Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეების ამბიცია ხშირად ეწინააღმდეგება ღვინის ხარისხს

ალეკო ცქიტიშვილი

რუსული ემბარგოს შემდეგ ქართულ მეღვინეობაში შოკური თერაპიის პერიოდია. ფალსიფიკაციაში კარგად გამობრძმედილმა კომპანიებმაც კი კეთილი ინებეს და ხარისხზე ზრუნვა დაიწყეს. მათ თანდათან გაიაზრეს, რომ ისეთი ღვინო, როგორსაც რუსეთის უკიდეგანო ბაზარს ათწლეულების განმავლობაში აწვდიდნენ, დასავლეთის ქვეყნებში არ სჭირდებათ. თუმცა, ხარისხის გარდა, არსებობს კიდევ სხვა დაუწერელი თუ დაწერილი კანონები, რომელთა ცოდნა ქართველ მეღვინეებს ჯერ კიდევ აკლიათ. ერთ–ერთი ასეთი კანონია ხარისხისა და ფასის იდეალური შეხამება, ზოგადად – ღვინის მარკეტინგის ნიუანსების ცოდნა.
ღვინის მარკეტოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინო მზად არ არის ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად. მთავარი პრობლემა კი ხშირად არარეალური და არალოგიკური ფასებია. ზოგიერთმა კომპანიამ რამდენიმე კარგი პროდუქტი შექმნა, მაგრამ ისეთი ფასი დაადო, როგორიც ელიტური ღვინოების საფასო სეგმენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ასეთმა ღვინოებმა მით უფრო ვერ დაიმსახურა ქართველი მომხმარებლის მოწონება, რაზეც თბილისურ სუპერმარკეტებში გაუყიდავი ღვინოებით გადავსებული თაროებიც მეტყველებს.
ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ქართული თუ უცხოური ღვინოების შესახებ, ზოგადად – ღვინის პრობლემატიკის კვლევა, ეს ყველაფერი „ღვინის კლუბის“ მთავარი მიზნებია. ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების შესასწავლად კი, ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება კარგად ორგანიზებული დეგუსტაციაა.
27 თებერვალს რესტორან „პურის სახლში“ „ღვინის კლუბმა“, კომპანია „ემ ჯგუფის“ ხელშეწყობით, „საფერავების“ დეგუსტაცია მოაწყო. კლუბის გადაწყვეტილებით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც, „ღვინის კლუბის“ წევრების გარდა მოწვეული სპეციალისტებიც იყვნენ და „ღვინის კლუბის“ მოყვარულმა წევრებმა დააგემოვნეს სარეალიზაციო ქსელიდან შეძენილი დაბალი და საშუალო საფასო სეგმენტის ღვინოები, რომელთა ფასი არ აღემატებოდა 19 ლარს.
ინფორმაციისათვის: ღვინო „საფერავი“ მზადდება უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის ყურძნისგან და უცხოეთის ბაზრებზე ქართული მეღვინეობის ერთ–ერთ წამყვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. იგი ქართულ ბაზარზეც კარგად არის წარმოდგენილი, ხშირად – საკმაოდ მყვირალა ფასებით.
„ღვინის კლუბის“ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი არ იყო საფერავის ვაზის ჯიშისგან დამზადებული ადგილწარმოშობის ღვინოები, როგორიცაა „მუკუზანი“, „ქინძმარაული“ და სხვა. ადგილწარმოშობის ღვინოებს შემდგომში ცალკე დეგუსტაცია დაეთმობა. ასევე გადაწყდა, რომ ცალკე უნდა მოეწყოს 20 ლარს ზემოთ ღირებულების „საფერავების“ დეგუსტაცია, რადგან დაბალი და საშუალო საფასო სეგმენტისა და ელიტური ღვინოების ერთად დაგემოვნება ერთობ არალოგიკური იქნებოდა.
„პურის სახლის“ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დეგუსტაცია 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ 16 კომპანიის „საფერავი“ გაისინჯა. მათი სრული ჩამონათვალი ასეთია: „მრავალჟამიერი“, „ბესინი“, „ხარება“, „თამაზ ქვლივიძის ზვრებიდან“, „შუმი“, „ღვინის სამყარო“, „ვაზის ცრემლები“, „მილდიანი“, „კახური“, „ქინძმარაულის მარანი“, „თელიანი ველი“, „ენისელის ღვინოები“, „ბადაგონი“, „შუხმანის ღვინოები“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“.
„პურის სახლში“ ჩატარებული დეგუსტაცია სხვა დეგუსტაციებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიურის აზრი ცალკე დაჯამდა, ხოლო „ღვინის კლუბის“ წევრების, ანუ მოყვარულების აზრი – ცალკე.
დეგუსტაციის პროცესი ანონიმურად მიმდინარეობდა. არც ჟიურიმ და არც მოყვარულებმა არ იცოდნენ, რომელ ღვინოს აგემოვნებდნენ. დანომრილი ნიმუშების იდენტიფიცირება მხოლოდ თექვსმეტივე „საფერავის“ წერილობითი შეფასების შემდეგ მოხდა და გამარჯვებულებიც ამ გზით გამოვლინდა. ვიზუალური შეფასების, სურნელისა და გემოს დახასიათების ჯამით მიღებული შეფასება 20 ქულას არ აღემატებოდა.
ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ კომპეტენტური ენოლოგები: ზურაბ სტურუა, გიორგი სამანიშვილი, კახა ჭოტიაშვილი, გიორგი აბრამიშვილი; სომელიე მაგდა სურგულაძე და ღვინის კრიტიკოსი, „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. აღსანიშნავია, რომ ამ ექვსეულიდან მაგდა სურგულაძე და კახა ჭოტიაშვილი სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრები არიან.
წინასწარი შეთანხებით, ამა თუ იმ ნიმუშის დაგემოვნების შემდეგ, დეგუსტაციის მონაწილენი უხმოდ წერდნენ თავიანთ შეფასებებს. ამის შემდეგ აზრს გამოთქვამდნენ ჯერ მოყვარულები, შემდეგ კი ჟიურის წევრები. უნდა ითქვას, რომ „ღვინის კლუბის“ წევრებს საკმაოდ დიდი ცოდნა დაუგროვდათ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაზეც როგორც ჩანს, გავლენა იქონია „კავკასიურ სახლში“ ჩატარებულმა ლექცია–სემინარებმა და მათი თავშეყრის მთავარმა ადგილმა - „ბლოგმა ღვინისა და გამოვნების შესახებ“, www.vinoge.com და ამავე ბლოგის ფორუმმა (forum.vinoge.com). ეს დეგუსტაციის ბოლოსაც დამტკიცდა, როცა გაირკვა, რომ გასინჯული ღვინოების შესახებ სპეციალისტებისა და მოყვარულების აზრი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
მაშ ასე! ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო „საფერავებია“:
 
1. „შუხმანის ღვინოები“ – „საფერავი 2008 წ.“ (17,8 ქულა);
2. „ხარება“ – „საფერავი 2008 წ.“ (17,4 ქულა);
3–4 ადგილები ერთნაირი – 16,6 ქულით გაიყო „თელავის ღვინის მარანის“ – „საფერავმა“ (მოსავლის წელი ეტიკეტზე მითითებული არ არის. ჩამოსხმულია 2009 წელს) და „ენისელის ღვინოების“ – 2007 წლის „საფერავმა“;
5. „ქინძმარაულის მარანი“ – „საფერავი 2006 წ.“ (15,7)
 
 „შუხმანის ღვინოების“ 2008 წლის მოსავლის „საფერავი“ მოყვარულების აზრითაც საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. მათი საუკეთესო ხუთეული ასეთია:
 
1. შუხმანის ღვინოები“ – „საფერავი 2008 წ.“ (16,5 ქულა);
2.     „ენისელის ღვინოები“ – „საფერავი 2007“ (16,1ქულა);  
3–4 ადგილები მოყვარულთა მიერ შეფასებულ „საფერავებშიც“ განაწილდა - ამ შემთხვევაში, „ხარებას“ 2008 წლის „საფერავსა“ და „თელავის ღვინის მარნის“ „საფერავს“ შორის (13,9 ქულა);
5. „ბადაგონი“ – „საფერავი 2007 წ.“ (13,5 ქულა).
 
ჟიურიში მოწვეული სპეციალისტებისა და „ღვინის კლუბის“ წევრთა საერთო შეფასებით, „შუხმანის ღვინოების“ „საფერავი“ საუკეთესოა ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეხამებითაც. იგი სარეალიზაციო ქსელში 10 ლარი ღირს. ასევე შეიძლება ითქვას, „ხარებას“ „საფერავზეც“, რომელიც ჟიურისა და კლუბის წევრების მიერ დასახელებულ ხუთეულებში ფასით ყველაზე იაფია – 9 ლარი;
ნიშანდობლივია, რომ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი 16 ნიმუშიდან ყველაზე ძვირადღირებულმა „საფერავმა“ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ზოგიერთ კომპანიას ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე მერკეტინგული ალღო ღალატობს.
დეგუსტაციის დასრულების შემდეგ, კომენტარი ვთხოვეთ როგორც ჟიურის, ისე ღვინის კლუბისწევრებს.
            ზურაბ სტურუა, ენოლოგი: „არა ვარ კმაყოფილი ამ დეგუსტაციით, რადგან უფრო მაღალ შედეგს მოველოდი „საფერავებისგან“. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, მაინც იგრძნობა, რომ საქმე წინ მიდის. ამბიცია კარგია, მაგრამ ეს შედეგზეც უნდა აისახოს. სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ხშირად „საფერავების“ ფასი, ანუ მეღვინეების ამბიცია ეწინააღმდეგება ხარისხს, ანუ - შედეგს“.
            კახა ჭოტიაშვილი, ენოლოგი: „იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ვარ, ხშირად მიწევს დეგუსტაციებში მონაწილეობა. სულ უკმაყოფილების გრძნობა მაქვს, რადგან სუსტი და დაავადებული ღვინოები სჭარბობს კარგ ღვინოებს. თუმცა, გამოჩნდება ხოლმე ღვინოები, რომლებიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს კომპანიებს შეუძლიათ, ბაზარზე უკეთესიპროდუქტი გამოიტანონ. ამ მხრივ, კიდევ ბევრია სამუშაო, მაგრამ იმედის საფუძველი გვაქვს“.
            გიორგი სამანიშვილი, ენოლოგი: „მეტად საინტერესო დეგუსტაცია იყო. სერიოზულად მაინტერესებდა ღვინის მოყვარულების აზრი და გამიხარდა, რომ სპეციალისტების აზრს დაემთხვა. „საფერავებით“, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისას მეტწილად კრიტიკულები ვიყავით. ვფიქრობ, სარეალიზაცო ქსელიდან აღებული ნიმუშების კვალობაზე, ბევრი კარგი ნიმუში გავსინჯეთ. ამ მხრივ, მე პირადად, განსაკუთრებით გამოვყოფდი „თელავის მარნის“, „ღვინის სამყაროსა“ და „ბესინის“ ღვინოებს“.
            მალხაზ ხარბედია, ღვინის კრიტიკოსი, „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი: „კარგია, რომ ნამდვილად გამოჩნდა 7 კარგი ნიმუში, რომელიც არ ღირს 10 ლარზე მეტი. ფასისა და ხარისხის კარგი შეხამება მეღვინეების წარმატებაა. ამავე დროს, გამოჩნდა, რომ კვლავ არსებობს შემთხვევები, როცა დაბალი ხარისხის ღვინოს გაუმართლებლად მაღალი ფასი ადევს“.
            სოლიკო ცაიშვილი, „ღვინის კლუბის“ წევრი, „თავადი მაყაშვილის მარანი“:ყველაზე კარგი ამ დეგუსტაციის შედეგებია - ძირითადად, დაემთხვა მოყვარულებისა და პროფესიონალების შეფასებები და რაც მთავარია, გაიმარჯვა შედარებით იაფმა ღვინოებმა. ეს მეტყველებს, რომ ამ კომპანიების მფლობელები რეალურად უყურებენ ბიზნესს და არ ეპოტინებიან მიუღწეველ სიმაღლეებს. ამ ფასებით და ხარისხით მათ აქვთ პერსპექტივები საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის. ერთი რამ ცხადია, 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ვიდრე 90-იანების ბოლომდე ასეთ ღვინოს მაღაზიებში ძნელად თუ წააწყდებოდით, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ჩვენში სმის კულტურის შეცვლა და საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება მისცემს ამ კომპანიებს საშუალებას, ცოტათი კიდევ გააიაფონ პროდუქცია და მაშინ მათ აღარ ექნებათ გაყიდვის პრობლემები. ახლა მთავარია სტბილურობის მიღწევა. ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება, ვთქვათ, ერთი წლის შემდეგ იგივე ასორტიმენტის, ოღონდ მომდევნო მოსავლის ღვინის გასინჯვა“.
            დაბოლოს, როგორც „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი წევრი, ღვინის მოყვარულთა ჯგუფიდან, თავს უფლებას მივცემ, აღვნიშნო, რომ „შუხმანის ღვინოების“ წარმატება შემთხვევითი არ არის. ამ კომპანიის მეღვინის - გოგი დაქიშვილის ღვინოებმა კლუბის წევრების ყურადღება ადრეც არაერთხელ მიიქცია. დაქიშვილი საუკეთესოდ უხამებს ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან, ასევე - ბაზრის მოთხოვნებთან. ეს კი მისი პროდუქტის აღიარებას განაპირობებს. ხარისხზე განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩევა კომპანია „ხარებაც“, რაც „ვინ-ექსპო 2009“-ზე მიღებული ორი ოქროს მედლითაც დადასტურდა და ახლა პირადად მომეცა საშუალება, დავრწმუნებულიყავი ამ კომპანიის ნაწარმის ღირსეულობაში. „ღვინის კლუბის“ წევრების სახელით ვუსურვებ მათ და ყველა მართალ მეღვინეს წარმატებებს როგორც მომავალ დეგუსტაციებზე, ასევე, რაც ყველაზე მთავარია - ბაზარზე.
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.