Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი 10 ივნისს გაიმართება

თუ ქალაქის ხმაურმა დაგღალათ და თან ლეჩხუმური ღვინოების დაჭაშნიკებაზეც არ იტყოდით უარს, მაშინ შაბათს, 10 ივნისს, აუცილებლად სოფელ ტვიშში, რიონის პირას უნდა ჩახვიდეთ, და ლეჩხუმური ღვინის ფესტივალს უნდა ესტუმროთ. ზაფხულის დასაწყისისთვის ლეჩხუმელები უკვე მეოთხე წელია განსაკუთრებით ემზადებიან ღონისძებისთვის, სადაც ყველა ღვინის მოყვარულსა და ენთუზიასტს უმასპინძლებენ. თავდაპირველი ფესტივალის დაფუძნების იდეა იმ საფრთხის მიმართ წინააღმდეგობა იყო, რაც ხეობასა და დანარჩენ საქართველოს ემუქრება. ამ საფრთხის შესახებ სწორედ ამ ფესტივალზე საუბრობენ ხოლმე ბევრს, მაშინ, როდესაც სტუმრები ადგილობრივ ნაწარმს, ღვინოსა და კულტურას უფრო ახლოს, უფრო უკეთ იცნობენ, ასე სათქმელიც მეტად მიაქვთ გულთან იქ ჩასულ ადამიანებს, ლეჩხუმსაც უფრო მეტად აღიქვამენ თავიანთ ნაწილად და იქაურობაც ცოცხლდება, ლაღდება. ფესტივალზე მცირე, საოჯახო მარნები ღვინის მოყვარულებს ადგილობრივ ჯიშებსა და ძალიან საინტერესო ღვინოებს გააცნობენ. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ლეჩხუმურ ღვინოებს დაეთმობა.

ფესტივალის ადგილას არანაირი ინფრასტრუქტურა არ ყოფილა 2020 წლამდე, ამ ყველაფრის ორგანიზებას დასჭირდა დიდი შრომა, ენერგია, რესურსები, რასაც “რიონის ხეობის მცველები” გაუმკლავდნენ და ახლა უკვე ღვინის მოყვარულებს ფესტივალზე ელოდებიან, სადაც 60-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი იქნება: “ვცდილობთ, ყოველ წელიწადს ფესტივალი უკეთესი იყოს, სივრცე მეტად განვავითაროთ და სტუმართა რაოდენობაც გავზარდოთ, უფრო მეტ ადამიანს გავაგონოთ ჩვენი ფესტივალის შესახებ.” - ამბობს ვარლამ გოლეთიანი, მთავრი ორგანიზატორი.

აქცენტი ძირითადად ლეჩხუმურ ღვინოებზე კეთდება, თუმცა ფესტივალზე სხვა რეგიონის ღვინოებიც იქნება წარმოდგენილი: “დაახლოებით 60-მდე მეღვინე იქნება წელს ფესტივალზე, სურვილი საკმაოდ დიდია. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ვისაც ვეუბნებით, ყველა სიხარულით გვთანხმდება მონაწილეობის მიღებაზე. მთავარი დაინტერესება და სხვების ჩართულობაა, სტუმრების, რომლებისთვისაც ლეჩხუმური ღვინოების გარდა ჩვენი მხარეც მნიშვნელოვანია”. 

როგორც წესი, ფესტივალები ძირითადად ქალაქებში ან რაიონულ ცენტრებში ტარდება ხოლმე, სადაც ინფრასტრუქტურა ისედაც განვითარებულია, მისვლაც ბევრად მარტივია, თუმცა ამ ფესტივალს რაც გამოარჩევს ისაა, რომ ის ლეჩხუმის ერთ-ერთ სოფელში იმართება, ასე კი სულ სხვა სახესა და იდეას იძენს ღონისძიება: “ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია ის, რომ ფესტივალი სწორედ ამ ადგილას ჩატარდეს და განვითარდეს, ამიტომაც ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, როგორიც აქ არასოდეს ყოფილა. იყოს ყველაფერი, რაც ღონისძიების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ფესტივალის იდეაა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ლეჩხუმისა და ლეჩხუმური ღვინის შესახებ” - აღნიშნავს ვარლამი.

ფესტივალამდე ორი გზით შეგიძლიათ მისვლა, ქუთაისიდან ან ცაგერიდან. მსუბუქი ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ. საფესტივალო ტერიტორია ორ იარუსზე იქნება გაშლილი, ზედა იარუსზე სტუმრებს ღვინის დაჭაშნიკება შეეძლებათ, ქვედა იარუსი კი უფრო მყუდრო და დაჩრდილულია, აქ ჰამაკებში მოკალათდებით და მდინარე რიონის “ჩუხჩუხს” მოუსენთ. ფესტივალზე გარემოს ღვინისა და კერძების გარდა ბევრი საინტერესო ფოლკლორული ანსამბლი გაალამაზებს:  “ძალიან თვალსაჩნო ანსამბლები ჩამოდიან ჩვენთან სტუმრად, წელს საკმაოდ ბევრი ფოლკლორული ანსამბლი იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე და ესეც, ვფიქრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჩვენი ღონისძიებისა, ქართული, ტრადიციული მუსიკა. ჩვენს სოფელში, ტვიშში, სადაც ადგილწარმოშობის ღვინოს აყენებენ, ვფიქრობთ, რომ ბევრი საინტერესო რამის შერწყმა ხდება აქ, საზოგადოებასაც სწორედ ეს გვინდა რომ ვაჩვენოთ.

ორგანიზატორები დასძენენ იმასაც, რომ წინა ფესტივალებზე პატარ-პატარა ხარვეზებიც კი საბოლოო ჯამში დიდ გამოცდილებად გადაიქცევა: “ამ ხარვეზებს ვიმახსოვრებთ ხოლმე, რათა მომდევნო ფესტივალი უფრო დახვეწილი იყოს, პატარ-პატარა შეცდომების გამოსწორებასაც მეტად ვცდილობთ და მთლიანობაში, ჩვენი ეს წამოწყება დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. შეიძლება ჯერ იმ სასურველს ვერ ვაღწევთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს, მაგრამ იქამდეც აუცილებლად მივალთ”. - გვიამბობს ვარლამი.

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალზე ყველა ღვინის მოყვარულს, ენთუზიასტსა თუ ექსპერტს სოფელ ტვიშში ელიან 10 ივნისს, შაბათს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული