Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიკიფორე - მცირე მარნების ანთოლოგია (128)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

ჩვენი მარანი ნიკიფორე, დაარსდა 2016 წელს, თბილისში, კერძოდ კი წყნეთში. ჩვენს ეტიკეტზე გამოსახულია დნმ ის სიმბოლო, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველის სისხლში გენეტიკურად არის ღვინის დამზადების და მოხმარების სიყვარული. 

ბავშვობიდან ვიღებდი მონაწილეობას ღვინის დამზადების პროცესში, დაწყებული ვენახიდან დამთავრებული მარნით, შესაბამისად გამოცდილება და შეხება მეტნაკლებად მქონდა. მეღვინეობა თავიდან ჰობის დონეზე დაიწყო, იყო ცოტა ექსპერიმენტები და პარალელურად თეორიული ცოდნა. (ეს იყო გაქცევა იმ რეალობიდან რომელიც არ მომწონდა, ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა). 

2016 წელს წელს დავწურეთ პირველი ყურძენი - ხაშმის საფერავი საიდანაც მივიღეთ 200 ბოთლი ღვინო. ხაშმის საფერავი იმიტომ, რომ მისი გემო ბავშვობიდან განსაკუთრებულად მახსოვდა, ხოდა მოვიძიეთ ზუსტად ის ვენახი საიდანაც ეს გემო მოდიოდა. 35 წლის საფერავის ვენახი, რომელიც გაშენებული იყო საუკეთესო ადგილას და უვლიდა ზუსტად იგივე პიროვნება ვინც გააშენა, 89 წლის კაცი. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არგვქონდა საკუთარი ვენახი და არც შესაბამისი გამოცდილება მოვლის, გადავწყვიტეთ საქართველოში არსებული საუკეთესო ტერუარებიდან მიგვეღო ყურძენი, რადგან კარგი ღვინის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა უმაღლესი ხარისხის ყურძენი, მოვიძიეთ ასეთი ვენახები და კეთილსინდისიერი მევენახეები, დიდი დრო დაგვჭირდა ამ ყველაფრისთვის მაგრამ მივაღწიეთ იმას რომ ძირითადი ხაზის ყველა ჩვენი ღვინო არის ერთიდაიგივე ვენახიდან. ასევე არის ახალი ჯიშები, ახალი ექსპერიმენტები და გამოცდილება. ჩვენი ერთადერთი „რიტუალია“ უმაღლესი ხარისხის ყურძნის მიღება შესაბამის კონდიციაში და საბოლოო გადარჩევა დაწურვის წინ.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენ ვაწარმოებთ შემდეგ ჯიშებს: ხაშმის საფერავი, მუკუზნის საფერავი, ქისი, მწვანე, ხიხვი, კრახუნა, შავკაპიტო, ჩინური-გორული მწვანე, როგორც ტრადიციული ასევე კლასიკური მეთოდით. ასევე  პეტნატის 2 სახეობას და ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა რომელიც ჯერ ვარგდება და ახლო მომავალში იხილავს მომხმარებელი. როგორც აღვნიშნეთ ჩვენი ყველა ღვინო მიღებულია განსაკუთრებული ადგილიდან და ვიღებთ შესაბამის ხარისხს. ყველა ღვინო არის ინდივიდუალური და დასამახსოვრებელი რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ადამიანები მეტად დაახლოვოს ერთმანეთს და ის დღე დაუვიწყარი გახადოს. სლოგანიც შესაფერისი შევარჩიეთ: ნიკიფორე - თბილი შეხვედრებისთვის.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

ყველაზე საყვარელი, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო, ეს არის ის პერიოდი სანამ ყურძენი ღვინოდ იქცევა, როდესაც ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მიღებული გადაწყვეტილება საპასუხისმგებლო. ეს საქმეც მაგიტომ შემიყვარდა რომ წელიწადში ერთჯერ გეძლევა შანსი მიიღო ის რაც გინდა, მაგრამ მასში დაშვებული ყველა შეცდომა თუ სწორად გადადგმული ნაბიჯი  ბოთლში იყრის თავს და ზუსტად მაშინ ხვდები და აანალიზებ შენ შეცდომას როდესაც ღვინოს გასინჯავ. ამის შემდეგ მოდის ისევ ახალი იდეები, ახალი ექსპერიმენტებისთვის მზადება  და მომავალი რთველი. ეს პროცესი უწყვეტია და როდესაც გაუგებ გემოს, მგონია ვეღარასოდეს შეეშვები, იმდენად საინტერესოა.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი დეგუსტაცია და შეფასების მოსმენა არასოდეს დამავიწყდება, ეს იყო 2016 წლის ხაშმის საფერავი როდესაც მივიტანე ახლად გახსნილ 8000 მოსავალში. მას შემდეგ ჩვენ ვართ პარტნიორები, მეგობრები, და ერთად ვაკეთებთ საყვარელ საქმეს. შემდეგ იყო ბევრი დადებითი და უფრო ბევრი უარყოფითი გამოცდილება სხვადასხვა ბარ-მაღაზიებთან და რესტორნებთან. ჩვენ ჩანასახშივე ვიდოდით რომ ჩვენი ღვინო არ უნდა გაყიდულიყო რუსულ ბაზარზე. უპირველესად ჩვენი შეხედულებისა და ასევე მცირე რაოდენობისა.

2021 წელს პირველი ექსპორტი გავაკეთეთ აშშ-ს ბაზარზე, ასევე 8000 მოსავლის დახმარებით გვაქვს ექსპორტი გერმანიასა და ინგლისში. გვაქვს მოლაპარაკება ჩინეთის და იაპონიის ბაზრებთან. ვცდილობთ აღმოვჩნდეთ ისეთ ბაზრებზე ვინც აფასებს ქართულ ღვინოს, ხარისხს და იქნებიან გრძელვადიანი პარტნიორები. 

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

რაც არ გვაკლია ეს არის სირთულეები და სიახლეები, მაგრამ ვუმკლავდებით. გამომდინარე იქიდან რომ ბაზარი მზარდია და ახლა ვიდგავთ ამ სფეროში ფეხს სირთულეები ხშირად გვხვდება, ყველაფერს ჭირდება დრო, ფაქტია რომ დარგი მიდის წინ და იზრდება, ხარისხიც იმატებს და პოზიციონირებაც მსოფლიო ბაზრებზე. 

ყველა ნორმალური მეღვინეობა რომელსაც აქვს პრეტენზია ხარისხზე ორიენტირებულია ექსპორტზე და ბევრი მეღვინეობა საქართველოში არც ყიდის ღვინოს. ვფიქრობ რომ ცუდია, მაგრამ ამას აქვს მიზეზი, ეს გამოიწვია იმ არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხროვამ რომელსაც ვითომ ბიზნესი ქვია. ვისურვებდი ამ კუთხით დახვეწას და განვითარებას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაწყებულ საქმიანობას და სხვის შრომას პატივი სცენ.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად? 

უპირველესი რათქმაუნდა ვენახია, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა იმ ხალხს რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობას ითავსებენ და ძალიან კარაგად გამოსდით. ასევე უმნიშვნელოვანესია თეორიული განათლება რის გარეშეც პრაქტიკა არ არსებობს, არსებობს ძალიან ბევრი ლიტერატურა და ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი პროფესიონალი მეღვინეები რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ეს არნიშნავს იმას, რომ მათ როგორი ღვინოც მოწონთ თქვენც ისეთი დაამზადოთ, ყველა მეღვინეობას უნდა ქონდეს საკუთარი ხელწერა. უბრალოდ ცოდნის და ექსპერიმენტის გარეშე არაფერი გამოვა.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მე, როგორც მარნის მფლობელი და „მეღვინე“ მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური ჯიშები და უნიკალური ადგილები, ჯიშური მრავალფეროვნებაა ალბათ ყველაზე საინტერესო, მგონია საოჯახო მეღვინეობებმა არ უნდა აწარმოონ მხოლოდ ქვევრის ღვინო, ჩვენს ჯიშებს აქვს ამოუწურავი პოტენციალი. ვისურვებდი ბევრ კლასიკურ ღვინოს, ბევრ ცქრიალა ღვინოს. მთავარია შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ხარისხი და საქმეს შევხედოთ გრძელვადიანად.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ რამდენად არიან მზად ამ საქმის დაწყებისთვის, ასევე გამიჯნონ ეს ჰობია თუ ბიზნესი, იმიტომ რომ ბიზნესის ჭრილში არის ძალიან რთული და გრძელვადიანი, ამიტომ ზოგი მალევე იცრუებს გულს. ხოლო ვინც მიხვდება რომ ეს მათი ნამდვილი საქმიანობაა, დებენ სულს და გულს, ასე გააგრძელონ. იმიტომ რომ შედეგი არ დააყოვნებს, აუცილებლად დაფასდება და თითოეული გასინჯული ბოთლი და შეფასება იქნება თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მასაზრდოებელი. იმოგზაურეთ ბევრი, გასინჯეთ ბევრი ღვინო და არ ჩაიკეტოთ წარმოსახვა, ჩვენ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი რაც ჯერ კიდევ არგვესმის ჩვენ. ეცადეთ არ მიაკვდეთ ერთ ბაზარს განსაკუთრებით რუსეთს და გაშალეთ თქვენი პროდუქცია მსოფლიოში. რაც მეტად გაგვიცნობს მსოფლიო და შევაყვარებთ ჩვენ ღვინოს, მით მეტად ჯანსაღი და ბედნიერი მომავალი გველის.

მარნის მისამართი: წყნეთი, ევროპის ქ.N10

ტელეფონი: 591979694

ელფოსტა: nikifore@yahoo.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: FB: nikiforefamilywine   IG:familywinenikifore

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული