Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოლოდინი ჭიქით ხელში

როგორ მიმდინარეობს წინასაფესტივალო ჭაშნიკები

გიორგი მერაბიშვილი     

როგორც იქნა დასრულდა ქართული ღვინის მოყვარულების ორწლიანი მოლოდინი და ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 27 ნოემბერს, მთაწმინდის პარკში მონატრებული „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. როგორც იცით, ფესტივალი ტრადიციულად ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს ტარდებოდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო ორი წლის მანძილზე ღვინის მოყვარულები ერთგვარ „საფესტივალო შიმშილს“ განიცდიდნენ და ბევრი ფიქრობდა, რომ 2021 წელიც „ახალი ღვინის ფესტივალის“ გარეშე ჩაივლიდა. თუმცა მოხერხდა, რომ ქართული ღვინის კომპანიები და მცირე მარნები კვლავ წარსდგებიან ღვინის მოყვარულებისა და სპეციალისტების წინაშე.

ეს ქართულ მეღვინეობაში წლის უმთავრესი მოვლენაა!

შარშან, 27-28-29 დეკემბერს, „ახალი ღვინის ფესტივალი“ ისტორიაში პირველად Online გაიმართა და ჩატარდა სრულიად განსხვავებული ფორმატით, ანუ ვიდეო–ჩართვების მეშვეობით. ფესტივალის მონაწილე მარნებს და დიდ კომპანიებს საკუთარი პროდუქტის წარსადგენად 10 წუთი ჰქონდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდათ არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად,  თავი ფესტივალის ნაწილად ეგრძნოთ. იმ ფორმატშიც კი შესაძლებელი იყო მემარნეებისთვის კითხვების დასმა და მათთან დისკუსია. აღსანიშნავია ისიც, რომ შარშანდელ Online  ფესტივალში მონაწილეობა 100–ზე მეტი მარანმა მიიღო, რაც იმ დროს ნამდვილად მრავლისმეტყველი იყო.

 „ახალი ღვინის ფესტივალზე“ მონაწილეობას წელს ღვინის დიდი კომპანიების გარდა, 100-მდე მხოლოდ საოჯახო მარანი მიიღებს. თუმცა, მონაწილეობის მსურველი ტრადიციულად ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომაც, ბოლო დღეების მანძილზე „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, აქტიურად  მიმდინარეობს წინასაფესტივალო ფარული დეგუსტიაციების ციკლი, სადაც ღვინის პროფესიონალები არჩევენ მცირე მარნების მიერ წარმოდგენილ ნიმუშებს და მათ მიერ დაწერილი ქულების საფუძველზე ხდება ღვინოების შერჩევა.

სადეგუსტაციო კომისიას მართლაც ბევრი საქმე ჰქონდა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფესტივალის ძველი მონაწილეების გარდა, ბევრმა ახალმა მარანმა და დამწყებმა მეღვინემ გამოთქვა „ახალი ღვინის ფესტივალზე“ გამოსვლის სურვილი და მათი დაყენებული ღვინის ნიმუშებიც გამოგზავნეს.  

ნათია ხიდაშელი, სომელიე, ღვინის გიდი, ღვინის ბლოგერი: „დღევანდელი დეგუსტაციიდან ყველაზე მეტად ერთ-ერთი კრახუნა მომეწონა. მე ზოგადად უფრო კახური ღვინოები მიყვარს, მაგრამ დღეს კრახუნა მართლაც რომ გამორჩეული იყო. ღვინის ეტიკეტი ყოველთვის ახდენს ადამიანზე გავლენას. შეიძლება ღვინის ავტორ მეღვინეს პირადად იცნობ და ნიმუშის შეფასების დროს იყო არაობიექტური. ამგვარი ბრმა დეგუსტიაციის დროს კი ეტიკეტს ვერ უყურებ, სინჯავ, აფასებ მხოლოდ ღვინოს და მის თვისებებს. ამიტომ, ასეთი ღონისძიება მუდამ საინტერესო და მნიშვნელოვანია.

პანდემიის შემდეგ „ახალი ღვინის ფესტივალის“ გამართვა წლის უმთავრესი მოვლენაა და დასაფასებელია, რომ ეს ხერხდება. პირველ რიგში მახარებს ხალხის სიხარული, ენთუზიაზმი. ამას გარდა, ახლა ვსინჯავთ (და შემდეგ ამ ღვინოებს ფესტივალის სტუმრებიც  დააგემოვნებენ) იმ ღვინოებს, რომელთა გასინჯვის საშუალება ფიზიკურად არ გვქონდა ბოლო ორი წლის მანძილზე. მეღვინეებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ როგორც იქნა მათი ღვინო წარსდგება მოხმარებლის წინაშე“.

პროფესიონალი სომელიე მაგდა სურგულაძე ამბობს, რომ წინასაფესტივალო დეგუსტაციები მისთვის „საქართველოში მოგზაურობაა“ და ასე არკვევს რომელ კუთხეში როგორი მოსავლის წელი იყო, როგორი ტიპის ღვინოები დამზადდა და სხვა...

მაგდა სურგულაძე, სომელიე, ლექტორი, პროფესიონალი დეგუსტატორი: „დღევანდელი დეგუსტაცია საინტერესო პირველ რიგში იმით არის, რომ მრავალფეროვანი და განსხვავებული სტილის ღვინის ნიმუშებია წარმოდგენილი. ისიც აშკარაა, რომ ღვინის ზოგადი ხარისხი წელს წინა წლებზე უკეთესია და სულ უფრო იშვიათად ვაწყდებით დაავადებულ ღვინოებს. როდესაც ამ ღვინოებს სინჯავ, მოგზაურობ საქართველოში და იგებ რომელ კუთხეში როგორი მოსავლის წელი იყო, როგორი ტიპის ღვინოები დამზადდა და რა იცვლება. პანდემიის მიუხედავად აშკარაა, რომ მცირე მარნები წინ მიდიან და ეს უმთავრესია!“.

ღვინის ექსპერტი დავით ჩიჩუა წინასაფესტივალო ბრმა დეგუსტაციების ტრადიციული მონაწილე და შემფასებელია. წლების მანძილზე მის ხელში ათასობით ღვინომ გაიარა და მცირე მარნების მიერ დამზადებული ოჯახური ღვინის ხარისხობრივი ზრდა და თავად მარნების განვითარება განსაკუთრებულად ახარებს. 

დავით ჩიჩუა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსი: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩავაგდეთ წლევანდელი წელი და მაისის ნაცვლად ნოემბრის ბოლოს მაინც გვექნება ასე მონატრებული „ახალი ღვინის ფესტივალი“. დიდი იმედი მაქვს, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს და ფესტივალს მაღალხარისხიანად ჩავატარებთ. გასაგებია, რომ ისევ და ისევ პანდემიის გამო მონაწილეების რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ ამ სპონტანურად დაგეგმილი ფესტივალის კვალობაზე მაინც  სასიხარულოა იმის დანახვა, რომ მეღვინეების სურვილი და მზაობა არ განელებულა. ჩვენ რომ შევადაროთ წლიდან-წლამდე არსებული ღვინის ხარისხის და რაოდენობის დინამიკა, ვნახავთ რომ ფესტივალში საოჯახო მარნებთან ერთად გამოსვლა მეღვინისთვის არის ერთგვარი საკვალიფიკაციო ეტაპი. ბევრი მარანი, რომლებიც ათი წლის წინ სერიოზულად საქმის კეთებას „ახალი ღვინის ფესტივალით“ იწყებდა, დღეს არის წარმატებული და მათ მთელი საქართველო იცნობს. შემდეგ მათი ადგილი სხვა მარნებმა დაიკავეს და ასე გრძელდება. გამოდის რომ „ახალი ღვინის ფესტივალი“ ასრულებს თავის ფუნქციას. ის ახდენს ოჯახური მარნების საფეხურობრივ ზრდას - გლეხები გადაჰყავს მეწარმეებად და ყოველ წელს ინაცვლებენ უფრო „მაღალ ლიგაში“. ეს  შეუქცევადი პროცესია“.

წინასაფესტივალო დეგუსტაციების ციკლი ღვინის ბარ „ჯივინოში“ იმართება, რომლის დამფუძნებელი მამუკა მაისურაძე თავადაცაა ჩაბმული ნიმუშების შერჩევა-შეფასების პროცესში. როგორც გვითხრა, ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ინიშნავს და ამ მეღვინეებს შემდეგ შესთავაზებს თანამშრომლობას.

მამუკა მაისურაძე, ღვინის ბარ „ჯივინო“-ს დამფუძნებელი: „ღვინის საერთო ხარისხის მატება სახეზეა! დეგუსტაციის დროს თან ვინიშნავ იმ ნიმუშებს, რომლებიც ჩემთვის, როგორც ღვინის ბარის მფლობელისთვის საინტერესოა და ვაპირებ შემდეგ მეღვინეებს დავუკავშირდე და თანამშრომლობა შევთავაზო. ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ არანაირ გამოწვევებს თუნდაც ეს გლობალური პანდემია იყოს. იმისაც მჯერა, რომ „ახალი ღვინის ფესტივალზე“ მოსული ადამიანები დაიცავენ სათანადო რეგულაციებს და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფესტივალით უამრავმა მარანმა გაიკვლია გზა, ამ ღონისძიების როლი ქართული მეღვინეობისთვის შეუფასებელია. ამას გარდა, იმატებს კონკურენცია მეღვინეებს შორის, მოდის უფრო და უფრო ხარისხიანი ღვინო და შიდა წინასაფესტივალო დეგუსტაციებზე ჩვენი შეფასებები სულ უფრო მეტად კრიტიკული ხდება“.

„ახალი ღვინის ფესტივალამდე“ სულ ცოტა დრო რჩება. ეს დღეები ღვინის მოყვარულებისა და მეღვინეებისთვის ალბათ ძალიან ნელა გავა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ფესტივალი დაბრუნდა და ქართული ღვინის დიდი ისტორია გრძელდება!

შეგახსენებთ, ფესტივალს ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო • G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული