Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მალხაზ ხარბედია - „ახალი ღვინის ფესტივალი“ - ახალი გზა ქართული ღვინისთვის

"ახალი ღვინის ფესტივალზე ღვინის ენთუზიასტებსა  და პროფესიონალებს ხვალ, 11 მაისს გელოდებით. იქამდე კი მალხაზ ხარბედია, “ღვინის კლუბისპრეზიდენტი, ფესტივალის მთავარ მისიასა და იდეაზე, საფესტივალო ღვინოების შერჩევის წესსა და იშვიათ ჯიშებზე გვესაუბრება, რომელთა პოპულარიზაციაცახალი ღვინის ფესტივალისმნიშვნელოვანი ნაწილია. ინტერვიუში იმ ისტორიასაც წაიკითხავთ, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, “ახალი ღვინის ფესტივალს".

როგორ ჩაეყარა საფუძველი ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც უკვე წლებია იმართება საქართველოში?

- „ახალი ღვინის ფესტივალი“ თავიდან ბოლომდე „ღვინის კლუბის“ წამოწყებაა, რომელსაც შემდეგ არაერთი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია თუ დონორი დაუდგა მხარში. ჯერ კლუბის დაფუძნების ისტორიას მოვყვები მოკლედ. კლუბს წინ უძღოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვფიქრობდით ვაზისა და ღვინის შესახებ ყოველკვირეული გაზეთის (ან ჟურნალის) გაკეთებაზე. 2002 წელს დაფუძნდა გაზეთი „24 საათი“, სადაც კულტურის რედაქტორი ვიყავი თავიდან, შემდეგ კი ლიტერატურული დამატებასაც ვაკეთებდით და ასევე დამატება „წიგნებს“, ე.წ. Book Review-ს ფორმატის ყოველკვირეულ გამოცემას, რომლებიც 2-3 წელიწადში საკმაოდ პოპულარულ გამოცემებად იქცა. სწორედ ამ პერიოდში, დაახლ. 2005 წელს შევთავაზე „24 საათის“ მთავარ რედაქტორს, მამუკა ფაჩუაშვილს, რომ ვაზისა და ღვინის შესახებ დამატება გაგვეკეთებინა საკვირაო ნომრისთვის. მამუკას მოეწონა ეს იდეა, მას ჩემზე ნაკლებად ნამდვილად არ უყვარს ღვინო, ამიტომ მალე ჩანაფიქრი განვახორციელეთ კიდევაც.

2006 წელს, სექტემბერში ორი კვირა სამხრეთ საფრანგეთში გავატარე (რონის ხეობა, პროვანსი, დრომი), ლიტერატურულ ფესტივალზე, და იქიდან შთაბეჭდილებებით და უზარმაზარი ინფორმაციით დატვირთული დავბრუნდი. პირველად ვნახე ბიოდინამიკური ვენახები, გავიცანი იქაური შერეკილი „მევენახე-მეღვინეები“, გავსინჯე და დავლიე აუარება სხვადასხვა ღვინო. სექტემბრის ბოლოს იქაური რთველიდან პირდაპირ ჩვენებურ რთველში ამოვყავი თავი, ჩვენს ვენახებს და ქართულ მეღვინეობას უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებდი, ბიო / ორგანული და ბიოდინამიკური მეურნეობები ის ისაა იკიდებდნენ ფეხს, თანაც ეს 2006 წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ წლის 27 მარტს რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა. ეს დიდი დარტყმა იყო ბევრი კომპანიისთვის, თუმცა ქართულ ღვინოს ათწლეულების განმავლობაში პირველად მიეცა შანსი რეალურ სამყაროში მოხვედრილიყო და გათავისუფლებულიყო რუსული ილუზიისგან.

გაზეთი „მარანი“ 2006 წლის შემოდგომაზე გამოვიდა და სწორედ ამ იმედით იყო სავსე, რომ მალე ქართული ღვინო ახალ გზას იპოვიდა. მაშინ გაზეთზე ვმუშაობდით - თამუნა სუხიშვილი, ნანა კობაიძე, ინა არჩუაშვილი, თამაზ ჩხაიძე და მე. შემდეგ ირმა იანტბელიძე და ქეთი ადეიშვილი შემოგვირთდა, ასევე ალეკო ცქიტიშვილი, ცნობილი უფლებადამცველი და ლევან სეფისკვერაძე. მახსოვს პირველ ნომერში ნუგზარ შატაიძის მოთხრობა, „ცოფი“-ც დავბეჭდეთ, ასევე გვქონდა ეთერ მამულაშვილის სტატია 2006 წლის რთველზე და დიანა ჩაჩუას სტატია „ღვინის ომის ქრონიკები“, ემბარგოზე. 2007 წელს საიტიც გავაკეთეთ გაზეთ „მარანის“ საფუძველზე და ღვინის ფორუმიც, სადაც ძალიან მალე იმ დროისთვის ყველაზე აქტიური მევენახე-მეღვინეები, მომავალი ღვინის ჟურნალისტები, ისტორიკოსები, ენთუზიასტები დარეგისტრირდნენ: სოლიკო ცაიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, მალხაზ ჯაყელი, გიორგი სამანიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, დათო ჩიჩუა, ლევან სეფისკვერაძე, ანა ჭეიშვილი, გიორგი სიმონგულაშვილი, ლაშა გაბუნია, მაია ჯოხაძე, თინა ნაცვლიშვილი, ქეთი ადეიშვილი, ავთო კობახიძე, გივი აფაქიძე,ზაზა ბიბილაშვილი და სხვ. გვყავდა არაერთი ფორუმელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საიტი 2014-2015 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ დაფინანსებით „ღვინის საინფორმაციო ცენტრი დავაარსეთ“, რომელსაც სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ ქეთო ნინიძე, ელენე შაფათავა. დღეს ელენე ცინცაძე უძღვება ჩვენს საიტს და ყოველდღიურად გვაწვდის ინფორმაციას ქართული და უცხოური ღვინის შესახებ.

2009 წელს გადავწყვიტეთ კლუბი დაგვეფუძნებინა, მახსოვს ივლისი იყო, ახალი ჩამოსული ვიყავი თუშეთიდან, ჩამოვიტანე ხმელი კალტი, ცხვრის ყველი და თუშური ლუდი, დართლოდან, იახსრის ხატობაზე ვიყავი მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით წასული. ჩემთან შევიკრიბეთ, სახლში, ანა ჭეიშვილი, სოლიკო ცაიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, ავთო კობახიძე, ალექსი შავგულიძე, გიორგი სიმონგულაშვილი, დიტო კობეშავიძე, გივი აფაქიძე. რამდენიმე დღეში დავარეგისტრირეთ კლუბი და პირველი შეხვედრებიც გავმართეთ. მაშინ „კავკასიური სახლი“ იყო ჩვენი მასპინძელი, ტაბიძის ქუჩაზე, შემდეგ „გეოგრაფიული საზოგადოების“ დარბაზში გადავედით, საუკეთესო დრო იყო, ენთუზიაზმით სავსე, შემდეგ კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავფუძნდით კარგა ხანს, გიორგი კეკელიძე, ბესო ბაჯელიძე, გულიკო გორდელაძე, მირიან ხოსიტაშვილი, ქართლოს რიჟამაძე, ყველანი ძალიან აქტიურად გვედგნენ მხარში. სწორედ ამ დროს შემოგვიერთდა არაერთი მეგობარი და თანამოაზრე, პირველ რიგში კი ნათია გაჩეჩილაძე, ვინც დღეს კლუბის წამყვანი ძალაა და იგი გასულ წელს ჩვენს საგამომცემლო პროექტებშიც ჩაერთო (2024-2025 წლის ქართული ღვინის გზამკვლევი).

2009 წლის შემოდგომაზევე გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ფესტივალი. მახსოვს სოლიკო ცაიშვილმა თქვა, რომ ფესტივალი გაზაფხულზე ჩაგვეტარებინა. იდეა ყველას ძალიან მოგვეწონა, მე ცოტა დაზუსტება შევიტანე ფესტივალის იდეაში და „ახალი ღვინის ფესტივალის“ კონცეფცია შევთავაზე მეგობრებს. ფესტივალი, სადაც მხოლოდ ბოლო წლის მოსავლის ღვინოების გასინჯვის შესაძლებლობა იქნებოდა და ამავდროულად მევენახე-მეღვინეებს თუ ღვინის კომპანიები გასული წლების ღვინოებსაც გაყიდდნენ. ფესტივალმა პირველივე წელს მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა.

მას შემდეგ ყოველწლიურად ვატარებთ ახალი ღვინის ფესტივალს.  2020-ში კოვიდ-პანდემიის გამო ონლაინაც კი ჩავატარეთ ფესტივალი, ხოლო 2021-ში ნოემბრის თვეში მოგვიწია ახალი ღვინის ფესტივალზე მასპინძლობა.

2012 წლიდან ღვინის კლუბი აქტიურად თანამშრომლობს USAID-თან და GIZ-თან, მათი მხარდაჭერით კლუბმა არაერთი პროექტი განახორციელა, ღვინის გზამკვლევის რამდენიმე გამოცემა, პროექტი "ღვინის სოფელი", "Wine Passport".

რა არის “ახალი ღვინის ფესტივალის” ყველაზე მთავარი პრინციპი და იდეა თქვენთვის, რით არის გამორჩეული და რა არის მისი მთავარი მახასიათებელი?

- მთავარი პრინციპი გახლავთ თანასწორობა და ერთიანობა. აქ მონაწილეობას იღებენ დიდი კომპანიებიც, საშუალო და მცირე მარნებიც, ნატურალისტებიც, ბიო და ბიოდინამიკური მევენახეობის მიმდევრებიც. ფესტივალი გაცნობისთვის, დამეგობრებისთვის და სამომავლო, დიდი მეგობრობისთვის საუკეთესო ადგილად იქცა წლების განმავლობაში. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს 15 წლის მანძილზე. შევახსენებ მკითხველს, რომ ჩვენი ფესტივალი ყველაზე დიდი და მასშტაბურია რეგიონში (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა. რუსეთს, რა თქმა უნდა, პრინციპულად არ ვახსენებ ამ ჩამონათვალში), ამიტომ მომავალ წელს გვინდა ამ მიმართულებითაც გავაფართოვოთ ჩვენი დღესასწაული. ჩვენმა ფესტივალმა სამჯერ გამოიცვალა ადგილი, თავიდან „ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ იყო, შემდეგ 2014 წელს ერთხელ დედაენის ბაღში გავმართეთ და 2015 წლიდან მთაწმინდის პარკში დავმკვიდრდით, სადაც უკვე მეათედ ტარდება „ახალი ღვინის ფესტივალი“ და ისე შეერწყა უკვე ერთმანეთს სივრცე და იდეა, რომ ქალაქური მითოლოგიისა და სახალხო კულტურის ნაწილად იქცა. აქვე უნდა ვახსენო ჩვენი პარტნიორები, „ღვინის ეროვნული სააგენტო“, რომელიც წლებია ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერია და გარდა ამისა „ღვინის კლუბის“ კიდევ ორ ფესტივალს („ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ და „ცქრიალა ღვინის ფესტივალი“) ეხმარება, ასევე თბილისის მერია. მხარში გვიდგანან ღვინის ბარები - ჯივინო (სადაც საკონკურსო დეგუსტაციები გაიმართა), 8000 მოსავალი, ვასერშტრასე და findwines.ge და Wine Passport.

ღვინის კულტურის განვითარების შესახებ რას ფიქრობთ საქართველოში? როგორ განვითარდა წლების განმავლობაში ქართველ ღვინის ენთუზიასტებში ეს საკითხი ღვინის ფესტივალთან ერთად?

- განუწყვეტლივ ვითარდება. წარმოიდგინეთ, 2005-2010 წლებში არც ერთი ღვინის ბარი არ იყო თბილისში, იყო მხოლოდ რესტორნები გაურკვეველი ჩამოსასხმელი ღვინოებით და რამდენიმე ადგილი, სადაც თავიანთ ღვინოს სთავაზობდნენ სტუმრებს. ახალი ხილი იყო ერთი მხრივ კლასიკური სტილის, დასავლური ყაიდის ღვინოები, რომელსაც ხშირად მოწვეული უცხოელი მეღვინეები აყენებდნენ ან ქართველი მეღვინეების ახალი თაობა და მეორე მხრივ დავიწყეთ ქვევრთან დაბრუნება და ნატურალური ღვინის დაყენება. იყო რამდენიმე ასოციაცია, რომელიც ცდილობდა ღვინის კულტურის დამკვიდრებას (ასოციაცია ქართული ღვინო, სომელიეთა ასოციაცია, ელკანა და ა.შ.), აქტიურად ჩაერთო საქმეში ღვინის ეროვნული სააგენტო, გაჩნდა ახალი პროგრამები, დაფინანსების წყაროები. გერმანული, ამერიკული და სხვა ქვეყნების დონორი ორგანიზაციები უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მევენახეობის, მეღვინეობის, ღვინის განათლებისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაში. ცალკე უნდა აღვნიშნო მარნები, რომლებიც მკვეთრი პოზიციითა და კონცეფციით გამოირჩეოდნენ და გადამწყვეტი როლი ითამაშეს ემბარგოს პირობებში ქართული ღვინის იდენტობის ჩამოყალიბების საქმეში. გაჩნდა პირველი ღვინის ბარიც, „ღვინო ანდეგრაუნდი“ და მას მალე მოჰყვა სხვა ღვინის ბარები და მაღაზიები, რომლებიც პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ან ისტორიულ ნაწილში იყვნენ თავმოყრილნი (მაგ. ჯივინო, ვინოთეკა, ვინომანია და მრავალი სხვა), თუმცა საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე გახსნილმა 8000 მოსავლის პირველმა ღვინის ბარმა (2016 წელს) სხვა სიბრტყეში გადაიტანა ქართული ღვინის გავრცელების და პოპულარიზაციის საქმე. კიდევ ბევრი ამბის მოყოლა შეიძლება და აუარება დეტალზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა ეს უფრო მემუარული ლიტერატურის თემაა და არა ინტერვიუსი.

როგორ ირჩევა ღვინოები, რომლებიც ფესტივალზე უნდა გავიდეს?

- კომპანიები, რომლებიც კარვებში წარადგენენ თავიანთ ღვინოებს, კონკურსს არ გადიან, თუმცა მათ პროდუქტს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ რაღაც გაურკვეველ სითხეს არ წარადგენენ ფესტივალზე. ოჯახური მარნები კი კონკურსის საფუძველზე ირჩევა და საბოლოო ჯამში, მაგ. 800-მდე ღვინიდან შეიძლება 350 გავიდეს ფესტივალზე. ზოგი მარანი 1 ღვინით წარდგება ფესტივალზე, ზოგი რამდენიმეთი. ღვინოებს სპეციალისტების კომპეტენტური ჟიური არჩევს საქართველოს ყველა რეგიონიდან. წელს ქართლიდან, კახეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან გვეყოლებიან დამწყები მცირე მარნები. გარდა ამისა ფონდი „კარდანო“  ფესტივალის პარტნიორი გახდა და ბოლნური ღვინოები (30-მდე მარანი) ცალკე იქნებიან წარმოდგენილი ფესტივალის ცენტრალურ ზონაში.

იშვიათი ჯიშები რამდენად პოპულარული გახდა დროთა განმავლობაში და როგორ ეხმარება ფესტივალი იშვიათი ჯიშის მწარმოებლებს?

- ჯიშური მრავალფეროვნება ყოველწლიურად იზრდება. თუკი მაგ. პირველ ფესტივალზე, 2010 წელს სულ რამდენიმე იშვიათი ჯიში იყო წარმოდგენილი, წელს გაცილებით დიდი არჩევანია ოჯახურ მარნებშიც და დიდ, საშუალო თუ მცირე კომპანიებშიც. იყო დრო, როცა ხიხვი, ქისი, კახური მცვივანი, ძელშავი, ჩხავერი, კრახუნა, რაჭული თეთრა, ჩხავერი იშვიათ ჯიშებად აღიქმებოდა, ახლა კი დაინტერესებული მომხმარებელი ისეთ იშვიათ ჯიშებზე „ნადირობს“, როგორიცაა საკმიელა, სიმონასეული, ჭვიტილური, დანახარული, ჯანი, სხილათუბანი და ა.შ.

- რა რჩევას მისცემდით ღვინის ენთუზიასტებს და მოყვარულებს, რომლებიც ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრები არიან?

- ვინც ხვალ ახალი ღვინის ფესტივალზე ამოვა, ერთ მარტივ რჩევას მივცემდი. რაც შეიძლება დიდხანს შეინახონ თავი და გასინჯონ ბევრი სხვადასხვა ღვინო, დაიწყონ ცქრიალებით და თეთრი ღვინოებით, გააგრძელონ ვარდისფერებით და ჭაჭაზე დაყენებული ღვინოებით და შემდეგ უკვე წითლებსაც გაუსინჯონ გემო. ეს მხოლოდ რჩევაა, ყველას შეუძლა თავის გემოზე გასინჯოს ღვინო, რაც უნდა და როგორი თანმიმდევრობითაც უნდა. „ახალი ღვინის ფესტივალი“ თავისუფლების სივრცეა. რაც მთავარია, ყველა ღვინის გასინჯვა უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა ღვინის მოყვარულებს და სპეციალისტებს ვურჩევ არ გაუშვან ეს უნიკალური შანსი და შეიძინონ მათთვის სასურველი ღვინოები, შეავსონ მარაგები, რათა მოგვიანებით, მცირე ან ხანგრძლივი დავარგების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაუსინჯონ გემო მათ, გაუსინჯონ გემო საკუთარ ქვეყანას, მის წარსულს და მომავალს.

რაც მთავარია, ჩვენი დევიზი უცვლელია: „ყველა ღვინისათვის, ღვინო ყველასათვის!“  და კიდევ, სამოქალაქო საზოგადოება აქაც ყალიბდება, ღვინით და ღვინოსთან ერთად!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.