. წინა წელს ახალი ღვინის ფესტივალზე გურჯაანელმა დიანა ინანაშვილმა ქვევრში დაყენებული რქაწითელი წარმოადგინა. წელს კი ფესტივალის სტუმრების ყურადღება მიიქცია ქალური ჟღერადობის ბრენდმა - "მანდილმა". კომპანიას ჯერჯერობით ერთი დასახელების ღვინო აქვს - "მწვანე", რომელიც მანავში დაკრეფილი მწვანე კახურის ყურძნისგან არის დაყენებული. ღვინო გასინჯვისთანავე მძაფრი სურნელით გაგრძნობინებთ, რომ მის შექმნაში ქალები მონაწილეობდნენ. ღვინის ეტიკეტზე მოცეკვავე ქართველი ქალის ფიგურაა გამოსახული. იდეა, რომელიც თეა მელანაშვილს და მარინე კურტანიძეს ეკუთვნის, უპირისპირდება ქართულ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, "ღვინო კაცმა უნდა დააყენოს". ეს სტერეოტიპი მსოფლიო ისტორიის იმ ბნელ პერიოდს მაგონებს, როცა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ ჰქონდათ.

ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ექსკლუზიური ღვინოებიდან სერგო არჯევანიძის "ხვამლის უსახელოური" უნდა აღინიშნოს. ეს ნახევრადტკბილი ღვინო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში მოყვანილი უსახელოურის ყურძნისგან ტრადიციული წესით, ქვევრშია დაყენებული და ამით განსხვავდება ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი სხვა მსგავსი ღვინოებისგან. ამ ღვინის შექმნაზე თამაზ ომანაძე და მისი ბიძაშვილი, სერგო არჯევანიძე მუშაობენ. "ჩვენი პრინციპია, დავაყენოთ საბარძიმე ღვინო. ვენახს "ელკანას" კონსულტანტის, გიორგი ბარისაშვილის მითითებებით, ბიომეთოდებით და ბიოპრეპარატებით ვუვლით. ღვინოში არ ვიყენებთ არანაირ ტექნოლოგიურ დანამატებს და ვაყენებთ ქვევრში, ტრადიციული მეთოდით. ტირაჟიც შეზღუდულია - 1000-დან 1500 ბოთლამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ღვინო თბილისში ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ მაღაზიაში - "ღვინის გალერეაში" იყიდება და ფასიც მაღალი აქვს - 100 დოლარის ეკვივალენტი ლარებში", - გვითხრა თამაზ ომანაძემ.

ახალი ღვინის ფესტივალში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კომპანია "რიონის ველის ვენახებმა", რომელსაც განვითარების არატრადიციული გეზი აქვს აღებული - იმერეთში, კერძოდ ვარციხეში ვაზის ფრანგული ჯიშები გააშენა: კაბერნე სოვინიონი, მერლო, სირა, პინო ნუარი, კაბერნე ფრანი, პტი ვერდო, ზინფანდელი, მალბეკი, შარდონე, სოვინიონ ბლანი, ვიონიე. რატომ უცხოური ჯიშები? ამ კითხვაზე კომპანიის დამფუძნებელი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თემურ გურჩი გვპასუხობს: "ბოლო 20-25 წელია, აშშ და სხვა ე. წ. ახალი სამყაროს მეღვინეობის ქვეყნები (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე, არგენტინა) იყენებენ სახელგანთქმულ ფრანგულ ჯიშებს. ეს ჯიშები რამდენიმე ათეული წელია საქართველოშიც არის გავრცელებული, მაგრამ აქამდე ჩვენთან მეღვინეობა მეცნიერების დონეზე არ იყო განვითარებული. ჩვენ ჩავატარეთ ნიადაგის ქიმიური ანალიზები რამდენიმე რეგიონში, შევისწავლეთ კლიმატის შესაძლო გავლენა ვენახებზე. უცხოური ჯიშებისთვის საუკეთესო ადგილად მივიჩნიეთ ვარციხე და ამ რეგიონისთვის შესაფერისი ფრანგული ვაზის ჯიშების კლონები შევუკვეთეთ. ვენახებს მხოლოდ ბორდოს ხსნარით და გოგირდით ვწამლავთ და ხელის იარაღებით ვამუშავებთ. ვაპირებთ, ქართულ ბაზარზეც და საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოვადგინოთ ჩვენი ღვინოები. ამ გზით, ვაზის ქართული ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებსაც კონკურენტულ გარემოს შევუქმნით და მათი ხარისხიც ამაღლდება".

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის ტურიზმის განვითარებაშიც შეაქვს წვლილი. ტუროპერატორებმა წელს პირველად ორგანიზებულად შესთავაზეს ღვინის ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ახალი ღვინის ფესტივალს დასწრებოდნენ.

ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორის, იაგო ბიტარიშვილის თქმით, ფესტივალი როცა დამთავრდა, კომპანიებმა თავიანთი მაგიდები აალაგეს და ნელ-ნელა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან გასვლა დაიწყეს, ყველაზე ბოლოს დარჩნენ უცხოელები, რომლებსაც მინდორში სახელდახელო სუფრები გაეშალათ და ქართულ ღვინოს სვამდნენ: "მომავალ წელს ამ ტურისტებს თანამემამულეთა ახალი ნაკადი მოჰყვება და ფესტივალის სტუმრების რიცხვიც გაიზრდება. ეს ორგანიზატორებს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვაპირებთ, ტურისტულ კომპანიებთან ერთად კიდევ უფრო შეთანხმებულად ვიმოქმედოთ. ასევე შეიძლება ვიფიქროთ ფესტივალის სხვაგან ჩატარებაზე, რადგან შეიძლება, დადგეს დრო, როცა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს ვეღარ დაიტევს".

შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლიდან ახალი ღვინის ფესტივალის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, როცა მისი ცნობადობა უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს. ამდენად, მომავალ წელს კომპანიებისთვის ფესტივალში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული იქნება. ფესტივალის ინიციატორ ღვინის კლუბს და მხარდამჭერებს კი კიდევ უფრო მეტი თავის ტკივილი ელის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

შეგახსენებთ: ახალი ღვინის ფესტივალი 2013 ღვინის კლუბის ინიციატივით, თბილისის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ჩატარდა. მხარდამჭერები იყვნენ: "საქპატენტი", რადიო უცნობი, ქართული ღვინის გზამკვლევი, გაზეთი "მარანი/ Weekend", ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.comდა კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

© ღვინის კლუბი/Weekend



Hello! I've been following your site for a long time now and finally got the courage to go ahead and give you a shout out from Kingwood Texas! Just wanted to mention keep up the good work!


Wow! After all I got a website from where I be capable of genuinely get helpful data regarding my study and knowledge.


Undeniably consider that that you said. Your favourite justification appeared to be at the internet the easiest factor to bear in mind of. I say to you, I certainly get irked even as other folks think about issues that they just don't realize about. You controlled to hit the nail upon the highest and defined out the whole thing without having side-effects , other people could take a signal. Will likely be back to get more. Thanks

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.