აპრილის დასაწყისში ლიტვასა და ლატვიაში (ვილნიუსი, კაუნასი, რიგა) ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის სამ დეგუსტაციას ჩაატარებს. წარმოდგენილი იქნება როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული წითელი ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიების მთავარი აქცენტი იქნება ჯიშური მრავალფეროვნება.
პრეზენტაცია-დეგუსტაცია ეწყობა ადგილობრივი სომელიეების, იმპორტიორების, ჟურნალისტებისა და პროფესიული საზოგადოებისთვის. ღონისძიებას გაუძღვება ლიტვის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ადგილობრივი ღვინის კლუბის დირექტორი - არუნას სტარკუსი. სტუმრებს ქართულ ღვინოს წარუდგენენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ჩოლობარგია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი - გიორგი თევზაძე.
ქართულ ღვინოს ლიტვასა და ლატვიაში საკმაოდ მაღალი ცნობადობა აქვს. 2015 წლის მონაცემებით, ეს ქვეყნები ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეულში გვხვდება, ლიტვა, როგორც მზარდი ბაზარი და ლატვია, როგორც სახელმწიფო, სადაც გასულ წელს ქართული ღვინო საკმაოდ დიდი რაოდენობით (1 059 498 ბოთლი) გაიყიდა. უახლოესი ორი თვის გაყიდვების სტატისტიკური მონაცემებითაც, ლიტვაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 26 %-ით გაიზარდა.
დაინტერესებულ მარნებს, რომლებიც აწარმოებენ წითელ ღვინოებს ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და საქართველოს სხვა კუთხეში (გარდა კახეთისა) შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს 11 მარტის 18 საათამდე და მიაწოდონ ღვინოები (თითო დეგუსტაციისთვის თითო ყუთი (6 ბოთლი).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიკა ქერქაძე - 599252423
გიორგი სიხარულიძე - 557000613
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი