ბრიტანულ ჟურნალ, Decanter-ის 2025 წლის იანვრის ნომერში, ბრიჯიტ მაკგრაუტერის ავტორობით დაიბეჭდა სტატია, რომელშიც კვებეკში თავისი მოგზაურობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.
კვებეკის ღვინის ინდუსტრია დროთა განმავლობაში დინამიკურ და შთამბეჭდავ ინდუსტრიად იქცა, სადაც ინოვაცია და ტრადიცია მჭიდროდ ერწყმის ერთმანეთს.
კვებეკის მეღვინეობის ფესვები უკანასკნელი ოთხი ათწლეულის წინ იწყება, დღეს კი პროვინცია დაახლოებით 165 ღვინის მეურნეობას ითვლის, რომლებიც წელიწადში სამ მილიონზე მეტ ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. კვებეკში ოფიციალურად აღიარებულია ცხრა ღვინის რეგიონი, თუმცა სწორედ აღმოსავლეთ თაუნშიფები, განსაკუთრებით დუნამი, ითვლება კვებეკური მეღვინეობის აკვნად. პირველი ვაზი იქ 1979 წელს დაირგო, მონტერჟი და სენტრუ-დუ-კვებეკიც გამორჩეულია თავისი მზარდი მეღვინეობითა და ტურისტული შესაძლებლობებით.
სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე გამორჩეული ღვინის მწარმოებელი, რომლებმაც კვებეკის ღვინის ხარისხი და ხასიათი განსაზღვრეს. ერთ-ერთი მათგანია Vignoble Mas des Patriotes, რომელიც მდებარეობს მონტერჟიში. ეს ორგანულად სერთიფიცირებული ვენახი დაარსა ფრანს კლიშემ, მედიისა და მუზეუმების სფეროს ყოფილმა პროფესიონალმა, რომელსაც მანამდე მეღვინეობაში გამოცდილება არ ჰქონია. კლიშემ უამრავი სირთულე გადალახა, დღეს კი ერთ-ერთი ქალია რეგიონში, რომელიც წარმატებულ მეღვინედ ითვლება. მან ჰიბრიდული ჯიშები (Frontenac, Lucie Kuhlmann, Louise Swenson, St-Pépin) გააშენა, თუმცა მის ვენახებში ვნახავთ ასევე— შარდონეს, პინო გრის, პინო ნუარსა და მერლოს. ბოლოს კი შენენ ბლანი გააშენა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობამ შთააგონა.
დასავლეთით, დუნამში მდებარეობს Vignoble de l'Orpailleur, პროვინციის ერთ-ერთი პიონერული ღვინის მეურნეობა. დაარსდა 1980-იანების დასაწყისში და მხოლოდ ღვინის დაგემოვნებით არ შემოიფარგლება — სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ვიტიკულტურის მუზეუმს და ისადილონ მაღალი დონის რესტორანში. მისი გამორჩეული ღვინოა La Part des Anges, გამაგრებული ღვინო, რომელსაც ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში აძველებენ.
მდგრადი განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვებეკის ღვინის ისტორიაში. Vignoble de la Bauge, ბრიგამში, ეკოლოგიის მიმართ დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ასეთ მეთოდებსაც მიმართავს: ვაზებს ზრდიან მაღლა, რათა ყინვის რისკი შეამცირონ, ხოლო ვენახებში ცხვრებს უშვებენ ბალახის მოსაშორებად, რითაც მექანიკური მუშაობის საჭიროება მცირდება. მავნებლების კონტროლის მიზნით, მთელ ვენახში დამონტაჟებულია ღამურებისა და მერცხლების სახლაკები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეურნეობის ეკოლოგიური მიდგომების ერთგულებას.
ჰემინგფორდში მდებარე Vignoble Le Chat Botté თავისი ზღაპრული ეტიკეტებითა და მრავალფეროვანი პორტფელით ხიბლავს სტუმრებს — მენიუში შედის ცქრიალა ღვინოები, ჩალის ღვინოები და დაგეგმილია ოპერის კონცერტებიც ვენახში — კულტურისა და აგროკულტურის იდეალური შერწყმაა. მფლობელები, პასკალ და ვერონიკ ლავუა, ამ ბუტიკური მეურნეობით ახალ თაობას წარმოადგენენ, რომლებიც კრეატიულ საზღვრებს ნამდვილად სცდებიან.
მათთვის, ვინც ამ რეგიონში მოგზაურობას გეგმავს, კვებეკი ღვინის რამდენიმე მარშრუტს სთავაზობს. Route des Vins Brome-Missisquoi, 165 კმ-იანი წრიული მარშრუტი აღმოსავლეთ თაუნშიფებში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და რეგიონის ღვინის ისტორიასა და განვითარებისაზე დასაკვირვებლად შესანიშნავი საშუალებაა. Montérégie Wine Route, 414 კმ სიგრძით, უფრო ვრცელ გზას გვთავაზობს, სადაც როგორც დიდი, ისე მცირე მწარმოებლების მონახულება შეიძლება. Circuit du Paysan (194 კმ) კი ფერმერული მიწებითა და ზღაპრული სოფლებით გარშემორტყმულ ლანდშაფტზე გადის.
სტატიაში ერთდღიან მარშრუტსაც ვხვდებით: დილა დაიწყეთ მაყვლის ბლინებითა და ნეკერჩხლის სიროფით Gîte La Maison Bleue-ში, დუნამში. შემდეგ გაემართეთ Au Diable Vert-ში — მთის კურორტზე, რომელიც სთავაზობს უნიკალურ აქტივობას VéloVolant — ტყის ზემოთ ველო-გზაზე სეირნობას. ლანჩისთვის მიაშურეთ Auberge Sutton Brouërie-ს, სადაც ადგილობრივი ლუდი და გემრიელი კერძები, როგორიცაა ლობსტერის სენდვიჩი, დაგხვდებათ. შუადღისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ შოპინგითა და გალერეების მონახულებით სატონში, შემდეგ კი დაისვენოთ Strom Spa Nordique-ში, მონ-სენტ-ილერში. დღე დაასრულეთ შესანიშნავი ვახშმით Le Coureur des Bois-ში — პრესტიჟულ რესტორანში, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სეზონური მენიუთი და 16,000-ზე მეტი ბოთლის ღვინის სარდაფით.
როგორც ჩანს, კვებეკი, რომელიც შეიძლება გასულ წლებში ღვინის ინდუსტრიის გლობალურ რუკაზე დარჩდილული იყოს, დროთა განმავლობაში თავისი სილამაზისა და მრავალფეროვნების წარმოჩენას ახერხებს. პროვინცია სულ უფრო მეტ აღიარებას იღებს როგორც ჰიბრიდული, ისე ცივი კლიმატის ჯიშებით. ნათელი ხდება, რომ კვებეკმა დაიკავა უნიკალური ადგილი გლობალურ ღვინის რუკაზე და იქცა ადგილად, სადაც საქმე მხოლოდ ყურძენსა და ტერუარს კი არა, განსაკუთრებული ვნებით შეპყრობილ საზოგადოებასაც ეხება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი