Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მირიან ჭიღვარია: „ღვინის ტურიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, კონტაქტებს და ცნობადობას“

ლევან სეფისკვერაძე

როგორც მეღვინეების უმეტესობამ, რაჭველმა მირიან ჭიღვარიამაც ღვინის დაყენება ოჯახში დაიწყო და თავიდან რთველისას სულ რაღაც 80 კილოგრამ ყურძენს წურავდა. დღეს მირიანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მდებარე „ჭრებალოს მარნის“ თანამფლობელია და იმის გარდა, რომ პარტნიორებთან ერთად ცნობილ ნახევრადტკბილ „ხვანჭკარას“ აყენებს, უკვე აქვს საკუთარი  მიმართულებაც და სულ მალე ბაზარზე „ჭიღვარიას ღვინის მარნის“ სახელით გამოჩნდება „ბიო“ მეთოდებით მოვლილი ვენახიდან მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინოები: ხვანჭკარა, ალექსანდროული, თეთრა, უსახელაური, ტვიში, ბარაკონი, ქვევრის ალექსანდროული, ქვევრის ცოლიკაური-მწვანე და  ასევე ჭაჭაც.

მირიან ჭიღვარია დიდი ხანია ჩართულია ღვინის ტურიზმში და ტურისტების მიღება და გამასპინძლება მისი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა.  ჭრებალოში მარნის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს სამზარეულოს კეთილმოწყობაც, რაც მთლიანად ტურისტული კუთხით დაიტვირთება.

მირიანი პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფეციარია და აღნიშნული პროექტის ფარგლებში რაჭაში „ღვინის კლუბის“ მიერ გამართული ლექცია-სემინარები სწორედ მის „ღვინის სახლში“ იმართება.

მირიან ჭიღვარია, „ჭრებალოს მარანი“: „თავიდან ბევრის მსგავსად მეც ოჯახში ღვინის დაყენებით დავიწყე მეღვინეობასთან ზიარება, მაგრამ როცა მივხვდი, რომ სახლში ღვინის დაყენებით არაფერი გამოვიდოდა, საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდე ხელი. შემდეგ მეგობარი გახდა პარტნიორი. ხოლო  2019 წელს ჩემი ნათესავების თანადგომით შევქმენით ღვინის კომპანია „ჭრებალოს მარანი“, რომლის ბრენდქვეშ  ვაყენებთ კლასიკურ, ნახევრად ტკბილ „ხვანჭკარას“.

- რამდენადაც ვიცი, „ბიო“ მევენახეობა-მეღვინეიბითაც ხართ დაინტერესებული...

- დიახ, პარალელურად მაქვს ჩემი მიმართულება და ვაყენებ ნატურალურ ღვინოებს ბიოვენახიდან მოწეული ყურძნებიდან. ეს ღვინოები ჯერ არ ჩამომისხია და 2021 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც შევძლებ სახელდობრ ჩემი ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და ბაზარზე გამოტანას.

მაქვს ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული მწვანე და სხვა... ასევე გაშენებული მაქვს სადედე ვენახი, სადაც არის ძველი რაჭული ჯიში ბეროულა, რომელსაც ჯერ არ მოუცია ნიშანი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ გადაშენების პირას მყოფ ჯიშზე გავაკეთებ სწორებას და ბეროულა იქნება ჩემი მარნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. 

- ღვინის ტურიზმით როდიდან დაინტერესდით?

- ღვინის ტურიზმით 2012 წელს დავინტერესდი, როდესაც  მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ  ღვინის კომპანიაში. იქ ვიყავი მარკეტოლოგიც და ხელმძღვანელიც. მაშინ საკმაო განმოცდილება დამიგროვდა და ახლა უკვე სერიოზულად ვთანამშრომლობ ტუროპერატორებთან. ეს ჩემი ღვინის სახლი სოფელ ჭრებალოში არის ღვინის ტურიზმზე და გასტროტურიზმზე მორგებული.

- მცირე მარნებში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის თქვენი აზრით რა არის ყველაზე ნიშვნელოვანი?

- ღვინის ტურიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, კონტაქტებს და ცნობადობას. მიხარია, რომ თანდათან უფრო  მეტი ადამიანი იგებს ჩვენს შესახებ და ვცდილობ ყველანაირად შევუწყოთ  ხელი ჩვენი მარნის ტურისტულად განვითარებას. სხვანაირად წინსვლა ვერ იქნება. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, გვაქვს ბიო-ვენახი, რომელსაც მომავალი წლიდან ჩავსვამ აგროტურიზმის მიმართულებაში. ტურისტებს შეეძლებათ მოვიდნენ ვენახში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სავენახე ოპერაციში და იქვე დააგემოვნონ რაჭული ხილი.

- რა გეგმები გაქვთ 2021 წელს?

- 2021 წლის თებერვალი-მარტიდან ვგეგმავ განვავითარო გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება. დაწყებული გვაქვს სამზარეულოს მოწყობა და გვექნება ტურისტებზე მორგებული გასტრო-ობიექტი. გვინდა, რომ ჩვენს ახალ რესტორნაში და მარანში როგორც ღვინოზე, ასევე კერძებზე ფასებიც ნორმალური და მისაღები გვქონდეს.

- პანდემიამ თქვენს საქმიანობას რა პრობლემები შეუქმნა?

- ჩვენი მარანი ამბროლაურიდან 17 კილომეტრითაა დაშორებული და იმის გამო, რომ ტურისტს ხშირად ეზარებოდა მანძილის გავლა - ჭრებალომდე ვერ ჩამოდიოდა.  ჩვენ ამან არ შეგვაშინა და პატარა სადეგუსტაციო სივრცე გავხსენით აბროლაურშიც,  სადაც შესაძლებელი იყო ღვინის დაგემოვნება და მცირე დეგუსტაცია. სამწუხაროდ, პანდემიის გამო იმ ობიექტის დახურვა მოგვიწია.

ჩვენი პრობლემაა ისიც, რომ არ გვაქვს საკუთარი საოჯახო სასტუმრო. ამიტომ ვფიქრობ ვითანამშრომლო რამდენიმე ადგილობრივ საოჯახო სასტუმროსთან, რომლებიც მიიღებენ ჩვენგან წასულ ტურისტებს და ამგვარად გამოვა ერთიანი პროდუქტი - ტურისტებს შევთავაზებთ ღვინოსაც, კერძებსაც და სასტუმროსაც“.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.