Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პასუხი „ღვინის კლუბს“ მიპატიჟებაზე - თაკო ჟურულის ბლოგი

ყველა ფესტივალზე არ დავდივარ, თუმცა მუდმივად მომდის მიპატიჟების წერილები. ფესტივალებში მონაწილეობაზე სხვადასხვა მიზეზით ვამბობ უარს - ხან ღვინო არ მაქვს, უფრო ხშირად კი, უბრალოდ, საორგანიზაციო ჯგუფი არ მომწონს, მეუცხოება, არ მიზიდავს და არ მაინტერესებს ჩემი ღვინით იქ დგომა. მაგრამ ზოგჯერ ისეთი მოსაწვევი მომდის, გული შემიფრთხიალდება ხოლმე სიხარულით. ამას წინათ წერილი მივიღე, ისევე როგორც ბევრმა სხვა მევენახე-მეღვინემ თუ მარანმა: „გეპატიჟებით! ოქტომბრის მესამე შაბათს, 19 ოქტომბერს, ტრადიციულად ჩვენი ფესტივალი იმართება - "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024".

ღონისძიება გაიმართა მთაწმინდის პარკში, კლუბ "ანდერვილში", სადაც დამწყებმა თუ გამოცდილმა მარნებმა თავიანთი ღვინოები წარმოადგინეს.

მოსაწვევი წერილი ასე მთავრდებოდა: ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას კი უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინოების შესახებ, რომლებსაც გავსინჯავთ და მოგვეწონებამიყვარს მათი დაპატიჟებები, მათი ყველა ფესტივალი და ყოველი წერილი გულზე მხვდება და ძალიან მახარებს - „ღვინის კლუბი“ ხომ იყო პირველი კარი, საიდანაც ახალი სამყარო დავლანდე, იქ ყოფნა მომინდა და შევაბიჯე კიდეც ჩემს ახალ ცხოვრებაში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ღვინოც არ მქონდა და თბილისშიც ვერ ჩავიდოდი, 19 ოქტომბრის მოსაწვევი არ წამიშლია ჩემი ელექტრონული ფოსტიდან, ისე ვინახავ, როგორც სანუკვარს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მართავს ფესტივალს, ვინ გეპატიჟება. სტუმრად ხომ მათთან მივდივართ, ვისთანაც მყუდროდ ვგრძნობთ თავს, ისე, როგორც საკუთარ სახლში, ასეთია ღვინის კლუბის ფესტივალებიც - სახლური, ადამიანური, ემოციური, აზრიანი და საქმიანიც. ამჯერადაც "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024" მწარმოებლების გარდა ქართველ და უცხოელ ღვინის პროფესიონალებს, ღვინის მწერლებს, ღვინის ბარ-რესტორნების წარმომადგენლებსა და მოყვარულებს მასპინძლობდა. თავიდანვე ასე იყო - კლუბი შეხვედრის ადგილი გახლდათ, სულიერი, ცოცხალი, ხალისიანი, მეგობრული ღია სივრცე „არა მარტო მეღვინეებისთვის, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც, მათ შორის ჟურნალისტების, იურისტების, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების, არქეოლოგების, ლიტერატორებისა და ფერმერებისთვუის“. ასე ეწერა საინფორმაციო ტექსტში, რომელიც 2009 წლის 29 სექტემბერს ინტერნეტგამოცემა „მარანში“დაიბეჭდა.

„დაარსდა ღვინის კლუბი“ - ამ სიტყვებით დაიწყო თანამედროვე ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მატიანე. ურთულესი მიზნები დაისახეს: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა.შ. წარმოიდგინეთ! თითქოს უბრალო ჩამონათვალია, რომანტიკულად ჟღერს, სასიამოვნო მოსასმენია, რეალურად კი ამ ერთმა აბზაცმა დაიტია ის - როგორც იტყვიან - საშვილიშვილო საქმე, რომლის განხორციელებასაც დასჭირდა წლები, და რომ არა ქართული ღვინის ლეგენდები, კლასიკოსები, იდეის ხალხი, ღვინის პოეტები, რომლებიც კლუბის საათავეებთან იდგნენ, რომლებმაც უერთგულეს მიზანს, დღეს შესაძლოა არც ყოფილიყო ამდენი ფესტივალი, ამდენი მოსაწვევი და ჩვენც, გათამამებულებს, არ გვქონოდა ფუფუნება აგვერჩია სად მივიდეთ და სად არა.

ამ ადამიანებმა, ჩვენმა მასწავლებლებმა, გაშალეს სუფრა, გახსნეს კარები და ჩვენს მარნებში შემოახედეს მთელი მსოფლიო. არ იყო ეს ადვილი საქმე, დაწყება არასდროს არის იოლი, მით უფრო, როცა გადაწყვეტ დაიწყო საბჭოთა პერიოდის ჩაკირული წესების დარღვევა, აზროვნების, სურვილების, ბაზრის შეცვლა, რისკების შეყვარება, თანამოაზრეების მოძებნა.

და ახლა ჩვენც, ახალგამოჩეკილი ენთუზიასტები გაშლილ სუფრას რომ შემოვუსხედით, უკვე გაკვალულზე რომ დავდივართ, „ღვინის კლუბის“ ფესტივალებზე მონაწილეობის მსურველთა თვლა რომ აღარ არის, ამაყად რომ დგას ხალხი თავის ღვინოებთან, გულის ფანცქალით რომ ელოდებიან მონაწილეთა სიების გამოქვეყნებას - ეს სწორედ იმ დასაწყისების გაგრძელებაა.

ალბათ ვერასდროს წარმოიდგენს „ღვინის კლუბი“ რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემს ცხოვრებაში, რამხელა ბედნიერება მაჩუქა იმ ხალხის გაცნობით, ვინც მომანდობა ისე მეცხოვრა, როგორც ახლა ვცხოვრობ. და კლუბში გაწევრების ანკეტაც, 10 წლის წინ რომ შევავსე, სადღაც მიდევს ამობეჭდილი. ბოლოს დაახლოებით ასეთ კითხვაზე უნდა გაგეცა პასუხი:

„რატომ გინდათ ღვინის კლუბის წევრობა?“

„ასე წარმომიდგგენია, რომ „ღვინის კლუბი“ არის ოჯახი. ძალიან გთხოვთ მიმიღეთ თქვენს ოჯახში“.

მერე გავიდა ბევრი წელი.

უამრავი ადამიანის ცხოვრებად იქცა ღვინო, იდეალისტების რიგებიც გაიზარდა და ბიზნეს-მეღვინეთა სიაც განივრცო. ბოლო მოსაწვევი გვაუწყებდა: ფესტივალზე გასულ წელს 34 მარანი იყო, წელს კი მთაწმინდის პარკში 47 მცირე მარანს შეხვდებით. წინ არის დეკემბრის ფესტივალი, როცა წინასაახალწლოდ ცქრიალების ბათქა-ბუთქი ატყდება!

 © ღვინის კლუბი/vinoge.com



დიდი მადლობა თაკოს, ჩვენს ძვირფას მეგობარს :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.