Home
ქართული | English
ნოემბერი 2018
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური ღვინოების დეგუსტაცია სიღნაღში

მალხაზ ხარბედია

გასულ კვირას, სიღნაღში, “ხოხბის ცრემლების” ღვინის სალონში, ძალიან საინტერესო დეგუსტაცია გაიმართა. საქმე ისაა, რომ საქართველოში სტუმრად იყო სახელოვანი ფრანგი მეღვინის, მარსელ ლაპიერის ქალიშვილი, კამილ ლაპიერი და გლეხურად რომ ვთქვათ, ბლომად საინტერესო ღვინო ჩამოიტანა. კამილს ჯონი ვურდემანი მასპინძლობდა და სწორედ მან მოაწყო ეს დეგუსტაცია.

სანამ უშუალოდ ღვინოების დახასიათებაზე გადავიდოდე, ძალიან მოკლედ გეტყვით მარსელ ლაპიერისა და დეგუსტაციის სხვა გმირების, ძმების, ტიერი პუზელას და ჟან მარი პუზელას შესახებ. საქმე ის გახლავთ, რომ სამივე ეს ადამიანი მსოფლიო ნატურალური მეღვინეობის ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მარსელ ლაპიერი, სამწუხაროდ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა 2010 წელს და იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბოჟოლეში სრულიად განსხვავებული ღვინის დაყენება დაიწყო და სახელი სწორედ ნატურალური მეღვინეობით დაითქვა. სხვათა შორის, ძალიან ბევრს ამ მიმდინარეობისა და მისი უმთავრესი წარმოამდგენლების შესახებ ელის ფეირინგის შესანიშნავ წიგნში შეიტყობთ, “შიშველი ღვინო”, რომელიც გასულ წელს ქართულადაც ითარგმნა (თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნათია მენაბდემ) და რომელსაც თბილისის წიგნის მაღაზიებშიც შეხვდებით (ყოველ შემთხვევაში, ნატურალური ღვინის ბარ “ღვინო ანდეგრაუნდში”, ტაბიძის 15-ში, ნამდვილად აქვთ ეს წიგნი). სწორედ ამ წიგნიდან მინდა მოვიყვანო რამდენიმე ციტატა, რომელიც მარსელ ლაპიერს ეხება:   

“1978 წელს ახალგაზრდა მორგონელი მეღვინე, მარსელ ლაპიერიმივიდა დასკვნამდე, რომ საკუთარი ღვინის დალევა არ შეეძლო. ეს უკვე ის დრო იყო, როცა ორგანული მიწათმოქმედება და საკვები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაბატონებული ტენდენციის ადგილს იმკვიდრებდა. ლაპიერმა ამ წელს ჩაატარა ექსპერიმენტი და დააყენა ღვინო გოგირდის გარეშე. მას გაგონილი ჰქონდა, რომ მეცნიერი და მეღვინე, შოვე(საუბარია ჟიულ შოვეზე, ნატურალური მეღვინეობის ერთ-ერთ პიონერზე – რედ.), მუშაობის დროს ქიმიურ ნივთიერებებს არ იყენებდა და გადაწყვიტა მისი მოძებნა. შოვე და ჟაკ ნეოპორი (მისი ასისტენტი და მოწაფე) ლაპიერს დაეხმარნენ, შეეცვალა თავისი მიდგომა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართ. პატარა მორგონი ბოჟოლეს რეგიონის სოფლური ტიპის ქალაქი იყო და ხმაც სწრაფად გავრცელდა. ლაპიერმა შემოიკრიბა თანამოაზრე მეგობრები: მაქს ბრეტონი (პატარა მაქსი), ჟან ფოიარი და ჟან ტევენე. მათ „ოთხთა კავშირი" შექმნეს. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი vigneron, ყველასათვის საყვარელი მოხუცი კაცი, ჟოზეფ შამონარი, რომელიც ყოველთვის ისე მუშაობდა, როგორც მისი წინაპრები, სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი არასოდეს იყენებდა ქიმიკატებს ვენახში და არ მიმართავდა ენოლოგიურ მაქინაციებს ღვინის დაყენების დროს. შამონარი ამ ოთხეულის მეხუთე საპატიო წევრად მიიღეს. ჩემი აზრით, ამ ოთხეულისთვის ის სიმბოლო იყო”.

შედარებით გვიან ჩაერთო ამ მოძრაობაში ტიერი პუზელა, თუმცა დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი vigneron-ია (ეს ცნება ერთმანეთში იტევს მევენახესაც და მეღვინესაც), კარგად იცნობს ქართულ ნატურალურ მეღვინეობასაც, ჩვენთანაცაა ნამყოფი და ქართველებისთვისაც არაერთხელ უმასპინძლია საფრანგეთში.

ნატურალური ღვინის ავტორებს ყოველთვის დიდი პრობლემები აქვთ ხოლმე კანონთან, სწორედ ამიტომაცაა, რომ მათი ღვინოების უმრავლესობა ან სუფრის ღვინის კატეგორიაში გადის ხოლმე, ანდა მხარის ღვინისაში. კიდევ ერთი ციტატა ელის ფეირინგის წიგნიდან:  

,,ხშირ შემთხვევაში საუკეთესო ნიადაგისა და მიკროკლიმატის მქონე ადგილებს აპელასიონის სტატუსს არ ანიჭებენ, რადგანაც აქ მოყვანილ ყურძენს ,,სწორი" გემო არა აქვს. მაგალითად, ტიერი პუზელამ, შესანიშნავმა მეღვინემ ლუარიდან, მითხრა (იგი უკვე შეურიგდა ამ ფაქტს), რომ რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან დამზადებული მისი ღვინოები, - Pineau d’Aunis, Menu Pineau და Chenin, რომლებმაც მას სახელი გაუთქვეს, 2016 წლისთვის გაიყიდება, როგორც მხოლოდ Vin de Table.

 ,,2016 წლის შემდეგ ჩემი თეთრი ღვინოებიდან ნებადართული იქნება  Sauvignon, ხოლო წითელი ღვინოებიდან - Gamay, Cabernet, Franc და Cot. ჩვენი განსაკუთრებული ღვინოების წარმოება, რომლებმაც ჩვენი რეგიონის უნიკალურობა განაპირობა, აკრძალული იქნება. ფაქტობრივად, ტურენის სახელისუფლო ორგანოებს სურთ, ყველანაირი Sauvignon Blanc რაღაც Sancerre-ს მსგავს ღვინოდ გადააქციონ, რომელიც მომხმარებელს მოსწონს, რადგან მისი აღქმა უფრო ადვილია. მათ ახალზელანდიელი ენოლოგი, სემ ჰაროპი დაიქირავეს, რომ მეღვინეებს აუხსნას, რა უნდა აწარმოონ საერთაშორისო ბაზრისთვის - მხოლოდ არომატული Sauvignon."

 პუზელას Sauvignon-ს არაფერი აქვს საერთო ახალზელანდიური Sancerre-ის ხურტკმელის არომატთან, ან იმასთან, რაც ,,ბალახოვანის" ან ,,კატის შარდის" სახელითაა ცნობილი. პუზელას ეს ღვინო თავისთავად უნიკალურია, მწვანე სინედლისკენ და ნესვის არომატისკენ იხრება. <...> კანონის თანახმად, მას არ შეუძლია, ეტიკეტზე მიუთითოს ტურენის Appellation d’origine controlee (AOC), თუ მისი თეთრი ღვინო Sauvignon არაა. მას მხოლოდ შეუძლია, ეტიკეტზე მიუთითოს Vin de Table (VdT), რაც ასევე გულისხმობს, რომ მეღვინეს უფლება არა აქვს, ეტიკეტზე დამზადების წელი აღნიშნოს.

 ამის გამო ხშირად ნახავთ, რომ ბოთლზე აღნიშნული არის VdT (სუფრის ღვინო). იმ ხალხში, რომელიც ნატურალურ ღვინოს აყენებს, ეს ვაჟკაცობის, სიმამაცის გამოვლინებად ითვლება. ესეც ერთგვარი პროტესტია. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონია სახელისუფლო ორგანოს, რომელიც ბაზარს აკონტროლებს - ჩვენ ავთენტურობა გვინდა!"

ძმები პუზელების აქ დახასიათებული ღვინოებს, სხვათა შორის, ერთი სახელი აერთიანებს, Clos du Tue-Boeuf, რაც ნიშნავს “მოკალი ხარი” და ჟღერადობით ამ Tue-Boeuf  ირონიულად გადავყავართ მსოფლიო მეღვინეობის ერთ-ერთი მაგნატის, ბოჟოლელი ჟორჟ დუბეფის გვართან.

Vin Blanc, Vin de Table Français

ძმების,ტიერი პუზელას და ჟან მარი პუზელას მიერ დაყენებულ ამ სუფრის ღვინოს ეტიკეტზე ვინტაჟიც არა აქვს მითითებული. ეს ლუარას ღვინო სავარაუდოდ სოვინიონ ბლანიდან, შენენ ბლანიდან ან შარდონედან უნდა იყოს დაყენებული. მოოქროსფერო ჩალისფერი ღვინოა, სურნელი შედარებით ჩაკეტილი აქვს, თუმცა დაგემოვნებისას გამოჩნდა ლექზე დავარგების კვალიც – ლიმნის ვაფლი, ბისკვიტი და ა.შ., მოტკბო გემოები – დაშაქრული თხილი და ნიგოზი,

Le Brin de Chevre, Vin de Table Français

ეს ღვინოც ძმების დაყენებულია, რაც ეტიკეტზეClos du Tue-Boeuf-ითაააღნიშნული, ისევე როგორც წინა ღვინოზე. წელი არც ამ სუფრის ღვინოზეა მითითებული, მოოქროსფერო-ჩალისფერი, სხეულიანი ღვინოა, დაშაქრული თხილისა და ვაშლის ჩირის ტონებით.

Chardonnay,Clos du Tue-Boeuf, 1996   

ე.წ. მხარის ღვინოა, რაზეც წარწერაც მეტყველებს ეტიკეტზე - Vin de Pays du Loir et Cher. ძალიან ეკზოტიკური შარდონეა. ასეთი აქამდე არაფერი დამილევია, მითუმეტეს, უცნაური იყო, როდესაც 17 წლის ღვინოში, საიდანაც პირველ რიგში დაჟანგვის და სიძველის ტონებს მოველოდი, მწიფე მსხლის სურნელები ამოვიცანი და ვარდის მურაბისა და სხვა ხალისიანი სურნელები ამოვარდა ჭიქიდან. ძალიან ხანგრძლივი დაბოლოების მქონე სავსე, სხეულიანი ღვინოა. სიმაგრე 15%.

Clos du Tue-Boeuf, Cheverny, 2010

ისევ ლუარის მხარის ღვინოებში ვტრიალებთ, თუმცა ეს უკვე აპელასიონური, ანუ ადგილწარმოშობის ღვინოა (Cheverny), რომელიც პინო ნუარიდან და გამედანაა დაყენებული. შედარებით მკრთალი ალუბლისფერი ღვინოა ნაზი ტანინებითა და მცირედი დაფნის და მწიფე წითელი ტყემლის ტონებით. თხელი, სასიამოვნო წითელი ღვინოა.

La Guerrerie, Touraine, 2005

ესეც ადგილწარმოშობის ღვინოა, სახელოვანი ტურენიდან. დაყენებული კოს (Côtასე უწოდებენ საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში მალბეკს) და გამეს ჯიშებიდან. დაძველება უკვე კარგად ეტყობა ამ ღვინოს, წინა პლანზე ტყლაპის, ჩირების და ლორის ტონები გამოვიდა. ასაკის მიუხედავად ძალიან ხალისიანი ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობით. მოგვიანებით ღვინოში მცენარეული ნოტები გამოჩნდა, ასევე ტკბილი სუნელები (მაგ. ჯანჯაფილი) და შინდის მურაბა.

Morgon, Marcel Lapierre, 2012

გადავედით ბოჟოლეში. ეს ღვინო ლეგენდარული მარსელ ლაპიერის მემკვიდრეების დაყენებულია. დაყენებულია ბოჟოლეს ტრადიციული, კარბონული მაცერაციის წესით, გამეს ჯიშის ყურძნიდან. შემდეგ გარკვეული დრო გაატარა ბურგუნდიული მუხის კასრებში. ძალიან რბილი ღვინოა, ღოღნაშოსა და მწიფე წითელი ტყემლის ტონებით. ხასიათდება სასიამოვნო ტანინებით. ღვინოს საერთოდ არა აქვს დამატებული გოგირდი.

Marcel Lapierre Morgon Cuvée MMXI

ეს ღვინოც მარსელ ლაპიერის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წელსაა დაყენებული. აქაც კარბონული მაცერაციაა გამოყენებული და იგივე ტრადიციული ჯიში, გამე. ასეთი სპეციალური კიუვე მხოლოდ 1999, 2001, 2003 და 2011 წლებში ჩამოასხეს. ღვინო ბიოდინამიკურ ვენახში დაკრეფილი ყურძნიდანაა დაყენებული. სურნელში იგრძნობა მწიფე ხილი, წითელი ქლიავი, და მცირედი მუხის კვალი. აქ გასინჯულ ღვინოებს შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დაბოლოება ჰქონდა, ასევე რბილი ტანინები და სასიამოვნო, ცოცხალი მჟავიანობა. არაა მარტივი ღვინო, ელეგანტური და ხასიათიანია. ვისურვებდი დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, რაჭა) და ქართლშიც დააყენონ მსგავსი სტილის ღვინოები ძელშავიდან და თავკვერიდან.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.